Facebook Twitter

საქმე №ას-810-761-2015 29 ოქტომბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ბ. კ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივნისის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება

დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ. კ-ას სარჩელი (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) შპს „დ-ის“ (შემდეგში - მოპასუხე) წინააღმდეგ, ქმედების განხორციელების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივნისის საოქმო განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სარჩელი დარჩა განუხილველად.

4. სააპელაციო სასამართლოს მითითებულ განჩინებაში აღნიშნულია:

4.1.სასამართლო სხდომაზე აპელანტმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სარჩელის გამოხმობის თაობაზე (ტ.2, ს.ფ.65-67).

4.2. პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 831-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე, სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას, დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.

4.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარე დაეთანხმა მოსარჩელის შუამდგომლობას სარჩელის გამოხმობის შესახებ (იხ. სხდომის ოქმი 10.06.2015 წელი, 11.22.56 სთ. ტ. 2, ს.ფ. 65-67).

5. აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.

6. კერძო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე:

6.1. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სარჩელის გამოხმობისას მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებზე ინფორმირებული არ იყო, რაც მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი. მისი განმარტებით, სარჩელის გამოხმობას მოჰყვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, თუმცა, მას იმედი ჰქონდა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე სააპელაციო სასამართლო იმსჯელებდა და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 15 სექტემბრის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

9. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია, კერძოდ, არ მიუთითებია იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ დაუშვა საქმის განხილვის დროს.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ, წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას.

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელის გამოხმობის დროს მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებზე ინფორმირებული არ იყო, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს აპელანტს, რომელიც პირადად ესწრებოდა სხდომას, განემარტა სარჩელის გახმობის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების თაობაზე (ტ.2, ს.ფ.65-67 10.06.2015 სხდომის ოქმი, 11.22.56 სთ.).

12.სსსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

13. ამავე კანონის 831-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე, სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას, დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.

თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.

14.საკასაციო სასამართლო განმარტავს, სარჩელის გამოხმობის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი გამოხმობისას, სასამართლო დატოვებს მას განუხილველად და მხარეს მომავალში, სასარჩელო ხანდაზმულობის დაცვით, კიდევ შეეძლება იმავე სარჩელით სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა.

15.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

16. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ამ ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა მიღება და ფაქტების დადგენა არ ხდება, აღნიშნული განპირობებულია საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებით და ახალი მტკიცებულების საქმისათვის დართვის ამკრძალავ საკანონმდებლო დანაწესს წარმოადგენს საპროცესო ნორმა - 407-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. ამასთან, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა მტკიცებულებათა საქმისათვის დართვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2015 წლის 15, 17, 18 სექტემბერს წარმოდგენილი მტკიცებულებები 40 (ორმოც) ფურცლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე, 104-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. კ-ას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივნისის საოქმო განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივნისის საოქმო განჩინება;

3. ბ. კ-ას დაუბრუნდეს კერძო საჩივართან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტები (სულ 40 ფურცელი);

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე