Facebook Twitter

საქმე №ას-858-808-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ვ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს სადაზღვევო კომპანია ,,უ-ი’’ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სადაზღვევო შენატანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს სადაზღვევო კომპანია ,,უ-მა’’ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ვ-ის მიმართ სადაზღვევო შენატანის ანაზღაურების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს სადაზღვევო კომპანია ,,უ-ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე მ.ვ-ს დაეკისრა 875,69 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ვ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მაისის განჩინებით მ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 აპრილის განჩინებით მ. ვ-ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 75 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოში წარდგენა. იმავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათით სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 აპრილის განჩინების ასლი მ. ვ-ის ძმას - ც. ვ-ს ჩაბარდა 2015 წლის 06 აპრილს (ს.ფ. 100).

პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ხსენებული კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში - ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით განმარტა, რომ თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, აღნიშნული კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ხსენებული ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისთვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. აღნიშნული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე დაყრდნობით სასამართლომ აღნიშნა, რომ თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება კი, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საქმის მასალებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტისათვის სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დანიშნული 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების ასლის მისი ძმისთვის გადაცემის მომდევნო დღიდან. კერძოდ, 2015 წლის 17 აპრილიდან და ამოიწურა 2015 წლის 26 აპრილს, რომელიც იყო ყოველკვირეული დასვენების დღე კვირა. შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესასრულებლად ვადის დამთავრების დღე იყო 2015 წლის 27 აპრილი. აპელანტს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დატოვებული უნდა ყოფილიყო განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ვ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არ ჩაბარებია. გზავნილი ჩაბარდა მის ძმას, რომელთანაც არა აქვს კარგი ურთიერთობა. ამასთან, საჩივრის ავტორის განცხადებით იგი დროებით ცხოვრობს სხვა მისამართზე, ნაქირავებ ბინაში. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მისთვის უცნობი იყო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის თაობაზე, სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით არ უნდა დაეტოვებინა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინება უნდა ჩაბარდეს მას ან მის ადვოკატს და სასამართლომ მხოლოდ მას შემდეგ უნდა იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ვ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში მ.ვ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მხრიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა.

კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მისთვის ჩაბარებულად არ უნდა იქნას მიჩნეული, რადგან გზავნილის მიმღებთან (ძმასთან) მას არ აქვს კარგი ურთიერთობა და დროებით ცხოვრობს სხვა მისამართზე.

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ზემოხსენებული პრეტენზიის საფუძვლიანობის შემოწმებისას ყურადღებას მიაქცევს შემდეგს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლოს უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნაირან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისთვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საპროცესო ვადის განსაზღვრის შესახებ განჩინება ჩაბარდა აპელანტ მ. ვ-ის ძმას, ც. ვ-ს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე თბილისი, ჩ-ის ქ. ..... (იხ. ს.ფ. 100).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე აპელანტის ძმამ ც.ვ-მა ჩაიბარა სასამართლო გზავნილი, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით, არსებობს პრეზუმფცია, რომ სასამართლო უწყება ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა – ადრესატის ოჯახის წევრმა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კერძო საჩივრის ავტორმა ვერ წარმოადგინა ამ პრეზუმფციის გამაქარწყლებელი რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს, რომ გზავნილის მიმღები პირი, ც.ვ-ი არ იყო შეტყობინების მიღებაზე უფლებამოსილი პირი. კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ იგი აღარ ცხოვრობს თავის ძმასთან, ვერ მიიჩნევა ზემოაღნიშნული გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც თავად საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ჩაიბარა გზავნილი აღნიშნულმა პირმა. ამავე დროს საქმეში არსებულ ყველა დოკუმენტში მ. ვ-ის ერთადერთ მისამართად მითითებულია თბილისი, ჩ-ის ქ. .... (იხ. ს.ფ. 14, 30, 42, 75).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული განსხვავებული წესის მიხედვით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლომ გზავნილი გააგზავნა სწორედ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ ერთადერთ მისამართზე, თბილისში, ჩ-ის ქ. #...-ში. გარდა ზემოაღნიშნული მისამართისა, მხარეს საკონტაქტო ინფორმაციის ველში სხვა ალტერნატიული მისამართი არ მიუთითებია (იხ. ს.ფ. 75).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

მოცემული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსთვის მიუმართავს შუამდგომლობით, სახეზე იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების

წინაპირობები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. ვ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე