Facebook Twitter

№ ას-90-84-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - რ. ა-ი, გ. ა-ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. კ-ი (მოსარჩელე),

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, უძრავი ქონების რეგისტრაციის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ა-სა და გ. ა-ის წინააღმდეგ და მოითხოვა: ა) რ. ა-ის ძირი თანხის – 7000 აშშ დოლარის, სარგებლის – 1470 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 2555 აშშ დოლარის, სულ 11025 აშშ დოლარის დაკისრება; ბ) გ. ა-ის დავალდებულება, რეგისტრაციაში გაატაროს გორის რაიონის სოფელ ს-ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №.....

2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 14 სექტემბერს მასსა და რ. ა-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, რ. ა-ს გადაეცა 7000 აშშ დოლარი. სესხი იყო სარგებლიანი და შეადგენდა თვეში 7%-ს ანუ 490 აშშ დოლარს, სამი თვის განმავლობაში 1470 აშშ დოლარს. სესხის ვადის გადახდის ამოწურვის შემდეგ გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარჩენილი დასაბრუნებელი თანხის 0,2%. მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა გ. ა-ის უძრავი ქონება. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ერთდროულად იქნა შედგენილი სანოტარო წესით. მოსარჩელის განმარტებით, ფულადი თანხის გადაცემის შემდეგ მან მიმართა საჯარო რეესტრს უძრავ ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაციის მიზნით, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ გ. ა-ის სახელზე არსებული უძრავი ქონების დაუზუსტებელი ფართი საჭიროებდა დაზუსტებას, რათა მომხდარიყო იპოთეკის რეგისტრაცია. თ. კ-მა გ. ა-ს რამდენჯერმე მიმართა თხოვნით გაეკეთებინა ნახაზი და დაეზუსტებინა ფართი, თუმცა იგი თავს არიდებდა და არიდებს აღნიშნული ქმედების განხორციელებას. მოსარჩელის განმარტებით, იგი იძულებული გახდა თავად შეედგინა ნახაზი, თუმცა, ვინაიდან მასზე არ იყო მესაკუთრის ხელმოწერა, ქონების რეგისტრაცია შეჩერდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

3. მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

4. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სარჩელი რ. ა-სა და გ. ა-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ. ა-ს თ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, ძირი თანხის - 7000 აშშ დოლარის, სარგებლის – 1470 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 1530 აშშ დოლარის, სულ 10 000 აშშ დოლარის გადახდა; თ. კ-ის მოთხოვნა გ. ა-ის გორის რაიონის სოფელ ს-ი მდებარე უძრავი ქონების რეგისტრაციაში გატარების დავალდებულების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

5. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

6. თ. კ-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება უძრავი ქონების რეგისტრაციის დავალების მოთხოვნის ნაწილში უარის თქმის შესახებ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.

7. რ. ა-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების პირველი ნაწილის 1.2 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ა-ს დაევალა გორის რაიონის სოფელ ს-ში მდებარე დაზუსტებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით №..... ) რეგისტრაციაში გატარება. რ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის განჩინება (გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ) და უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განჩინება, რომლითაც თ. კ-ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღდა გ. ა-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავ ქონება, მდებარე: გორის რაიონის სოფელ ს-ში, საკადასტრო კოდით №......

9. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თ. კ-ის პოზიცია გ. ა-ის მიერ მის საკუთრებაში არსებული დაუზუსტებელი უძრავი ქონების რეგისტრაციაში გატარების დავალდებულების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმისთვის მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

11. 2012 წლის 14 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, თ. კ-მა რ. ა-ს სამი თვის ვადით ასესხა 7000 აშშ დოლარი თვეში 7%-ის სარგებლით. სარგებელი სულ შეადგენდა 1470 აშშ დოლარს. სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა გ.ა-ის სახელზე რეგისტრირებული, გორის რაიონის სოფელ ს-ში მდებარე უძრავი ქონება ( საკადასტრო კოდით №…). სესხის საბოლოო დაფარვის ვადად განისაზღვრა 2012 წლის 14 დეკმებერი. ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შეთანხმებით, თანხა უნდა დაბრუნებულიყო ერთიანად. ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარჩენილი დასაბრუნებელი თანხის 0,2%-ის ოდენობით;

12. 2013 წლის 15 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურდა, რომ სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე გორის რაიონის სოფელი ს-ი, საკადასტრო კოდით №..., დაუზუსტებელი ფართით 5996 კვ.მ, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი - 529,70 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ. ა-ის სახელზე და მასზე რაიმე სახის სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის;

13. თ. კ-ის, მას შემდეგ, რაც მან განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უძრავ ნივთზე იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაციისათვის, ცნობილი გახდა, რომ გ. ა-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება დაუზუსტებელი იყო, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განუმარტა, რომ უნდა წარედგინა უძრავი ქონების დაზუსტებული ნახაზი. გ. ა-მა არ შეასრულა ეს ვალდებულება და კრედიტორმა თავის ხარჯებით შეადგინა აზომვითი ნახაზი, მაგრამ საჯარო რეესტრმა არ განახორციელა იპოთეკის რეგისტრაცია იმ მოტივით, რომ ნახაზს არ ერთვოდა მესაკუთრის, გ. ა-ის ხელმოწერა;

14. 2013 წლის 18 თებერვალს შედგენილ გ. ა-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე, გ. ა-ის ხელმოწერა დაფიქსირებული არ არის (ტ1, სფ-14-15);

15. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 20 თებერვლის №8820133060765-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, რადგან, განმცხადებელმა არ წარადგინა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი მოსაკრებელი 50 ლარი და წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე არ ფიქსირდებოდა მესაკუთრის ხელმოწერა (ტ.1, სფ- 11);

16. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე და განმარტა, რომ თ. კ-ს, რ. ა-სა და გ. ა-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთახმებულ იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულად ჩამოყალიბებული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

17. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 286.1-ე და 361.2-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მოცემულ შეთხვევაში, სადავოა ფაქტი იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და კრედიტორ თ. კ-ის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა გ. ა-ის საკუთრებაში არსებული, გორის რაიონის სოფელ ს-ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით №....), დაუზუსტებელი ფართით 5996 კვ.მ, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი - 529,70 კვ.მ.

18. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის შეთანხმებულ იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულად ჩამოყალიბებული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, უძრავ ნივთზე იპოთეკის წარმოშობის დარეგისტირირების დროს საჯარო რეესტრში წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზი, ვერ გახდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველი და მოცემული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხოლოდ სასესხო ურთიერთობებით გათვალისწინებული ვალდებულებების არსებობის საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოიშვა მხოლოდ სესხის და არა სესხისა და იპოთეკის ხელშკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები.

19. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თ. კ-ის მოთხოვნა გ. ა-ის დაზუსტებული გორის რაიონის სოფელ ს-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით №…) რეგისტრაციაში გატარების დავალდებულების ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა;

20. რ. ა-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ 2012 წლის 14 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-4 ნაწილის თანხმად, მხარეთა შორის განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარჩენილი დასაბრუნებელი თანხის 0,2% ოდენობით (ტ.1, სფ-6), რაც დასტურია იმისა, რომ მხარეები წერილობითი ფორმით შეთანხმდნენ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებასა და მის ოდენობაზე;

21. კრედიტორმა თ. კ-მა სარჩელით მოითხოვა მოვალის რ. ა-ის პირგასამტეხლოს დაკისრება 2 555 აშშ დოლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეამცირა გონივრულ ფარგლებში და რ. ა-ს თ. კ-ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დააკისრა 1 530 აშშ დოლარი.

22. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია და არც სადავოდ გამხდარა ფაქტი იმის შესახებ, რომ მოვალე რ. ა-ს კრედიტორ თ. კ-ის სესხისა და იპოთეკის ხელშეკურლებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია, რაც მოვალისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა კრედიტორის თ. კ-ის სასარგებლოდ მოვალე რ. ა-ის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმისა და, შესაბამისად, ამ ნაწილში რ. ა-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. ა-მა და რ. ა-მა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თ. კ-ის პირგასამტეხლოსა და ქმედების დავალდებულებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ ქმედების დავალდებულების ნაწილში გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან კონკრეტულად ქონების დარეგისტრირების დავალდებულება არაკონსტიტუციურია, რადგან ქონების დარეგისტრირება არის მოქალაქის უფლება და მისი დავალდებულება მესამე პირების მხრიდან უკანონოა. კასატორის აზრით, დაუსაბუთებელია პირგასამტეხლოს დაკისრებაც, იგი თანახმაა ძირი თანხა გადაიხადოს ერთი თვის ვადაში.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მარტის განჩინებით გ. ა-სა და რ. ა-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

25. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ა-სა და რ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

28. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

29. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ: სუსგ-ები № ას-921-960-2011, ას-1200-1145-2013, ას-23-23-2014, ას-1342-1380-2014, ას-1203-1145-2014, ას-637-603-2015 ).

30. ამდენად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. ა-სა და რ. ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% –210ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. ა-სა და რ. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს დაუბრუნდეთ რ. ა-ის მიერ (პ№....) 2015 წლის 23 თებერვალს №1 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე