Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-783-740-2015 22 ოქტომბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღა" (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ვ-ი" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2012 წლის 4 აპრილს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯს „ახალი ტალღა“ (შემდეგში - შემსყიდველი) და შპს-ას „ვ-ი” (შემდეგში - მიმწოდებელი) შორის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გაფორმდა N53 ხელშეკრულება.

2. ხელშეკრულების 2.2 ქვეპუნქტით ხელშეკრულების საერთო ღირებულებად განისაზღვრა 12 390 (თორმეტი ათას სამას ოთხმოცდაათი) ლარი, 4.1 ქვეპუნქტის საფუძველზე, საქონლის მიწოდების ვადად შეთანხმდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 დღე, ხოლო 8.5 ქვეპუნქტით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 2000 (ორი ათასი) ლარი.

3. მხარეებს შორის გაფორმებული N53 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2012 წლის 18 აპრილს N53/1 მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა.

4. 2014 წლის 2 ივლისს და 15 ივლისს შემსყიდველმა მიმწოდებელს წერილებით აცნობა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე, რაზედაც მიმწოდებელმა უარი განაცხდა.

5. შემსყიდველმა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში და მოითხოვა მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს - 2000 ლარის დაკისრება.

6. შემსყიდველის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მის სასარგებლოდ მიმწოდებელს გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო - 200 ლარი.

7. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

8. მაგისტრატმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 316.1, 317-ე, 417-418-ე მუხლებით და მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, 2012 წლის 4 აპრილის N53 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის (საქონლის მიწოდება), მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომელიც მხარეთა შეთანხმებით 2 000 ლარით განისაზღვრა.

9. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ იყო შესრულებული ჯეროვნად, რაც კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას ანიჭებდა. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს, სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, უფლების განხორციელებისას პირი უნდა იცავდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ქცევის ფარგლებს. ამდენად, კოდექსი, მართალია, ადგენს მხარეთა თავისუფლებას, განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა, ამ თავისუფლებაში კანონმდებელი სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს გულისხმობს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მხარემ თავისი უფლებები ბოროტად არ გამოიყენოს, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.

10. სასამართლომ აღნიშნა, რომ, სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

11. სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოხმობილი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. შესაძლებელია ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

12. განსახილველ შემთხვევაში, 2012 წლის 4 აპრილის N53 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქონლის მიწოდება მოხდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის (2012 წლის 15 აპრილი) გადაცილებით, რამდენიმე დღის შემდეგ (2012 წლის 18 აპრილს), ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 2 000 ლარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა წინამდებარე ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.

13. მაგისტრატმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო ხელშეკრულების დარღვევის ხასიათი, აგრეთვე, ის გარემოება, რომ შემსყიდველს დარღვევის შედეგად რაიმე ფინანსური ზარალი არ განუცდია, მიმწოდებელმა ვადას გადააცილა მხოლოდ ორი დღით, ასევე, გაითვალისწინა ის ფაქტიც, რომ შემსყიდველი მისი ინტერესების სხვა სახის შელახვაზე არ მიუთითებდა და მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში - 2012 წლის 4 აპრილის N53 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 200 (ორასი) ლარით უნდა განსაზღვრულიყო.

14. შემსყიდველმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილება, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

15. სააპელაციო საჩივარი შემდეგ საფუძვლებს ემყარება:

15.1. გონივრული და სამართლიანი იქნებოდა მიმწოდებელს 2012 წლის 4 აპრილის №53 ხელშეკრულების საფუძველზე 2000 ლარის გადახდა დაჰკისრებოდა.

15.2. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლი და არ გამოიყენა ამავე კოდექსის 418-ე მუხლი.

16. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

17. სასამართლომ მიიჩნია, რომ მაგისტრატმა სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად შეამცირა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

18. სასამართლომ აღნიშნა, რომ, სსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება. პრაქტიკაში, ძირითადად, პირგასამტეხლოს ორი სახე გამოიყენება - ჯარიმა და საურავი. ამასთან, ჯარიმა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ერთჯერადად გადასახდელი თანხაა, ხოლო საურავი კი, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება და, ჩვეულებრივ, პროცენტებით გამოიხატება.

19. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებმა სახელშეკრულებო ვალდებულების უზრუნველსაყოფად პირგასამტეხლოს ერთ-ერთი სახე, ჯარიმა გამოიყენეს.

20. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 420-ე მუხლზე და განმარტა, პირგასამტეხლოს ოდენობა არც ისე მაღალი უნდა იყოს, რომ კრედიტორის გამდიდრება გამოიწვიოს და არც ისე მცირე, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფა ვერ შეძლოს.

21. სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოთი უზრუნველყოფილი ვალდებულების საერთო მოცულობა იყო 12 390 ლარი. ხელშეკრულების 4.1. და 9.1. ქვეპუნქტების თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2012 წლის 15 აპრილის ჩათვლით, თუმცა, 2012 წლის 15 აპრილი იყო კვირა, ე.ი., არასამუშაო დღე.

22. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 127-ე მუხლზე და განმარტა, რომ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ბოლო დღე არასამუშაო დღეს დაემთხვა, ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, ვალდებულება შეესრულებინა, ე.ი. პროდუქცია მიეწოდებინა 2012 წლის 16 აპრილსაც. მიმწოდებელმა შემსყიდველს პროდუქცია მიაწოდა 2012 წლის 18 აპრილს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროდუქციის მიწოდების ვადა დაირღვა მხოლოდ ორი დღით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლო, პრაქტიკულად, შეადგენდა 100 ლარს თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, რის გამოც პალატამ მიიჩნია, რომ ამ ოდენობის პირგასამტეხლო 12 390-ლარიანი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას სავსებით უზრუნველყოფდა. ამის გამო, სასამართლოს აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობდა.

23. შემსყიდველმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

24. კასატორის მითითებით, მხარეებმა თავიანთი ნება - სურვილით, ყოველგვარი ძალდატანებისა და არა ნების საწინააღმდეგოდ დადეს ხელშეკრულება, განსაზღვრეს გონივრული პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

25. კასატორის განმარტებით, მისი მხრიდან უფლება ბოროტად არ იქნა გამოყენებული, პროცესუალურ მოწინააღმდეგეს ყოველთვის მიაჩნდა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა იყო გონივრული და სამართლიანი. სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებით გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 3 აგვისტოს განჩინებით შემსყიდველის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღა“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეული უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

27. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

29. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

30. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს:

32.1 მოცემულ შემთხვევაში სადავოა სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერების საკითხი.

32.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთსა და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.

32.3. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

32.4. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

32.5. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

32.6. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

32.7. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).

32.8. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა, კერძოდ, აღნიშნულის თაობაზე ხელშეკრულებაში არსებობს წერილობითი ჩანაწერი, რის გამოც, პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის მართლზომიერად უნდა შეფასდეს, ხოლო, რაც შეეხება პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ განაკვეთს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მისი შემცირებისას საქმის განმხილველმა სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობამ, მართებულად იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობა, რა დროსაც, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ., სუსგ 28.12.2012წ. საქმეზე Nას-1560-1463-2012; სუსგ 16.05.2014წ. საქმეზე Nას-1200-1145-2013).

32.9. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია, კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, ამით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში მიიღო ხელშეკრულების დარღვევის ხასიათი და მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის მიერ დადგენილი პირგასამტეხლო 12 390-ლარიანი ვალდებულების შესრულებას სავსებით უზრუნველყოფდა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

32.10. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 8.5 ქვეპუნქტით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო მხოლოდ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის.

32.11. სსკ-ის 419-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

32.12. დადგენილია, რომ შემსყიდველმა ხელშეკრულება შეასრულა ორი დღის დაგვიანებით, ხოლო ხელშეკრულების მონაწილე მხარეები პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმდნენ მხოლოდ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. ვინაიდან მოპასუხე მხარეს პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერების თაობაზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში არ უდავია (მათ შორის საკასაციო სასამართლოშიც არ ხდის სადავოდ).

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღას" (ს/კ 246954620) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №02054, გადახდის თარიღი 2015 წლის 14 ივლისი), 70% – 105 (ას ხუთი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე