Facebook Twitter

საქმე№ა-1297-შ-32-2015 23 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

შუამდგომლობის ავტორი – ღსს „ა–რ. ა-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს № 1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს № 1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით ღსს „ა–რ ა-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე – შპს „ა-ს“ (საქართველო) მოსარჩელის – ღსს „ა– რ ა-ის“ (რუსეთის ფედერაცია) სასარგებლოდ 43325 (ორმოცდასამი ათას სამას ოცდახუთი) აზერბაიჯანული მანათისა და ოცდაცხრამეტი გიაკაპიკის გადახდა დაეკისრა.

ღსს „ა–რ ა-მა“ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს № 1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება თანხის დაკისრების თაობაზე.

შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს № 1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილების გამოტანამდე საქმის წარმოების თაობაზე გაფრთხილებული იყო მოპასუხე შპს „ა-ი“, მას გაეგზავნა საქმის მასალები ქ. თბილისში, ფ-ის ქ….-ში. 2014 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული ამავე წლის 18 სექტემბერს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 აპრილის განჩინებით ღსს „ა–რ ა-ის“ შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხე შპს „ა-ს" გაეგზავნა 2015 წლის 19 მაისს და ჩაბარდა 2015 წლის 20 მაისს.

2015 წლის 27 მაისს მოსაზრება წარმოადგინა შპს „ა-მა", რომელმაც იშუამდგომლა მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ. აღნიშნული შუამდგომლობა მოტივირებულია იმით, რომ შპს „ა-ის" მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული კანონმდებლობის მიხედვით დაფუძნებული იყო დამოუკიდებელი იურიდიული პირი, შვილობილი კომპანია შპს „ა-ი", რომელსაც მხოლოდ საფირმო სახელწოდებაში აქვს მითითებული რომ ის არის ფილიალი. ამდენად აზერბაიჯანში რეგისტრირებული შპს „ა-ი" წარმოადგენს არა ფილიალს, არამედ დამოუკიდებელ იურიდიულ პირს, რაც დასტურდება აზერბაიჯანული კომპანიის წესდების 1.2. პუნქტის ჩანაწერით, რომლის თანახმად, მას გააჩნია დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსი. რაც შეეხება ფილიალის მითითებას სახელწოდებაში, ეს გამოყენებული იყო როგორც აბრევიატურა და კავშირი არა აქვს იურიდიული პირის იურიდიულ სტატუსთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ღსს „ა–რ ა-ის“ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს № 1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით ღსს „ა–რ ა-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე – შპს „ა-ს“ (საქართველო) მოსარჩელის – ღსს „ა– რ ა-ის“ (რუსეთის ფედერაცია) სასარგებლოდ 43325 (ორმოცდასამი ათას სამას ოცდახუთი) აზერბაიჯანული მანათისა და ოცდაცხრამეტი გიაკაპიკის გადახდა დაეკისრა.

შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს № 1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილების გამოტანამდე საქმის წარმოების თაობაზე გაფრთხილებული იყო მოპასუხე შპს „ა-ი“, მას გაეგზავნა საქმის მასალები ქ. თბილისში, ფ-ის ქ….-ში. 2014 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული ამავე წლის 18 სექტემბერს. აღნიშნულ გარემოებებს მოწინააღმდეგე მხარე სადავოდ არ ხდის.

უზენაესი სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს № 1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს, რადგან გადაწყვეტილებით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული შპს „ა-ის", როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირის, ვალდებულება დაეკისრა საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შპს „ა-ს", რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორ კომპანიას წარმოადგენს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს № 1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილების შინაარსიდან ირკვევა, რომ აღნიშნული საფუძვლით მოწინააღმდეგე მხარეს შესაგებელი წარდგენილი ჰქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს № 1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკურ სასამართლოშიც. სასამართლომ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და დაადგინა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რეგისტრირებული კომპანია „ა-ი" წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული შპს „ა-ის" ფილიალს. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 68-ე მუხლი კი უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მატერიალურ სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებას არ ითვალისწინებს.

უზენაესი სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ვერც საკუთარ წერილობით მოსაზრებაზე დართული მტკიცებულებებით და ვერც საქმის ზეპირი განხილვის დროს, მოწინააღმდეგე მხარემ მის მიერ მითითებული გარემოება (რომ შპს „ა-ის" აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ფილიალი, წარმოადგენს არა ქართული კომპანიის ფილიალს, არამედ შვილობილ კომპანიას და დამოუკიდებელ იურიდიულ პირს) ვერ დაადასტურა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია 68-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. უზენაესი სასამართლო საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს № 1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ღსს „ა-რ ა-ის" შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს № 1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც: ღსს „ა–რ ა-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე – შპს „ა-ს“ (საქართველო) მოსარჩელის – ღსს „ა– რ ა-ის“ (რუსეთის ფედერაცია) სასარგებლოდ 43325 (ორმოცდასამი ათას სამას ოცდახუთი) აზერბაიჯანული მანათისა და ოცდაცხრამეტი გიაკაპიკის გადახდა დაეკისრა;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე