№ ას-1056-1011-2014 26 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს.კ.ა.ჯ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.ს.კ-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „თ.ს.კ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.კ.ა.ჯ-ის“ წინააღმდეგ საბანკო გარანტიებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:
2. სარჩელის თანახმად, შპს „თ.ს.კ-სა“ და შპს „ს.ს-ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოვალემ იკისრა რელსის შეძენის ვალდებულება. ხელშეკრულების თანხის ოდენობამ შეადგინა 1 292 500 ლარი. ხელშეკრულების მე-13 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს უნდა წარედგინა შპს „ს.კ.ა.ჯ-ის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტია 64 625 ლარის ფარგლებში. 2012 წლის 12 ნოემბერს გაიცა 85 000 ლარის საავანსო ანგარისსწორების საბანკო გარანტია, რომლის საფუძველზეც, კომპანიამ 2012 წლის 13 ნოემბერს შპს „ს.ს-ის“ ანგარიშზე გადარიცხა 85000 ლარი. 2012 წლის 31 დეკემბრის №1 შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაიზარდა 2013 წლის პირველ თებერვლამდე და მიმწოდებელმა შესაბამისად წარადგინა შპს „ს.კ.ა.ჯ-ის“ მიერ გაცემული ახალი საბანკო გარანტიები №FRI/12-017301 და №FRI/12-017302, რომელთა მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 1 მარტის ჩათვლით. აღნიშნული გარანტიების თანახმად, გარანტი იღებდა ვალდებულებას, ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე მისთვის აენაზღაურებინა გარანტიით გათვალისწინებული თანხები. მიმწოდებლის სატენდერო წინადადების შესაბამისად, საქონლის მიწოდების გრაფიკით საბოლოო ვადად განისაზღვრა 2012 წლის ნოემბერი. შპს „ს.ს-ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულებულა და იგი შეწყდა ავტომატურად, რადგან ხელშეკრულების 10.3 პუნქტის შესაბამისად, მომწოდებელზე დაკისრებულმა და აუნაზღაურებელმა პირგასამტეხლოს ჯამურმა თანხამ მიაღწია საბანკო გარანტიის განსაზღვრული თანხის 95%-ს. შპს „თ.ს.კ-ის“ გენერალური დირექტორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, 2013 წლის 7 მარტს შპს „ს.კ.ა.ჯ-მა“ შპს „თ.ს.კ-ის“ ანგარიშზე ჩარიცხა 50000 ლარი - საავანსო ანგარიშსწორების №FRI/12-017301 საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის 85 000 ლარის ნაწილი. შპს „თ.ს.კ-ის“ გენერალური დირექტორის მიმართვის მიუხედავად, შპს „ს.კ.ა.ჯ-ის“ მიერ დარჩენილი თანხები დღემდე არ ანაზღაურებულა.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების თანახმად წარმოდგენილ იქნა ორი სახის გარანტია: საავანსო და შესრულების საბანკო გარანტია. შესრულების საბანკო გარანტია წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 5% ღირებულებას, შესაბამისად, იგი პასუხს აგებს მხოლოდ ვალდებულების დროული შესრულებისთვის, რაც, მოპასუხის განცხადებით, შესრულდა. რაც შეეხება საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიას, იგი ბენეფიციარის მიერ პრინციპალისთვის გადახდილი ავანსის უზრუნველყოფაა და მისი მოცულობა 85000 ლარია, საიდანაც 50000 ლარი გარანტის მიერ გადაირიცხა. ამასთანავე, გარანტიით გათვალისწინებულია, რომ გარანტია შემოიფარგლება მხოლოდ ამ საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ვალდებულებით, ნებისმიერი სხვა დამატებითი ვალდებულების გარეშე. ამდენად, მოპასუხის განმარტებით, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „თ.ს.კ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ს.კ.ა.ჯ-ს“ შპს „თ.ს.კ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 99 625 ლარის გადახდა; შპს „თ.ს.კ-ის“ სარჩელი შპს „ს.კ.ა.ჯ-ის“ მიმართ მიუღებელი შემოსავლის სახით, ყოველწლიურად 7%-ის დარიცხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „თ.ს.კ-ამ“, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2014 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „თ.ს.კ-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „თ.ს.კ-ის“ სარჩელი მიუღებელი შემოსავლის - 2456.40 ლარის მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა, შპს „ს.კ.ა.ჯ-ს“ შპს „თ.ს.კ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2456.40 ლარი.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმისთვის მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, მიუხედავად იმისა, რომ მართებულად გამოიყენა იგი, კერძოდ, როგორც შპს ,,თ.ს.კ-ის’’ სარჩელით ირკვევა, მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვდა კონკრეტული თანხის - 2456.40 ლარის შპს ,,ს.კ.ა.ჯ- ის’’ დაკისრებას;
9. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მოიყვანა ის გარემოება, რომ მოპასუხის პოზიცია მიუღებელი შემოსავლის ოდენობასთან მიმართებაში აბსტრაქტულ ხასიათს ატარებდა და არ ასახავდა იმ რეალურ ვითარებას, რომელიც იარსებებდა მოპასუხის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, რაც სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. ფული ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი, თუნდაც საბანკო პროცენტის სახით (რა გარემოებაზეც მოსარჩელე აპელირებს). ამგვარად, ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება ზიანის მიყენების ფაქტის დადგენას. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი სს ,,ს.ბ-სა’’ და შპს ,,თ.ს.კ-ას“ შორის დადებული შეთანხმების თანახმად, მოსარჩელე კომპანიის ანგარიშზე არსებულ მიმდინარე ნაშთს ერიცხება სარგებელი წლიური 7%-ის ოდენობით. აქედან გამომდინარე, პალატა ერთი მხრივ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სს ,,ს.ბ-სა’’ და მოსარჩელეს შორის შეთანხმების უდავო ფაქტობრივ გარემოებად (გადაწყვეტილების 3.1.8 პუნქტი) დადგენას და მეორე მხრივ არ გაიზიარა შეთანხმების, როგორც მიუღებელი შემოსავლის განმსაზღვრელი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად არ მიჩნევის თაობაზე მსჯელობას, მით უფრო მაშინ, როდესაც ზიანის არსებობის დადგენას განსაკუთრებული მტკიცებულება არ სჭირდება.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უსაფუძვლო იყო სასამართლოს ის დასაბუთება, რომლითაც იგი ყურადღებას ამახვილებდა და განმარტავდა, რომ მოსარჩელის საქმიანობიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ მოპასუხის მიერ გადარიცხული თანხები აკუმულირებული იქნებოდა საბანკო ანგარიშებზე ხანგრძლივი დროით, რაც გახდებოდა მისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ შპს ,,თ.ს.კ-ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებით უნდა გაუქმებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით შპს „თ.ს.კ-ის“ სარჩელი მიუღებელი შემოსავლის 2456.40 ლარის მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს.კ.ა.ჯ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
14. კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, ვინაიდან შპს „სატრანსპორტო კომპანიას“ უნდა წარმოედგინა მტკიცებულება: ა) კონკრეტულად აღნიშნული ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შდემთხვევაში რა სარგებელს მიიღებდა კრედიტორი; ბ) საგარანტიო თანხა გამიზნული იყო ბანკში ანაბარზე შესატანად; გ) სარგებლის მიღება პროგნოზირებადი იყო გარანტიისათვის. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ შეამოწმა არცერთი მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
15. კასატორის აზრით, შპს „ს.კ-ის“ მიერ წარმოდგენილი შეთანხმება ს.ბ-ან საპროცენტო სარგებლის დარიხცვის თაობაზე არ უნდა მიჩნეულიყო მიუღებელი შემოსავლის დადგენის უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან ბენეფიციარის მიერ გარანტისათვის წარმოდგენილ საბანკო გარანტიის თანხის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაში მითითებულია სხვა საბანკო ანგარიში, რომელსაც წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით არ ერიცხებოდა საპროცენტო ანგარიში.
16. სადაზღვევო კომპანიისათვის შეუძლებელია პროგნოზირებადი ყოფილიყო ანაბარზე თანხის განთავსების შესახებ ინფორმაცია ან ვარაუდი, ვინაიდან შპს „თ.ს.კ-ა“ წარმოადგენს სამეწარმეო პირს რომელსაც სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, საბრუნავად მუდმივად ესაჭიროება ფულადი სახსრები და ამავე დროს განმეორებითი ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში ავანსად უნდა გაეცა საგარანტიო თანხა. ამიტომ ნაკლებ დამაჯერებელია თანხის ანაზღაურების შემთხვევეაში მას აღნიშნული თანხა ს.ბ-ის ანაბარზე განეთავსებინა და დალოდებოდა საპროცენტო სარგებლის მიღება.
17. კასატორის განმარტებით, მიუღებელი შემოსავლის დაკისრება სადაზღვევო კომპანიისათვის წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ძირითადი პრინციპების უგულვებელყოფას და დარღვევას. სადაზღვევო კომპანიის პასუხისმგებლობა არ შეიძლება გავრცელდეს სხვა მოთხოვნებზე გარდა საგარანტიო თანხით უზრუნველყოფილისა. სხვა შემთხვევაში იგი გამოიწვევს სადაზღვევო კომპანიის პასუხისმგებლობის გაზრდას, რაც პირდაპირ დაკავშირებულია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეზერვების არსებობასთან.
18. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოყენა სამოქალაქო კოდექსის 824-ე მუხლი, რომლის თანახმად, „დაზღვევა ვრცელდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეულ მიუღებელ სარგებელზედაც, თუ ეს გათვალისიწნებულია შეთანხმებით“. მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება გარანტიის პირობით გათვალისიწნებული არ ყოფილა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
19. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს.კ.ა.ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
20. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მიუღებელი შემოსავლის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება.
21. აღნიშნულთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
22. 2012 წლის 20 აგვისტოს შპს „თ.ს.კ-სა“ და შპს „ს.ს-ს“ შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძვლეზეც, შპს „ს.ს-მა“ იკისრა ვალდებულება შემკვეთისთვის მიეწოდებინა 550 ცალი რ-50 რელსი;
23. აღნიშნული ხელშეკრულება 64 625 ლარის ფარგლებში უზრუნველყოფილ იქნა შპს „ს.კ.ა.ჯ-ის“ მიერ 2012 წლის 20 აგვისტოს NFRI/12-012942 საბანკო გარანტიით;
24. შპს „ს.კ.ა.ჯ-ის“ მიერ 2012 წლის 12 ნოემბერს გაცემული NFRI/12-015484 საბანკო გარანტიით 85000 ლარის ფარგლებში უზრუნველყოფილ იქნა საავანსო ანგარიშსწორება;
25. 2012 წლის 31 დეკემბრის შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაიზარდა 2013 წლის 1 თებერვლამდე და მენარდემ წარმოადგინა მოპასუხის მიერ 2012 წლის 27 დეკემბერს გაცემული ახალი გარანტიები: NFRI/12-017301 და NFRI/12-017302, რომელთა მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 1 მარტის ჩათვლით;
26. 2013 წლის 22 იანვრის წერილებით შპს „თ.ს.კ-ამ“ მიმართა შპს „ს.კ.ა.ჯ-ს“ და მოითხოვა NFRI/12-017301 და NFRI/12-017302 საბანკო გარანტიებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება;
27. შპს „თ.ს.კ-ამ“ 2013 წლის 7 მარტს განმეორებით მიმართა მოპასუხეს ვალდებულების შესრულების თაობაზე;
28. 2013 წლის 7 მარტს შპს „ს.კ.ა.ჯ-მა“ შპს „თ.ს.კ-ის“ ანგარიშზე გადარიცხა 50000 ლარი;
29. სს „ს.ბ-ან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „თ.ს.კ-ის“ ანგარიშზე არსებულ მიმდინარე ნაშთს ერიცხება სარგებელი წლიური 7%-ის ოდენობით.
30. სააპელაციო პალატის დასკვნით, უსაფუძვლო იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მიუღებელი შემოსავლის განმსაზღვრელი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად სს ,,ს.ბ-სა’’ და მოსარჩელეს შორის შეთანხმების არმიჩნევის თაობაზე, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი სს ,,ს.ბ-სა’’ და შპს ,,თ.ს.კ-ას“ შორის დადებული შეთანხმების თანახმად, მოსარჩელე კომპანიის ანგარიშზე არსებულ მიმდინარე ნაშთს ერიცხება სარგებელი წლიური 7%-ის ოდენობით.
31. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს ამგვარი დასკვნა ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან შპს „ს.კ-ის“ მიერ წარმოდგენილი შეთანხმება ს.ბ-ან საპროცენტო სარგებლის დარიცხვის თაობაზე არ უნდა მიჩნეულიყო მიუღებელი შემოსავლის დადგენის უტყუარ მტკიცებულებად; სადაზღვევო კომპანიისათვის შეუძლებელია პროგნოზირებადი ყოფილიყო ანაბარზე თანხის განთავსების შესახებ ინფორმაცია ან ვარაუდი, ვინაიდან შპს „თ.ს.კ-ა“ წარმოადგენს სამეწარმეო პირს, რომელსაც, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, საბრუნავად მუდმივად ესაჭიროება ფულადი სახსრები და, ამავე დროს, განმეორებითი ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში, ავანსად უნდა გაეცა საგარანტიო თანხა. ამიტომ ნაკლებ დამაჯერებელია თანხის ანაზღაურების შემთხვევაში მას აღნიშნული თანხა ს.ბ-ის ანაბარზე განეთავსებინა და დალოდებოდა საპროცენტო სარგებლის მიღებას.
32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის აღნიშნული პრეტენზია საფუძვლიანია.
33. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, ასეთ შემთხვევაში ზიანის მიყენების ფაქტის დადგენას განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება.
34. აღნიშნულთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია, რომელზე მსჯელობის დროსაც ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.
35. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.
36. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ 2011წლის 24 ოქტომბერი, საქმე Nას-307-291-2011).
37. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „თ.ს.კ-ის“ მიერ წარმოდგენილი შეთანხმება ს.ბ-თან საპროცენტო სარგებლის დარიცხვის თაობაზე არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მიუღებელი შემოსავლის დადგენის საკმარის მტკიცებულებად. ის გარემოება, რომ სწორედ მოპასუხის მიერ გადარიცხული თანხების აკუმულირება მოხდებოდა ამ ანგარიშებზე მითითებული დროის განმავლობაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა. ვინაიდან შპს „თ.ს.კ-ა“ წარმოადგენს სამეწარმეო პირს, რომელსაც, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, საბრუნავად მუდმივად ესაჭიროება ფულადი სახსრები და ამავე დროს განმეორებითი ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში ავანსად უნდა გაეცა საგარანტიო თანხა, ნაკლებად სავარაუდოა, თანხის ანაზღაურების შემთხვევაში მას აღნიშნული თანხა ს.ბ-ის ანაბარზე განეთავსებინა და დალოდებოდა საპროცენტო სარგებლის მიღებას, რაც მისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდებოდა. შესაბამისად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე არ გვაქვს, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.
38. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
39. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად მართებულად არ შეაფასა და მოცემულ საქმეზე მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება შპს „თ.ს.კ-ის“ სარჩელი მიუღებელი შემოსავლის – 2456.40 ლარის შპს „ს.კ.ა.ჯ-ის“ დაკისრების ნაწილში.
40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
41. მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე შპს „თ.ს.კ-ას“ შპს „ს.კ.ა.ჯ-ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „ს.კ.ა.ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „თ.ს.კ-ის“ სარჩელი მიუღებელი შემოსავლის 2456.40 ლარის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „თ.ს.კ-ას“ შპს „ს.კ.ა.ჯ-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდა;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე