საქმე №ას-827-778-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს ,,ბ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ე, ა. მ-ე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების განმარტება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს ,,ბ-მა’’ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. და ა. მ-ის მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს ,,ბ-ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ბ-მა’’.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს ,,ბ-ის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს ,,ბ-ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა.
6. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს მ. და ა. მ-მა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 აპრილის განჩინებით მ. და ა. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
8. 2015 წლის 25 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს ,,ბ-მა’’ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების განმარტება.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ივლისის განჩინებით სს ,,ბ-ის’’ განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დარჩა განუხილველი.
10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს ,,ბ-ის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს ,,ბ-ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა და ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი მ. და ა. მ-ს შორის 2011 წლის 15 ივლისს გაფორმებული უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულება - არასაცხოვრებელი ფართის გამიჯვნის ნაწილში (ხელშეკრულების ,,გასამიჯნი საგანი’’ და მისი მახასიათებელი მე-3 პუნქტი). მ. მ-ის საკუთრებაში არსებული ... საკადასტრო კოდზე მდებარე უძრავი ნივთის არასაცხოვრებელი ფართიდან 35,435 კვ.მ-ზე აღდგა ა. მ-ის საკუთრების უფლება და სს ,,ბ-ის’’ იპოთეკის უფლება 2011 წლის 15 ივლისის მდგომარეობით.
12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე 2013 წლის 07 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
13. სასამართლოს მიერ საჯარო რეესტრის ვებ-გვერდიდან მოძიებული ...წ. ამონაწერით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება აღსრულებულია. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გაცემული 2013 წლის 07 ნოემბრის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღდგა სს ,,ბ-ის’’ იპოთეკის უფლება, კერძოდ, შენობა-ნაგებობა №1 საერთო ფართით 68,45 კვ.მ-დან 35,435 კვ.მ-ზე და შესაბამის წილ მიწის ნაკვეთზე სს ,,ბ-ი’’ წარმოადგენს პირველი რიგის იპოთეკარს. იპოთეკის საგანი: ი. ხ-ის კუთვნილი წილი შენობა-ნაგებობა №1 საერთო ფართით 68,45 კვ.მ-დან 35,435 კვ.მ შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად.
14. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებაზე და განმარტა, რომ განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
15. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება აღსრულებულია და სს ,,ბ-ი’’ დარეგისტრირებულია პირველი რიგის იპოთეკარად, ხოლო იპოთეკის საგანს წარმოადგენს ი. ხ-ის კუთვნილი წილი შენობა-ნაგებობა №1 საერთო ფართით 68,45 კვ.მ-დან 35,435 კვ.მ. შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური წინაპირობა.
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სს ,,ბ-მა’’ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:
18. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების განმარტება არ შეიძლება მოხდეს, ვინაიდან იგი უკვე აღსრულებულია. საჩივრის ავტორის განმარტებით, მან სწორედ იმ ფაქტის გამო მიმართა სააპელაციო სასამართლოს დაზუსტებაზე, რომ საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაშვებული აქვს შეცდომა და აღნიშნულის გამო 2012 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება არასწორად არის აღსრულებული. კერძოდ, ნაცვლად ,,მ. მ-ის საკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდზე მდებარე ნივთის არასაცხოვრებელი ფართიდან (ეზოს ფართი) 35,435 კვ.მ-ზე ა. მ-ის საკუთრების უფლების და სს ,,ბ-ის’’ იპოთეკის უფლების 2011 წლის 15 ივლისის მდგომარეობით აღდგენისა’’, საჯარო რეესტრმა გადაწყვეტილება დაარეგისტრირა საცხოვრებელ ფართთან მიმართებაში. შედეგად, შენობა-ნაგებობა №1 საერთო ფართით 68,45 კვ.მ-დან 35,435 კვ.მ-ზე და შესაბამის წილ მიწის ნაკვეთზე სს ,,ბ-ი’’ წარმოადგენს №1 რიგის იპოთეკარს. იპოთეკის საგანი: ი. ხ-ის კუთვნილი წილი შენობა-ნაგებობა №1 საერთო ფართით 68,45 კვ.მ-დან 35,435 კვ.მ შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად’’.
19. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით №1 შენობა-ნაგებობას საერთოდ არ ეხებოდა სს ,,ბ-ის’’ სასარჩელო მოთხოვნა და საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული სარეგისტრაციო მოქმედება არის საფუძველს მოკლებული. №1 შენობა-ნაგებობა არც იპოთეკის საგანს წარმოადგენდა და სს ,,ბ-ს’’ არანაირი სამართლებრივი ინტერესი არ აქვს აღნიშნულ საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით. სს ,,ბ-ის’’ სასარჩელო მოთხოვნა ეხებოდა მხოლოდ №... საკადასტრო კოდზე მდებარე ნივთის - არასაცხოვრებელი ეზოს ფართს და არა №1 შენობა-ნაგებობის საცხოვრებელ ფართს, რასთან დაკავშირებითაც რეესტრმა მოახდინა რეგისტრაცია.
20. შედეგად, რეესტრმა აღადგინა სს ,,ბ-ის’’ იპოთეკის უფლება იმ პიროვნების საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართზე, რომელსაც სს ,,ბ-ან’’ არანაირი შეხება და საკრედიტო ურთიერთობა არ ჰქონია. მას არ უსარგებლია კრედიტით, არ დაუტვირთავს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი იპოთეკით სს ,,ბ-ის’’ სასარგებლოდ.
21. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ სხვა პიროვნების დარჩენილი დავალიანების დაფარვის მიზნით მოხდება მის საკუთრებაში არსებული საკუთრების რეალიზაცია, აღნიშნული აშკარად შელახავს მის საკუთრების უფლებას და კანონიერ ინტერესებს.
22. ხოლო ამ სიტუაციაში სს ,,ბ-ს’’ აქვს სრული უფლება აღნიშნული მიმართულებით იმოქმედოს. სხვა ალტერნატივა ნამდვილად არ არსებობს საჯარო რეესტრის მიერ არასწორად განხორციელებული რეგისტრაციის ფაქტიდან გამომდინარე.
23. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ტექნიკური შეცდომა დარჩება შეუსწორებელი, ხოლო 2012 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება შეცდომით აღსრულებული, თუ არ მოხდება განმარტება, რომ 2012 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ არასაცხოვრებელ ფართში იგულისხმება ეზოს ფართი და არა საცხოვრებელი სახლი, რაც საქმის გარემოებებიდან ცალსახად დგინდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
24. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ბ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
26. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს ,,ბ-ის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს ,,ბ-ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა და ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი მ. და ა. მ-ს შორის 2011 წლის 15 ივლისს გაფორმებული უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულება - არასაცხოვრებელი ფართის გამიჯვნის ნაწილში (ხელშეკრულების ,,გასამიჯნი საგანი’’ და მისი მახასიათებელი მე-3 პუნქტი). მ. მ-ის საკუთრებაში არსებული, ... საკადასტრო კოდზე მდებარე უძრავი ნივთის არასაცხოვრებელი ფართიდან 35,435 კვ.მ-ზე აღდგა ა. მ-ის საკუთრების უფლება და სს ,,ბ-ის’’ იპოთეკის უფლება 2011 წლის 15 ივლისის მდგომარეობით.
27. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
28. შესაბამისად, მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, ხოლო განმარტების მიზნად კი - მისი აღსრულების უზრუნველყოფას; ამასთან ერთად, გადაწყვეტილების განმარტების სავალდებულო პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ იყოს აღსრულებული, ვინაიდან ასეთ დროს აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა და განმარტების შედეგად არ უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რაც ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება.
29. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტი, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულებულია. კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გაცემული 2013 წლის 07 ნოემბრის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღდგა სს ,,ბ-ის’’ იპოთეკის უფლება: შენობა-ნაგებობა №1 საერთო ფართით 68,45 კვ.მ-დან 35,435 კვ.მ-ზე და შესაბამის წილ მიწის ნაკვეთზე სს ,,ბ-ი’’ წარმოადგენს პირველი რიგის იპოთეკარს. იპოთეკის საგანი: ი. ხ-ის კუთვნილი წილი შენობა-ნაგებობა №1 საერთო ფართით 68,45 კვ.მ-დან 35,435 კვ.მ შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად.
30. განცხადებით გადაწყვეტილების განმარტების შესახებ კი სს „ბ-მა“ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული და აღსრულებული გადაწყვეტილების იმგვარად განმარტება, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულ „არასაცხოვრებელ ფართში“ იგულისხმებოდეს #... საკადასტრო კოდზე მდებარე უძრავი ნივთის ეზოს არასაცხოვრებელი ფართი და არა საცხოვრებელი სახლის ფართი.
31. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ვინაიდან განსამარტი გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია, განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დაუშვებელია. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ განსამარტი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა იმგვარი ფორმულირებით, როგორც ეს მითითებული იყო სს „ბ-ის“ სარჩელში. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილება კი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილების აღსრულებისას დაშვებული შეცდომის გამოსწორებას ისახავს მიზნად, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, არ წარმოადგენს გადაწყვეტილების განმარტების დანიშნულებას. გადაწყვეტილების განმარტების დანიშნულებაა (მიზანია) აღსრულების ხელშეწყობა და არა უკვე აღსრულებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში დაშვებული შეცდომის გამოსწორება, რაც სხვა სამართლებრივი საშუალების გამოყენებით უნდა მოხდეს. ამასთან, დადასტურებულია და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მას სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით სასამართლოსთვის გადაწყვეტილების აღსრულებამდე არ მიუმართავს.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ბ-ის“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ბ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე