საქმე №ას-997-941-2015 23 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი _ ხ. ი-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ჩ-ე, ა. კ-ია, დ. კ-ია, ა. კ-ია, ბმა „ა. 42ა“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილება
დავის საგანი – ამხანაგობის წევრად აღიარება, წილის გამოყოფის დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 ივნისის განჩინებით ლ. ჩ-ის, ა., დ. და ა. კ-იების განცხადება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ქ.ბათუმში, რ-ს ქ#...-ში მდებარე „ა. 42ა-ს“ სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლს.
2. ამავე სასამართლოს 2010 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ის, ა., დ. და ა. კ-იების სარჩელი ბმა „ა. 42ა-ს“ მიმართ წევრად აღიარების, ქ.ბათუმში, რ-ს ქ#...-ში მდებარე, ამხანაგობის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან _ 70 კვ.მ ფართის (მთლიანი ნაგებობის 1/53-ის) მიკუთვნებისა და მოსარჩელეთათვის წილობრივი მონაცემების შესაბამისად ქონების გამოყოფის თაობაზე მოპასუხის დავალდებულების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეები აღიარებულ იქნენ „ა. 42ა-ის“ წევრებად და შესაბამისი ცვლილებები შევიდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა. 42ა-ს“ საწესდებო დოკუმენტაციაში, ხოლო ქ.ბათუმში, რ-ს ქ#...-ში მდებარე „ა. 42ა-ს“ საკუთრებად რეგისტრირებული ფართიდან 70-კვ.მ ფართის (სახლის 1/53) მიკუთვნებისა და ამ წილის მოსარჩელეთათვის რეალურად გამოყოფის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება წილის მიკუთვნებისა და მისი ქონების რეალურად გამოყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეებს მიეკუთვნათ ქ.ბათუმში, რ-ს ქ#...-ში მდებარე „ა. 42ა-ს“ საკუთრებად რეგისტრირებული სახლის 35 კვ.მ ფართის შესაბამისი წილი და ამხანაგობას დაევალა მოსარჩელეთათვის წილობრივ საკუთრებაში არსებული ქონების რეალურად გამოყოფა.
4. ამავე სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის განჩინებით „ა. 42ა-ს“ თავმჯდომარისა და ინდ.მეწარმე თ. შ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 ივნისის განჩინებით გამოყენებული ღონისძიება შეიცვალა, გაუქმდა უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა და „ა. 42ა-ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში რეგისტრირებულ, ქ.ბათუმში, რ-ს ქ#...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის _ 3779,2 კვ.მ შენობა-ნაგებობის გასხვისება და ამ საცხოვრებელი სახლის ყველანაირი სანივთო უფლებით დატვირთვა და რეგისტრაცია.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით „ა. 42ა-ს“ საკასაციო საჩივარი, დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დარჩა განუხილველად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა ლ. მ-ის განცხადება ამავე სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, მითითებული განჩინება ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინებით.
7. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ხ. ი-ემ და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების ნაწილობრივ, მისი კუთვნილი ქონების ნაწილში გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეებს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოეყოთ კონკრეტული ფართი და აღარ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების ძალაში დატოვების წინაპირობები.
8. სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 5 ივნისის განჩინებით არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ამავე სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი და განახლდა საქმის განხილვა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი პირველი ნაწილისა და 1991 მუხლის საფუძველზე, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 აგვისტოს განჩინებით ხ. ი-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება, ხ. ი-ის საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების წინაპირობებს შემდეგი გარემოებების გამო:
2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
3. გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების კანონიერების შემოწმების მიზნით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს თავად სარჩელის უზრუნველყოფის მიზანსა და წინამდებარე საქმეზე დადგენილ რამდენიმე უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე:
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
5. მითითებული ნორმა ითვალისწინებს იმ წინაპირობათა ჩამონათვალს, როდესაც საჭიროა სასამართლოს მხრიდან სასარჩელო მოთხოვნის დაცვის ქმედითი ღონისძიების გატარება, რათა მართლმსაჯულების განხორციელებამ არ დაკარგოს ის სამართლებრივი ეფექტი, რაც პირის დარღვეული უფლების აღდგენაში ვლინდება. უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება განპირობებულია მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის რეალური პერსპექტივის შექმნით.
6. განსახილველ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა ლ. მ-ის განცხადება ამავე სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე და განახლდა საქმის წარმოება ლ. ჩ-ის, ა., დ. და ა. კ-იების სარჩელზე, თავის მხრივ, საგულისხმოა ის გარემოება, რომ სარჩელით ამხანაგობის წევრად აღიარება და ამავე ამხანაგობაში წილის მიკუთვნებაა მოთხოვნილი იმგვარად, რომ კონკრეტულ ფართზე მოსარჩელეს არ გამოუთქვამს პრეტენზია, შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ არსებობს სარჩელის საგნის დაცვის წინაპირობები და არ არის მიზანშეწონილი გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, ჯერ კიდევ სასამართლოს განხილვაში იმყოფება სარჩელი, რომლის უზრუნველყოფასაც ემსახურება 2011 წლის 2 მარტის განჩინება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით გათვალისწინებული შედეგი არ დამდგარა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ. ი-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისისა და 24 აგვისტოს განჩინებები დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური