საქმე №ას-965-914-2015 23 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „I. I-A“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ-ო“ (შეგებებული სარჩელის ავტორი)
მესამე პირი _ შპს „ი. მ-ა“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ძირითად სარჩელში _ ფულადი ვალდებულების შესრულება, შეგებებულ სარჩელში _ ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო/შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:
1.1. შპს „I. I-A-მ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „პ-ოს“ (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მიმართ გაწეული სარეკლამო მომსახურების ღირებულების _ 136 354,08 ლარის დაკისრებისა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნით.
1.2. შპს „პ-ომ“ შეგებებული სარჩელით ითხოვა მას და მოსარჩელეს შორის დადებული სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულების, როგორც საკუთარ თავთან დადებული გარიგების ბათილად ცნობა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების შემწყვეტი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოთხოვნილია თანხის დაკისრება, წარმოადგენს ბათილ გარიგებას.
2.2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნას მარტივი შესაგებლით არ დაეთანხმა არც თავდაპირველი მოსარჩელე და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 136 354,08 ლარის გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, ამასთან, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების (საქმე №..., სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი 10.06.2015წ.) სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის აღსრულება შეჩერდა სააპელაციო საჩივარზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.
5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლსა და 2671 მუხლის პირველ ნაწილზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე და აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნა მიქცეული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გამოხატული ნების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაც დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოხატულებაა. სასამართლო დაეყრდნო სწორედ მხარეთა შორის 2013 წლის 8 ოქტომბერს გაფორმებული ხელშკრულების 5.3. პუნქტში გამოვლენილ ნებას.
1.5.2. 27.07.2015წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება საქმეზე სბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
1.5.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. ამგვარი საპროცესო ღონისძიებების განხორციელებისას მნიშვნელოვანია ორივე მხარის უფლებათა დაცვა, მათ ი.ესებს შორის ბალანსის უზრუნველყოფა. განმცხადებელი განმარტავდა, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, ასევე, აღნიშნავდა, რომ შპს „პ-ოს“ ანგარიშები და მთელი ქონება დაყადაღებულია.
1.5.4. პალატის განმარტებით, ამ ეტაპზე არ ხდება სარჩელის საფუძვლიანობის შეფასება. სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესახებ საბოლოო დასკვნა წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში საქმის არსებითად განხილვის რეზულტატს, რაც აღსრულების შეჩერების საკითხის განხილვის ეტაპზე არ წყდება. შპს „I. I-A-ს“ სარჩელის მიმართ გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონსიძიებები, რისი მიზანიც გადაწყვეტილების აღსრულების გართულების ან შეუძლებლობის თავიდან აცილებაა. შესაბამისად, დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერება არ აყენებდა მოსარჩელეს არათანაბარ მდგომარეობაში.
1.5.5. წინამდებარე საქმეში შპს „I. I-A-ს“ სარჩელის საგანს წარმოადგენდა შპს „პ-ოსათვის“ 136 354.08 ლარის გადახდის დაკისრება. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნებოდა მხარეთა შორის 18.10.2013წ. გაფორმებული ხელშკრულებით განსზაღვრული ვალდებულების დარღვევას. რადგან შეგებებული სარჩელით ის ხელშეკრულება იყო სადავო, რომელშიც პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნა იყო მოცემული, პალატამ ჩათვალა, რომ არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეჩერების საფუძველი.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „I. I-A-მ“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
6.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით და არასწორად შეაჩერა გადაწყვეტილების აღსრულება. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა ამავე კოდექსის 63-ე მუხლზე, პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ, საპროცესო ვადის გასვლის გამო, განუხილველად დატოვა შპს „პ-ოს“ კერძო საჩვარი, რომლითაც მოთხოვნილი იყო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში. აპელანტს კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება არ გაუსაჩივრებია საკასაციო სასამართლოში, ხოლო სააპელაციო სასამართლო აღარ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა მხარის შუამდგომლობაზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონმდებლობა უშვებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობას, ეს უნდა ემყარებოდეს ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ გამოხატულ ნებას და წარმოადგენს დისპოზიციურობის აშკარა გამოხატულებას.
6.1.2. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას (სუსგ #ას-734-702-2014, 25.07.2014წ.).
6.1.3. საგულისხმოა, რომ აღსრულების შებრუნების თხოვნით შპს „პ-ოს“ სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს, ხოლო წინამდებარე დავის ფარგლებში დადებული სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე კერძო საჩივრის ავტორს ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული „ი. მ-ასთან“, აპელანტმა დაარღვია სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულება, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორს წარმოეშვა ვალდებულება მესამე პირის წინაშე და ამ ვალდებულების გამო მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, დაყადაღებულია შეგებებული სარჩელის ავტორის ქონება და მას ადგება ზიანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „I. I-A-ს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავაზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცვის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დროებით შეჩერების კანონიერება. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს, როგორც წაგებული მხარის (შუამდგომლობის ავტორის) მოთხოვნის საფუძვლიანობა, ისე მოგებული მხარის პრეტენზიათა მართებულობა, ამ გზით უნდა დადგინდეს გონივრული ბალანსი მხარეთა ი.ესებს შორის და ამგვარად გადაწყდეს კანონით დაშვებული შეზღუდვის (გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი) პროპორციულობა.
1.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. ამავე კოდექსის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია აღსრულების შეჩერება, აღსრულების ღონისძიებების გაუქმება, აგრეთვე აღსრულების გაგრძელება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით.
1.5. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავას არ იწვევს და საქმეში წარმოდგენილი სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულებითაცაა დადასტურებული, რომ მხარეები შეთანხმდნენ შპს „I. I-A-ს“ სასარგებლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე (იხ. ხელშეკრულების 5.3. პუნქტი, დავების გადაწყვეტის წესი). საკასაციო პალატა ასევე დადგენილად მიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ შპს „პ-ოს“ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, რომლითაც სადავოდ იყო გამხდარი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი, სააპელაციო პალატამ 30.06.2015წ. განჩინებით მიიჩნია კერძო საჩივრად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით განსაზღვრული ვადის დარღვევის გამო დატოვა განუხილველად.
1.6. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ მხარეს ეს განჩინება უნდა გაესაჩივრებინა საკასაციო სასამართლოში და სააპელაციო პალატას არ ჰქონდა უფლება, ემსჯელა შპს „პ-ოს“ შუამდგომლობაზე, რომელიც აღსრულების შეჩერებას შეეხებოდა. პალატა განუმარტავს მხარეს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. თუმცა ასეც რომ არ იყოს, მხარეს მაინც გააჩნდა პროცესულაური შესაძლებლობა, წარედგინა შუამდგომლობა, ხოლო სასამართლოს ვალდებულება _ ემსჯელა ამ შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე.
1.7. მოცემულ შემთხვევაში, აღსრულების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა აპელანტმა დაასაბუთა იმით, რომ: ა) შეცილებული იყო ხელშეკრულება, სადაც გადმოცემულია ნება, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თოაბაზე; ბ) აღსრულების პროცესის დაწყების შედეგად საზოგადოება ფაქტობრივად ვეღარ ფუქციონირებს, დანიშნულია აუქციონი და გასხვისდება საწარმოს მატერიალური სახსრები. შუამდგომლობას ერთვის სააღსრულებო წარმოების მასალები.
1.8. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენების წინაპირობები, რადგანაც, მართლმსაჯულების განხორციელებას შესაძლოა ფორმალური ხასიათი მიეღო, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დავის უმთავრესი საფუძვლის _ ხელშეკრულების კანონიერება უნდა შემოწმებულიყო, შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიდგომოდა აპელანტს, ამასთანავე, ი.ესთა ბალანსს ადგენდა ის გარემოება, რომ შპს „I. I-A-ს“ სარჩელის უზრუნველსაყოფად განკარგული იყო მთელი რიგი საპროცესო საშუალებები, ამასთანავე, როგორც სამართლიანად განმარტა ქვემდგომმა სასამართლომ შუამდგომლობის დაკმაყოფილება არ წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს შინაგან რწმენას, რადგანაც ეს საკითხი დავის არსებითი განხილვის გზით უნდა გადაწყვეტილიყო.
1.9. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ მის მიმართ დაწყებულია იძულებითი აღსრულება, რაც სწორედ აპელანტის არაჯეროვანი ქმედების შედეგია, ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ, რადგანაც მხარეს არა თუ მტკიცებულებები, ამ კუთხით დასაბუთებული შედავებაც არ წარმოუდგენია, მხოლოდ ახსნა-განმარტება კი, იმგვარი გარემოების თაობაზე, რაც შესაბამისი და ხელმისაწვდომი მტკიცებულებებით დადასტურებას ექვემდებარება, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ვერ იქნება მიჩნეული დადასტურებულად.
1.10. მხარის მტკიცებას, რომ გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ #ას-734-702-2014 განჩინება შეეხება სარჩოს გადაანგარიშების საკითხს და გაზრდილი სარჩოს დაკისრების დავალდებულებას. ამგვარ შემთხვევებზე (განსხვავებით სახელშეკრულებო დავებიდან წარმოშობილი მოთხოვნებისა) კანონმდებელი ითვალისწინებს გარკვეულ გამონაკლისებს, საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილია, რომ: გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში; გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას. მითითებული წესები, ამავე ნორმის 11 მუხლის თანახმად, არ ვრცელდება ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავების მიმართ.
1.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩვრებული განჩინება კანონის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, ხოლო კერძო საჩვრის ავტორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაბუთებული შედავება, რაც ამ განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „I. I-A-ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური