Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-901-851-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – სს "ფ-ი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ი-ა" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით შპს "ი-ას" (შემდეგში - მოსარჩელე ან მენარდე) სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სს "ფ-ის" (შემდეგში - მოპასუხე ან შემკვეთი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა და შემკვეთს დაეკისრა 82 500 (ოთხმოცდაორი ათას ხუთასი) აშშ დოლარის გადახდა, ასევე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4087.83 (ოთხი ათას ოთხმოცდაშვიდი ლარი და ოთხმოცდასამი თეთრი) და აუდიტის მომსახურების - 1500 (ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 629-ე, 394-ე, 408, 411-ე, 412-ე მუხლები; იხ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ტ.1. ს.ფ. 271-279).

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შემკვეთმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 01 ივლისის განჩინებით შემკვეთის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

4. სააპელაციო სასამართლოში საქმისწარმოების ეტაპზე, მენარდემ 2015 წლის 20 მაისის განცხადებით (იხ. ტ.2, ს.ფ. 99-109) მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და საკუთარი პოზიცია დაამყარა შემდეგ გარემოებებზე:

4.1. შემკვეთმა დაასრულა სამუშაოები და აპირებს საქართველოდან წასვლას, რისთვისაც მობილიზებული ჰყავს სატრანსპორტო საშუალებები ახალქალაქის საზღვარზე საქართველოდან ტექნიკის გასაყვანად; რეალურია საშიშროება, რომ მენარდის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება მისი აღსრულება;

4.2. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 191-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემკვეთმა მოითხოვა მენარდის საკუთრებად რიცხულ ქონებაზე, მექანიკურ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ყადაღის დადება:

1. მოდელი B..., სახელმწიფო ნომერი A..., სარეგისტრაციო მოწმობა A..., გამოშვების წელი 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი/შასი 1...;

2. მოდელი A..., გამოშვების წელი 1998, სახელმწიფო ნომერი B..., სარეგისტრაციო მოწმობა A..., საიდენტიფიკაციო ნომერი/შასი W...;

3. მოდელი T..., სახელმწიფო ნომერი B..., სარეგისტრაციო მოწმობა A..., გამოშვების წელი 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი/შასი J...;

4. მოდელი M..., სახელმწიფო ნომერი E..., სარეგისტრაციო მოწმობა A..., გამოშვების წელი 2007, საიდენტიფიკაციო ნომერი/შასი W...;

5. მოდელი B..., სახელმწიფო ნომერი E..., სარეგისტრაციო მოწმობა A..., გამოშვების წელი 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი/შასი 1...;

6. მოდელი M..., სახელმწიფო ნომერი G..., სარეგისტრაციო მოწმობა T..., გამოშვების წელი 2001, საიდენტიფიკაციო ნომერი/შასი H...;

7. მოდელი M... 1..., სახელმწიფო ნომერი G..., სარეგისტრაციო მოწმობა T..., გამოშვების წელი 2002, საიდენტიფიკაციო ნომერი/შასი H...;

8. მოდელი M..., სახელმწიფო ნომერი G..., სარეგისტრაციო მოწმობა T..., გამოშვების წელი 2003, საიდენტიფიკაციო ნომერი/შასი H...;

9. მოდელი M... 1..., სახელმწიფო ნომერი - G..., სარეგისტრაციო მოწმობა T..., გამოშვების წელი 2003, საიდენტიფიკაციო ნომერი/შასი H...;

10. მოდელი N..., სახელმწიფო ნომერი K... სარეგისტრაციო მოწმობა T..., გამოშვების წელი 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი/შასი M...;

11. მოდელი T..., სახელმწიფო ნომერი P..., სარეგისტრაციო მოწმობა T..., გამოშვების წელი 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი/შასი J...

5. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის განჩინებით, მენარდის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საქმეზე # 2ბ/2662-14 დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო შემკვეთის სახელზე რიცხულ მექანიკურ სატრანსპოტო საშუალებებს და იმავე დღეს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სსსკ - 191-ე, 194-ე, 198-ე, 199-ე მუხლები; იხ. ამ განჩინების 4.2. ქვეპუნქტი; სასამართლოს განჩინება - ტ. 2, ს.ფ. 110-116).

6. სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო-სამართლებრივი ინსტიტუტის, მთავარი პრინციპი - აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება. სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიებას სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და, ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება განპირობებული უნდა იყოს იმ ვარაუდით, რომ სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები იურიდიულად ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას.

7. სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვნად გაძნელდება აღსრულება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. სარჩელის უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ან მისი აღსრულების გაძნელების დასაბუთებაში უნდა მდგომარეობდეს. სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე წარდგენილი განცხადების დასაბუთებისადმი არსებული მოთხოვნა იმგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მომთხოვნი პირი ვალდებულია, უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით დაამტკიცოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. აღნიშნული მოთხოვნა არ გამომდინარეობს არც სსსკ-ის 191-ე მუხლიდან და არც სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მარეგულირებელი სხვა ნორმებიდან. სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია, ალბათობის მაღალი ხარისხით, იმ გარემოებების არსებობის ვარაუდზე მითითება, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობის შესახებ.

8. სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაცვა იმ რეალობის ან მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე შესაძლოა არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდეს. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. აღნიშნული ინსტიტუტის თავისებურება ისაა, რომ უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა წინასწარ და დროებითი ხასიათის ღონისძიებაა და გამოიყენება დარღვეული ან სადავო უფლების შესახებ, სასამართლოს არსებითი მსჯელობისაგან დამოუკიდებლად, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. უზრუნველყოფის ღონისძიებაზე მსჯელობისას, ყველა საქმეზე, სასამართლომ პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

9. სააპელაციო სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყურადღება გაამახვილა სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის ოდენობაზე - შემკვეთს მენარდის სასარგებლოდ 82 500 აშშ დოლარი დაეკისრა და მიიჩნია, რომ შემკვეთის საკუთრებად რიცხულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე ყადაღის დადება, სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული იყო და გამომდინარეობდა მოთხოვნის საფუძვლებიდან. სასამართლომ განჩინებაში ისიც აღნიშნა, რომ შემკვეთს დასრულებული ჰქონდა სამუშაოები, აპირებდა საქართველოდან წასვლას და მისი სატრანსპორტო საშუალებები მობილიზებული იყო ახალქალაქის საზღვარზე, ტექნიკის საქართველოდან გაყვანის მიზნით. სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული გარემოებები საკმარისი იყო მის დასარწმუნებლად უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში (იხ. სააპელაციო სასამართლოს 21.05.2015 განჩინება; ტ. 2, ს.ფ. 114).

10. შემკვეთის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.05.2015 განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 აგვისტოს განჩინებით დაუსაბუთებლად ცნობილი საჩივარი, საკასაციო საჩივართან ერთად, რომლითაც გასაჩივრდა მე-3 პუნქტში დასახელებული განჩინება, 2015 წლის 11 სექტემბერს გადმოიგზავნა ზემდგომ სასამართლოში.

11. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 12 ოქტომბერს, კასატორის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, წარმოებაში მიიღო საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად.

12. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ წინამდებარე განჩინების განხილვის საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა მენარდის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

13. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს როგორც 2015 წლის 21 მაისის, ისე 6 აგვისტოს განჩინებების გაუქმებას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი არსებითად გადაწყდა 2015 წლის 21 მაისის განჩინებით, ხოლო ამავე წლის 6 აგვისტოს განჩინება ეხება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე მოპასუხის მიერ შეტანილი საჩივრის დაუსაბუთებლად ცნობასა და ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნას, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ პროცესუალურ ეტაპს, მოპასუხის მოთხოვნას საკასაციო სასამართლო განიხილავს 21.05.2015 გასაჩივრებული განჩინების ფარგლებში, ხოლო, რაც შეეხება 06.08.2015 განჩინებას, როგორც საჩივრის ზემდგომ ინსტანციაში გადაგზავნის პროცესუალურ ეტაპს, არ საჩივრდება.

14. მე-5 პუნქტში მითითებულ განჩინებაზე საკასაციო სასამართლოში დაზუსტებული საჩივარი წარმოადგინა შემკვეთმა. ამასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, განმარტოს, რომ დაზუსტებულ საჩივარში მითითებულია იმავე ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებზე, რაც შემკვეთს წარდგენილი ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში საქმისწარმოების ეტაპზე, კერძოდ: მოპასუხეს ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიაჩნია მოსარჩელის არგუმენტი, რომ მოპასუხე აპირებს საქართველოდან წასვლას, საამისოდ კი სატრანსპორტო საშუალებები უკვე საზღვართან ჰყავს თავმოყრილი.

15. ამის საწინააღმდეგოდ შემკვეთი აღნიშნავს, რომ დიდი ზიანი ადგება, რადგან სატრანსპროტო საშუალებების გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ტრანსპორტით, რომლის დასაქირავებლადაც გაწეულია სოლიდური ხარჯები. მოპასუხე სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელე სასამართლოს არ სთავაზობს სსსკ-ის 199-ე და 57-ე მუხლებით გათვალისწინებულ უზრუნველყოფის გარანტიას. მოპასუხე უთითებს არაერთ ხელშეკრულებაზე მესამე პირებთან იმის დასტურად, რომ საქართველოში ხანგრძლივი დროით აგრძელებს საქმიანობას. ერთადერთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემკვეთმა დააზუსტა, ეხება მენარდის სასარგებლოდ დაკმაყოფილებულ მოთხოვნას სარჩელის უზრუნველყოფაზე, რაც 600 000 აშშ დოლარის ღირებულების მექანიკურ სატრანსპორტო საშულებებზეა განხორციელებული და მნიშვნელოვნად აღემატება სარჩელის მოცულობას - 82 500 აშშ დოლარს. ამ მიზნით, შემკვეთმა საკასაციო სასამართლოს წარმოუდგინა ინეტერნეტ-გვერდიდან (www.myauto.ge) - ამობეჭდილი მასალა, სადაც რამდენიმე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (B... სხვადასხვა სპეციფიკაციით) საბაზრო ღირებულებაა მითითებული.

16. შემკვეთი საჩივრით ითხოვს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას, გასაჩივრებული განჩინებების გაუქმებას, ხოლო თუკი საკასაციო სასამართლო არ გაიზიარებს შემკვეთის ამ მოთხოვნებს, მაშინ, მოპასუხე სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მითითებულ მოთხოვნას იმეორებს, რომელიც მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების მიზნით, მოპასუხისათვის სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 90 000 აშშ დოლარის განთავსების დაკისრებას ეხება. (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოსადმი მოპასუხის საჩივარი თანდართული მტკიცებულებებით გასაჩივრებულ განჩინებაზე და საკასაციო სასამართლოში წარდგენილი დაზუსტებული საჩივარი - ტ.2, ს.ფ. 122 -128, ს.ფ. 239-245).

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შემკვეთის მიერ წარმოდგენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საბაზრო ღირებულების შესახებ ინფორმაცია არ განიხილება ახალ მტკიცებულებად, რადგან უძრავი თუ მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესაფასებლად, სასამართლოსათვის საკმარისია კონკრეტული ნივთის (ქონების) ობიექტური კრიტერიუმებით შეფასება (მაგ. უძრავი ქონების შემთხვევაში - ადგილმდებარეობა, ფართობი, მდგომარეობა - საცხოვრებლად ან/და კომერციული მიზნისათვის ვარგისიანობა და სხვა, მოძრავი ნივთის შემთხვევაში - სახეობა, დანიშნულება, წარმოშობის ქვეყანა, გამოშვების წელი და კონკრეტული ნივთის მახასიათებელი ნიშან-თვისებები).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო შემკვეთის საჩივრისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი დასაბუთებულია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

18. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას უზრუნველყოფის საპროცესო-სამართლებრივი ინსტიტუტის მნიშვნელობაზე, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, ყურადღებას ამახვილებს მენარდის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის ოდენობასა და შემკვეთის (მოპასუხის) შეზღუდული უფლების აშკარა არაპორპოციულობაზე.

19. მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველყოფის სახით, დაყადაღებულია მოპასუხის საკუთრებად რიცხული 11 ერთეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელთაგან მაგ. B...-ის სპეციფიკაციის სატრანსპორტო საშუალებები სამშენებლო სამუშაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ტექნიკას წარმოადგენს და, მათი ტექნიკური სპეციფიკაციიდან გამომდინარე, საბაზრო ფასები მაღალია, მაგალითად, ერთი ერთეულის ფასი საშუალოდ აღემატება 40 000 აშშ დოლარს.

20. საკასაციო სასამართლო მე-17 პუნქტში მითითებული მოპასუხის შეზღუდულ უფლებაზე მსჯელობისას, ყურადღებას ამახვილებს დაყადაღებული ქონების თითოეული ერთეულის სპეციფიკაციაზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოშვების წელზე და აღნიშნავს, რომ მოდავე მხარეთა ინტერესების შეპირისპირებისას, გონივრული შეფასებით უნდა გადაწყდეს მათი უფლებებისა და მოვალეობების ბალანსი.

21. სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, სასამართლოს ვარაუდი არ ახდენს გავლენას შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე (სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი), როდესაც სასამართლო დავის არსებითად განხილვის პირობებში მიიღებს გადაწყვეტილებას მტკიცებულებათა შეჯერებისა და შეფასების გზით.

22. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოდავე მხარეთა უფლებებისა და ინტერესების სამართლიანი ბალანსის დაცვის პრინციპზე, როდესაც დაცული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი მოსარჩელის სავარაუდოდ რეალიზებად მოთხოვნასა და მოპასუხის შეზღუდულ უფლებას შორის.

23. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების მნიშვნელობაზე, ამასთან, 21-ე პუნქტში დასახელებული თანაზომიერების პრინციპის დასაცავად, მნიშვნელოვნად მიაჩნია, კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, საფრთხე არ შეექმნას მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებას - მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ამოღებას, ასევე, მნიშვნელოვანია, მოსარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოხდეს მოპასუხის უფლების შეზღუდვა.

24. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, მოპასუხის საკუთრებად რიცხული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ნაწილზე უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, გარკვეულ ნაწილზე კი, ყადაღის ძალაში დატოვება, რათა არ შეექმნას საფრთხე გადაწყვეტილების აღსრულებას მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში.

25. საკასაციო სასამართლო დაყადაღებული მოძრავი ნივთების საბაზრო ღირებულებების, მათი გამოშვების წლებისა და ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებული ყადაღა დარჩეს სამ ერთეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსარჩელის სასარგებლოდ, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში მის რეალურ აღსრულებას, ხოლო რვა ერთეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე შესაძლებლად მიაჩნია ყადაღის სახით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

26. გადაწყვეტილების მიღებისას, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს იმ მოსაზრებითაც, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაკისრებული აქვს კონკრეტული თანხის, 82 500 აშშ დოლარის, სახელმწიფო ბაჟის - 4087.83 ლარისა და აუდიტის მომსახურების, 1 500 ლარის, ანაზღაურება. შესაბამისად, მოპასუხის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაცული რჩება მოსარჩელის უზრუნველყოფილი მოთხოვნა და არ იარსებებს სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, მისი რეალურად აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოება.

27. მოპასუხის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, შენარჩუნებული იქნება მხარეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სამართლიანი ბალანსი, რაც სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია ყოველი გადაწყვეტილების მიღების დროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. "ფ-ის" საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს ნაწილობრივ და ყადაღა მოეხსნას სს "ფ-ის" სახელზე რიცხულ შემდეგ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს:

1) მოდელი A..., გამოშვების წელი 1998, სახელმწიფო ნომერი B..., სარეგისტრაციო მოწმობა A..., საიდენტიფიკაციო ნომერი/შასი W...;

2) მოდელი M..., სახელმწიფო ნომერი E..., სარეგისტრაციო მოწმობა A..., გამოშვების წელი 2007, საიდენტიფიკაციო ნომერი/შასი W...;

3) მოდელი M..., სახელმწიფო ნომერი G..., სარეგისტრაციო მოწმობა T..., გამოშვების წელი 2001, საიდენტიფიკაციო ნომერი/შასი H...;

4) მოდელი M... 1..., სახელმწიფო ნომერი G..., სარეგისტრაციო მოწმობა T..., გამოშვების წელი 2002, საიდენტიფიკაციო ნომერი/შასი H...;

5) მოდელი M..., სახელმწიფო ნომერი G..., სარეგისტრაციო მოწმობა T..., გამოშვების წელი 2003, საიდენტიფიკაციო ნომერი/შასი H...;

6) მოდელი M... 1..., სახელმწიფო ნომერი - G..., სარეგისტრაციო მოწმობა T..., გამოშვების წელი 2003, საიდენტიფიკაციო ნომერი/შასი H...;

7) მოდელი N..., სახელმწიფო ნომერი K... სარეგისტრაციო მოწმობა T..., გამოშვების წელი 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი/შასი M...;

8) მოდელი T..., სახელმწიფო ნომერი P..., სარეგისტრაციო მოწმობა T..., გამოშვების წელი 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი/შასი J...

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად, შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებული ყადაღა ძალაშია სს "ფ-ის" სახელზე რიცხულ შემდეგ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე:

1) მოდელი B... BW...4, სახელმწიფო ნომერი A..., სარეგისტრაციო მოწმობა A..., გამოშვების წელი 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი/შასი 1...;

2) მოდელი B..., სახელმწიფო ნომერი E..., სარეგისტრაციო მოწმობა A..., გამოშვების წელი 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი/შასი 1...;

3) მოდელი T..., სახელმწიფო ნომერი B..., სარეგისტრაციო მოწმობა A..., გამოშვების წელი 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი/შასი J...;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე