Facebook Twitter

№ას-111-104-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი–ი. ხ-ი, თ. ხ-ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ს-ი, ნ. ხ-ი, ქ. ხ-ი, გ. ხ-ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა. ს-მა, ნ. ხ-მა, ქ. ხ-მა და გ. ხ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ი. ხ-სა და თ. ხ-ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

2. მოსარჩელეთა განმარტებით, 2008 წლის 13 თებერვალს გარდაიცვალა მამკვიდრებელი გ. ხ-ი, რომელსაც დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე. მამკვიდრებლის, გ.ხ-ის სახელზე მისი გარდაცვალების მომენტისათვის ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ნ-ის ფერდ. მე-... მ/რ კორპ. ..., ბ..... და უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ა-ას ქუჩა №.... ½ ნაწილი. რომელიც გ. ხ-მა მიიღო მემკვიდრეობით დედისგან სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. როცა გ. ხ-ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა გადაწყვიტეს მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღება და მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და მიმართეს კანონით დადგენილი წესით ნოტარიუსს, ნოტარიუსმა ელექტრონულ რეესტრში გადამოწმების შემდეგ განაცხადა, რომ 2008 წლის 13 თებერვალს გარდაცვლილ გ. ხ-ის დანაშთ სამკვიდროზე, მდებარე ქ. თბილისი, ა-ას ქ. №.... ნოტარიუსის მიერ გაცემულია სამკვირო მოწმობა მე-2 რიგის კანონისმიერ მემკვიდრე თ. ხ-ზე. მოსარჩელეთა განმარტებით, თ. ხ-მა ნოტარიუსს დაუმალა, რომ გ. ხ-ს ჰყავდა პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები და არამართლზომიერად მიიღო თბილისში, ა-ას ქ. #...-ში მდებარე სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი. მან აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიღებული ქონება მოჩვენებითი გარიგებით (ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე) მაშინვე გადააფორმა მეუღლის, ი. ხ-ის სახელზე, რის საფუძველზეც საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ი. ხ-ას სახელზე. მოსარჩელეთა აზრით, ი. ხ-ა არის არაკეთილსინდისიერი შემძენი, რადგან მან იცოდა, რომ გამსხვისებელი (თ. ხ-ი) არ იყო მესაკუთრე. თ. ხ-ი უკანონოდ დაეუფლა გარდაცვლილი ძმის, გ. ხ-ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას.

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელეებმა სასამართლოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ა-ის ქ. №.... საკუთრების უფლებით ირიცხებოდა თ. ხ-ის და გ. ხ-ის დედის, აწ გარდაცვლილი ხ. ხ-ის სახელზე. ხ.ხ-ს ჰყავდა ორი შვილი - პირველი რიგის მემკვიდრეები, თ. და გ. ხ-ი. ამდენად, მოსარჩელეთა მითითება, რომ თ. ხ-ი იყო მე-2 რიგის მემკვიდრე უსაფუძვლოა. ხ. ხ-ი გარდაიცვალა 2005 წლის 16 ივლისს. მის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებელ ბინაში რეგისტრირებული იყო და ფაქტობრივად ცხოვრობდა თ. ხ-ი. ხოლო გ. ხ-ს დედის სახლში არასდროს უცხოვრია. თ. ხ-ი ფაქტობრივად დაეუფლა დედის დანაშთ ქონებას, სარგებლობდა და უვლიდა მას. მოპასუხეების განმარტებით, გ. ხ-ი არასდროს ირიცხებოდა აღნიშნულ სახლში მესაკუთრედ. საცხოვრებელი სახლის პრივატიზაცია კანონიერად მოხდა 1994 წელს და ბინა დარეგისტრირდა ხათუნა ხ-ის სახელზე.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ს-ის, ნ. ხ-ის, ქ. ხ-სა და გ. ხ-ის სარჩელი თ. ხ-სა და ი. ხ-ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების თაობაზე დაკმაყოფილდა ; სასამართლომ დაადგინა, რომ ა. ს-ი, ნ. ხ-ი, ქ. ხ-ი და გ. ხ-ი აღირიცხონ მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ი. ხ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე - თბილისი, ა-ას ქ. #... მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: .... ½ ნაწილზე და ამ ნაწილში გაბათილდეს თ. ხ-სა და ი. ხ-ს შორის აღნიშნულ უძრავ ქონებაზე 2010 წლის 23 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება; გაბათილდა ნოტარიუს თ. დ-ის მიერ 2013 წლის 13 აპრილს (რეგისტრაციის ნომერი #..... გ. ხ-ის სამკვიდრო ქონებაზე თ. ხ-ის სახელზე გაფორმებული სამკვიდრო მოწმობა.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. ხ-მა და თ. ხ-მა

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ი. ხ-სა და თ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8. გ. ხ-ს დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე - მეუღლე ა. ს-ი და შვილები - ნ. ხ-ი, ქ. ხ-ი, გ. ხ-ი (ტ. I, ს.ფ. 20-25).

9. მოპასუხე თ. ხ-ი არის მამკვიდრებელ გ. ხ-ის მეორე რიგის მემკვიდრე - ძმა (ტ. I, ს.ფ. 39-42).

10. გ. ხ-ის სამკვიდროს წარმოადგენს: ა) უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისში, შ. ნ-ის ფერდ. მე-... მ/რ, კორპ. .... ბინა №....; ბ) ქ. თბილისში, ა-ას ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილი (ტ. I, ს.ფ. 32, 144-147).

11. 2010 წლის 13 აპრილს ნოტარიუს თ.დ-ის მიერ გ. ხ-ის ძმის, თ. ხ-ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც თ. ხ-მა მიიღო ძმის სამკვიდროში შემავალი ქ. თბილისში, ა-ას ქუჩა №.... ში მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილი (ტ. I, ს.ფ. 39-42). სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა თ. ხ-ის სახელზე (ტ.I, ს.ფ. 43).

12. ა.ა ს-მა, ნ. ხ-მა, ქ. ხ-მა და გ. ხ-მა სამკვიდროს მიღების ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიიღეს გ. ხ-ის სამკვიდრო ქონება.

13. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე და ამის შემდეგაც ცხოვრობენ გ. ხ-ის სამკვიდროში შემავალ უძრავ ქონებაში მდებარე - თბილისი, შ. -ის ფერდ. მე-.. მ/რ, კორპ. ..., ბინა #.... იმის გათვალისწინებით, რომ სამკვიდროს ნაწილის მიღება ნიშნავს მთელი სამკვიდროს მიღებას, პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელეებს სამკვიდროს მიღების ვადაში ფაქტობრივი ფლობით ჰქონდათ მიღებული გ. ხ-ის სამკვიდრო ქონება.

14. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 23 აპრილს თ. ხ-ს და ი. ხ-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც თ. ხ-მა ქ. თბილისში, ა-ას ქუჩა №....-ში მდებარე უძრავი ქონება მიჰყიდა ი. ხ-ს (ტ. I, ს.ფ. 44-46). ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ი. ხ-ის სახელზე (ტ. I, ს.ფ. 48).

15. მოსარჩელეთა განმარტებით, ი. ხ-ი თ. ხ-ან ერთად წლების განმავლობაში ცხოვრობდა სადავო ქონებაში მდებარე - თბილისი, ა-ას ქუჩა №.... და მათ ჰყავთ საერთო შვილები. ი. ხ-ის იმთავითვე ცნობილი იყო გ. ხ-ის სამკვიდროს მიმღები პირველი რიგის მემკვიდრეებისა და უძრავი ქონების სადავოობის თაობაზე.

16. საქმეში თავად აპელანტების მიერ წარმოდგენილი თ. ხ-ის შვილების დაბადების მოწმობებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ხ-ის შვილების დედა იყო ი. ხ-ი. პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მსჯელობა იმის თაობაზე, რომ დაბადების მოწმობებში მითითებული ი. ხ-ი იყო სხვა პირი, ვინაიდან ამ ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხეთა მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა.

17. საქმეში არსებული თ. ხ-ის მიერ 2006 წლის 19 ივნისს გაცემული მინდობილობის, ასევე 2008 წლის 25 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დედის, ხ.ხ-ის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილის მიღებისას თ. ხ-ს წარმოადგენდა ი. ხ-ი (ტ. I, ს.ფ. 49-53). შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობით ი. ხ-ის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ გ. და თ. ხ-ის დედის - ხ. ხ-ის სამკვიდროზე (თბილისი, ა-ას ქუჩა №....-ში მდებარე უძრავი ქონება) თანამესაკუთრე ½ ნაწილში იყო გ. ხ-ი.

18. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით პალატამ დაასკვნა რომ ი. ხ-ის ცნობილი იყო თ. ხ-ის გარდა სხვა მემკვიდრის, გ. ხ-ის არსებობის თაობაზე, რომელსაც, თავის მხრივ, ჰყავდა პირველი რიგის მემკვიდრეები - მეუღლე და შვილები, რომლებიც ცხოვრობდნენ გ. ხ-ის კუთვნილ ბინაში (ქ. თბილისში, შ. ნ-ის ფერდ. მე-...მ/რ, კორპ. ..., ბინა №....).

19. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1319-1320-ე,1336-1337-ე, 1421-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სამკვიდრო გაიხსნა მამკვიდრებელ გ. ხ-ის გარდაცვალების შედეგად 2008 წლის 13 თებერვალს. გ. ხ-ს დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე - მეუღლე ა. ს-ი და შვილები - ნ. ხ-ი, ქ. ხ-ი, გ. ხ-ი, ხოლო მოპასუხე თ. ხ-ი არის მამკვიდრებელ გ. ხ-ის მეორე რიგის მემკვიდრე - ძმა. კანონით მემკვიდრეობისას წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

20. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიიღეს სამკვიდრო და, ამდენად, მოიპოვეს მასზე საკუთრების უფლება, რაც გამორიცხავს მეორე რიგის მემკვიდრის, თ. ხ-ის მემკვიდრეობის უფლებას და მის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის საფუძველია.

21. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ უძრავი ქონება, რომელიც ასევე მოიცავდა მოსარჩელეთა კუთვნილ გ. ხ-ის სამკვიდროს, თ. ხ-მა 2010 წლის 23 აპრილს გაასხვისა ი. ხ-ზე. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მათი წილის შესაბამის ნაწილში აღნიშნული გარიგების ბათილად ცნობა.

22. პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის საფუძვლიანობის შეფასებისათვის აუცილებელია ნასყიდობის ხელშეკრულების მეორე მხარის (მყიდველის) - ი. ხ-ის კეთილსინდისიერების ფაქტის დადგენა ქონების შეძენის ფაქტის მიმართ. კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების დაცვის საკითხს სამოქალაქო კოდექსი წყვეტს სამოქალაქო ბრუნვის სიმყარისა და სტაბილურობის ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

23. კეთილსინდისიერი შემძენის ასეთი უფლებრივი მდგომარეობა გამოწვეულია საჯარო რეესტრის სპეციფიკური დანიშნულებით სამოქალაქო ბრუნვის მექანიზმში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწრის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. ბრუნვის კეთილსინდისიერება ამ ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერებაა, ეს კი გულისხმობს ბრუნვის მონაწილეებისადმი სანდოობას. ასეთი ურთიერთდამოკიდებულება გამარტივებული და ცოცხალი სამოქალაქო ბრუნვის აუცილებელი წინაპირობაა. ეს სრულიადაც არ ნიშნავს ურთიერთობის მონაწილეთა მხრიდან ერთმანეთის მიმართ თვალდახუჭულ ნდობას. იგი აუცილებლად გულისხმობს წინდახედულობის გონივრულ მასშტაბს, რისი გარანტიც საჯარო რეესტრი და მისი ჩანაწერებია. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შემძენის შესაძლებლობანი რეესტრის არასწორი ჩანაწერის ცოდნასთან მიმართებით, ანუ უნდა გაირკვეს, შემძენს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შეეძლო და უნდა სცოდნოდა თუ არა სადავო ფაქტი. სწორედ ამ გარემოებათა გამოკვლევას უნდა ეფუძნებოდეს დასკვნა შენაძენის ნამდვილობისა და მისი დაცვის მიზანშეწონილობის თაობაზე.

24. პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი ემსახურება მხოლოდ კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების დაცვას, ხოლო როდესაც შემძენმა იცის ან უნდა იცოდეს, რომ გამსხვისებელი არ არის ნივთის მესაკუთრე, იგი ვერ ისარგებლებს ამ მუხლით მინიჭებული დაცვის უფლებით. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მყიდველ ი. ხ-ს, როგორც თ. ხ-თან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ოჯახური ურთიერთობით დაკავშირებულ პირს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შეეძლო და უნდა სცოდნოდა კიდეც, რომ უძრავი ქონების ნაწილი, რომელზეც გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება მასსა და თ. ხ-ს შორის, წარმოადგენდა მოსარჩელეთა მიერ მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას. შესაბამისად, ი. ხ-ი სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა მიჩნეული კეთილსინდისიერ შემძენად.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად თ. ხ-სა და ი. ხ-ს შორის 2010 წლის 23 აპრილს გაფორმებული გარიგება გ. ხ-ის დანაშთი ქონების მდებარე, თბილისი, ა...ას ქუჩა №....-ის ½ წილის ი. ხ-ის მიყიდვის ნაწილში.

26. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მსჯელობა სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი.

27. აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით, პალატამ განმარტა, რომ სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1421-1451-ე მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, სამოქალქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას (სააპელაციო პალატის ამგვარი განმარტება სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.01.2004წ. განჩინება საქმეზე №ას- 205-899-03).

28. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. ხ-მა და თ. ხ-მა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

29. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დაარღვია მთავარი კანონის, კონსტიტუციისა და სხვა კანონების მოთხოვნა, ასევე უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაკტიკა, რომლის თანახმად, დაცულია საკუთრების უფლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ე.ი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად. მოცემულ შემთხვევაში ი. ხ-ა დარწმუნდა, რომ სახლი მდებარე ქ. თბილისი, ა-ას ქ. …. საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხებოდა თ. ხ-ის სახელზე. შესაბამისად, გამსხვისებელი, ანუ თ. ხ-ი ითვლებოდა ერთადერთ მესაკუთრედ, მითუმეტეს, რომ იგი ასეთად იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. კასატორთა აზრით, აღნიშნული ფაქტი საკმარისია იმისათვის, რათა შემძენმა ყოველგვარი სხვა საფუძვლის გარეშე მიიჩნიოს, რომ გამსხვისებელი მესაკუთრეა.

30. ი. ხ-ის ცნობილი იყო, რომ ქ. თბილისში, ა-ას ქ. #...-ში მდებარე სახლი არ იყო სადავო. თ. ხ-ის განცხადებით, მასსა და მემკვიდრე გ. ხ-ს შორის მამკვიდრებლის სიცოცხლეშივე არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება, რომლის მიხედვით გ. ხ-ი უარს აცხადებდა დედის საამკვიდრო ქონებაზე მდებარე, ქ. თბილისი ა-ას ქ. #....-ში და ამიტომ გ. ხ-მა 2007 წელს გამოიხმო თავისი სარჩელი სასამართლოდან. აღნიშნულ შეთანხმებას ადასტურებდა ასევე ის ფაქტი, რომ გ. ხ-ი არ უვლიდა სამკვიდრო ქონებას და არც იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. მიუხედავად ამ გარემოებებისა, სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნული გარემოება დადასტურებულად არ მიიჩნია.

31. კასატორთა განცხადებით, სააპელაციო პალატამ ასევე უსაფუძვლოდ დაადგინა, რომ ი. ხ-ი არის თ. ხ-ის მეუღლე და მისგან შეეძინა ორი შვილი. საქმეში არსებული ი. ხ-ის ქორწინების მოწმობით დგინდება, რომ ი. ხ-ი იმყოფება კანონიერ და რეგისტრირებულ ქორწინებაში სხვა მოქალაქესთან და არა თ. ხ-ან. საქმეში არსებული ი. ხ-სა და თ. ხ-ის დაბადების მოწმობით, ი. ხ-ის მამის პასპორტით ასევე დგინდება, რომ ი. ხ-ი და თ. ხ-ი არ არიან ნათესავები. კასატორთა განმარტებით, საქმეში არსებული თ. ხ-ის შვილების დაბადების მოწმობებში ბავშვების დედად მითითებული ი. ხ-ი არის სხვა პირი და არა კასატორი. ისინი უბრალოდ მოგვარეები არიან.

32. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ი. ხ-ი არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადეგნილი წესით რეგისტრირებულ ქორწინებაში თ. ხ-ან. ამდენად, იგი ვერ მიიჩნევა თ. ხ-ის მეუღლედ.

33. კასატორები არ იზიარებენ სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ი. ხ-ი არ არის კეთილსინდისიერი შემძენი. საკასაციო საჩივრის ავტორთა განმარტებით, ი. ხ-ის ცნობილი არ იყო რა უთხრა თ. ხ-მა ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მიღების დროს და რა ხერხით მიიღო მან გ. ხ-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა. მთავარი იყო ის, რომ თ. ხ-ი კანონიერად იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, როგორც ამ სადავო საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე.

34. კასატორებმა მიუთითეს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1421-ე და 1424-ე მუხლებზე და განმარტეს, რომ თუ მემკვიდრე ფაქტობრივად ვერ შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, იგი ვალდებულია და უფლებამოსილია, სამკვიდროს გახსნის დღიდან 6 თვის ვადაში განცხადებით მიმართოს სანოტარო ორგანოებს სამკვიდროს მიღების შესახებ. განცხადების შეტანით მემკვიდრე გამოთქვამს სამკვიდროს მიღების სურვილს და ნებას. თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ისეთი იურიდიული მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს მემკვიდრის სურვილს და ნებას სამკვიდროს მიღებაზე. თუ მემკვიდრემ 6 თვის ვადაში განცხადებით არ მიმართა სანოტარო ორგანოებს, აღნიშნული ნიშნავს, რომ მემკვიდრემ არ გამოთქვა სამკვიდროს მიღების სურვილი და შეგნებულად გაუშვა სამკვიდროს მიღების 6 თვიანი ვადა. აღნიშნულიდან გამომიდნარე მე-2 რიგის მემკვიდრე სრულად უფლებამოსილი იყო მიეღო სამკვიდრო ქონება, მითუმეტეს, თ. ხ-ი, როგორც მე-2 რიგის მემკვიდრე, ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას და მართვას. გარდა ამისა, მემკვიდრეებს შორის იყო სიტყვიერი შეთანხმება, რომ გ. ხ-ი უარს აცხადებდა დედის სამკვიდროზე. საქმის მასალებით ასევე დგინდებოდა, რომ მოსარჩელეები მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ ქ. თბილისში, ნ-ის ფერდობი მე-.. მ/რ კორპ. ..... ბინა ...-ში. ანუ მოსარჩელეები ფაქტობრივად არ შეუდგნენ სადავო უძრავი ქონების ფლობს და მართავს რაც უდავოდ მოწმობს, რომ მოსარჩელეები, როგორც მემკვიდრეები არ გამოხატავენ სამკვიდროს მიღების სურვილს და ნებას.

35. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1440-ე მუხლის თანახმად, თუ მემკვიდრემ თავისი ქმედებით ან უმოქმედობით პრაქტიკულად უარი თქვა სამკვიდროს წილის მიღებაზე, მაშინ მისი წილი ემატება კანონით მემკვიდრეს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებმა 6 თვის ვადაში არ გამოხატეს სამკვიდროს მიღების სურვილი, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ უარი თქვეს სამკვიდროს წილის მიღებაზე, ანუ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი, ა-ას ქ. #....

36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 მარტის განჩინებით ი. ხ-სა და თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

37. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ხ-სა და თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

38. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

39. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

40. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

41. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ 2012 წლის 1 აგვისტო, საქმე № ას-567-535-2012).

42. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით .

43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი. ხ-სა და თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

44. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 850 ლარის 70% – 595 ლარი.

45. რაც შეეხება კასატორ ი. ხ-ის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2015 წლის 19 თებერვალს შემოსულ განცხადებაზე თანდართულ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორებს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.

46. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეს 2015 წლის 19 თებერვლის Nა-534-15 განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებები (ნოტარიულად დამოწმებული ამონაწერი პაციენტი ი. ვ. ასული ხ-ას ამბულატორიული ბარათიდან, რ.ა-ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა), მთლიანობაში „4“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 148-152).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი. ხ-ის და თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს ი. ხ-ს (პ/ნ: ....) და თ. ხ-ს (პ/ნ: ......) დაუბრუნდეთ რ. ა-ის (პ/ნ: ......) მიერ 2015 წლის 19 თებერვალს №1 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 850 ლარის 70% – 595 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. კასატორებს დაუბრუნდეთ 2015 წლის 19 თებერვლის Nა-534-15 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 4 (ოთხი) ფურცელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე

საქმე№ას-111-104-2015 20 მარტი, 2015წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებლები – ა. ს-ი, ნ. ხ-ი, ქ. ხ-ი, გ. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ხ-ი, თ. ხ-ი

განმცხადებლების მოთხოვნა – უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ა. ს-მა, ნ. ხ-მა, ქ. ხ-მა და გ. ხ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ი. ხ-სა და თ. ხ-ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ს-ის, ნ. ხ-ის, ქ. ხ-სა და გ. ხ-ის სარჩელი თ. ხ-სა და ი. ხ-ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა; ა. ს-ი, ნ. ხ-ი, ქ. ხ-ი და გ. ხ-ი აღირიცხნენ მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ი. ხ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე – თბილისი, ა-ას ქ. №... - მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: – ... – ½ წილზე და ამ ნაწილში გაბათილდა თ. ხ-სა და ი. ხ-ს შორის უძრავ ქონებაზე 2010 წლის 23 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება; ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს თ. დ-ის მიერ 2013 წლის 13 აპრილს (რეგისტრაციის ნომერი №...) გ. ხ-ის სამკვიდრო ქონებაზე თ. ხ-ის სახელზე გაფორმებული სამკვიდრო მოწმობა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. ხ-მა და თ. ხ-მა.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინეს ა. ს-მა, ნ. ხ-მა, ქ. ხ-მა და გ. ხ-მა და იშუამდგომლეს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, კერძოდ, მოითხოვეს, რომ თ. ხ-ს აკრძალვოდა მამკვიდრებელ გიორგი ხ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე, ქ. თბილისი, შ. ნ. ფერდობი, ... მ/რ-ნი, კორპ. ..., ბ. ..., სამკვიდრო მოწმობის მიღება და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 მაისის განჩინებით განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანეს ა. ს-მა, ნ. ხ-მა, ქ. ხ-მა და გ. ხ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივნისის განჩინებით ა. ს-ის, ნ. ხ-ის, ქ. ხ-ის და გ. ხ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 მაისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

2014 წლის 16 ივლისს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართეს საჩივრის ავტორებმა, მიუთითეს, რომ უარს ამბობენ საჩივარზე და მოითხოვეს მისი განუხილველად დატოვება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის განჩინებით ა. ს-ის, ნ. ხ-ის, ქ. ხ-ის და გ. ხ-ის საჩივარი დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ი. ხ-სა და თ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. ხ-მა და თ. ხ-მა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 მარტის განჩინებით ი. ხ-ის და თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

2015 წლის 20 მარტს საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინეს ა. ს-მა, ნ. ხ-მა, ქ. ხ-მა და გ. ხ-მა, რომელიც შეიცავს განცხადებას უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, კერძოდ, მოსარჩელეები ითხოვენ თ. ხ-ს აეკრძალოს მამკვიდრებელ გ. ხ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. თბილისი, შ. ნ. ფერდობი, ... მ/რ-ნი, კორპ. ..., ბ. ..., სამკვიდრო მოწმობის მიღება და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო ა. ს-ის, ნ. ხ-ის, ქ. ხ-ის და გ. ხ-ის საკასაციო შესაგებელში მოცემულ განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, საქმის მასალებს და მიიჩნევს რომ აღნიშნული განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დგინდება, რომ ა. ს-მა, ნ. ხ-მა, ქ. ხ-მა და გ. ხ-მა განსახილველი განცხადებით მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს ერთხელ უკვე მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი სააპელაციო შესაგებელით (რომლითაც მოითხოვეს თ. ხ-ს აკრძალვოდა მამკვიდრებელ გიორგი ხ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე, ქ. თბილისი, შ. ნ. ფერდობი, ... მ/რ-ნი, კორპ. ..., ბ. ..., სამკვიდრო მოწმობის მიღება და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 მაისის განჩინებით აღნიშნული განცხადება არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 1 მაისის განჩინებაზე ა. ს-ის, ნ. ხ-ის, ქ. ხ-ის და გ. ხ-ის საჩივარი დარჩა განუხილველი მოსარჩელეთა მიერ მასზე უარის თქმის გამო. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 მაისის განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ შესულია კანონიერ ძალაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში კი მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაკი არსებობს სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს საკასაციო შესაგებელით წარდგენილი იმავე შინაარსის განცხადება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, და 191-ე მუხლებით, 194-ე მუხლის მე-5 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა. ს-ის, ნ. ხ-ის, ქ. ხ-ის და გ. ხ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე