Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-683-649-2015 29 ოქტომბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – თ. ტ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ფ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი _ სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ერთი მხრივ, გ. ს-ესა (შემდეგში პირველი გამსესხებელი ან პირველი კრედიტორი) და ნ. ფ-ეს (შემდეგში მეორე გამსესხებელი ან მეორე კრედიტორი) და, მეორე მხრივ, ც. ტ-ეს (შემდეგში მსესხებელი) შორის 2012 წლის 25 თებერვალს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა პირველი გამსესხებლისაგან ისესხა 4 000 აშშ დოლარი და მეორე გამსესხებლისაგან - 1 000 აშშ დოლარი. სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2013 წლის 25 თებერვალს. სესხის დაბრუნება უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკით. შესაბამისად, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბ–ი, თ-ს ქ. # ..-ში, (საკუთრება ფართი: 39.17 კვ.მ; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - ...). ხელშეკრულების თანახმად, სარგებელი შეადგენდა ყოველთვიურ 5%-ს, ხოლო პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 0.2%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 623-ე, 625-ე, 286-ე, 289-ე, 417-ე, 418-ე მუხლები; ტ. I, ს.ფ. 23-26).

2. მსესხებელი გარდაიცვალა 2012 წლის 3 ივლისს (იხ. გარდაცვალების მოწმობა, ტ. I, ს.ფ. 32).

3. 29.10.2012 წელს ნოტარიუსმა ნ. გ-მა დაამოწმა მსესხებლის სამკვიდროს მიღების /სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ თ. ტ-ის (შემდეგში მსესხებლის მემკვიდრე, მოვალე ან კასატორი) განცხადება (ტ. I, ს.ფ. 33,35). ახალციხის რაიონული სასამართლოს 01.11.2013წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ მხარეთა შორის 25.02.2012წ. დადებული, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილ, ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში მსესხებლის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი შვილი - მსესხებლის მემკვიდრე (სსკ-ის 1336-ე, 1328-ე, 1421-ე მუხლები; ტ. I, ს.ფ. 37-41).

4. მეორე გამსესხებლის მიმართვის საფუძველზე, 20.05.2014წ. ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც მოვალის ვინაობად მითითებულია - თ. ტ-ე (მსესხებლის მემკვიდრე), ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად -: 25.02.2012წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება; აღსასრულებელი ვალდებულების სახედ აღნიშნულია, რომ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია, იპოთეკის საგანია უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტები მითთებულია წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში; აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა სესხის ძირითადი თანხა - 1000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2 აშშ დოლარი სესხის ძირითადი თანხის 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2013 წლის 25 მარტიდან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე; სააღსრულებლო ფურცლის გაცემის ხარჯია 126.72 ლარი; ვალდებულებით დატვირთული ქონების რეალიზაციის ფორმა - იპოთეკის საგნის რეალიზაცია აუქციონზე (ტ. I, ს.ფ. 27-29).

5. 2014 წლის 14 მაისს მსესხებლის მემკვიდრეს ჩაჰბარდა სამცხე - ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს (შემდეგში - სააღსრულებო ბიურო) წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის მიხედვით, მოვალეს მიეცა წინადადება, ნებაყოფლობით გადაეხადა მეორე კრედიტორის სასარგებლოდ დაკისრებული სესხის ძირი თანხა 1000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 842 აშშ დოლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი- 126.72 ლარი.

6. საქმის მასალების მიხედვით, დადასტურებულია, რომ 25.02.2012წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების გაფორმების დღიდან, 2013 წლის მარტის ჩათვლით, ყოველთვიურად, თანხას იხდიდა მსესხებლის სიძე - ზ. ჯ-ე (მხოლოდ ერთხელ გადაიხადა სარგებელი მსესხებლის მემკვიდრემ) პირველი კრედიტორის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით (ტ. I, ს.ფ. 54-61).

7. 25.02.2012 წლის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გადახდაზე. ხელშეკრულება არ შეიცავდა დათქმას, მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, თანხის დაბრუნებამდე, სარგებლის დარიცხვის გაგრძელების თაობაზე.

8. მსესხებლის მემკვიდრემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა: 1) ძალადაკარგულად ყოფილიყო აღიარებული, 2012 წლის 25 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მეორე გამსესხებლის მიერ გაცემული სესხის - 1000 აშშ დოლარისა და მის უზრუნველსაყოფად მსესხებლის უძრავ ქონებაზე დარეგისტრირებული იპოთეკის მოთხოვნის უფლება მსესხებლის უფლებამონაცვლის - მისი შვილის, მსესხებლის მემკვიდრის მიმართ; 2) ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუსის მიერ მოვალის მიმართ, 2012 წლის 25 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2014 წლის 20 მაისს მეორე კრედიტორის სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცელი N...

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით მსესხებლის მემკვიდრის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა სსკ-ის 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 623-624-ე, 1306-ე, 1319-1320-ე, 1328-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე, 1484-1494-ე მუხლებზე.

11. სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

12. სასამართლომ აღნიშნა, რომ მეორე კრედიტორმა სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილ 6-თვიან ვადაში წარადგინა პრეტენზია გარდაცვლილი მსესხებლის მემკვიდრის მიმართ, სასამართლოში სარჩელის შეტანით. შესაბამისად, არ არსებობდა ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლების დაკარგვის საფუძველი.

13. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ, რამდენადაც სარჩელი ძირითადი მოთხოვნის ნაწილში იყო უსაფუძვლო, შესაბამისად, მეორე მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე, როგორც ძირითადი მოთხოვნის თანმდევი შედეგი, ასევე, უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

14. მსესხებლის მემკვიდრემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

15. სააპელაციო საჩივარი დამყარებული იყო შემდეგზე:

15.1. მსესხებლის მემკვიდრის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ მეორე კრედიტორმა 6-თვიან ვადაში წაუყენა პრეტენზია გარდაცვლილი მსესხებლის უფლებამონაცვლეს.

15.2. მოვალის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია მოთხოვნის წაყენებად 01.11.2013 წელს კრედიტორის მიერ შეტანილი სარჩელი, მსესხებლის მემკვიდრის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ, სსკ-ის 1488-ე მუხლის შესაბამისად.

15.3. მოვალის მითითებით, სასამართლომ არ დაასაბუთა, რატომ არ წარმოადგენდა ნოტარიუსი სათანადო მხარეს. ნოტარიუსის გაცემული სააღსრულებო ფურცელი სადავო იყო არა მარტო ხანდაზმული მოთხოვნის, არამედ პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერების საკითხშიც, რის თაობაზეც სასამართლოს არ უმსჯელია.

15.4. მოვალის განმარტებით, მას არ სურდა, მსესხებლის გარდაცვალების დღიდან თავი აერიდებინა პროცენტის გადახდის ვალდებულების შესრულებისათვის. სადავო არ არის, რომ მსესხებელი იხდიდა სარგებელს და ჯამში გადახდილი აქვს 3 700 აშშ დოლარი. მოვალის განმარტებით, საყურადღებოა, რომ მისთვის, არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად, არავის მოუთხოვია ვალდებულების შესრულება, რომ შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევად მიჩნეულიყო. მოვალის მითითებით, სასამართლომ არასწორად არ გამოიკვლია პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერება.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, მოვალის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნოტარიუსის 20.05.2014 წელს გაცემულ №... სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება და მოვალის ვალდებულებად განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხის - 1000 აშშ დოლარის; პირგასამტეხლოს - 2013 წლის 25 მარტიდან სააღსრულებო ფურცლის წარდგენამდე ძირითადი თანხის 0.1%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (დღეში 1 აშშ დოლარის); სააღსრულებლო ფურცლის გაცემის ხარჯის 126.72 ლარის გადახდა.

17. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

18. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საბოლოოდ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მოვალე ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა ტ.II, ს.ფ. 8).

19. სასამართლომ აღნიშნა, რომ 25.02.2012წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მსესხებელმა მეორე გამსესხებლისგან ისესხა - 1 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 5% სარგებლის დარიცხვით. სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2013 წლის 25 თებერვალს. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოზე, გადასახდელი თანხის 0,2%-ის გადახდაზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულება არ შეიცავდა დათქმას, მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, თანხის დაბრუნებამდე, სარგებლის დარიცხვის გაგრძელების თაობაზე.

20. სასამართლომ მიიჩნია, რომ 25.02.2012წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებლის მიერ 2013 წლის მარტში გადახდილი თანხა უნდა მიჩნეულიყო პირგასამტეხლოს ანგარიშში გადახდილ თანხად, რადგან ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ გაგრძელებულა.

21. სასამართლომ მიუთითა, მსესხებლის მემკვიდრე სარჩელში განმარტავდა, რომ დედის (მსესხებელი) გარდაცვალების დღიდან 2013 წლის მარტის ჩათვლით, იგი მეორე კრედიტორს უხდიდა ყოველთვიურ სარგებელს (ტ. I, ს.ფ. 6). პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მეორე კრედიტორს სადავოდ არ გაუხდია მოვალის მიერ 2013 წლის მარტის ჩათვლით თანხის გადახდის ფაქტი, თუმცა, მას აფასებდა, როგორც სარგებლის თანხას. მისი განმარტებით, მოვალე აღიარებდა, რომ მას თანხა გადახდილი ჰქონდა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგაც, რაც ამტკიცებდა კრედიტორის მიერ მოვალის უფლებამონაცვლისათვის მოთხოვნის წაყენებას (ტ. I, ს.ფ. 90).

22. სასამართლომ აღნიშნა, რომ, როდესაც გაფორმებული იყო ვადიანი სესხის ხელშეკრულება და იგი არ შეიცავდა დათქმას, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, თანხის დაბრუნებამდე, სარგებლის დარიცხვის გაგრძელების თაობაზე, ამასთან, საქმის მასალებითაც არ დასტურდებოდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება, დადგენილად უნდა მიჩნეულიყო, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ გადახდა გულისხმობდა სასესხო ვალდებულების ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ანგარიშში განხორციელებულ გადახდას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მარტში გადახდილი თანხა ვერ შეფასდებოდა სესხის ძირითადი თანხის ნაწილის დაბრუნებად, ვინაიდან ძირი თანხის დაკისრების ნაწილში სააღსრულებო ფურცლის შეცვლის მოთხოვნა ამ ეტაპზე აღარ გააჩნდა აპელანტს და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი ძირითადი თანხის მოთხოვნის უფლების დაკარგულად აღიარებისა და ამ ნაწილში სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის ნაწილში, შესული იყო კანონიერ ძალაში.

23. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, იმის გათვალისწინებით, რომ 25.02.2012 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებლის მიერ 2013 წლის მარტში გადახდილი თანხა პირგასამტეხლოს ანგარიშში გადახდილადაც ჩაითვალა, დამატებით, მეორე კრედიტორის მიერ მოთხოვნილი და ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა, გადასახდელი თანხის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსაბამოდ მაღალი იყო და უნდა შემცირებულიყო გადასახდელი თანხის 0,1%-მდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სააღსრულებო ფურცლის წარდგენამდე.

24. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მოვალეს დაეკისრა ვალდებულება, გადაეხადა პირგასამტეხლო, სესხის ძირითადი თანხის 0.2%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2013 წლის 25 მარტიდან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე, აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო ფურცლის წარდგენამდე დაანგარიშებული პირგასამტეხლო შეადგენდა 842 აშშ დოლარს და სასამართლომ პირგასამტეხლოს განაკვეთი 0.2%-დან შეამცირა 0.1%-მდე. საბოლოოდ, მოვალის მიერ გადასახდელმა პირგასატეხლომ შეადგინა 842 აშშ დოლარის ნახევარი - 421 აშშ დოლარი.

25. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა მოპასუხე ნოტარიუსის მიმართ კანონიერი იყო და არ არსებობდა ამ ნაწილში მისი შეცვლის საფუძველი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები იმის თაობაზე, რომ მოვალესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა კრედიტორი, ხოლო აღძრული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიდან გამომდინარე, ნოტარიუსი წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს, რამდენადაც ნოტარიუსს მოვალის დარღვეულ თუ სადავოდ გამხდარ კანონიერ უფლებებთან კავშირი არ ჰქონდა.

26. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა სსკ-ის 316-317-ე, 417-418-ე, 420-ე მუხლები, ასევე, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტი.

27. მოვალემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

28. საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე:

28.1. კასატორის განმარტებით, ერთადერთი საკვანძო საკითხი, რასაც პასუხი უნდა გაეცეს მოცემული დავის გადაწყვეტისას, არის მოვალის მემკვიდრისათვის პირგსამტეხლოს დაკისრების კანონიერება და სამართლიანობა.

28.2. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 115-ე მუხლი, რომელიც მხარეებს სამოქალაქო უფლებების მართლზომიერად განხორციელებას ავალდებულებს. კასატორის მტკიცებით, კრედიტორმა უფლების არამართლზომიერად გამოყენებით დააგროვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა 2014 წლის 20 მაისამდე, მიმართა ნოტარიუს სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე და წარმოება დაიწყო, რაც არასწორი და არამართლზომიერია.

28.3 კასატორის მითითებით, იგი უფლებამონაცვლედ ცნობილია 2013 წლის 1 ნოემბერს და ამ დროიდან თუ დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ვინაიდან მაშინ შეიძინა უფლებები და მოვალეობები.

28.4 კასატორის მოსაზრებით, სსკ-ის 417-418-ე მუხლების სიტყვასიტყვითი და, თუნდაც, ნორმის ლოგიკური განმარტებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს მემკვიდრესათვის დაკისრება ცალსახად დაუშვებელი, არალოგიკური და არასამართლიანია, ვინაიდან ის და კრედიტორი ამის თაობაზე არ შეთანხმებულან, არ განუსაზღვრავთ არც მისი ოდენობა და ამ ნასესხები თანხით მემკვიდრეს არ უსარგებლია, რომლის გადაუხდელობის საფუძველზეც პირგასამტეხლო დაეკისრა. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ სააღსრულებო ფურცელი ამ ნაწილში აბსოლუტურად უკანონოა, რაც მისი ბათილობის საფუძველია.

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 3 აგვისტოს განჩინებით მოვალის უფლებამონაცვლის საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში -სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

30. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოვალის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

31. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

34. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს პრეტენზია არ წარმოუდგენია.

36. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს:

36.1. კასატორის პრეტენზიის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ უნდა დაჰკისრებოდა თუ არა პირგასამტეხლო საერთოდ და კრედიტორმა რამდენად მართლზომიერად გამოიყენა მისი უფლება, როდესაც 2012 წლის 25 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესრულება უფრო ადრე არ მოითხოვა.

36.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მითითებულია წინამდებარე განჩინების პირველ, მე-2, მე-3 პუნქტებში.

36.3. სსკ-ის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა გარდაცვალების მომენტისათვის. ამავე კანონის 1484-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებული არიან, მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად; 1485-ე მუხლი მემკვიდრეს აკისრებს მტკიცების ტვირთს იმასთან დაკავშირებით, რომ დაამტკიცოს სამკვიდრო ქონების ნაკლებობა მამკვიდრებლის ვალებთან მიმართებით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სამკვიდრო ნოტარიუსის მიერ იყო აღწერილი.

36.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თითოეული მემკვიდრე პასუხისმგებელია მამკვიდრებლის ვალებისათვის მიღებული წილის პროპორციულად, მიუხედავად იმისა, კანონით მემკვიდრეა თუ ანდერძით. სამკვიდროს ღირებულება, რომლის ფარგლებშიც კრედიტორები უნდა დაკმაყოფილდნენა, განისაზღვრება სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის. შეიძლება მამკვიდრებლის ვალები საერთოდ აღემატებოდეს სამკვიდროს, ასეთ შემთხვევაში მემკვიდრემ უნდა დაამტკიცოს, რომ ვალები სამკვიდროს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სამკვიდრო აღწერილი იყო ნოტარიუსის მიერ.

36.5. კასატორი სადავოდ არ ხდის შემდეგ ფაქტებს: კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებობდა 2012 წლის 25 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება; მოვალის უფლებამონაცვლედ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით ცნობილია მისი შვილი - კასატორი; ნოტარიუსმა დაამოწმა მსესხებლის (მოვალის) სამკვიდროს მიღების /სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ კასატორის განცხადება, ამიტომ საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის პრეტენზია, მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მართებულობაზე და აღნიშნავს, მოვალეს სადავოდ არც ის გარემოება გაუხდია, რომ მამკვიდრებლის ვალები აღემატებოდა მის მიერ მიღებულ სამკვიდროს.

36.6. სსკ-ის 115-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

36.7. უზენაესი სასამართლო 2015 წლის 29 ივნისის №ას-1338-1376-2014 გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ „ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრიციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.

კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს.“ სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. „აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება, ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ერთმანეთის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება.

36.8. „კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი, არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს. კეთილსინდისიერების ზემოაღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში, კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის“.

36.9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორის მითითება კრედიტორის მიერ უფლების არამართლზომიერად გამოყენების თაობაზე უსაუძვლოა, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება, რაში გამოიხატა მისი მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენება. კასატორის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კრედიტორს შეეძლო ნოტარიუსისათვის უფრე ადრე მიემართა და მოეთხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგანაც აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე, პირველი რიგში, თავად მოვალეს უნდა ეზრუნა, მით უმეტეს, რომ მისთვის ცნობილი იყო 2012 წლის 25 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის შესახებ და ის ფაქტი, რომ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოვალეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო ეკისრებოდა, რაც მისი ბრალეულობით იყო გამოწვეული.

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

38. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ტ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ თ. ტ-ეს (პ/ნ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 2015 წლის 28 ივლისი), 70 % - 210 (ორას ათი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე