Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №140210014439249

№აs-1097-1033-2015 17 ნოემბერი, 2015 წელი

№აs-1097-1033-2015დ-ძე ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ-ა დ-ის საკასაციო საჩივარის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ი-ა მ-ის სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხის მ-ა დ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე

პალატამ გამოარკვია:

სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი წარმოებაში არ უნდა იქნას მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერილი საკასაციო საჩივრი ან ნ-ა ჯ-ის სახელზე გაცემული რწმუნებულება საკასაციო საჩივრის წარდგენის უფლებამოსილებით. განჩინების თაობაზე იმავე წლის 27 ოქტომბერს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორის წარმომადგენელს ნ-ა ჯ-ს.

სასამართლოს მიერ დადგენილ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადაში კასატორის წარმომადგენელმა - ნ. ჯ-მა წარმოადგინა განცხადება, რომლითაც ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის საპროცესო ვადის გაგრძელება 5 დღით და, ამასთანავე წარმოადგინა 2015 წლის 2 ნოემბერს დამოწმებული მინდობილობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინებით კასატორს 5 დღით გაუგრძელდა სახელმწიფო ბაჯის გადახდის საპროცესო ვადა. ამასთანავე, ვინაიდან წარმოდგენილი მინდობილობით აღმოფხვრილი არ იყო 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, კასატორს დაევალა ასევე 5 დღის ვადაში წარმოედგინა უფლებამოსილი პირის ხელმოწერილი საკასაციო საჩივრი ან ნ-ა ჯ-ის სახელზე გაცემული რწმუნებულება საკასაციო საჩივრის წარდგენის უფლებამოსილებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის თაობაზე იმავე წლის 6 ნოემბერს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორის წარმომადგენელს - ნ-ა ჯ-ს.

სსსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

სსსკ-ის მე-60, 61-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 6 ნოემბერს და დასრულდა იმავე წლის 11 ნოემბრის 24 საათზე. აღნიშნულ საპროცესო ვადის გასვლამდე კასატორს ხარვეზი არ შეუვსია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით არ მოუმართავს.

სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში მანანა დოკაძემ დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეავსო ხარვეზი, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ-ა დ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება

მოსამართლე: მზია თოდუა