Facebook Twitter

№ ას-637-603-2015 23 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ სარჩელი აღძრა შპს „ვ-ის“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და შპს „ვ-ის“ შორის 2014 წლის 29 იანვარს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების №4/3-36 საფუძველზე, მიმწოდებელი შპს „ვ-ი“ ვალდებული იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად, 2014 წლის 01 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის თანახმად, განეხორციელებინა გრაფიკით შეთანხმებული საქონლის მიწოდება ათ კალენდარულ დღეში.

3. 2014 წლის 30 იანვრის №24/51 მიწოდების გრაფიკის თანახმად შპს „ვ-ის“ საქართველოს სასაზღვრო პოლიციისავის უნდა მიეწოდებინა 26 100 ლარის ღირებულების 4 000 კგ. შოკოლადის ნაწარმი,2014 წლის 8 თებერვლის ჩათვლით. შპს „ვ-იმ“ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებადა შემსყიდველი საქონელი მიაწოდა 2014 წლის 19 მარტს. აღნიშნული საქონლის მიწოდება განხორციელდა 39 დღის დაგვიანებით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე,მოსარჩელე ითხოვს ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს 2035.80 ლარს.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში განახორციელა მიწოდება, მაგრამ შემსყიდველმა არ მიიღო პროდუქცია იმ საფუძვლით, რომ არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ასევე განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ვ-ის“ მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით გადასახდელად დაეკისრა 198.36 ლარი.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს „ვ-ის“ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით გადასახდელად დაეკისრა 496.07 ლარი.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9. 2014 წლის 29 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა (შემსყიდველი) და შპს ,,ვ-ის” (მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ № 4/3-36 ნასყიდობის ხელშეკრულება. მიმწოდებელი შპს ,,ვ-ი” ვალდებული იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად, 2014 წლის 01 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის თანახმად, განეხორციელებინა გრაფიკით შეთანხმებული საქონლის (შოკოლადის) მიწოდება ათ კალენდარულ დღეში (I ტ. ს.ფ. 15-20).

10. 2014 წლის 30 იანვარს საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ შპს ,,ვ-ის” წარუდგინა თებერვლის თვის გრაფიკი № 24/51. შპს ,,ვ-ის” საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის უნდა მიეწოდებინა 26 100 ლარის ღირებულების 4 000 კგ. შოკოლადის ნაწარმი 2014 წლის 08 თებერვლის ჩათვლით (I ტ. ს.ფ. 22).

11. 2014 წლის 19 მარტს საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და შპს „ვ-ის” შორის 2014 წლის თებერვლის თვის გრაფიკით განსაზღვრული პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი №71 (I ტ. ს.ფ. 23), რომლის მიხედვით, პროდუქციის მიწოდება ნაცვლად 8 თებერვლისა განხორციელდა 19 მარტს. შესაბამისად, ვადის გადაცილება შეადგენს 38 დღეს.

12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების 8.6 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,2%-ს (I ტ. ს.ფ. 18).

13. პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის - შპს ,,ვ-ის’’ წარმომადგენლის პოზიცია იმის თაობაზე, რომ პროდუქციის მიწოდება განხორციელდა 14 თებერვალს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ 2014 წლის 14 თებერვალს მიწოდებული პროდუქცია ,,ტანგო კარამელი’’ არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის ხარისხს. სასამართლომ მიუთითა, რომ შპს ,,ვ-ის’’ არ წარმოუდგენია სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებაზე. შესაბამისად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში პალატა ვერ მოახდენდა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების რევიზიას.

14. სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

15. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 29 იანვრის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ საურავის (პირგასამტეხლოს) გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა დროულად მიუწოდებლი საქონლის ღირებულების 0,2%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

16. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების 8.6 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,2%, მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და შეამცირა იგი 0,02%-მდე. შესაბამისად, შპს „ვ-ის“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 198.36 (ასოთხმოცდათვრამეტი ლარი და 36 თეთრი) ლარი (26 109 X 0,02%=5,22 X 38 დღეზე).

17. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მიერ წარმოდგენილია დასაბუთებული პრეტენზია დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით.

18. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე აღნიშნა, რომ კანონმდებელმა გამონაკლისის სახით დაუშვა სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევის შესაძლებლობა. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კერძოდ, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი შეფასების შედეგად წყდება. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,2%-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. დადგენილია, რომ მიუწოდებელი საქონლის ღირებულება შეადგენდა 26 109 ლარს, ხოლო ვადაგადაცილება - 38 დღეს. პალატამ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლო 198.36 ლარი არის შეუსაბამოდ დაბალი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით შემცირებისას იგი კარგავს თავის დანიშნულებას. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. იგი ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში - ახდენს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას სასამართლოს დისკრეცია ემსახურება სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფას. შესაბამისად, დაცული უნდა იყოს ორივე მხარის ინტერესები.

19. ამრიგად, პალატამ მიიჩნია, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო არ შეესაბამებოდა ვალდებულების დარღვევის ხასიათს. შესრულების ღირებულების, ასევე ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ორივე მხარის ინტერესების დაბალანსების მიზნებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 0,05 %-ით, შესაბამისად შპს ,,ვ-ის’’ 38 დღის ვადაგადაცილებისთვის უნდა დაეკისროს 496.07 ლარი პირგასამტეხლოს სახით.

20. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

21. სააპელაციო პალატამ არაკანონიერად მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2 %-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოა და შეამცირა 0.05%-მდე. შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარეს საურავის სახით გადასახდელად 2035.80 ლარის ნაცვლად დააკისრა 496.07 ლარი. კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის არსებობდა წერილობითი შეთანხმება, რომლითაც განსაზღვრული იყო პირგასამტეხლოს ოდენობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

22. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

25. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას 0,2%-დან 0,05%-მდე.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

27. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

28. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

29. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

31. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუს 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება; სუს 2014 წლის 10 აპრილის Nას-23-23-2014 განჩინება; სუს 2013 წლის 20 მაისის Nას-1432-1351-2012 განჩინება).

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე