საქმე №ას-1153-1084-2015 16 ნოემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ვ. ფ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. წ-ი, ო. ხ-ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე _ ლ. უ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ვ. ფ-ის სააპელაციო საჩივრის განსახილველად საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება
დავის საგანი – კომპენსაციის გადახდის სა.ცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. წ-მა და ო. ხ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ვ. ფ-ისა და ლ. უ-ის, ასევე, მესამე პირების: ა. რ-ის, ზ. მ-ისა და რ. მ-ის მიმართ ქ.თბილისში, ვ-ის მოედანზე, გ-ის (ფ-ს) ქუჩა №...-ში მდებარე, მოპასუხეთა სარგებლობაში არსებულ 68.89 კვ.მ საცხოვრებელ სადგომზე, მისი საბაზრო ღირებულების 75%-ის _ 29 932 ლარის გადახდის სანაცვლოდ, მფლობელობის შეწყვეტის მოთხოვნით.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. წ-ისა და ო. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. წ-სა და ო. ხ-ს ვ. ფ-ისა და ლ. უ-ის სასარგებლოდ, დაეკისრათ 68.89 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების _ 39 909 ლარის 75%-ის _ 29 932 ლარის გადახდა, რის სანაცვლოდაც ვ. ფ-სა და ლ. უ-ს შეუწყდათ მფლობელობა ქ.თბილისში, ვ-ის მოედანი _ გ-ის (ფ-ს) ქუჩა №...-ში მდებარე, მოსარჩელეების კუთვნილ საცხოვრებელ სადგომზე და იგი გადაეცათ მესაკუთრეებს. ვ. ფ-სა და ლ. უ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის _ 897,96 ლარის გადახდა. ამავე სასამართლოს 2013 წლის 9 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხეებს: ვ.ფ-სა და ლ.უ-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრათ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 500 ლარის გადახდა.
4. საქალაქო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით წარმომადგენლის მომსახურების გამო 1 200 ლარის, ასევე, ექსპერტიზისათვის გაწეული ხარჯის _ 318,89 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით მ. წ-ისა და ო. ხ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ფ-სა და ლ. უ-ს მ. წ-ისა და ო. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ ექსპერტიზის ხარჯის _ 318.89 ლარის ანაღაურება.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ფ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განჩინებით ვ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით მ. წ-ისა და ო. ხ-ის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა წარმოება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ფ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ვ. ფ-ის სააპელაციო საჩივრის განსახილველად საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ვ. ფ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
2 საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით მ. წ-ისა და ო. ხ-ის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა წარმოება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო. სააპელაციო საჩივრით კი, მხარეები ითხოვდნენ ვ. ფ-ისა და ლ. უ-ისათვის ექსპერტიზის ხარჯის - 318.89 ლარის ანაზღაურებას. სააპელაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის შედეგად კი, ვ.ფ-ი და ლ.უ-ი გათავისუფლდნენ იმ შესაძლო ვალდებულებისაგან, რომელიც შესაძლებელია დამდგარიყო სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინება არსებითად კერძო საჩივარის ავტორის სასარგებლოდ მიღებულ განჩინებას წარმოადგენს.
3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება. აღნიშნული ნორმა წარმოადგენს კერძო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი სუბიექტების განმსაზღვრელ დანაწესს, თუმცა თავად კერძო საჩივრის დაშვების ეტაპზე უნდა შემოწმდეს არა მხოლოდ უფლების ფორმალური გამოყენების კანონიერება, არამედ ისიც, კერძო საჩივრის ავტორი წარმოადგენს თუ არა სასამართლო აქტის გასაჩივრების ნამდვილი უფლებით აღჭურვილ პირს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, დაშვებულია მხარისათვის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრებაზე უარის თქმა, თუ პრეტენზია მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნას ემყარება.
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მეორე ნაწილი, ლოგიკური განმარტების საფუძველზე, სამართალწარმოების იმ მხარეს მოიაზრებს, ვისაც სასამართლოს აქტის აღსრულებაუნარიანი ნაწილით დაუდგინდა გარკვეული ვალდებულება ან უარი ეთქვა უფლების იმგვარ რეალიზაციაზე, ვიდრე მას მიაჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ მხარე სადავოდ სწორედ მის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას ხდის.
5. დამკვიდრებული ეთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, „გადაწყვეტილების მხოლოდ აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების გასაჩივრება დაუშვებელია, რადგან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარის მიერ სააპელაციო წესით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ან მისი რომელიმე პუნქტის გასაჩივრების შესაძლებლობას“. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე და 266-ე მუხლების ა.ლიზის საფუძველზე განმარტა გადაწყვეტილების ფორმალური და მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც პირველ შემთხვევაში გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. პალატამ აღნიშნა ასევე, რომ „გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი“ (იხ. სუსგ №ას-710-1011-09, 7 სექტემბერი, 2009 წელი; №ას-797-750-2012, 4 ივნისი, 2012 წელი).
6. საკასციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ, ვ. ფ-ი, მართალია, ასაჩივრებს ზემდგომი სასამართლოს განჩინებას საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ კერძო საჩივარში უთითებს, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოებში საქმისწარმოების მიმდინარეიბისას დაშვებულ უსწორობებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გამომდინარე აქედან, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, კერძო საჩივრის ფარგლებში იმსჯელოს მხარის მიერ მითითებული ფაქტების მართებულობაზე, რაც ამ ნაწილში ასევე გამორიცხავს კერძო საჩივრის განსახილველად დაშვების შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 414-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
9. ვ. ფ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
10. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ბ. ალავიძე