Facebook Twitter

საქმე №ას-822-773-2015 29 ოქტომბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება

დავის საგანი – გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ა-ის“ (შემდეგში - სამედიცინო ცენტრი ან მოსარჩელე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „ს-ს“ (შემდეგში - სადაზღვევო კომპანია, მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა – 17 480.60 ლარის გადახდა; მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად გადაუხდელი თანხის 0.1% (17.50 ლარი) ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში სამედიცინო ცენტრის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებულ და მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის თანხის დაკისრების ნაწილში, სააპელაციო წესით სადაზღვევო კომპანიამ გაასაჩივრა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით სადაზღვევო კომპანიის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სამედიცინო ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდა; სადაზღვევო კომპანიას სამედიცინო ცენტრის სასარგებლოდ დაეკისრა: 15 940.60 ლარის გადახდა, პირგასამტეხლოს -1 066.28 ლარის გადახდა; სადაზღვევო კომპანიას სამედიცინო ცენტრის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა, 2013 წლის 31 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდზე, ყოველდღიურად 15 940.60 ლარის 0.1% – 15.94 ლარი; ასევე, დაეკისრა 510.20 ლარის გადახდა, რაც საკასაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

5. 2015 წლის 21 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელმა და მოითხოვა გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება.

5.1. სადაზღვევო კომპანიის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2014 წლის 15 სექტემბერს გამოტანილი გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი იყო საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის N177 დადგენილება (შემდეგში - მთავრობის # 177-ე დადგენილება). უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული რეკომენდაციით, რომელსაც თავმჯდომარეობდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, საქართველოს მთავრობამ # 177 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აგვისტოს N479 და 2014 წლის 1 სექტემბრის N528 დადგენილებით, ცვლილება შევიდა მთავრობის # 177 დადგენილებაში, კერძოდ, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „დაზღვეულისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე - ასანაზღაურებელი თანხის 0,1 %-ის ოდენობით, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე - ასანაზღაურებელი თანხის 0,02 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე“. სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანის დროს მითითებული ცვლილება ძალაში იყო შესული, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაშვებულია ტექნიკური უსწორობა.

5.2. სადაზღვევო კომპანიამ სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა სამედიცინო მედიაციის სამსახურის განმარტება, რომლის მიხედვითაც, პირგასამტეხლო ირიცხება 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე, ასანაზღაურებელი თანხის 0,1 %, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოს შემდგომ 0,02 %, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიუხედავად იმისა, თუ მომსახურება როდის გაეწია და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში- სსსკ) 260-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებაში აღნიშნული უსწორობის გასწორება და სადაზღვევო კომპანიისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს, გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის, მთავრობის N177 დადგენილების მოქმედი რედაქციით განსაზღვრა, კერძოდ, 2014 წლის 8 აგვისტომდე ასანაზღაურებელი თანხის 0,1%, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოს პერიოდის შემდგომ გადაწყვეტილების აღსრულებამდე ასანაზღაურებელი თანხის 0,02 % (ასანაზღაურებელი თანხა - 13940.60 ლარი, 31.07.2013 წლიდან ყოველდღიურად 08.08.2014 წლამდე 0,01 %-15.94 ლარი, ხოლო 08.08.2014 წლიდან ყოველდღიურად აღსრულებამდე 0,02 % - 3,19 ლარი).

6. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივლისის განჩინებით სადაზღვევო კომპანიის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

6.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადაზღვევო კომპანიის პრეტენზია სამედიცინო ცენტრის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, ასანაზღაურებელი თანხის 0,1 %-ის ნაცვლად, 0,02 %-ის დაკისრების თაობაზე, განმცხადებლის მიერ საკასაციო წესით იყო გასაჩივრებული, რაც იმას ნიშავს, რომ იგი არსებითად განსახილველ საკითხს შეეხებოდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით კი, სადაზღვევო კომპანიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად დარჩა.

6.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი, სსსკ-ის 260-ე მუხლის შესაბამისად, შეიტანოს გადაწყვეტილებაში შესწორება, როდესაც ამავე გადაწყვეტილებაში უსწორობაა დაშვებული და, ამასთან, მითითებული უსწორობა ტექნიკური და არა შინაარსობრივი ხასიათისაა.

6.3.სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 260-ე მუხლის საფუძველზე, დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებისა და დაზუსტების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხას, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას, რის შესახებაც სასამართლო სხდომაზე იმსჯელეს. ამდენად, სსსკ-ის 260-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, დასაშვებია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორებისა და დაზუსტების შეტანა, რომელიც შეესაბამება და არსებითად არ ცვლის სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსს.

6.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა განცხადების დაკმაყოფილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის სამართლებრივი წინაპირობები.

7. სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივლისის განჩინება, მოითხოვა მითითებული განჩინების გაუქმება და პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

8. კერძო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე:

8.1.კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აგვისტოს N479 და 2014 წლის 1 სექტემბრის N528 დადგენილებებზე, რომლითაც ცვლილება შევიდა მთავრობის # 177-ე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში და პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა დაზღვეულისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე ასანაზღაურებელი თანხის 0,1 %-ით, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე ასანაზღაურებელი თანხის 0,02 %-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

8.2. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუკი საქმისწარმოების განხილვის დროს სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ არ იქნებოდა შესაბამისი მითითება ან/და მტკიცებულებების წარდგენა სასამართლოსათვის პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა ეხელმძღვანელა გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოქმედი, დადგენილების კოდიფიცირებული ვარიანტით და პირგასამტეხლოს დარიცხვისას ეხელმძღვანელა ძალაში შესული ცვლილებით.

8.3. შპს „ს-ის“ წარმომადგენელი საჩივარში აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოება გათვალისწინებული არ იქნა არც უზენაესი სასამართლოს მიერ, რომლის 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა და სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევით გამოიტანა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 15 სექტემბრის განჩინებით სადაზღვევო კომპანიის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ხოლო, 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

11. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებები, რის გამოც ის გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორებას ითხოვს, იგივეა, რასაც ის სააპელაციო სასამართლოში შეტანილი განცხადებით ითხოვდა (იხ. განჩინების მე-5, მე-8 პუნქტები).

12. სსსკ-ის 260-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

13. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ კერძო საჩივარში (განცხადებაში) მითითებული საფუძველი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სსსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ უსწორობად, სინამდვილეში განმცხადებელი წარმოდგენილი განცხადებით ითხოვს არსებითი ხასიათის ცვლილებას (პირგასამტეხლოს შემცირებას) კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში. უნდა აღინიშნოს, რომ განჩინებაში მითითებულ მხარეებს შორის აღნიშნული მიზეზით საკასაციო საჩივრის საფუძველზე საქმე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ და 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი (საქმე # ას - 1130-1077-2014), როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებაში უსწორობის (ცდომილების) გასწორება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ გამოიწვევს გადაწყვეტილების შეცვლას და გავლენას არ მოახდენს მხარეთა უფლება-მოვალეობებზე. მოცემულ შემთხვევაში კი, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ უნდა შეცვალოს პირგასამტეხლოს ოდენობა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აგვისტოს N479 და 2014 წლის 1 სექტემბრის N528 დადგენილებების საფუძველზე, რაც ამ გადაწყვეტილების არსებითად შეცვლის ტოლფასია და თავისი არსით არ წარმოადგენს უსწორობის გასწორებას.

15. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს-ის“ კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივლისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივლისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე