Facebook Twitter

საქმე №ას-688-658-2014 23 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ნინო ბაქაქური, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „თ. კ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (შემდგომში _ მოსარჩელე) მოითხოვა შპს „თ. კ. ს-ისათვის“ (შემდგომში _ მოპასუხე) ჰელიუმის გამათხელებელი ხელსაწყოს ღირებულების _ 153 358,13 ლარის, ასევე, ექსპერტიზის ხარჯის _ 3 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტს (რომლის უფლებამონაცვლეც არის მოსარჩელე) შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ფიზიკის ინსტიტუტმა შეიძინა ჰელიუმის გამათხელებელი ხელსაწყო, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2011 წლის აპრილში ჩამოვიდა. მოპასუხის უდიერი მოპყრობით კი, ნივთი დაზიანდა, რაც დადასტურებულია ექსპერტის დასკვნითაც.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, გამყიდველს ევალებოდა ტვირთის სათანადო შეფუთვა და დაზღვევა, რაც არ იყო შესრულებული, ამიტომ შესაძლოა ტვირთი დაზიანებულიყო, ექსპერტის დასკვნის თანახმად, გადმოღვრილი იყო ზეთი. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელემ დაარღვია რეკლამაციის წარდგენის შვიდიანი ვადა, ამასთანავე, ტვირთის მიღებით, ივარაუდება, რომ იგი სათანადო მდგომაროებაში იყო. მოპასუხემ აღნიშნა ისიც, რომ ზედნადებში არ იყო მითითებული ტვირთისადმი განსაკუთრებული მოპყრობის წესზე, არამედ, მითითებული იყო სტანდარტული ტვირთის მომსახურებას დამატებული მძიმე ტვირთის ტარიფი, სარჩელი აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ასევე, მოსარჩელე ვერ ადასტურებს ტვირთის მოპასუხის მიერ დაზიანების ფაქტს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ტვირთის დაზიანებაში მოპასუხის ბრალეულობა საქმის მასალებით არ მტკიცდებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა იმის დამტკიცება, რომ მოპასუხის გაუფრთხილებელი ქმედების შედეგად დაზიანდა ნივთი, რადგანაც სარჩელი სწორედ ამ გარემოებას ემყარებოდა. პალატამ ამ კუთხით არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია და აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, მოპასუხემ სადავო ტვირთი 2011 წლის 26 აპრილს მიიღო, 2011 წლის 6 მაისს მოსარჩელემ ეს ტვირთი საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდა უნივერსიტეტში, 7 მაისს გაიმართა მხარეთა შეხვედრა და მეორე დღეს ტვირთი ფიზიკის ინსტიტუტში იქნა გადატანილი, რასაც ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი. მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულება იმისა, თუ რა მდგომარეობაში იყო ხელსაწყო ან მისი შეფუთვა მოპასუხის მიერ გადაცემისას. მან ტვირთი შემოწმების გარეშე მიიღო, რაც მიმღების რისკს წარმოადგენდა. მოსარჩელე, გარდა ტექნიკური დაზიანებებისა, უთითებდა გარეგან დაზიანებებზეც, რის შემოწმებაც სწორედ გადაცემის მომენტში იყო შესაძლებელი.

5.1.2. პალატის დასკვნით, მოსარჩელის მტკიცებას ვერ ამსუბუქებდა მისი განმარტება, რომ უფლებამოსილი პირის დროული მივლინება სს „კ-თან“ შეუთანხმებლობითა და სპეციალისტის მოუცლელობით იყო გამოწვეული. მოსარჩელემ აღნიშნულ კომპანიას სპეციალისტის გამოგზავნის თხოვნით ნივთის მიღებიდან 8 თვის შემდეგ, 2012 წლის 7 მარტს, მიმართა.

5.1.3. პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასება, რომელიც არ დაემყარა მოწმე ვ. მ-ის ჩვენებას (ეს უკანასკნელი უთითებდა მოპასუხესთან ტვირთის გადმოვარდნის ფაქტზე). პალატის განმარტებით, მოწმე სამსახურებრივად წარმოადგენდა ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელ პირს და დაინტერესებული იყო სადავო გარემოების დადგენაში, ამასთანავე, ამავე მოწმის განმარტებით, მოსარჩელეს ჰქონდა ინფორმაცია ნივთის დაზიანების თაობაზე და, სწორედ ამ საფუძვლიდან გამომდინარე, შემოწმების გარეშე არ უნდა მიეღო იგი.

5.1.4. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება სპეციალისტის დასკვნაზე, როგორც მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველზე, რადგანაც ნივთის მოსარჩელისათვის გადაცემიდან, 2011 წლის 6 მაისიდან, სპეციალისტის მიერ შემოწმებამდე _ 2012 წლის 8 ივნისამდე, გასული იყო ერთ წელზე მეტი, რა დროსაც ასევე შესაძლებელი იყო დაზიანებულიყო ნივთი. გასათვალისწინებელი იყო, ასევე, შპს „A. G. H.-სა“ და მოპასუხეს შორის საჰაერო ხომალდის სატვირთო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 2.2.7. პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მოპასუხეს ევალებოდა საჰაერო ხომალდზე ტვირთის დანაკლისი ან დაზიანება დაეფიქსირებინა სატვირთო მანიფესტში ეკიპაჟის უფლებამოსილი პირის სავალდებულო ხელმოწერით, ამგვარ აღნიშვნას საჰაერო მანიფესტი არ შეიცავდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ტვირთს შეფუთვაზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა და შეფუთვაზე დამაგრებული დახრისა და დარტყმის სენსორებიც მწყობრში იყო.

5.1.5. პალატის განმარტებით, თუკი დადგინდებოდა მოპასუხის კუთვნილი ტვირთამწევიდან ტვირთის გადმოვარდნის ფაქტი, ამით არ დადასტურდებოდა ის გარემოება, რომ ხელსაწყო სწორედ ამ გადმოვარდნის შედეგად დაზიანდა. პალატის დასკვნით, მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის ფარგლებში ვერ დაძლია საკუთარი მტკიცების ტვირთი მოპასუხის ბრალეულობასთან მიმართებით.

5.1.6. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე მუხლების პირველი ნაწილებით, 992-ე მუხლით და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელის ხელსაწყოს მოპასუხის მიერ დაზიანების ფაქტი არ დგინდებოდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა დავის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც საქმეში წარმოდგენილია ვ. მ-ის ჩვენება, რომელიც ადასტურებს, რომ ტვირთი გადმოვარდა მოპასუხის თანამშრომლების დაუდევრობით, მან მაშინვე მიმართა მოპასუხის ადმინისტრაციას და პასუხად მიიღო ის, რომ დ.დ-ი მეორე დღეს თავად გამოცხადდებოდა უნივერსიტეტში და მოელაპარაკებოდა ხელმძღვანელობას. მოწინააღმდეგე მხარე ადასტურებს, როგორც პრეტენზიით მისთვის მიმართვის ფაქტს, ისე, უნივერსიტეტში გამოცხადებას პრეტენზიის განსახილველად და არც იმას უარყოფს, რომ მისი თანამშრომლები ესწრებოდნენ ექსპერტის მიერ ნივთის შემოწმებას. მოწმეები ადასტურებენ იმასაც, რომ ექსპერტმა გახსნა შეფუთვა, რომლის მთლიანობაც დარღვეული არ ყოფილა. მითითებული გარემოებები დასტურდება ფოტომასალითაც. გაურკვეველია ასეთ პირობებში სასამართლოს დასკვნა, რომ ნივთის მოპასუხის დაუდევრობით დაზიანების ფაქტი არ დასტურდება, ამასთანავე, სასამართლო ავითარებს მსჯელობას, რომ ჩამოვარდნის შემთხვევაშიც არ დგინდება, რომ სწორედ ამ ჩამოვარდნამ დააზიანა იგი. სასამართლომ არ გაითვალისწინა მოწმის ჩვენება, რომლის თანახმადაც, შეფუთვა სწორედ ნივთის ჩამოვარდნის შემდეგ დაზიანდა. გარეგან და შიდა დაზიანებაზე საუბრობს ექსპერტიც. გასათვალისწინებელია, რომ დახრის ინდიკატორი, რომელიც საჰაერო ხომალდიდან ტვირთის მიღებისას არ იყო ჩართული, გააქტიურდა ხელსაწყოს უნივერსიტეტისთვის გადაცემისას. მოწინააღმდეგე მხარის მოწმეებმა დაადასტურეს ფაქტი, რომ უნივერსიტეტმა ხელსაწყო ამწეს მეშვეობით გადაიტანა ფიზიკის ინსტიტუტში და შეინახა ოთახში. უდავოა, რომ ამ დროს იგი არ დაზიანებულა.

6.1.2. სააპელაციო პალატამ, მართალია, სწორად გამოიყენა კანონი, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც ვ. მ-ისა და გ. ღ-ის ჩვენებებს გააქარწყლებდა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ იკვეთება ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების წინაპირობები, რომლებიც სააპელაციო პალატამ გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასკვნები ძირითადად ემყარება იმ გარემოებებს, რომ საქმის მასალებით ხელსაწყოს მოპასუხის მიერ დაზიანების ფაქტი არ დასტურდება. მოსარჩელემ ვერ შეძლო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება, რაც შეეხებოდა ვ.მ-ის ჩვენებას, მის გაზიარებაზე უარი პალატამ იმით დაასაბუთა, რომ მოწმე, სამსახურებრივი პოზიციის გათვალისწინებით, წარმოადგენდა დაინტერესებულ პირს, ამასთან, ტვირთის მიღება და შენახვა მიუთითებდა მის ვარგის მდგომაროებაზე, ხოლო ერთი წლის შემდეგ მისი ვარგისიანობის შემოწმება არ გამორიცხავდა მოსარჩელესთან ყოფნის პერიოდში ნივთის დაზიანების ფაქტს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ცდილობს, ნივთის მოპასუხის მიერ დაზიანების ფაქტი დაამყაროს მოწმეთა ჩვენებებზე, კერძოდ, მოსარჩელე განმარტავს, რომ ვ.მ-მა (რომელიც უნივერსიტეტის თანამშრომელი და ამავდროულად ნივთის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირია) მიუთითა მოპასუხესთან ნივთის გადავარდნის ფაქტზე, ასევე, იმაზე, რომ პრეტენზიით მიმართა მოპასუხის ადმინისტრაციას, რომელიც დაპირდა მეორე დღეს უნივერსიტეტში მისვლას და ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას, რასაც არც მოპასუხე უარყოფს, ამასთან, დასტურდება მისი უნივერსიტეტში გამოცხადებაც და ექსპერტის მიერ ნივთის შემოწმებაში მონაწილეობის მიღებაც. საკასაციო პალატა მიუთითებს ამავე მოწმის ჩვენებაზე, სადაც ვ.მ-ი, მართალია, გადმოსცემს ნივთის გადმოვარდნის შესახებ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე უთითებს, რომ პრეტენზიით მიმართა მოპასუხეს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ სათვალთვალო კამერები, ალბათ, დააფიქსირებდა გადმოვარდნის ფაქტს, ჩანაწერები ზეპირად ითხოვა და მოპასუხე დაპირდა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების გზით გადაწყვეტდა საკითხის, უფრო მეტიც, მოსარჩელის ინიციატივით დაკითხული მოწმე ადასტურებს, რომ დაზიანების შესახებ აცნობა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ტელეფონით, თუმცა უთხრეს, „რას იზამ, წამოიღეო“ (იხ. 11.07.2013წ. სხდომის ოქმი 16:30:55სთ). მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით კი, სათვალთვალო კამერის ჩანაწერი წერილობით იმიტომ არ მოითხოვეს, რომ მათთვის უცნობი იყო, თუ განადგურდებოდა ეს ჩანაწერი, მათ მხოლოდ ზეპირი ფორმით, სატელეფონო საშუალებით მოითხოვეს იგი (იხ. 18.10.2013წ. სხდომის ოქმი 11:41:18სთ), რაც შეეხება მოწმე გ.ღ-ის ჩვენებას, მან დაადასტურა ელექტრონული მიმოწერის არსებობა ნივთის შემოწმებაზე უფლებამოსილ პირთან და განმარტა, რომ წერილობითი მოწვევა გაიგზავნა 2012 წლის 7 მარტს და ექსპერტი მოვლენილ იქნა ივნისში (იხ.11.07.2013წ. სხდომის ოქმი, 16:43:46; 17:13:40 სთ.).

1.5. საკასაციო პალატა მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 694-ე მუხლის პირველ ნაწილს და აღნიშნავს, რომ გამგზავნს შეუძლია დათქმული დანამატის გადახდის საფუძველზე ზედნადებში აღნიშნოს თავისი განსაკუთრებული დაინტერესება ამ გადაზიდვით იმ შემთხვევებისათვის, როცა დაიკარგება ან დაზიანდება ტვირთი, ანდა გადაცილებული იქნება მისი ჩაბარების ვადა. დასახელებული ნორმის თანახმად, მხარე, რომელსაც ნივთის თვისებიდან თუ სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, ტვირთისადმი გააჩნია განსაკუთრებული დამოკიდებულება, ვალდებულია, ამის თაობაზე მიუთითოს ზედნადებში. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ, როგორც შესაგებელში, ისე სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სადავო ნივთი არ იყო ამ წესით გამოგზავნილი, ზედნადებში მითითებული იყო მხოლოდ ჩვეულებრივი ტვირთის გადაზიდვის ტარიფები, მოპასუხეს გადახრის ინდიკატორის გააქტიურების შემთხვევაშიც კი, არ ევალებოდა დაზიანების აქტის შედგენა, ამგვარი ტვირთის მიღების პირობებში, შესაბამის რეაგირებას მოითხოვდა მსხვრევის ინდიკატორის გააქტიურება (იხ. 11.07.2013წ. სხდომის ოქმი 14:03:47 სთ.), მოპასუხის მითითების პასუხად მოსარჩელემ აღნიშნა მხოლოდ ის, რომ შეფუთვაზე იყო მითითებული, რომ ტვირთი იყო ფაქიზი (იხ. იმავე სხდომის ოქმში 14:29:21 სთ.).

1.6. გადაზიდვის სამართლებრივ ურთიერთობაში (სადაც მოპასუხე სატერმინალო მომსახურების განმახორციელებელ, გადაზიდვის დასრულების უკანასკნელ რგოლს წარმოადგენს) სამოქალაქო კოდექსის 693-ე მუხლითაა მოწესრიგებული ზიანის ანაზღაურების საკითხი. ნორმის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ტვირთის დაზიანებისას გადამზიდველმა უნდა გადაიხადოს ის საზღაური, რომლითაც შემცირდა ტვირთის ღირებულება და რომელიც გამოითვლება 692-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში დადგენილი ტვირთის ღირებულების მიხედვით. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კუთხით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ მიცემულ განმარტებაზე: სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ითხოვს ნივთის მთლიან ღირებულებას, როგორც ზიანს, რადგანაც ნაკლის გამოსასწორებლად ახალი ნივთი უნდა აიწყოს. მანვე აღნიშნა, რომ ახალი ნივთის აწყობის გზით ნაკლის გამოსწორების აუცილებლობის თაობაზე არსად, მათ შორის, არც ექსპერტის დასკვნაში არ არის მითითებული და გადმოსცემდა მხოლოდ ინფორმაციას, მანვე განმარტა, რომ უნივერსიტეტს არაფერი გაუკეთებია იმ კუთხით, შესაძლებელია თუ არა ნაკლის გამოსწორება, მათ ასევე არ აქვთ კალკულაცია ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯების თაობაზე (იხ. 26.09.2013წ. სხდომის ოქმი, 14:19:33; 14:21:17სთ.)

1.7. საგულისხმოა მოპასუხის შესაგებელი იმ თვალსაზრისითაც, რომ მან სადავო გახადა ტვირთის მიმღების მხრიდან პრეტენზიის წარდგენის ვადის საკითხი. სამოქალაქო კოდექსის 698-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიმღები მიიღებს ტვირთს ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს გადამზიდველთან ერთად და არ უყენებს გადამზიდველს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა ზედნადებში მითითებულ მდგომარეობაში; აღნიშნული პრეტენზია უნდა წარედგინოს ტვირთის ჩაბარების დღესვე თუ გარეგნულად შესამჩნევია დანაკარგები და დაზიანებები, ხოლო გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგებისა და დაზიანებების შემთხვევაში _ ჩაბარებიდან არა უგვიანეს შვიდი დღისა. თუ გარეგნულად შეუმჩნეველია დანაკარგები და დაზიანებები, პრეტენზია (მოთხოვნა) უნდა წარედგინოს წერილობით. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელეს არ დაუცვია კანონით განსაზღვრული პრეტენზიის წარდგენის ვადა, ამასთანავე, ნორმის დისპოზიცია და საქმეზე დადგენილი გარემოება, რომ მიმღებმა მიიღო ნივთი, იმგვარად, რომ მას პრეტენზია დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში არ განუცხადებია, სწორედ მას აკისრებს ნივთის ვარგის მდგომარეობაში მიღების კანონისმიერი პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთს, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი (სსსკ-ის 102-ე მუხლი) და მართებულად დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებები.

1.8. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 9 ივლისის #... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 7 950,15 ლარის, 70% _ 5 565,105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) მის მიერ 2014 წლის 9 ივლისის #... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 7 950,15 ლარის 70% _ 5 565,105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

პ. ქათამაძე