Facebook Twitter

საქმე №ას-930-880-15 30 ოქტომბერი, 2015 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ს-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. შ-ე, ვ. კ-ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. ს-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. შ-სა და ვ. კ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დადგენის თაობაზე.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-მა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივლისის განჩინებით მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება მ. ს-ს ჩაბარდა 2015 წლის 26 ივნისს (ს.ფ. 461). სააპელაციო საჩივარი კი მან ბათუმის საქალაქო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გააგზავნა 2015 წლის 14 ივლისს (ს.ფ. 476).

8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან მ. ს-მა გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2015 წლის 26 ივნისს, მისთვის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისთვის დადგენილი 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 27 ივნისს და ამოიწურა 2015 წლის 9 ივლისს 24:00 საათზე. ამდენად პალატამ მიიჩნია, რომ 2015 წლის 14 ივლისს საფოსტო განყოფილებისათვის ჩაბარებული სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ს-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

10. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრის წარდგენისთვის დადგენილი ვადების გამოთვლისას ერთმანეთში აქვს არეული საფოსტო გზავნილის თბილისში ჩაბარების დღე (10 ივლისი) და გზავნილის ბათუმის საფოსტო განყოფილების მიერ მიღების დღე (14 ივლისი). საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გააგზავნა არა 2015 წლის 14 ივლისს, როგორც ამას სააპელაციო სასამართლო უთითებს, არამედ იმავე წლის 10 ივლისს, რაც დასტურდება მის მიერ წარდგენილი გზავნილის მიღების დოკუმენტებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ს-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

13. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მას გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადა არ დაურღვევია.

14. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას სააპელაციო სასამართლო ახდენს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორს, მ. ს-ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება ჩაბარდა 2015 წლის 26 ივნისს. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 27 ივნისს და ამოიწურა 9 ივლისს 24:00 საათზე, ხოლო აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით გააგზავნა 2015 წლის 14 ივლისს.

15. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მან ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 29-ე დღეს, 2015 წლის 26 ივნისს და პირადად ჩაიბარა აღნიშნული დაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 461), შესაბამისად 14 დღიანი გასაჩივრების ვადის დენა მისთვის დაიწყო 2015 წლის 27 ივნისიდან და დასრულდა 2015 წლის 10 ივლისს. ამრიგად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა მ. ს-ს ამოეწურა 2015 წლის 9 ივლისს 24:00 საათზე.

16. პალატა ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აპელანტმა მ. ს-მა სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2015 წლის 14 ივლისს.

17. საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, სააპელაციო საჩივარზე დართული საფოსტო კონვერტით ირკვევა, რომ მ. ს-მა სააპელაციო საჩივარი საქართველოს ფოსტის თბილისის ფილიალს ჩააბარა 2015 წლის 10 ივლისს, ხოლო აღნიშნული კონვერტის მეორე მხარეს დასმული ფოსტის ბეჭდით ირკვევა, რომ საქართველოს ფოსტის ბათუმის ფილიალს გზავნილი გადაეცა იმავე წლის 14 ივლისს (იხ. ს.ფ. 476).

18. საკასაციო სასამართლომ დამატებით შეისწავლა მ.ს-ის კერძო საჩივარზე დართული საქართველოს ფოსტის შეტყობინებები საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტებით ასევე დასტურდება მ. ს-ის მიერ საქართველოს ფოსტის თბილისის ფილიალისთვის გზავნილის 2015 წლის 10 ივლისს ჩაბარის ფაქტი. ამავე დოკუმენტებით ირკვევა, რომ საქართველოს ფოსტის ბათუმის განყოფილებას გზავნილი გადაეცა 2015 წლის 14 ივლისს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იგი მიიღო იმავე წლის 15 ივლისს (იხ. ს.ფ. 489). ამრიგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. ს-მა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა კანონით დადგენილი გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დაცვით.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. ს-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივლისის განჩინება და საქმე მ. ს-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე