საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №010222215900000315
№ა-2574-შ-54-2015 17 ნოემბერი, 2015 წელი,
№ა-2574-შ-54-2015მინსკი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბელორუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლო
მოწინააღმდეგე მხარე – ამ-ნ ქო-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე ითხოვს –ბელორუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში
დავის საგანი – სახელმწიფო ბაჟის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ. მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით ამ-ნ კო-ს ძე ქო-ას ჩამოერთვა მშობლის უფლება შვილის კი-ს მიმართ (დაბ. 06.05.1999) და ამავე გადაწყვეტილებით მასვე დაეკირა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 540000 (ხუთას ორმოცი ათასი) რუბლის ოდენობით.
2. სასამართლოს სხდომის თაობაზე მოპასუხე ა. ქო-ა გაფრთხილებული იყო სათანადო წესით.
3. ქ. მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია 2015 წლის 6 აპრილიდან და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ბელორუსიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
4. 2015 წლის 6 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ქ. მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლომ და მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე ბელორუსიის ქ. მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების ცნობა სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და აღსრულება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინებით ქ. მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე ბელორუსიის ქ. მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების (სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში) ცნობისა და აღსრულების შესახებ წარმოებაში იქნა მიღებული.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინების ასლი და ქ. მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს შუამდგომლობა თანდართულ დოკუმენტებთან ერთად რამოდენიმეჯერ გაეგზავნა ამ-ნ ქო-ას საქმეში არსებულ მისამართზე, მაგრამ ვერ ჩაბარდა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ამ-ნ ქო-ას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინებისა და ბელორუსიის ქ. მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს შუამდგომლობის თაობაზე ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
10. სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიაზე ბელორუსიის ქ. მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების (სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში) ცნობა და აღსრულება.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
12. ქ. მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე ბელორუსიის ქ. მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების (სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში) ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
13. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე ბელორუსიის ქ. მინსკის საქარხნო რაიონის სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების ნაწილი, რომლის შესაბამისადაც ამ-ნ კო-ს ძე ქო-ას, მცხ. საქართველოსი, 2114 ზუ-ი, სოფ. და–ი, ბელორუსის რესპუბლიკის სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა 540000 (ხუთას ორმოცი ათასი) რუბლის გადახდა და მოხდეს მისი აღსრულება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი