საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-926-876-2015 28 ოქტომბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ. კ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 04 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი შპს "თ-ას", გ. კ-ის, მ. კ-ისა და თ. ფ-ას მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქმის წარმოება სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის გამო შპს "თ-ის" მიმართ შეწყდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. აღნიშნული გადაწყვეტილება, ასევე, ნაწილობრივ გაასაჩივრა თ. ფ-ამ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აღნიშნული გადაწყვეტილება, ასევე, ნაწილობრივ გაასაჩივრა მ. კ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება მ. და გ. კ-ეებისათვის თანხის დაკისრების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და თ. ფ-ას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ. და მ. კ-ეებს სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ შპს "თ-ის" ვალდებულების მიმართ სუბსიდიურად, ხოლო ერთმანეთის მიმართ სოლიდარულად დაეკისრათ 233 636 ლარის გადახდა; თ. ფ-ას მიმართ საქმე დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის იმავე შემადგენლობას ხელახლა განსახილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინებით სსიპ სემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 04 მარტის გადაწყვეტილება თ. ფ-ას მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ემ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და თ. ფ-ას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინებით მ. კ-ეს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და საკასაციო საჩივარი დაზუსტებული მოთხოვნის (კასაციის განაცხადის) მითითებით.
აღნიშნული განჩინება 2015 წლის 09 ოქტომბერს მ. კ-ეს პირადად ჩაჰბარდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის წლის 25 სექტემბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 6 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნისა და დაზუსტებული მოთხოვნის (კასაციის განაცხადის) მითითებით შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2015 წლის 09 ოქტომბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის შესაბამისად, ჩაჰბარდა პირადად მ. კ-ეს (ტ. 3, ს.ფ. 76).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 10 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 19 ოქტომბერს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2015 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია, არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-, 285-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი