№ ას-331-316-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ი. ჩ-ი(მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ლ-ე (მოსარჩელე)
მესამე პირები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი, სსიპ სოციალური მომსახურების თერჯოლის რაიონული განყოფილება
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საცხოვრებლად და ნებართვის მიღების ნაწილში მშობლის უფლების შეზღუდვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ. ლ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ჩ-ის მიმართ და მოითხოვა ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა საცხოვრებლად დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ნებართვის მიღების ნაწილში მშობლის უფლების შეზღუდვა შემდეგი დასაბუთებით:
2. მოსარჩელის განცხადებით, მან 2010 წლის 15 ივლისს იქორწინა მოპასუხე ი. ჩ-ე, რომელთანაც 2012 წლის 24 იანვარს იტალიაში შეეძინა ქალიშვილი ლ. ჩ-ი. თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით მათი ქორწინების რეგისტრაცია შეწყდა. ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით, ი. ჩ-ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა 100 ლარის ოდენობით ლ. ჩ-ის სასარგებლოდ 2013 წლის 14 ივნისიდან, თუმცა დღემდე მხოლოდ 200 ლარი აქვს გადახდილი, რაც ბავშვისათვის საკმარისი არ არის. ასევე, ი. ჩ-ს უფლება მიეცა, ურთიერთობა ჰქონოდა მის არასრულწლოვან შვილთან - ლ. ჩ-ან, ყოველი კვირის პარასკევს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე და შაბათს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე თავის საცხოვრებელ სახლში წაყვანით. მოსარჩელის განმარტებით, იგი ყოფილ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა იტალიაში, მათ შვილი ლ. დაიბადა იტალიაში. პირადად მას აღნიშნულ ქვეყანაში აქვს საცხოვრებელი ადგილი და იტალიის კანონმდებლობით მიღებული აქვს საცხოვრებელი ადგილის სერთიფიკატი. მას შემდეგ, რაც მისი ყოფილი მეუღლე შემოუერთდათ, იტალიის საემიგრაციო სამსახურმა გასცა თანხმობა ოჯახის შეერთების შესახებ და ამ სამართლებრივი რეჟიმით ისინი დარეგისტრირდნენ ყველა შესაბამის სამსახურში: საგადასახადოში, სადაზღვევოში, სოციალურ სამსახურში. მათი შვილი შეყვანილია სპეციალურ საბავშო ბაღში. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოში ჩამოსვლისას მას წინასწარ ჰქონდა ბილეთები დაჯავშნული უკან გასამგზავრებლად, რადგან მიიჩნევდა, რომ მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა და ცალ-ცალკე ცხოვრებისა, ისინი იტალიაში დაბრუნდებოდნენ და შვილზე ერთად იზრუნებდნენ. შესაბამისად, უპრობლემოდ მოხდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. თუმცა მოულოდნელად მისმა მეუღლემ უარი განაცხადა იტალიაში დაბრუნებაზე და მშობლის უფლებას იყენებს ბოროტად, მისი და ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ. კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც მისი თანხმობის გარეშე ბავშვი დედას ვერ მიჰყავს საზღვარგარეთ, მის შვილს ეკარგება სოციალური დახმარება, საბავშვო ბაღში სწავლის უფლება, სამედიცინო მომსახურებისა და კომპლექსური აცრების სავალდებულო პროცედურა და სხვა მისი მომავლისათვის აუცილებელი პირობები. მოსარჩელის განცხადებით, იგი მორალურ ტრავმასთან ერთად განიცდის უზარმაზარ მატერიალურ ზარალს და პრაქტიკულად რჩება შემოსავლის წყაროს გარეშე, რადგან მას იტალიაში აქვს სტაბილური სამსახური (მისი ოფიციალური საშუალო შემოსავალი 9 000 ევროს აჭარბებს) და თუ იგი აღნიშნულ ქვეყანაში არ დაბრუნდება, შესაძლოა დაკარგოს სხვა უფლებებიც, მათ შორის მოქალაქეობის სტატუსი.
3. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მცირეწლოვანი ლ. ჩ-ის საცხოვრებელ ადგილად არაუმეტეს 5 წლით განისაზღვროს დედის, მ. ლ-ის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, იტალია სალერნოს რეგიონი, პ-ს კ-ა, ა-ას ქუჩა №.... ასევე მოითხოვა, მოპასუხე ი. ჩ-ს არაუმეტეს 5 წლის ვადით შეეზღუდოს მშობლის უფლება ბავშვის, ლ. ჩ-ის საზღვარგარეთ გაყვანაზე ნებართვის გაცემის უფლების ნაწილში და შესაბამისად, დაევალოს მოპასუხე ი. ჩ-ს მისცეს თანხმობა მ. ლ-ეს მცირეწლოვანი შვილის, ლ. ჩ-ის იტალიაში გაყვანაზე.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა ბავშვისათვის ზიანის მომტანი იქნებოდა. იგი არ დაეთანხმა მოთხოვნას ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან ის ბავშვის ინტერესებზე ზრუნავს, არ არსებობს მშობლის უფლების შეზღუდვის საფუძველი. მოპასუხის განმარტებით, ალიმენტის გადახდის შეყოვნება ობიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული და დღეისათვის გამოსწორებულია. მას ჯერჯერობით არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი, თუმცა ბავშვის რჩენა-აღზრდისა და განვითარებისათვის ჯანსაღი გარემო აქვს შექმნილი, რისი შემოწმებაც ნებისმიერ დროს შეუძლია სოციალურ სამსახურს.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრი და თერჯოლის რაიონული განყოფილება. მათი განმარტებით ბავშვის ასაკიდან გამომდინარე უმჯობესი იქნებოდა, თუ იგი ბიოლოგიურ დედასთან იცხოვრებდა.
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მცირეწლოვანი ლ. ჩ-ის საცხოვრებელ ადგილად არაუმეტეს 5 წლით განისაზღვრა დედის, მ. ლ-ის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი - იტალია, სალერნოს რეგიონი, პ-ოს კ-ა, ა-ას ქუჩა №.... მოპასუხე ი. ჩ-ს არაუმეტეს 5 წლის ვადით შეეზღუდა მშობლის უფლება ბავშვის, ლ. ჩ-ის საზღვარგარეთ გაყვანაზე ნებართვის გაცემის უფლების ნაწილში და შესაბამისად, დაევალა ი. ჩ-ს მისცეს თანხმობა მ. ლ-ეს მცირეწლოვანი შვილის ლ. ჩ-ის იტალიაში გაყვანაზე.
7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჩ-მა.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი. ჩ-ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დაკმაყოფილდა. ი. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მ. ლ-ემ.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის განჩინებით მ. ლ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 თებერვლის განჩინებით ი. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება.
12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
13. მ. ლ-ე 2008 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს იტალიაში, შინამოსამსახურედ. ასევე იღებს სხვადასხვა სახის სოციალურ დახმარებებს (იხ: ტ. 1. ს.ფ. 39-41; ს.ფ. 51-52); 2011 წლის 4 აპრილიდან იგი ცხოვრობს შემდეგ მისამართზე: იტალია, სალერნოს რეგიონი, პ-ოს კ-ა, ა-ას ქუჩის №....-ში (იხ: საცხოვრებელი ადგილის სერთიფიკატი - ტ. 1. ს.ფ. 30-31).
14. მ. ლ-ის მეუღლის, ი. ჩ-ის იტალიაში ჩასვლის შემდეგ იტალიის ქ. სალერნოს საემიგრაციო სამსახურმა 2011 წლის 19 დეკემბერს გასცა ოჯახის შეერთების თანხმობა და ამ სამართლებრივი რეჟიმით დარეგისტრირდნენ ყველა შესაბამის - საგადასახადო, სადაზღვევო და სოციალურ სამსახურებში (იხ: ტ. 1. ს.ფ. 33-34).
15. მ. ლ-ეს და ი. ჩ-ს ... წლის ... იანვარს, იტალიაში ერთობლივი ცხოვრებისას შეეძინათ ქალიშვილი - ლ. ჩ-ი (იხ: დაბადების მოწმობა - ტ.1. ს.ფ. 55-56).
16. ლ. ჩ-ი, იტალიის კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია ყველა კოდიფიცირებულ სააგენტოში, მინიჭებული აქვს იდენტიფიცირების კოდი, საგადასახადო კოდი, სამედიცინო კოდი და ამ მომსახურებისაგან გათავისუფლების სერთიფიკატები, გამოყოფილი ყავს პირადი პედიატრი და აღრიცხვაზეა იტალიის ვაქცინაციის ცენტრში (იხ: ტ.1. ს.ფ. 54-76).
17. 2013 წლის 16 აპრილს მ. ლ-ე, ი. ჩ-ი და ლ. ჩ-ი ჩამოვიდნენ საქართველოში იმ განზრახვით, რომ 2013 წლის 2 ივნისს ისევ გაემგზავრებოდნენ იტალიაში, თუმცა გაურკვეველი პირადული მიზეზების გამო ი. ჩ-მა უარი განაცხადა ბავშვთან ერთად იტალიაში დაბრუნებაზე და მოისურვა განქორწინება, რის გამოც მ. ლ-ე გაემგზავრა იტალიაში მარტო (იხ: ელექტრონული ავია-ბილეთები - ტ.1. ს.ფ.84-95).
18. თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა მ. ლ-სა და ი. ჩ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება; ი. ჩ-ს უფლება მიეცა - ურთიერთობა იქონიოს ლ. ჩ-ან ყოველი კვირის პარასკევს 12 საათიდან 17 საათამდე და შაბათს 12 საათიდან 17 საათამდე, თავის საცხოვრებელ სახლში წაყვანით; ი. ჩ-ს ასევე დაეკისრა ალიმენტი 100 ლარის ოდენობით ლ. ჩ-ის სასარგებლოდ (იხ: ტ.1. ს.ფ. 21-29).
19. თერჯოლის მაგისტრატ სასამართლოში ზემოთ აღნიშნული საქმის განხილვისას, აგრეთვე - მოცემული საქმის განხილვისას, შემოწმდა მ. ლ-სა და ი. ჩ-ის ოჯახების საცხოვრებელი პირობები საქართველოში, რის შედეგადაც სოციალურმა სამსახურებმა დაადგინეს, რომ ორივე ოჯახის პირობები უზრუნველყოფს ბავშვის სათანადო აღზრდა-განვითარებას (იხ: სოციალური მუშაკების დასკვნები - ტ.1. ს.ფ.117-118; ს.ფ. 137-138; ს.ფ. 253; ს.ფ. 254-255; ს.ფ. 325-326; ს.ფ. 331).
20. იტალიის შესაბამისი სამსახურის მიერ ასევე შემოწმდა მ. ლ-ის საცხოვრებელი პირობები იტალიაში, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ბინა, სადაც იგი ცხოვრობს, შეესაბამება საჭირო მოთხოვნებს, დიდი სივრცით, გემოვნებით გაწყობილი, სუფთა და კეთილმოწყობილი, როგორც ეს ჩანს თანდართულ ფოტოებზეც. დასკვნაში წერია, რომ სოციალურ სამსახურს სურს დაიცვას არასრულწლოვანი ლ. ჩ-ის ინტერესები და გადაამოწმოს დედის სამუშაო და საცხოვრებელი პირობების მდგომარეობა; წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალური სამსახური მას დააბრუნებს საქართველოს სახელმწიფოში (იხ: პ-ოს კ-ის ს-ოს პროვინციის სოციალური მომსახურების სფეროს პასუხისმგებელი პირის 2014 წლის 30 აპრილის №4207 ოქმი, მ. ლ-ის თანდართული განცხადებითა და ფოტოსურათების ასლებით - ტ.1. ს.ფ.217-227; იგივე ფოტოსურათების დედნები წარმოდგენილია ტ.1. ს.ფ. 167-168, 170-171).
21. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზემოთ ხსენებული ბინა ეკუთვნის ხანშიშესულ ცოლ-ქმარს - ჯ. ს-ის და კ. ა-ს, რომლებიც აცხადებენ, რომ მ. ლ-ეს ეპყრობიან, როგორც შვილს და აძლევენ უფლებას ბავშვთან და მეუღლესთან ერთად იცხოვროს მათთან განუსაზღვრელი ვადით (იხ: ტ.1. ს.ფ. 139-144). ეს გულწრფელი დამოკიდებულება ასახულია ფოტოსურათებზეც (იხ: ტ.1. ს.ფ. 162, 164).
22. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ივნისის განჩინების საფუძველზე იმერეთის რეგიონის საკოორდინაციო ცენტრის ფსიქოლოგმა ლ. ც-მა ჩაატარა ფსიქოლოგიური გამოკვლევა შემდეგი საკითხების გასარკვევად: ა) ხომ არ მოახდენს უარყოფით ზეგავლენას ლ. ჩ-ე მისი საზღვარგარეთ გაყვანა და მამისაგან დაშორება, მათ შორის - ხომ არ შეექმნება საფრთხე საკუთარი ხალხის ტრადიციების, კულტურული კუთვნილებისა და მშობლიური ენის ფლობის ჩამოყალიბების პროცესს; ბ) ლ. ჩ-ის საქართველოში დარჩენა და დედასთან განშორება ჩაითვლება თუ არა მისი ინტერესებისათვის საზიანოდ.
23. ფსიქოლოგმა ცალსახად დაასკვნა, რომ, შექმნილ ვითარებაში, ლ. ჩ-მა უნდა იცხოვროს დედასთან. მისი ეს დასკვნა ემყარება შემდეგ შეფასებებს: მიუხედავად მამა-შვილს შორის კარგი ურთიერთობისა, მამის მიერ ვერ იქნება სრულად დაკმაყოფილებული შვილის ინტერესები და მოთხოვნილებები; ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, მისი განვითარებისათვის უპირატესად ითვლება დედასთან მჭიდრო ურთიერთკავშირი, რადგან, ზოგადად, დედა მეტად მგრძნობიარეა ბავშვის მიმართ და უკეთ უზრუნველყოფს შვილის საჭიროებების დაკმაყოფილებას. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, ისიც დგინდება, რომ დედას კარგად აქვს დაგეგმილი ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი გარემოს შექმნა (მოწესრიგებული საცხოვრებელი გარემო, საბავშვო ბაღის მომსახურება და სხვა).
24. ბავშვის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით (უმეტეს დროს ატარებს დეიდასთან, მამასთან ურთიერთობს მცირე ხნით), ლ. ჩ-მა უნდა იცხოვროს დედასთან. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ბავშვმა უნდა იცხოვროს იტალიაში, ეს ავტომატურად არ ქმნის საფრთხეს, რომ ნორმალურად ვერ განვითარდება საკუთარი ხალხის ტრადიციების, კულტურული კუთვნილებისა და მშობლიური ენის ფლობის პროცესი. მთავარია, რომ დედა შეეცადოს - გამოიყენოს იტალიური ენის კარგი ცოდნა იმისათვის, რათა ბავშვმა დაძლიოს ენობრივი ბარიერი (იხ: ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები - დასკვნა - ტ.1. ს.ფ. 327-330).
25. ფსიქოლოგის ზემოთ აღნიშნული დასკვნიდან გამომდინარე, სოციალური სამსახურების წარმომადგენლებმა ასევე გასცეს დასკვნები (რეკომენდაციები), რომ ლ. ჩ-მა იცხოვროს დედასთან - მ. ლ-ან ერთად და მამასაც მიეცეს შესაძლებლობა - ჰქონდეს ურთიერთობა შვილთან (იხ: ტ. 1. ს.ფ. 325-326; ს.ფ. 331).
26. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.
27. სასამართლომ მიუთითა ,,ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. იმავე კონვენციის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ზოგადად ბავშვი არ უნდა დაშორდეს მშობლებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს, მაგალითად, როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, ბავშვთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება (მათ შორის - ბავშვის რომელიმე მშობელთან დროებით ამ მუდმივად ცხოვრების შესახებ) მიღებულ უნდა იქნეს სწორედ ბავშვის ინტერესის უპირატესი გათვალისწინებით.
28. პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქის საქართველოდან გასვლას არეგულირებს სპეციალური კანონი ,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ”, რომლის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, არასრულწლოვანი პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.
29. სასამართლოს განმარტებით, ეს კანონი არ განსაზღვრავს კონკრეტულ კრიტერიუმებს, რომლებითაც სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს არასრულწლოვნის საზღვარგარეთ დროებით გაყვანასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას. შესაბამისად, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1201-ე მუხლებით, რომლებიც ადგენს, რომ მშობლებს შვილების მიმართ თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ; ბავშვს აქვს უფლება - ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში; მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან - აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით; მშობლებს უფლება აქვთ განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა; ხოლო მათი შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავას წყვეტს სასამართლო.
30. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვისათვის იდეალურია ისეთი გარემო, როდესაც ორივე მშობელი ერთ ოჯახად ცხოვრობს, რის შედეგადაც მას ეძლევა შესაძლებლობა ორივესთან უშუალო, ყოველდღიური ურთიერთობით აღიზარდოს და განვითარდეს. მოცემულ შემთხვევაში, ლ.ჩ-ი ამ შესაძლებლობას მოკლებულია, რაც, ცალსახად, უკვე არღვევს მის უფლებებს. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ოჯახის დანგრევა ი.ჩ-ის გადაწყვეტილება იყო და არა მ.ლ-ის, რომელმაც სააპელაციო სასამართლოში საქმის გახილვისასაც კი განაცხადა, რომ მზად იყო აღედგინა ოჯახი და ქმარ-შვილთან ერთად ეცხოვრა იტალიაში.
31. სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც შეუძლებელია ლ. ჩ-ის აღზრდა მშობელთა თანაცხოვრების პირობებში, საქალაქო სასამართლო იძულებული გახდა მიეღო გადაწყვეტილება იმის მიხედვით, თუ მომდევნო 5 წლის განმავლობაში რომელ მშობელთან უფრო უკეთ იქნებოდა უზრუნველყოფილი ლ. ჩ-ის ინტერესების მაქსიმალური დაცვა. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის ბავშვებთან ურთიერთობაში სპეციალური ცოდნით და უნარ-ჩვევებით აღჭურვილ პირთა - ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკების დასკვნა-რეკომენდაციები ცალსახად მიუთითებდა, რომ ლ. ჩ-ის უკეთესი იყო ეცხოვრა დედასთან, თუნდაც საზღვარგარეთ.
32. სასამართლომ უდავოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ ი. ჩ-ს შვილთან ურთიერთობაში არავითარი პრობლემა არ აქვს. იგი ცდილობს, კვირაში ერთი ან ორი დღე მაინც ინახულოს ბავშვი, თუმცა ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკების განმარტებით, ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რათა გაწყდეს ის კავშირი დედასა და ბავშვს შორის, რაც ბუნებითაა დადგენილი და კანონით დაცული. ის ფაქტი, რომ ოჯახური ცხოვრება ერთად შეუძლებელია, სააპელაციო პალატის აზრით, სწორედ ი. ჩ-იდან მომდინარეობს. ამიტომ, მისი აპელირება იმაზე, რომ მ. ლ-ის ცალკე ცხოვრებით ლ. ჩ-ის უფლებები ირღვევა, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
33. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უნდა გამოეკვლია - შეძლებს თუ არა მ. ლ-ე გამონახოს დრო და ენერგია იმისათვის, რათა ბავშვს დააძლევინოს ენობრივი ბარიერი. სასამართლომ აღნიშნა, რომ მანამ, სანამ მშობელს არ შეზღუდვია ან არ ჩამორთმევია მშობლის უფლება, არსებობს პრეზუმფცია, რომ იგი სრული გულმოდგინებით და თავდადებით იზრუნებს შვილზე, იმ თვალსაზრისით, რომ შვილმა არ დაკარგოს ეროვნული იდენტობა და აღიზარდოს იმგვარად, რომ არ შეექმნას პრობლემები შემეცნების სფეროში. ამიტომ, ეს ფაქტი არავითარ დამატებით გამოკვლევას არ საჭიროებდა.
34. რაც შეეხება აპელანტის მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ №ას-118-454-05 საქმეზე გამოტანილ განჩინებაზე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ საქმის და მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან: იმ საქმეში დედა ცდილობდა მუდმივად საცხოვრებლად გერმანიაში გაეყვანა 8 წლის შვილი, რადგან იგი იქ გათხოვდა გერმანიის მოქალაქეზე; ამასთან - ბავშვი იყო მამრობითი სქესის და ფსიქოლოგის დასკვნით, მისი ასაკიდან და სქესიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო მამასთან უშუალო ურთიერთობა. მოცემულ საქმეში კი ამგვარი გარემოებები და დასკვნები არ არსებობს.
35. პალატის განმარტებით, ის ფაქტი, რომ აპელანტის მითითებით, ბავშვი ბიოლოგიურ დედას უწოდებს ,,მეორე დედას” და საერთოდ არ ახსენებს მას დღეების განმავლობაში, კიდევ უფრო ამყარებს სააპელაციო სასამართლოს შინაგან რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია ბავშვს რაც შეიძლება სწრაფად მიეცეს შესაძლებლობა, მ. ლ-ან ჰქონდეს უშუალო და ყოველდღიური კავშირი, რათა აღმოიფხვრას ეს გაუცხოება მშობელ დედასთან.
36. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
37. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. ჩ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ 2015 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:
38. 2015 წლის 29 იანვრის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მოწინააღმდგე მხარის წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩათვალა საპატიოდ ორი გარემოების გამო:
39. პირველი, სააპელაციო სასამრთლოში გამოცხადებისას წარმომადგენელს უნდა გადაედო სამი სისხლის სამართლის საქმე საქალაქო სასამართლოში, რაც პრობლემური იქნებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოების ვადების შეზღუდვის გამო; და მეორე, წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებდნენ წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.
40. კასატორის აზრით, პირველი გარემობა არანაირად არ ადასტურებდა წარმომადგენლის სხდომზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს. სააპელაციო სასამართლოში სხდომის თარიღი მხარეებს ეცნობათ სხდომამდე ორი თვით ადრე და საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ საქალაქო სასამართლოში განსახილველი სისხლის სამართლის საქმეები უფრო ადრე დაინიშნა. ასეთ შემთხვევაში, წარმომადგენელს შეეძლო მოეთხოვა საქალაქო სასამართლოში უფრო გვიან ჩანიშნული სისხლის სამართლის სხდომების გადადება. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ წარმომადგენელს ერთი სიტყვითაც არ უთქვამს იმ სისხლის სამართლის საქმეების ვადებთან დაკავშირებით, რომლებშიც მან მონაწილეობა მიიღო საქალაქო სასამართლოში და სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მიიჩნია, რომ იმ სისხლის სამართლის სამ საქმეზე, რომელთა განხილვაში მიიღო მონაწილეობა თ. გ-ემ, არსებობდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების დარღვევის საშიშროება.
41. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნულ მეორე გარემოებას, წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, საკასაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ იგი საერთოდ არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შემდეგ გარემოებათა გამო:
42. საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 2014 წლის 02 დეკემბერს წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარად გაუარესებას, რის გამოც მან ვერ შეძლო სხდომაზე გამოცხადება. ამგვარ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება 2014 წლის 25 აგვისტოს და იმავე წლის 02 დეკემბერს თავის ტვინზე ჩატარებული კვლევის შედეგები, არამარტო იმიტომ, რომ კვლევის დასკვნის მიხედვით ადგილი ჰქონდა ზომიერად გამოხატულ, ხოლო 02 დეკემბრის დასკვნაში კი საერთოდ მსუბუქად გამოხატულ ინტრაკრანიალურ ჰიპერტენზიას, არამედ იმიტომაც, რომ მათში პირდაპირ არ არის მითითებული სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ, როგორც ამას ითხოვს სსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი და ამგვარი მტკიცებულების არსებობის აუცილებლობას მყარად ადგენს სასამართლო პრაკტიკაც.
43. კასატორის აზრით, წარმოუდგენელია, ამართლებდე და ასაბუთებდე საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სისხლის სამართლის სამი საქმის განხილვაში დილის 11 სათიდან საღამოს 7 საათამდე წარმომადგენლის მონაწილეობის აუცილებლობას და ამავდროულად, სააპელაციო სასამართლოში მის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებდე იმ გარემობაზე, რომ წარმომადგენელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არ შეეძლო სხდომაზე გამოცხადება.
44. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, მხარეს წარდგენილი ჰქონდა მტკიცებულებები, რომლებიც შეეხებოდა წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვეულწილად გაუარესებას. რომელი მტკიცებულებები იგულისხმა სასამართლომ „გარკვეულ მტკიცებულებებში“ ეს აღნიშნული არ იქნა, რაც საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლო გადაწყვეტილების არასაკმარისი და არასრული დასაბუთების უდავო დამადასტურებელია.
45. რაც შეეხება 2015 წლის 06 თებერვლის განჩინებას, კასატორის აზრით, იგი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
46. სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორადაა მითითებული დავის საგანი. კერძოდ, განჩინების პირველ გვერდზე აღნიშნულია: ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საცხოვრებლად და ამისათვის ნებართვის მიღების ნაწილში მშობლის უფლების შეზღუდვა.
47. კასატორის განმარტებით, ხსენებული უზუსტობა იმაში მდგომარეობს, რომ საქალაქო სასამართლოში მოსარჩელემ როგორც იქნა დააზუსტა, რომ ბავშვის გაყვანა საზღვარგარეთ სურდა დროებით, კონკრეტულად კი ბავშვის სკოლაში შესვლამდე, რადგან ბავშვი მოსარჩელისვე მტკიცებით, სკოლაში უნდა შევიდეს საქართველოში.
48. სასამართლოთა გადაწყვეტილების მთავარი მტკიცებულების, ფსიქოლოგის დასკვნაშიც ბავშვის განვითარების რეალურ საფრთხედ არა სკოლა, არამედ მხოლოდ უცხოენოვანი ბაღია მითითებული (იტალიურ სკოლაში რამოდენიმე წლის სწავლების შემდეგ, სწავლის საქართველოში გაგრძელებისას რომ ბავშვს სერიოზული პრობლემები შეექმნება, არა მგონია ეს გარემოება რაიმე სპეციალურ დასკვნას საჭიროებდეს).
49. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი საფუძვლიანი და კანონიერი იქნებოდა დედისათვის ბავშვის საზღვარგარეთ დროებით გაყვანის უფლების მიცემა, საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, ხუთი წლით ამ უფლების მიცემა იყო აბსოლუტურად გაუმართლებელი, რადგან სამი წლის შემდეგ, ანუ 2018 წელს ბავშვი უკვე სასკოლოდ უნდა იქნეს მომზადებული, რომლისთვისაც შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა მოწესრიგდეს ჯერ კიდევ 2018 წლის მაისის თვეში. ანუ ბავშვი საქართველოში უნდა იყოს მინიმუმ 2018 წლის მაისის თვისათვის (უნდა შეირჩეს სკოლა, წარდგენილ უნდა იქნეს განაცხადი, შესაბამისი დოკუმენტაცია და სხვა).
50. ზემოაღნიშნულ საკითხს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვისათვის და იგი აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა სასამართლოს, მითუმეტეს, იმ განცხადების ფონზე, რომლითაც გამოითქვა მოსარჩელის ნამდვილ სურვილი იმის შესახებ, რომ მას უნდა საცხოვრებლად დიდი ხნით დარჩეს იტალიაში და ბავშვიც იტალიურ სკოლაში შეიყვანოს. შესაბამისად, ზემოთ მითითებული გარემოებების გამო, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბავშვის დროებით საცხოვრებლად საზღვარგარეთ გამგზავრებისა და მშობლის უფლების 5 წლით შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში დატოვება, წარმოადგენს იმგვარ დარღვევას, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს.
51. საკასაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან კონსტიტუცით განსაზღვრულია დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვა, ეს იმას ნიშნავს, რომ დედას, ბავშვთან მიმართებაში, მამასთან შედარებით (რადგან მამათა და ბავშვთა არ წერია) უფრო მჭიდრო კავშირი და შესაბამისად, მეტი უფლებაც გააჩნია. სასამართლოს ზემოაღნიშნული განმარტება, კასატორის აზრით, არასწორია, რადგან 36-ე მუხლის მესამე პუნქტში საუბარია, ზოგადად და ცალ-ცალკე, დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვაზე, რადგან მამაკაცისაგან განსხვავებით ქალს, როგორც ბავშვის გამჩენს და დედას, კანონმდებელი უსაზღვრავს არაერთ გარანტიას, როგორც ფეხმძიმობის, ასევე შვილის გაჩენის შემდეგაც. ისევე, როგორც ბავშვის უფლებები, რომელსაც სრულწლოვანებამდე და განსაკუთრებით მცირეწლოვანებისას, სჭირდება განსაკუთრებული დაცვა და მზრუნველობა, არა მარტო კონსტიტუციით, არამედ სპეციალურად ,,ბავშვის უფლებათა კონვენციით’’ არის განმტკიცებული. ხსენებულ ნორმაში ,,და’’, როგორც მაერთებელი კავშირი, უბრალოდ, აერთებს წინადადების ორ წევრს ,,დედას’’ და ,,ბავშვს’’ ისე, რომ ნორმაში მითითებული უფლება კუმულატიურად, ორივეზე ერთდროულად არ მოიაზრება.
52. მოცემული შემთხვევისათვის საკმარისია სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ დანაწესის მითითება, რომლის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
53. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ოჯახის დანგრევის ინიციატივა მოდიოდა მოპასუხისაგან. კასატორის აზრით, ოჯახის დანგრევის ინიციატივა არ შეიძლება იმის არგუმენტად გამოდგეს, რომ ბავშვთან ურთიერთობა წლებით შეეზღუდოს მშობელს, რადგან ამგვარი დასკვნა არცერთ სამართლებრივ ნორმას არ ეფუძნება.
54. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოცემულ საქმეზე სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგის დასკვნები არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ისეთი სახის მტკიცებულებებად, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ბავშვის არსებით ინტერესებს შეესაბამებოდა მისი საზღვარგარეთ რამოდენიმე წლით გამგზავრება.
55. ფსიქოლოგის დასკვნის ყველაზე სუსტ ნაწილს, კასატორის აზრით, წარმოადგენს მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, რომელიც შეეხებოდა სწორედ მოპასუხის მიერ დასმულ შეკითხვას საკუთარი ხალხის ტრადიციების, კულტურული კუთვნილებისა და მშობლიური ენის ფლობის პროცესის განვითარებასთან დაკავშირებით.
56. ფსიქოლოგის აზრით, ბავშვის ჰარმონიული განვითარებისათვის, მისი პიროვნული ღირსებების და თუნდაც კულტურული ღირებულებებისა და ეთნიკური კუთვნილების ჩამოყალიბებისათვის ერთმნიშვნელოვან პირობად არ შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კონკრეტული ქვეყნის გარემო და საქართველოში ბავშვის გაზრდა თავისთავად ვერ უზრუნველყოფს მის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებას. ასევე ვერც იტალიის პირობებზე ვერ ითქმება, რომ აუცილებლად დაიკარგება კულტურული ფასეულობები და ტრადიციები. ფსიქოლოგმა და სასამართლომაც აღნიშნეს ის გარემოებაც, რომ კარგი აღზრდის პირობებში ქართული და ევროპული კულტურების სინთეზი შეიძლება წინაპირობა იყოს თვისობრივად ახალი, უფრო დახვეწილი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.
57. საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად ვერანაირად ვერ გამოდგება ფსიქოლოგის ზემოაღნიშნული დასკვნები, რადგან ფსიქოლოგის დასკვნა გაკეთდა სასარჩელო მოთხოვნის მნიშვნელოვანი გარემოების დაკონკრეტების გარეშე. კერძოდ, თუ რამდენი ხნით აპირებდა მოსარჩელე საზღვარგარეთ ბავშვის წაყვანას.
58. საკასაციო საჩივრის ავტორი ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მის მიერ მითითებული უზენაესი სასამართლოს № ას-118-454-05 საქმეზე მიღებული განჩინება და მოცემულ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან.
59. კასატორის განმარტებით, რა თქმა უნდა აბსოლუტურად იდენტური ფაქტობრივი გარემოებების შემცველი და მით უმეტეს ამგვარი კატეგორიის საქმეები არ არსებობს, მაგრამ მის მიერ მითითებული განჩინება, შეიცავდა ისეთ ფაქტებზე მსჯელობას, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო განსახილველი საქმისათვის.
60. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განჩინებით ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
61. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
62. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
63. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
64. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვრის განჩინებას, რომლითაც გაუქმდა ამავე სასამართლოს 2014 წლის 2 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება. საკასაციო საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ 2014 წლის 2 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის მ. ლ-ის წარმომადგენლის, თ. გ-ის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით.
65. პალატა მხარის ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს და დასაბუთებულ შედავებად ვერ მიიჩნევს.
66. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე მ. ლ-ის ინტერესებს სასამართლოში იცავდა ადვოკატი თ. გ-ე (იხ. ტ. 1. ს.ფ. 96), რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2014 წლის 2 დეკემბერს, 14:30 სთ-ზე დანიშნული ი. ჩ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვის თაობაზე ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესით (იხ. ტ.2. ს.ფ. 32).
67. 2014 წლის 27 ნოემბერს თ. გ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს სხდომის გადადების თაობაზე (იხ. ტ. 2. ს.ფ. 41).
68. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა აპელანტ ი. ჩ-ის შუამდგომლობა და საქმეზე გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება: ი. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
69. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვრის განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 2014 წლის 2 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
70. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის, თ. გ-ის გამოუცხადებლობა 2014 წლის 2 დეკემბრის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ცნობებით დასტურდება, რომ 2014 წლის 2 დეკემბერს თ. გ-ე მონაწილეობას იღებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სამი სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, რომლებიც დანიშნული იყო 13:00, 14:00 და 17:00 საათზე (იხ. ტ. 2. ს.ფ. 62-64). ამასთან, შპს „მაღალი სამედიცინო საუნივერსიტეტო კლინიკის“ ექიმი რადიოლოგის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ 2014 წლის 2 დეკემბერს თ. გ-ეს ჩაუტარდა თავის ტვინის კტ. გამოკვლევა. აღნიშნულ დოკუმენტში დასკვნის სახით მითითებულია, რომ სახეზეა მსუბუქად გამოხატული ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის კტ. სურათი და რეკომენდებულია ნევროლოგის კონსულტაცია (იხ. ტ. 2. ს.ფ. 66). ამრიგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობა ჰქონდა გაეზიარებინა თ. გ-ის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებების სარწმუნოობა, რომ ქუთაისში სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
71. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
72. თავის მხრივ, იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
73. დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. ეს უკანასკნელი შეფასების ობიექტს განეკუთვნება და იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა.
74. აღნიშნული მსჯელობისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
75. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
76. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-1062-996-2012, №ას-1134-1081-2013).
77. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
78. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
79. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 (სამასი) ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი.ჩ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ (პ/ნ:..) 2015 წლის 20 მარტს №3 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე