Facebook Twitter

საქმე №ას-1065-1020-2014 23 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს „ე. ს-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „მ. ი-ა“ (შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი –თანხის დაკისრება, ზიანის (მიუღებელი შემოსავლის) ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო/შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:

1.1. შპს „ე. ს-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი) მოითხოვა შპს „მ. ი-ისათვის“ (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) 169 202,46 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის _ 103 754,59 ლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ 2009-2012 წლებში მიწოდებული არმატურის ღირებულება მოპასუხეს არ აუნაზღაურებია, უფრო მეტიც, მოსარჩელის წერილობით მოთხოვნაზე მოპასუხემ თავად განაცხადა პრეტენზია გარკვეული თანხის გადახდაზე, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც მას არ გააჩნია. მოსარჩელის განმარტებით, თანხის დაუბრუნებლობით მან განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, რამდენადაც თანხის საბანკო დეპოზიტზე განთავსების ან სხვა ბიზნესსაქმიანობისთვის გამოყენების შემთხვევაში ის დამატებით შემოსავალსაც მიიღებდა.

1.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ 21 848,92 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის _ 9 781,44 ლარის დაკისრების მოთხოვნით. შეგებებული სარჩელის თანახმად, შპს „მ. ი-ა“ თავდაპირველ მოსარჩელეს 2009-2012 წლებში აწვდიდა შავი ლითონის ჯართს, რომლის ღირებულებაც დაუყოვნებლივ უნდა ანაზღაურებულიყო. პროდუქციის მიმღებს გააჩნია შესაბამისი დავალიანება, რისი დაუბრუნებლობითაც შეგებებული სარჩელის ავტორს ადგება ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. თავდაპირველ სარჩელზე მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი და განმარტა, რომ სარჩელი დაუსაბუთებელი, და უსაფუძვლო იყო, რადგანაც მოსარჩელეს თავად გააჩნია დავალიანება მოპასუხის მიმართ.

2.2. თავდაპირველმა მოსარჩელემ შეგებებული სარჩელის წინააღმდეგ განმარტა, რომ მოთხოვნილი თანხის გადახდის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები არ წარუდგენია, შეგებებულ სარჩელზე დართული სასაქონლო ზედნადებები არ არის სათანადო წესით გაფორმებული. ამასთანავე, გაანგარიშება განხორციელებულია არა დამოუკიდებელი, არამედ მიკერძოებული აუდიტორის მეშვეობით.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ე. ს-ს“ შპს „მ. ი-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების _ 21 848,9 ლარის, გადახდა, ხოლო მიუღებელი შემოსავლის ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით თავდაპირველ მოსარჩელეს დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯის _ 873,95 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 26 აპრილს შპს „მ.-ი-ამ“ შპს „ე.ს ს-ს” მიაწოდა 21 913,26 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი.

5.1.2. 2010 წლის 14 მაისს შპს „ე.ს ს-მა“ შპს „მ.-ი-ას“ მიაწოდა 22მმ 12 251,92 ლარის ღირებულების არმატურა; 2010 წლის 19 მაისს _ 133 513,38 ლარის ღირებულების არმატურა D-12მმ; 2010 წლის 2 ივნისს _ 74671,42 ლარის ღირებულების არმატურა; 2010 წლის 30 ივლისს _ 444 436,28 ლარის ღირებულების არმატურა; 2010 წლის 30 ივლისს _ 212 684, 54 ლარის ღირებულების არმატურა; 2010 წლის სექტემბერს _ 44 336,09 ლარის ღირებულების არმატურა; 2010 წლის სექტემბერს _ 24 490,62 ლარის ღირებულების არმატურა; 2010 წლის ოქტომბერს _ 27 562,62 ლარის ღირებულების არმატურა;

5.1.3. 2011 წლის 4 აპრილს შპს „ე.ს ს-მა“ შპს „მ.-ი-ას“ მიაწოდა 1 360 ლარის ღირებულების არმატურა; 2011 წლის 8 აპრილს _ 25 577, 39 ლარის ღირებულების არმატურა; 2011 წლის 13 აპრილს _ 24 772.22 ლარის ღირებულების არმატურა; 2011 წლის 16 აპრილის _ 30 450,16 ლარის ღირებულების არმატურა; 2011 წლის 18 აპრილს _ 14 099,75 ლარის ღირებულების არმატურა; 2011 წლის 19 აპრილს _ 27 444,89 ლარის ღირებულების არმატურა; 2011 წლის 20 აპრილს _ 3 880,78 ლარის ღირებულების არმატურა; 2011 წლის 21 აპრილს _ 25 131,02 ლარის ღირებულების არმატურა; 2011 წლის 6 მაისს _ 25 218,96 ლარის ღირებულების არმატურა; 2011 წლის 6 მაისს _ 27 077,47 ლარის ღირებულების არმატურა; 2011 წლის 10 მაისს _ 15 106,45 ლარის ღირებულების არმატურა; 2011 წლის 12 მაისს 12 588,25 ლარის ღირებულების არმატურა; 2011 წლის 17 და 19 დეკემბერს _ 41 587,12 ლარის ღირებულების არმატურა; 2011 წლის 22 დეკემბერს _ 25 499,71 ლარის ღირებულების არმატურა; 2011 წლის 29 დეკემბერს _ 33 612 ლარის ღირებულების არმატურა;

5.1.4. 2012 წლის 6 იანვარს შპს „ე.ს ს-მა“ შპს „მ.-ი-ას“ მიაწოდა 25 595,90 ლარის ღირებულების არმატურა Ф12 მმ A 500; 2012 წლის 15 მაისს _ 32 831,33 ლარის ღირებულების არმატურა D 25 მმ A 500 და არმატურა D 12 მმ A 500; 2012 წლის 17 მაისს _ 32 960,93 ლარის ღირებულების არმატურა D 10 მმ A 500 და არმატურა D 12 მმ A 500; 2012 წლის 19 და 28 მაისს _ 65 717,25 ლარის ღირებულების არმატურა D 25 მმ A 500, არმატურა D 10 მმ A 500 და არმატურა D 12 მმ A 500; 2012 წლის 30 მაისს _ 32 918,4 ლარის ღირებულების არმატურა D 12 მმ A 500; 2012 წლის 4 ივნისს _ 33 407,11 ლარის ღირებულების არმატურა D 10 მმ A 500 და არმატურა D 12 მმ A 500; 2012 წლის 19 ივნისს _ 30 368,76 ლარის ღირებულების არმატურა D 20 მმ A 500; 2012 წლის 9 ივლის _ 8 005,88 ლარის ღირებულების არმატურა D 12 მმ A 500; 2012 წლის 17 ივლისს _ 10 511,36 ლარის ღირებულების არმატურა D 12 მმ A 500; 2012 წლის 25 ივლისს _ 2 990,7 ლარის ღირებულების არმატურა არასტანდარტული D 20 მმ A 500; 2012 წლის 27 ივლისს _ 26 653,67 ლარის ღირებულების არმატურა D 12 მმ A 500; 2012 წლის 7 სექტემბერს _ 33 196,26 ლარის ღირებულების არმატურა D 12 მმ A 500; 2012 წლის 8 სექტემბერს _ 33 184,24 ლარის ღირებულების არმატურა D 25 მმ A 500; 2012 წლის 11 სექტემბერს _ 33 038 ლარის ღირებულების არმატურა D 10 მმ A 500;

5.1.5. 2009 წლის 25 სექტემბერს შპს „ე.ს ს-მა“ შპს „მ.-ი-ას“ გადაურიცხა 380 438 ლარი; 2009 წლის 15 ოქტომბერს _ 145 624,71 ლარი; 2009 წლის 31 ოქტომბერს _ 118 097,83 ლარი; 2009 წლის 30 ოქტომბერს _ 60 000 ლარი; 2009 წლის 17 დეკემბერს _ 201 400 ლარი; 2010 წლის 4 იანვარს _ 49 014,19 ლარი.

5.1.6. 2009 წლის 24 სექტემბერს შპს „ე.ს ს-მა“ შპს „მ.-ი-ას“ მიაწოდა 380 438 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2009 წლის 31 ოქტომბერს _ 263 722,54 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2009 წლის 18 ნოემბერს _ 23 777,50 ლარის ჟანგბადის ცარიელი ბალონი; 2009 წლის 25 ნოემბერს _ 7670 ლარის ჟანგბადის ცარიელი ბალონი; 2009 წლის 30 ნოემბერს _ 358 659,95 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2009 წლის 31 დეკემბერს _150 137,25 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი.

5.1.7. 2010 წლის 31 იანვარს შპს „ე.ს ს-მა“ შპს „მ.-ი-ას“ მიაწოდა 102 491,63 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2010 წლის 30 აპრილ _ 145 356,84 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2010 წლის 15 მაისს _ 161 113,91 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2010 წლის 1 ივნისს _ 128 613,94 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი და ლითონის მეორადი მილი; 2010 წლის 16 ივნისს _ 68 397,90 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2010 წლის 30 ივნისს _ 204 831,06 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2010 წლის 5 აგვისტოს _ 229 794 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2010 წლის 21 აგვისტოს _ 68 424,38 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2010 წლის 13 ოქტომბერს _ 18 921,50 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2010 წლის 25 ოქტომბერს _ 7 509,36 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი.

5.1.8. 2012 წლის 12 აპრილს შპს „ე.ს ს-მა“ შპს „მ.-ი-ას“ მიაწოდა 7 302,51 და 5 523,2 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 17 აპრილს _ 6 178,47 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2014 წლის 19 აპრილს _ 5 152,52 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 24 აპრილს _ 2 125,04 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 24 აპრილს _ 2 310,85 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 25 აპრილს _ 4 914,38 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 26 აპრილს _ 8 023,37 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 27 აპრილს _ 5 019,25 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 28 აპრილს _ 6 665,95 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 2 მაისს _ 4 290,21 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 3 მაისს _ 3 556,87 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 5 მაისს _ 6 893,31 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 6 მაისს _ 3 594,67 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 8 მაისს _ 3 694,58 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 9 მაისს _ 3 490 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 10 მაისს _ 5 155,55, 5 603,12 და 1 202,86 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 11 მაისს _ 6 327,92 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 12 მაისს _ 4 268,7 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 13 მაისის _ 4 498,99 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 15 მაისის _ 4 631,49 და 5 694,43 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 16 მაისს _ 4 929,12 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 17 მაისს _ 6 251,76 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 19 მაისს _ 5 009,05 და 4 905,33 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 22 მაისს _ 6 089,32 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 23 მაისს _ 4 630,34 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 26 მაისს _ 3 313,87 და 6 359,47 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 30 მაისს _ 3 555,3 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 1 ივნისს _ 3 841,26 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 22 ივნისს _ 48 049,37 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 26 ივლისს _ 55 989,31 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 9 აგვისტოს _ 23 289,58 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 15 აგვისტოს _ 16 312 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 27 აგვისტოს _ 25 948,34 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 12 სექტემბერს _ 23 277,59 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი; 2012 წლის 19 სექტემბერს _ 9 829,159 ლარის ღირებულების შავი ლითონის არაგაბარიტული და გაბარიტული ჯართი;

5.1.9 2011 წლის 13 დეკემბერს შპს „ე.ს ს-მა“ შპს „მ.-ი-ას“ გადაურიცხა 67 072,05 ლარი; 2011 წლის 24 დეკემბერს _ 60 000 ლარი.

5.1.10. შპს „მ.-ი-ამ“ შპს „ე. ს-ს“ 2011 წლის 17 მარტს მიაწოდა 11 017,87 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2011 წლის 24 მარტს _ 2 470,88 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი გაბარიტული; 2011 წლის 25 მარტს _ 2 276,47 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი გაბარიტული; 2011 წლის 28 მარტს _ 3 331,76 ლარის ჯართი; 2011 წლის მარტს _ 2 030,78 ლარის ჯართი; 2011 წლის 30 მარტს _ 6 640,35 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2011 წლის 6 აპრილს _ 5 302,66 შავი ლითონის ჯართი; 2011 წლის 7 აპრილს _ 8 277,42 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2011 წლის 9 აპრილს _ 8 060,06 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2011 წლის 11 აპრილს 7268,91 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2011 წლის 14 აპრილს _ 6 492,61 და 5 614,16 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2011 წლის 15 აპრილს _ 9 118,34 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2011 წლის 18 აპრილს _ 8 064,90 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2011 წლის 19 აპრილს _ 8 399,30 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2011 წლის 20 აპრილს _ 6 674,98 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2011 წლის 22 აპრილს _ 9 567,25 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2011 წლის 26 აპრილს _ 8 713,83 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2011 წლის 28 აპრილს _ 4 676,99 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2011 წლის 30 აპრილს _ 8 335,17 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2011 წლის 9 მაისს _ 7 806,98 და 6 641,46 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2011 წლის 11 მაისს _ 6 905,52 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2011 წლის 12 მაისს _ 8 783,07 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2011 წლის 13 მაისს _ 8 277,57 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2011 წლის 14 მაისს _ 3 436,82 და 2 814,82 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2011 წლის 17 მაისს _ 7 455,85 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი; 2011 წლის 19 მაისს_ 6 585,98 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი.

5.1.11. 2013 წლის 22 აგვისტოს შპს „მ.-ი-ას“ დირექტორ ა.ლ-ს #22/08/2013/01 წერილის თანახმად, შპს „ე. ს-ს“ დავალიანება შპს „მ.-ი-ას“ მიმართ შეადგენს 21 840,89 ლარს. შპს „მ.-ი-ას“ დირექტორის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების მიხედვით შპს „ე. ს-ის“ მირ გადარიცხული თანხა შეადგენს 1 306 506,36 ლარს, ხოლო შპს „მ.-ი-ას“ მიერ გადარიცხული თანხებია 127 072,05 ლარი, დავალიანება შეადგენს - 21 840,89 ლარს.

5.1.12. შპს „ე. ს-ის“ მიერ გაცემული სასწორის ელექტრონული ქვითრებით დადგენილია, რომ შპს „მ.-ი-ამ“ მას 2011 წლის 9 მაისს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ 19 150 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 34 800 კგ, სხვაობა _ 15 650კგ); 2011 წლის 12 მაისს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ _ 19 050 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 37 000 კგ, სხვაობა _ 17 950კგ); 2011 წლის 9 მაისს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ _ 16 750 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 30 200 კგ, სხვაობა _ 13 450 კგ); 2011 წლის 11 მაისს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ _ 19 100 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 33 150 კგ, სხვაობა _ 14 050 კგ); 2011 წლის 19 მაისს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ _ 19 300 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 32 450 კგ, სხვაობა _ 13 150 კგ); 2011 წლის 17 მაისს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ 19 050 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 33 400 კგ, სხვაობა _ 14 350კგ); 2011 წლის 14 მაისს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ 19 200 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 25 700 კგ, სხვაობა _ 6500 კგ); 2011 წლის 14 მაისს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ _ 16 700 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 22 100 კგ, სხვაობა _ 5400 კგ); 2011 წლის 13 მაისს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ 19 100 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 36 000 კგ, სხვაობა _ 16 900კგ); 2011 წლის 30 აპრილს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ 19 000 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 36 350 კგ, სხვაობა _ 17 350კგ); 2011 წლის 28 აპრილს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ 18 800 კგ. ჯართი (პირველი აწონვა_ 28 900 კგ, სხვაობა _ 10 100 კგ); 2011 წლის 26 აპრილს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ 17 900 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 36 000 კგ, სხვაობა _ 18 100 კგ); 2011 წლის 22 აპრილს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ 17 950 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 38 050 კგ, სხვაობა _ 20 100 კგ); 2011 წლის 20 აპრილს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ 18 050 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 31 900 კგ, სხვაობა _ 13 850 კგ); 2011 წლის 19 აპრილს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ 18,00 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 35 250 კგ, სხვაობა _ 17 250 კგ); 2011 წლის 18 აპრილს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ 17 900 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 34 750 კგ, სხვაობა _ 16 850 კგ); 2011 წლის 6 აპრილს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ 16 400 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 27 450 კგ, სხვაობა _ 11 050 კგ); 2011 წლის 7 აპრილს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ 17 950 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 34 650 კგ, სხვაობა _ 16 700 კგ); 2011 წლის 9 აპრილს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ 18 050 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 34 500 კგ, სხვაობა _ 16 450 კგ); 2011 წლის 11 აპრილს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ 18 150 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 32 950 კგ, სხვაობა _ 14 800 კგ); 2011 წლის 14 აპრილს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ 18 000 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 31 450 კგ, სხვაობა _ 13 450 კგ); 2011 წლის 24 აპრილს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ 16 500 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 28 150 კგ, სხვაობა _ 11 650 კგ); 2011 წლის 15 აპრილს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ 18 050 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 36 350 კგ, სხვაობა _ 18 300 კგ); 2011 წლის 28 მარტს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ 7500 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 11 350 კგ, სხვაობა _ 3850 კგ); 2011 წლის 17 მარტს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ 12 900 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 35 050 კგ, სხვაობა _ 22 150 კგ); 2011 წლის 24 მარტს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ 7505 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 12 350 კგ, სხვაობა _ 4800 კგ); 2011 წლის 25 მარტს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ 7500 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 11 900 კგ, სხვაობა _ 4400 კგ); 2011 წლის 28 მარტს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ 10 950 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 17 550 კგ, სხვაობა _ 6600 კგ); 2011 წლის 30 მარტს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ 18 800 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 31 700 კგ, სხვაობა _ 12 900 კგ); (ქვითრის ნომრები არ იკითხება) 2011 წლის 11 აპრილს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ 16 150 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 29 850 კგ, სხვაობა _ 13 700 კგ); 2012 წლის 25 მაისს მიაწოდა მე-2 აწონვის შემდეგ 17 900 კგ. ჯართი (პირველი აწონვა _ 29 850 კგ, სხვაობა _ 11 950 კგ);

5.1.13. შპს „I. G-ის“ #3/1/2014 აუდიტის დასკვნის მიხედვით: 1. შპს „მ.-ი-ას“ მისი კუთვნილი თანხების შპს „ე. ს-ისაგან“ დროულად მიღების შემთხვევაში, მისი საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კომერციული ბანკის ვადიან ანაბარზე განთავსების შემთხვევაში 2011 წლის 27 იანვრიდან 2014 წლის 25 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით საორიენტაციოდ დაერიცხებოდა 9 781,44 ლარის საპროცენტო სარგებელი. 2. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2011 წელს შპს „მ.-ი-ამ“ შპს „ე. ს-ს“ მიაწოდა ჯართი საერთო ღირებულებით -191 043,26 ლარი. 3. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „ე. ს-ის“ დავალიანება შპს „მ.-ი-ის“ მიმართ 2014 წლის 25 თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 21 840,92 ლარს.

5.1.14. მოწმედ დაკითხულმა ა. მ-ემ განმარტა, რომ მუშაობდა შპს „მ.-ი-აში“ დირექტორის მოადგილედ და აკონტროლებდა ჯართის მანქანაზე დატვირთვას, ჰყავდა მუშები, რომლებიც ასრულებდნენ მის მიერ დავალებულ სამუშაოს. მისივე განმარტებით, წერდა ზედნადებს და ატანდა მძღოლს. ყველა გამოგზავნილ საბუთს ჰქონდა აღნიშვნა ჯართის ხარისხის შესახებ. ჯართი მიდიოდა „ე. ს-ის“ მ.იულ ქარხანაში და იწონებოდა „მ.-ი-აში“, ხოლო მეორე სასწორი არის მოპასუხის საწარმოში. ე.წ „ფიშკა“ (სასწორის წონა) იბეჭდება კომპიუტერზე.

5.1.15. მოწმედ დაკითხულმა ო. ა-ემ განმარტა, რომ მუშაობს შპს „ე. ს-ში“ სასწორის ოპერატორად, მის ფუნქციას წარმოადგენს შემოსული დატვირთული მანქანების და შემდეგ ცარიელის აწონვა. აწონვის დოკუმენტი „ფიშკა“ გადაეცემა საწყობს. მოწმემ წარდგენილ „ფიშკებთან“ დაკავშირებით განმარტა, რომ მასზე არის მისი ხელმოწერა. სასწორის ქვითარზე (ფიშკა) კომპიუტერი აფიქსირებს დროსა და თარიღს, მომუშავე პერსონალი აწერს წონას და მანქანის ნომერს. მისივე განმარტებით, რაჯჰუმ სურეიკა - იყო საწარმოს მენეჯერი.

5.1.16. მოწმედ დაკითხულმა რ. ტ-ემ განმარტა, რომ არის „ე. ს-ის“ თანამშრომელი, წარმოების ხელმძღვანელი და ლითონის ხარისხზე პასუხისმგებელი. მიუთითა, რომ ზედნადებზე ხელმოწერებს ვერ ცნობს. მოწმეს წარედგინა სასწორის ქვითარი ე.წ „ფიშკა“ და განმარტა, რომ არის ქარხანაში ჯართის შემოსვლის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოწმის განმარტებით, ხდებოდა ჯართის დახარისხება და შემდეგ ღუმელში ჩაშვება. მანვე დაადასტურა ჯართის ხარისხის შემოწმების დამადასტურებელ დოკუმენტზე საკუთარი ხელმოწერის ნამდვილობა და განმარტა, რომ ამავე დოკუმენტში ჯართის ღირებულება იწერებოდა მხარეთა შორის შემდგომი ანგარიშსწორებისათვის.

5.1.17. მოწმედ დაკითხულმა ი. ნ-ემ განმარტა, რომ არის „ე. ს-ის“ კომერციული დირექტორი. მას წარედგინა ჯართის აწონვის დოკუმენტი. აღნიშნა, რომ ხდებოდა ჯართის აღწერა და დახარისხება. მოწმის განმარტებით, ყველა სასაქონლო ზედნადები შედგენილია კანონშესაბამისად. მოწმემ არ დაადასტურა ზედნადებებზე შპს „ე. ს-ის“ წარმომადგენელის ხელმოწერის ფაქტი. მოწმის განმარტებით, ბეჭედი ხშირად იყო მდივანთან და ვერ დაადასტურებს, რომ ბეჭედი სხვას გამოეყენებინა. მოწმეს წარედგინა 17 მარტის ზედნადებიც, ხელმომწერის ვინაობა ვერ დაადასტურა.

5.1.18. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 319-ე და 327-ე მულების პირველი ნაწილებით და აღნიშნა, რომ 169 202,46 ლარის მიუღებლობის ნამდვილობის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა შპს „ე. ს-ს“, თავის მხრივ, შპს „მ.-ი-ას“ ევალებოდა შპს „ე. ს-ის“ წინაშე ვალდებულების შესრულების დადასტურება და მოსარჩელისაგან 21 840,89 ლარის კუთვნილება. შპს „ე. ს-მა“ წარადგინა მტკიცებულებები და განმარტა, რომ 2009-2012 წლებში ახორციელებდა არმატურის მიწოდებას შპს „მ.-ი-ასათვის“. მიწოდებულმა საქონლის საერთო ღირებულებამ და საბანკო გადარიცხვებით გადახდილმა თანხამ, რომელზეც მოპასუხეს არ აქვს მოწოდებული საქონელი, შეადგინა 3 037 152,41 ლარი. სასაქონლო ზედნადებებითა და გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, დადასტურებული იყო მხოლოდ 2 867 949,95 ლარის გადახდა. შესაბამისად, შპს „მ.-ი-ას“ გადასახდელი ჰქონდა 169 202,46 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლების შესაბამისად, არ იქნა გაზიარებული შპს „მ.-ი-ას“ შესაგებელში მითითებული პოზიცია ვალდებულების შესრულების თაობაზე. შპს „ე. ს-მა“ განმარტა, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რაც დაადასტურებდა მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტს. მოსარჩელემ სადავო გახადა სასაქონლო ზედნადებებზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერის ფაქტიც. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გაბათილების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა. ამ თვალსაზრისით მოპასუხემ წარადგინა მტკიცებულებები მოსარჩელისათვის მიწოდებული შავი ლითონის ჯართის ოდენობის შესახებ და შეგებებული სარჩელით მოითხოვა მოპასუხისგან დავალიანების _ 21 840.92 ლარის და მიუღებელი შემოსავლის _ 9 781.44 ლარის ანაზღაურება. მტკიცებულებათა გამოკვლევისას სრულად იქნა გაზიარებული შპს „მ.-ი-ას“ წარმომადგენლების მოსაზრება იმის შესახებ, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის არარსებობა არ შეიძლებოდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გამხდარიყო, რადგან საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე №ას-678-638 განმარტა, რომ „ანგარიშფაქტურა თავისი სამართლებრივი ბუნებით იქმნება საგადასახდო მიზნებისათვის და არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ფაქტი. შესაბამისად ანგარიშფაქტურა არ წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტს“.

5.1.19. სასამართლოს დასკვნით, შპს „მ.-ი-ას“ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანი იყო. ამ თვალსაზრისით პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე და 327-ე, მუხლების პირველი ნაწილებით, 361-ე მუხლით და განმარტა, რომ 2009-2012 წლების ხელშეკრულებების თანახმად, მხარეებს სხვადასხვა ბიზნეს ურთიერთობები აკავშირებდათ. მოპასუხე სადავოდ ხდიდა შპს „მ.-ი-ას“ მიერ 2011 წლის განმავლობაში 21 840.92 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართის მიწოდების ფაქტს. შპს „მ.-ი-ამ“ აღნიშნული პოზიციის გასაბათილებლად წარადგინა მტკიცებულებები: მოსარჩელისათვის მიწოდებული შავი ლითონის ჯართის ოდენობის შესახებ და აუდიტის მიერ შედგენილი დასკვნა #31/2014. მოწმეთა ჩვენებებით კი, დგინდებოდა შპს „ე. ს-ის“ მიერ შპს „მ.-ი-ისგან“ შავი ლითონის ჯართის მიღების ფაქტი, ხოლო მიწოდებული შავი ლითონის ჯართის რაოდენობა, ეს გარემოებები ადასტურებდა შპს „ე. ს-ის“ წარმომადგენლის მოსაზრების უსაფუძვლობას იმის შესახებ, რომ მიწოდებული ჯართის ნაწილი უკანვე დაუბრუნდა მიმწოდებელს, რადგან წარდგენილი არ იყო ამის დამადასტურებელი მტკიცებულება.

5.1.20. არ იქნა გაზიარებული შპს „ე. ს-ის“ წარმომადგენლების მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ხელმოწერილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, რადგანაც ხელმოწერის ნამდვილობის საეჭვოობისას მხარეს შეუძლია წარადგინოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის დასკვნა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

5.1.21. სამოქალაქო კოდექსის 394-ე და 411-ე მუხლების შესაბამისად, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული შპს „მ.-ი-ას“ შეგებებული სარჩელი მიუღებელი შემოსავალის _ 9781.44 ლარის, დაკისრების შესახებ. მოსარჩელის მოთხოვნას, მართალია, გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, თუმცა წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა არ შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რადგან აუდიტმა მიუღებელი შემოსავალი გამოიანგარიშა 191 043,26 ლარიდან, ხოლო მხარეებს შორის სადავო 21 848,9 ლარი იყო.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, რომლთაც კასატორს დაეკისრა 21 840,92 ლარის გადახდა.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელი იყო. ჯართის გადაცემის დადასტურების მიზნით შეგებებული სარჩელის ავტორმა სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებზეც კასატორის არც ერთი უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერა არ იყო. პალატამ არასწორად დააკისრა კასატორს ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ვალდებულება ხელმოწერების საეჭვოობის დადასტურების მიზნით და აღნიშნულით დაარღვია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესი, ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს თავად უნდა დაენიშნა ექსპერტიზა.

6.1.2. ჯართის მოწოდებისას კასატორი აკლებდა არასასურველი მინარევების 1%-ს, რის შედეგადაც იქმნებოდა სხვაობა ტრანსპორტირებული ჯართის თავდაპირველ ოდენობასა და მიღებულს შორის. სწორედ, ამ საფუძვლიდან გამომდინარე აღარ დაადასტურა კასატორმა მოწინააღმდეგე მხარის მიერ ელექტრონულად მიწოდებული ანგარიშ-ფაქტურები, რომლითაც ეს 1%-იანი კლება არ იყო გათვალისწინებული. ამგვარი პირობები მხარეთა შორის შეთანხმებულად უნდა ჩაითვალოს, მიუხედავად იმისა, მოწინააღმდეგე მხარე გამოხატავდა თუ არა თანხმობას, რადგანაც ამ პირობებით მხარეთა შორის ურთიერთობა გაგრძელდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 405-ე ან 398-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს უფლება ჰქონდა, უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე. გარდა აღნიშნულისა, აწონვის ყველა დოკუმენტში გათვალისწინებულია პროცენტული კლება და მოწინააღმდეგე მხარის წარმომდგენლებს ხელი აქვთ ამ დოკუმენტებზე მოწერილი, რაც აქცეპტად უნდა ჩაითვალოს.

6.1.3. სააპელაციო სასამართლომ სადავო გარემოებების ამსახველი დოკუმენტების ნაწილი სარწმუნოდ მიიჩნია, ნაწილი _ არა, თუმცა გადაწყვეტილებაში საკუთარი მოსაზრება ამ საკითხზე არ აუსახავს.

6.2. კასატორის მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

მოწინააღმდეგე მხარე დაუსაბუთებლობის მოტივით არ დაეთანხმა საკასაციო საჩივარში გამოთქმულ პრეტენზიებს, ამასთანავე იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე კასატორისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯის _ 6 500 ლარის დაკისრების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. პალატა, უპირველესად, ყურადღებას გაამახვილებს გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების ფაქტობრივ საფუძველზე, კერძოდ, კასატორის მოთხოვნას წარმოადგენს მხოლოდ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 409-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის ფარგლებიც მხოლოდ შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების კანონიერებაა.

1.3. გასაჩივრებული განჩინების დასკვნები ძირითადად ემყარება იმ გარემოებებს, რომ თანხის დაკისრების ნაწილში შეგებებული სარჩელი დასაბუთებული იყო სათანადო მტკიცებულებებით, რომელთა შესწავლითაც დგინდებოდა მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. თავდაპირველ მოსარჩელეს კი, სათანადო მტკიცებულებები არ წარუდგენია, რაც გააბათილებდა შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიციებს. რაც შეეხებოდა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების საკითხს, პალატამ აღნიშნა, რომ არსებობდა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, თუმცა მხარემ ვერ წარადგინა ამ მოთხოვნის დამადასტურებელი განკუთვნადი მტკიცებულებები.

1.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.5. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ძირითადად ორი გარემოებით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას: სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, რაც გამოიხატა კასატორისათვის ხელმოწერის ნამდვილობის კუთხით ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის დავალდებულებაში, მაშინ, როდესაც სასამართლოს თავად შეეძლო დაენიშნა ექსპერტიზა; მიღებული პროდუქციის საერთო რაოდენობისათვის 1%-იანი კლება სასამართლოს მხარეთა შორის შეთანხმებულ პირობად უნდა მიეჩნია.

1.5.1. პალატა ნაწილობრივ იზიარებს კასატორის არგუმენტს მტკიცების ტვირთის თაობაზე და განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სადავოდ გამხდარი გარემოების დადასტურების ვალდებულება ეკისრება იმ პირს, რომელიც ამა თუ იმ გარემოების დამტკიცებას ცდილობს, წარდგენილი დოკუმენტის შედავების შემთხვევაში, სწორედ დოკუმენტის წარმდგენმა უნდა ამტკიცოს მისი ნამდვილობა. რაც შეეხება კასატორის მითითებას სასამართლოს ინიციატივით ექსპრეტიზის დანიშვნის თაობაზე, მას პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ ხელმოწერის კუთვნილების ფაქტი მხარეთა მტკიცების საგანში შემავალი გარემოება იყო. სასამართლოს კი, არ გააჩნდა უფლება, დაერღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი (არ არსებობდა ამავე კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებული ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობა), გარდა აღნიშნულისა, ნიშანდობლივია, რომ სახეზე არ გვაქვს საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.

1.5.2. მიუხედავად აღნიშნული დარღვევისა, პალატა მიიჩნევს, რომ მაინც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაშვების წინაპირობები, რადგანაც მხარეს თავად საქონლის ოდენობა სადავო არ გაუხდია, მან მიუთითა მისი მიწოდებისას განხორციელებულ 1%-იან კლებაზე, რაც მხარეთა შორის სადავოს წარმოადგენდა. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ამ კუთხით წარმოდგენილ არგუმენტებს და განმარტავს, რომ ხელშეკრულება მის არსებით პირობებზე კანონით გათვალისწინებული ფორმით შეთანხმებიდან ითვლება დადებულად (სკ-ის 327.1 მუხლი). ხელშეკრულების დადების შემდგომ მხარეებს ევალებათ მათი ჯეროვნად შესრულების ვალდებულება (სკ-ის 361.2 მუხლი), მოქმედი კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესაძლებლობას, რომელიც თავად ამ ხელშეკრულების დადებისათვის დადგენილი წესით უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება მისაღები პროდუქციის ოდენობის გაანგარიშების წესს, იგი ხელშეკრულების არსებით პირობას წარმოადგენს და მხარეთა შესაბამის შეთანხმებას საჭიროებს, რასაც არ შეიძლება გაუთანაბრდეს კასატორის მოსაზრება ოფერტისა თუ ხელშეკრულებიდან მოწინააღმდეგე მხარის გაუსვლელობის თაობაზე.

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ე. ს-ს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული გადაწყვეტილების ასლი 4 (ოთხი) ფურცლად (ტ. III, ს.ფ.320-323).

3. იურიდიული მომსახურების ხარჯები:

3.1. შპს „მ. ი-ა“ მოითხოვს კასატორისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯის _ 6 500 ლარის დაკისრებას. შუამდგომლობის ფარგლებში პალატა დადასტურებულად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს:

3.1.1. ძირითადი სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით შპს „მ. ი-ამ“ პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ადვოკატის ხარჯების _ 6 500 ლარის მოსარჩელისათვის დაკისრების თაობაზე. შუამდგომლობას მან მხარი შეგებებული სარჩელითაც დაუჭირა და წარადგინა, როგორც იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, ისე ამ თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ხელშეკრულების მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, 6 500 ლარი მოიცავს სამივე ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელების ღირებულებას.

3.1.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ, მიუხედავად ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა, იურიდიული მომსახურების თანხა მხოლოდ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილის პროპორციულად გამოიანგარიშა. ეს გარემოება მხარეს სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია.

3.1.3. სააპელაციო პასუხის თანახმად, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე კვლავ მხარს უჭერს შუამდგომლობას ზემოაღნიშნული თანხის დაკისრების ნაწილში, თუმცა სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობაზე არ უმსჯელია, ხოლო შეგებებული სარჩელის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, არ მოუთხოვია ამ ნაწილში დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.

3.1.4. როგორც წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2. პუნქტშია აღნიშნული, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი მხოლოდ 21 848,9 ლარის დაკისრების კანონიერებაა, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია, შუამდგომლობა მხოლოდ ამ თანხის ნაწილში შეაფასოს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან 21 848,9 ლარის დაკისრების ნაწილში მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაუშვებლადაა მიჩნეული, პალატა თვლის, რომ კასატორს შპს „მ. ი-ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ თანხის 4% - ის_ 873 ლარის გადახდა.

4. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ნ. დ-ის (შპს „ე. ს-ის“ სახელით) მიერ 2014 წლის 24 სექტემბერს #... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 1 093 ლარის 70% _ 765,1 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ე. ს-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ე. ს-ს“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300183150) ნ. დ-ის (შპს „ე. ს-ის“ სახელით) მიერ 2014 წლის 24 სექტემბერს #... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 1 093 ლარის 70% _ 765,1 ლარი.

3. კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული გადაწყვეტილების ასლი 4 (ოთხი) ფურცლად (ტ. III, ს.ფ.320-323).

4. შპს „მ.-ი-ას“ შუამდგომლობა იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, შპს „ე. ს-ს“ (ს/#...) შპს „მ.-ი-ას“ (ს/#...) სასარგებლოდ დაეკისროს 873 ლარის გადახდა.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური