საქმე №ა-1475-შ-35-2015 19 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ც. ს-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. მ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ც. მ-სა და ლ. მ-ს შორის არსებული ქორწინება. ამავე გადაწყვეტილებით ც. მ-ს მიეცა უფლება, ისარგებლოს ქალიშვილობის გვარით – ს-ი, ან სხვა წინა გვარით, სურვილისამებრ.
2. ც. ს-მა (მ-მა) შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა, რომ მოპასუხე ლ. მ-ი ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე და მან თანხმობა განაცხადა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ასევე დგინდება რომ, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2011 წლის 14 ივლისს. შუამდგომლობაზე დართული ც. ს-ის პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივნისის განჩინებით ც. ს-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ც. ს-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ც. მ-სა და ლ. მ-ს შორის არსებული ქორწინება. ამავე გადაწყვეტილებით ც. მ-ს მიეცა უფლება ისარგებლოს ქალიშვილობის გვარით – ს-ით, ან სხვა წინა გვარით, სურვილისამებრ.
3. ც. ს-მა (მ-მა) შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.
4. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მან განქორწინების რეგისტრაციის მიზნით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, თუმცა მხარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით განხორცილებეული განქორწინების რეგისტრაციისათვის სავალდებულო იყო ამ გადაწყვეტილების საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ცნობა. ამასთანავე, ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის განჩინების პასუხად, შუამდგომლობის ავტორმა განმარტა, რომ გვარის შეცვლის ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის იურიდიული ინტერესი მისი შვილისათვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის აღება იყო.
5. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლოს ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა რომ, მოპასუხე ლ. მ-ი ინფორმირებული იყო საქმის განხილვაზე, მან თანხმობა განაცხადა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. წარმოდგენილი გადაწყვეტილებით ასევე დგინდება რომ, ის შესულია კანონიერ ძალაში 2011 წლის 14 ივლისს. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით ირკვევა საქართველოს საერთაშორისო კომპეტენცია წინამდებარე საკითხის განხილვაზე.
6. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
7. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
9. რაც შეეხება ც. ს-ის (მ-ის) შუამდგომლობას, ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას, მისთვის ქალიშვილობის გვარით – ს-ი, ან სხვა წინა გვარით სურვილისამბერ სარგებლობის უფლების მინიჭების ნაწილში, პალატა მიიჩნევს რომ ამ ნაწილში არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით დაგინდება, რომ ც. მ-ს დაბრუნებული აქვს ქორწინებამდელი გვარი _ ს-ი.
10. პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმადაც, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. ამავე კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად კი, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
11. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც მიღწეულია ის სამართლებრივი შედეგი, რომელიც უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შემთხვევაში დადგენოდა, პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა მითითებულ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, სასამართლოს ამ მოსაზრებას ვერ შეცვლის ც.ს-ის განმარტება, რომ ქალიშვილობის გვარით სარგებლობის უფლების მინიჭების ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის ინტერესი მისი შვილის - ა. ს-ის, როგორც საქართველოს მოქალაქის სახელზე პირადობის მოწმობის გაცემაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც. ს-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ც. მ-სა და ლ. მ-ს შორის არსებული ქორწინება ბათილად იქნა ცნობილი, დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური