ბს-903-489(კ-05) 3 ნოემბერი, 2005წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სამივლინებო დავალიანების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 11 აგვისტოს მოსარჩელე მ. ყ-მ სარჩელით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტის კადრების სამმართველოს შტატგარეშე მოსამსახურეთა ...ის თანამდებობაზე, 2003წ. 15 იანვრიდან 2004წ. 1 ივნისამდე. ხელშეკრულების თანახმად, მისი ყოველითვიური სარგო შეადგენდა თვეში 20 ლარს, ხოლო სპეცსახსრების დანამატთან ერთად ყოველთვიურად ეძლეოდა 120 ლარი.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2004წ. პირველ ივნისს 5 თვის ხელფასის, 600 ლარის, ნაცვლად, მიიღო 240 ლარი, ასევე, მისთვის არ აუნაზღაურებიათ სამივლინებო თანხა 861 ლარის ოდენობით, მიუხედავად იმისა, რომ საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003წ. 27 ნოემბრის ¹7-616 და 2004 წლის 1 ივნისის ¹392 კს ბრძანებით ცენტრალურ ბუღალტერიას დაევალა მისთვის სამივლინებო თანხის ანაზღაურება. მოსარჩელემ მოითხოვა მთლიანი დავალიანების ანაზღაურება 1221 ლარის ოდენობით.
რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ შეამცირა სარჩელის მოთხოვნა და მხოლოდ სამივლინებო თანხის _ 861 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სამივლინებო დავალიანების არსებობა სადავო არ არის, მაგრამ ბიუჯეტიდან არ მიღებულა შესაბამისი დაფინანსება.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საბაჟო დეპარტამენტის მიერ გასაჩიურდა სააპელაციო წესით. სააპელაციო პალატის 2005წ. 23 მარტის განჩინებით საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი მოტივით:
ვინაიდან მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე საბაჟო დეპარტამენტთან, რომელმაც საკუთარი ინიციატივით შეწყვიტა მოსარჩელესთან ეს ურთიერთობა, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, მოახდინოს მ. ყ-სთან საბოლოო ანგარიშსწორება და აუნაზღაუროს აღიარებული და დადასტურებული სამივლინებო დავალიანების თანხა _ 861 ლარი, შკკ-ის მოთხოვნათა საფუძველზე.
ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა სააპელაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით და საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2003წ. 27 ნოემბრის ¹7-616 ბრძანებით სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება დაევალა ცენტრალურ ბუღალტერიას. მ. ყ-ის მიმართ მართლაც არსებობს სამივლინებო დავალიანება, მაგრამ ასეთის არსებობა გამოწვეულია სახელმწიფოს მიერ არაერთხელ სეკვესტრირებული ბიუჯეტით. სახელმწიფო ცნობს რა აღნიშნულ დავალიანებას, იგი გათვალისწინებული იქნება 2005წ. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით. კასატორი თვლის, რომ სამივლინებო დავალიანების დაკისრების ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება არის არაკანონიერი, რადგან საბაჟო დეპარტამენტისათვის ამ ეტაპზე სამივლინებო თანხების დასაფარად არანაირი სახსრები არ არის გამოყოფილი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ასკ-ის პირველი მუხლის II ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას გამოიყენება სსკ-ის შესაბამისი დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სსკ-ის 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის მ. ყ-ს მიმართ საბაჟო დეპარტამენტის სამივლინებო დავალიანება შეადგენს 861 ლარს. საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 27.11.03წ¹7-616 ბრძანებით მ. ყ-ს სამივლინებო თანხის ანაზღაურება დაევალა ცენტრალურ ბუღალტერიას, ხოლო საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 01.06.04წ. ბრძანებით შეწყვეტილ იქნა მ. ყ-სა და საბაჟო დეპარტამენტს შორის დადებული 15.01.03წ. შრომითი ხელშეკრულება და ცენტრალურ ბუღატერიას დაევალა ყოფილი თანამშრომლისათვის სახელფასო და სამივლინებო დავალიანების გადახდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური ბუღალტერიის მიერ საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტები შესრულებული არ არის და კასატორს მ. ყ-ს მიმართ აქვს სამივლინებო დავალიანება 861 ლარის ოდენობით. სკ-ის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალისაგან ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალე ვალდებულია, შეასრულოს კრედიტორის მოთხოვნა. სამივლინებო დავალიანების გადახდისაგან კასატორის გათავისუფლების საფუძველს არ ქმნის ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით აღნიშნული თანხა გამოყოფილი არ არის.
შკკ-ის 115-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მუშებსა და მოსამსახურეებს უფლება აქვთ აინაზღაურონ მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა კომპენსაცია. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით, დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია, მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლებისას კუთვნილი მთელი თანხა გადაუხადოს დათხოვნის დღეს. ამდენად, საქართველოს საბაჟო დეპარტამენტი ვალდებულია მ. ყ-ს აუნაზღაუროს სამივლინებო დავალიანება. შესაბამისად, მართლზომიერია მ. ყ-ს სასარგებლოდ კასატორისათვის სადავო თანხის დაკისრება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული კანონი არ დარღვეულა, რაც სსკ-ს 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 23.03.05წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.