Facebook Twitter

საქმე №ას-819-770-2015 04 ნოემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზ. ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ი.-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - პ. ნ.-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

II. სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები:

1. პ. ნ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე, შპს „ი.-ის“ მიმართ და მოითხოვა შპს „ი.-ის“ პარტნიორთა 2014 წლის 15 თებერვლის N2 კრების ოქმის ბათილად ცნობა.

2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ პ. ნ.-ე წარმოადგენს შპს „ი.-ის“ დამფუძნებელ და საწარმოს კაპიტალის 49%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს. 2014 წლის ივლისის თვეში მისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს პარტნიორთა 2014 წლის 15 თებერვლის კრებაზე, რომელსაც იგი არ დასწრებია და მისთვის არც კრების ჩატარების თაობაზე ყოფილა ცნობილი, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც პ. ნ.-ეს დაევალა ახალი საწარმოს დაფუძნება და მასზე 2014 წლის 10 მარტამდე 49%-ის შესაბამისი „ს.-ს“ აქტივებისა და არსებული უძრავ-მოძრავი ქონების მატერიალური ფასეულობების გადატანა იმავე წლის 15 თებერვლის საბალანსო მდგომარეობით. კრების გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაეკისრა სრული მატერიალური და ფინანსური პასუხისმგებლობა.

III. მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

4. მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან პარტნიორები ვერ თანხმდებოდნენ სამომავლო ბიზნეს სტრატეგიაზე და გეგმებზე 2013 წლის დეკემბერში შეთანხმდნენ, რომ 2014 წლის 15

თებერვლიდან გაეყოთ საზოგადოების ქონება და საქმიანობა. მოპასუხის მითითებით, პ. ნ.-ე „ს.-ს“ ბრენდის მიმართულების ბიზნესს მართავდა შეუზღუდავად. პ. ნ.-ე 2014 წლის 15 თებერვლის კრებას არ დასწრებია, მიუხედავად იმისა, იქნებოდა თუ არა სადავო კრების ოქმი, სახეზეა მხარეთა მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელიც მიმართული იყო კონკრეტული მიზნის მისაღწევად.

IV. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებასა და ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით პ. ნ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი შპს „ი.-ის“ პარტნიორთა 2014 წლის 15 თებერვლის კრების №2 ოქმი.

6. მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ი.-ი“ რეგისტრირებული იყო სამეწარმეო რეესტრში 2003 წლის 02 სექტემბერს, საიდენტიფიკაციო კოდით ...

2014 წლის 25 აპრილს მომზადებული ამონაწერის მიხედვით, საზოგადოების პარტნიორები იყვნენ: პ. ნ.-ე - 49%, თ. ჭ.- - 49% და ი. ო.-ე - 2%. 2014 წლის 13 მაისს მომზადებული ამონაწერის მიხედვით პარტნიორები იყვნენ: პ. ნ.-ე - 49%, თ. ჭ.- - 49%, ქ. რ.-ე - 2%.

ამჟამად, საზოგადოების პარტნიორებს წარმოადგენდნენ: პ. ნ.-ე - 49% და თ. ჭ.- - 51%. წარმომადგენლობის უფლებამოსილება ჰქონდა დირექტორს - თ. ჭ.-ს.

7. შპს „ი.-ის“ პარტნიორთა 2014 წლის 15 თებერვლის კრების ოქმის მიხედვით, პარტნიორების - თ. ჭ.-ს, პ. ნ.-ის და ი. ო.-ის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საზოგადოების „ს.-ს“ მიმართულების მართვის უფლებამოსილების პ. ნ.-ისათვის მინიჭების და მასთან დაკავშირებული იურიდიული და ფინანსური ღონისძიებების გატარების შესახებ. პ. ნ.-ეს დაევალა ახალი კომპანიის დაფუძნება და 49%-ის შესაბამისი „ს.-ს“ აქტივების და უძრავ-მოძრავი მატერიალური ფასეულობის ახალ კომპანიაზე გადატანა 2014 წლის 15 თებერვლის საბალანსო მდგომარეობის მიხედვით. აღნიშნული საკითხების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სრული მატერიალური და ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისრა პ. ნ.-ეს.

8. მოწმე თ. მანიჟაშვილის ჩვენებით, რომელიც მუშაობს შპს „ი.-ში“, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საზოგადოება იურიდიულად გაყოფილი არ ყოფილა, მაგრამ, რეალურად მიმდინარეობდა მუშაობა საწარმოში ორი მიმართულებით. 2014 წლის 15 თებერვლამდე, ორი სამი დღით ადრე, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბნენ თანამშრომლები თათბირზე, იყო ორი პარტნიორი - თ. ჭ.- და პ. ნ.-ე და საუბარი იყო გაყოფის კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით. ყველა თანამშრომელმა იცოდა, რომ საზოგადოება იყო გაყოფილი და „ს.-ს“ მიმართულებას ხელმძღვანელობდა პ. ნ.-ე. ითქვა, რომ უნდა ჩატარებულიყო პარტნიორთა კრება და საწარმოს გაყოფას მისცემოდა ოფიციალური სახე. თათბირზე გაცხადებული არ ყოფილა პარტნიორთა კრების ჩატარების თარიღი და ჩატარდა თუ არა კრება მისთვის უცნობია (იხ. სასამართლო სხდომის 18.02.2015წ. ოქმი).

9. მოწმე ზ. მ.-ს ჩვენებით, რომელიც მუშაობს შპს „ი.-ში“,

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2014 წლის 11 თებერვალს თანამშრომელთა თათბირზე, რომელსაც ესწრებოდა თ. ჭ.- და პ. ნ.-ე, გაცხადდა, რომ საწარმო უნდა გაყოფილიყო და იყო მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით. გაიყო საწარმოს საწყობებიც, თანამშრომლებიც, თანამშრომელთა ნაწილს ხელფასი ერიცხებოდა „ს.-ს“ ანგარიშიდან, ნაწილს - „ტ.-ის“ ანგარიშიდან, ხოლო თანამშრომელთა ნაწილს, რომელიც არ იყო გამიჯნული, ერიცხებოდა ორივე ანგარიშიდან. თათბირზე გაცხადდა, რომ პარტნიორთა კრება უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ იყო ნათქვამი. მოწმის მითითებით მან თანამშრომლისგან გაიგო, რომ 2014 წლის 15 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო კრება. შედგა თუ არა პარტნიორთა კრება და ვინ ესწრებოდა, მისთვის უცნობია, ვინაიდან არ არის საწარმოს პარტნიორი და კრებას არ დასწრებია (იხ. სასამართლო სხდომის 18.02.2015წ. ოქმი).

10. მხარეთა განმარტებით, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ პ. ნ.-ე შპს „ი.-ის“ 2014 წლის 15 თებერვლის კრებას არ დასწრებია. მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა, რომ პ. ნ.-ე გაფრთხილებული იყო კრების მოწვევის შესახებ და დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ არც კრების ოქმი გადასცემია პ. ნ.-ეს. თავად მოსარჩელის განმარტებით, კრების ოქმის შესახებ ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე სხვა დავის განხილვის დროს. შპს „ი.-ის“ დირექტორის განმარტებით კრების ოქმი იყო საწარმოს კანცელარიაში, სადაც პ.ნ.-ეს შეეძლო მისი გაცნობა.

V. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

11. გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში, სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს „ი.-მა“ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

VI. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.

13. მოცემული საქმის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ამჟამად, შპს „ი.-ის“ პარტნიორები არიან: პ. ნ.-ე - 49% და თ. ჭ.- - 51%. საზოგადოების წარმომადგენლობის უფლებამოსილება აქვს დირექტორს - თ. ჭ.-ს.

14. 2014 წლის 15 თებერვლის დამფუძნებელ-პარტნიორთა №2 კრების ოქმით დირექტორის მოადგილე პ. ნ.-ეს 2014 წლის 15 თებერვლიდან მიენიჭა შპს ,,ი.-ის“ „ს.-ს“ მიმართულების მართვის სრული უფლებამოსილება. მოხდა „ს.-ს“ მიმართულების საბანკო ანგარიშებზე ცალკე საბანკო კოდის მინიჭება. მიენიჭა უფლებამოსილება პ. ნ.-ეს „ს.-ს“ მიმართულების ანგარიშებზე არსებულ აქტივებზე სრული წვდომისა და საჭიროებისამებრ მათი განკარგვის. მოხდა „ს.-ს“ მიმართულების სალაროს შექმნა. დაევალა პ. ნ.-ეს უზრუნველეყო 2014 წლის 5 მარტამდე ახალი კომპანიის დაფუძნება, ასევე, 2014 წლის 10 მარტამდე მოეხდინა 49%-ის შესაბამისი ს.-ს აქტივებისა და არსებული უძრავ-მოძრავი მატერიალური ფასეულობების ახალ კომპანიაზე გადატანა მ/წლის 15 თებერვლის საბალანსო მდგომარეობის მიხედვით (ყველა შემოსავალი თუ ხარჯი დაანგარიშებული იქნებოდა 15 თებერვლის მდგომარეობით). ამ პუნქტში (მე-5 პუნქტი) აღნიშნული საკითხების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სრული მატერიალური და ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისრა პ.ნ.-ეს. განხორციელდა საკადრო ცვლილებები, გაუფორმდა „ს.-ს“ მიმართულების თანამშრომლებს ახალი შრომითი ხელშეკრულებები და მათზე ხელმოწერის უფლება მიენიჭა პ. ნ.-ეს. 15 თებერვლამდე კომპანიის მუშაობის შედეგად დამდგარ შედეგებზე სამართალმემკვიდრედ ითვლება ორივე კომპანია. ამასთანავე, საგარანტიო (მომხმარებელზე და კლიენტებზე გაცემული საგარანტიო პირობების გამო წარმოქმნილ ვალდებულებებზე) პასუხისმგებლობა თანაბარწილად დაეკისრა ორივე კომპანიას. ზემოთხსენებულიდან გამომდინარე კომპანიებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება გასაწევი ხარჯებისა და სხვა მემკვიდრეობის შესახებ.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ კრებაზე მიღებულ იქნა იურიდიული შედეგის მქონე გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პარტნიორ პ. ნ.-ეს ჰქონდა აღნიშნული კრების ოქმის გასაჩივრების იურიდიული ინტერესი. შესაბამისად, უნდა გამოკვლეულიყო 15.02.2014წ. კრების მოწვევისა და ჩატარების პროცედურის დაცვის საკითხები.

15. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის პირველი პუნქტით, თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში, დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებელი კრების მოწვევის ჩატარების პროცედურის განსაზღვრისას უთითებდა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების აუცილებლობაზე, ანუ მოწვევის ნება უნდა მისვლოდა პარტნიორს და კრების ორგანიზატორი უნდა დარწმუნდებულიყო ამაში. შპს „ი.-ის“ 15.02.2014წ.-ის პარტნიორთა კრებაზე 49%-იანი წილის მფლობელი დამფუძნებელი პარტნიორი - პ. ნ.-ე არ იყო მიწვეული კანონით დადგენილი წესით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, ისეთ პირობებში, როცა პარტნიორი უარყოფდა იმ გარემოებას, რომ მისთვის ცნობილი იყო კრების ჩატარების თარიღის შესახებ; საქმეში კი არ მოიპოვებოდა გზავნილის მისთვის ჩაბარების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება, მხოლოდ მოპასუხის განმარტებები მასზედ, რომ 2014 წლის 15 თებერვლამდე მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საწარმოს გაყოფასთან დაკავშირებით და რეალურად პ. ნ.-ე მართავდა „ს.-ს“ ბრენდის მიმართულების ბიზნესს, ამასთან, პ. ნ.-ისათვის ზეპირი ფორმით ცნობილი იყო კრების ჩატარების თარიღის შესახებ, არ წარმოადგენდა საკმარისი გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევისათვის.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა პ. ნ.-ის მოწვევის ფაქტი ანუ, არ დგინდებოდა კრების ჩატარება კანონით დადგენილი წესით.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე აღძრული სარჩელი წარმოადგენს აღიარებითი ხასიათის სარჩელს, რომლის განხილვა-გადაწყვეტისათვის აუცილებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრული იურიდიული ინტერესის არსებობა სასამართლო გადაწყვეტილებით ასეთ აღიარებასთან მიმართებაში. სახელდობრ, ზემოხსენებული ნორმის დანაწესის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა და სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა - არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი, ამასთან, იგი აუცილებლად მიღწევადი

უნდა იყოს.

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, იურიდიული ინტერესის არსებობისათვის აუცილებელი წინაპირობებია: მხარეთა შორის დავა უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე; მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლებაში, ასეთი დავა უნდა ქმნიდეს უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ამ გადაწყვეტილებას გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის; მართალია, ზემოხსენებულ გარემოებებზე კანონში უშუალოდ არ არის მითითებული, მაგრამ სასამართლო განმარტავს, რომ ასეთი გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის სპეციალური ფორმის მიმართ მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესებიდან.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ პ. ნ.-ეს სადავო კრების გადაწყვეტილებით დაეკისრა კრების მიერ განსაზღვრულ ვადაში გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დაეკისრა სრული მატერიალური და ფინანსური პასუხისმგებლობა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ პ. ნ.-ეს გააჩნდა შპს „ი.-ის“ 15.02.2014წ.-ის დამფუძნებელ-პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი.

17. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

პარტნიორთა კრება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა. შესაბამისად, კანონი დეტალურად არეგულირებს მისი მოწვევის წესსა და ვადას.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის პირველი პუნქტით, თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით.

ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები).

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პარტნიორთა კრების მოწვევის პროცედურის მოწესრიგება ნაკარნახევია იმ აუცილებლობით, რომ მოხდეს პარტნიორთა მიერ თავიანთი უფლების კრებაზე რეალიზების უზრუნველყოფა და იმდაგვარად იქნეს განხორციელებული პარტნიორთა კრების მოწვევის ორგანიზაცია, რომ პარტნიორს არ წაერთვას კრების მუშაობაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. პარტნიორებს წინასწარ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მოემზადონ.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შპს ,,ი.-ის“ 15.02.2014წ.-ის დამფუძნებელ-პარტნიორთა კრებაზე 49%-იანი წილის მფლობელი დამფუძნებელი პარტნიორი პ. ნ.-ე არ ყოფილა მოწვეული კანონით დადგენილი წესით, რის გამოც შპს „ი.-ის“ მხრიდან დაირღვა პარტნიორთა კრების თაობაზე ინფორმირების შესახებ პარტნიორის უფლება. ზემოაღნიშნულმა პროცედურულმა დარღვევამ და პ. ნ.-ის გარეშე პარტნიორთა კრების ჩატარებამ, თავის მხრივ, განაპირობა პ. ნ.-ის როგორც საზოგადოების პარტნიორის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47.1 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევა, რაც გულისხმობს საწარმოს პარტნიორების მიერ მმართველობით უფლებამოსილებას განხორციელებას პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო შპს „ი.-ის“ 15.02.2014წ.-ის დამფუძნებელ-პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

VII. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ი.-მა“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

19. კასატორი სადავოდ ხდის მოცემულ საქმეში მოპასუხის სათანადოობის საკითხს და აღნიშნავს, რომ კრების ოქმი მიღებულია შპს-ს პარტნიორების მიერ და არა კომპანიის სახელით. საერთო კრების გადაწყვეტილების მიღება არ წარმოადგენს კომპანიის კომპეტენციასა და საქმიანობას.

20. კასატორი ეჭვქვეშ აყენებს იურიდიული ინტერესის არსებობასაც და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული კრების ოქმით არ მომხდარა პარტნიორისათვის ვალდებულების დაკისრება, ხოლო სასამართლოს მიერ ბათილად ცნობის მიზნები ბუნდოვანია და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს მოსარჩელის, მოპასუხისა ანდა სხვა პარტნიორთა მიმართ.

21. კასატორს კრების ოქმის ბათილობა მიზანშეუწონლად მიაჩნია მისი შინაარსის გამო. მისი მოსაზრებით, კრების ოქმი არ მიეკუთვნება კლასიკური ტიპის ოქმს, რომლითაც წყდება სავალდებულოდ შესასრულებელი ქმედება ან შედეგი; ოქმით არ გადაწყვეტილა საკითხი რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, რედომიცილების, კაპიტალის შემცირების, წილების/მოგების გადანაწილებაზე და ა.შ..

კასატორის აღნიშნავს, რომ პარტნიორებს შორის მიმდინარეობდა შეთანხმება გაყოფასთან დაკავშირებით, რასაც არ უარყოფს მოწინააღმდეგე მხარეც. კრების ოქმით კი გაფორმდა მათი შემდგომი ურთიერთობის დარეგულირებაზე თანხმობა.

პარტნიორები შეთანხმდნენ გაყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე, გზებზე, რომლის დასტურია პ. ნ.-ის საკუთარი ხელით შედგენილი გაყოფის გეგმა (რაც წარმოდგენი. საქმეში), რომელიც არათუ განსხვავდება კრების ოქმისაგან, არამედ შინაარსობრივად, სტრუქტურულად ემთხვევა და წარმოადგენს კრების ოქმს/პარტნიორის გადაწყვეტილებას, რომელსაც თავადვე ასაჩივრებს.

კრების ოქმის ბათილობის ერთ-ერთი საფუძველია პ. ნ.-ის ზეპირი განცხადება კრებაზე დაუსწრებლობის, კრების ოქმის არ გადაცემის, 2014 წლის 15 თებერვლის კრების მოწვევის ინფორმაციის შეუტყობინებლობა დადგენილი წესის შესახებ, რაც არცერთი ნივთიერი მტკიცებულებით არ არის გამყარებული. კასატორის მოსაზრებით, არასწორია რომ თ. ჭ.-ს მითითებით კრების ოქმი ინახებოდა კანცელარიაში და ნ.-ეს შეეძლო მისი ნახვა - ინტერტექნიკოსი თ. ჭ.- უთითებდა, რომ ნ.-ემ (როგორც კრების მოწვევამდე, ისე მას შემდეგ) იცოდა კრების თაობაზე, იცნობდა კრების ოქმს. აღნიშნულს ამტკიცებს ფაქტი, რომ მოწმეთა განცხადებითა და თავად პ. ნ.-ის დადასტურებით მიმდინარეობდა პარტნიორთა მოლაპარაკებები გაყოფის თაობაზე; ნ.-ე ამავდროულად იყო დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში და ყოველდღიურად იმყოფებოდა ოფისში, და თუ სხვა თანამშრომლება იცოდნენ კრების თაობაზე, ნ.-ე არ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი.

კასატორის მითითებით, პარტნიორებმა განუცხადეს თანამშრომლებს, რომ კომპანია იყოფოდა მიღწეული გადაწყვეტილების საფუძველზე. თანამშრომელთათვის 15 თებერვლის კრების შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო, რადგან აღნიშნული საჯაროდ გაცხადდა, კრების ოქმი კანცელარიაში იყო სადაც ნახვა თავისუფლად შეეძლო.

22. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს არ გაუთვალისწინებია შემდეგი:

- კომპანიის 2014 წლის 14 თებერვლის ბრძანება და მინდობილობა, რომლითაც პ. ნ.-ეს მიენიჭა სრული უფლებამოსილება ს.-ს მიმართულების დამოუკიდებელ მართვაზე, მათ შორის, ახალ სალარო და განცალკევებულ ანგარიშებზე;

- პ. ნ.-ის მიერ საკუთარი ხელფასის გაზრდის გადაწყვეტილება, ს.-ს ბრენის შრომითი ურთიერთობების დამოუკიდებლად რეგულირება;

- საწყობის გაყოფა ს.-ს და ტ.-ის მიმართულებით;

- ს.-ს ანგარიშზე იმ თანხის - 107 000 ლარის (ევროს ექვივალენტი. დანართის შესაბამისად) გადარიცხვა, რომლითაც გასწორდა სხვაობა ტ.-ისა და ს.-ს ანგარიშის ნაშთებს შორის.

- მეწარმეთა შესახებ კანონის მე-91 მუხლის თანახმად, პარტნიორთა კრების მოწვევა შესაძლებელია როგორც ზეპირი განცხადებით, ისე მოწვევის პირადად გადაცემით; კანონი არ ავალდებულებს პირს კრების მოწვევის წერილობით გადაცემას. ფაქტი, რომ ნ.-ემ იცოდა კრების შესახებ დასტურდება როგორც წერილობითი დოკუმენტების ლოგიკური ანალიზის, ასევე სხდომაზე მოწმეთა ჩვენების შედეგად. მე-8 ნაწილის შესაბამისად კი, კრების მოწვევა სავალდებულო არაა, როცა ყველა პარტნიორი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს, რაც კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.

საზოგადოების წესდების 10.11 მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია კრების მოწვევის გარეშეც, თუ მას მხარს დაუჭერს ხმების უმრავლესობა.

23. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილება სცდება მოსარჩელისა და მოპასუხის სადაოდ ქცეულ გარემოებებს - სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, შესაბამისად სადაო კრების ოქმი სრულად იქნა ბათილად ცნობილი მაშინ, როდესაც მოსარჩელე თავად არ ხდიდა კრების ოქმის სხვა საკითხებს ასეთად (კერძოდ 1, 2, 3, 4, 6 და 7). გაუგებარია საფუძველი, რითაც მოსარჩელისა და მოპასუხის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ მოხდა ოქმის სრულად ბათილობა და განხორციელდა შესაბამისი ქმედებები: ბრძანების გაცემა ფაქტობრივად მოხდა 14 თებერვალს, მინდობილობის გაცემა 15 თებერვალს, სალაროს განცალკევება, ანგარიშის ს.-სათვის გახსნა (რომელსაც მხოლოდ ნ.-ე მართავდა), ს.-ს მიმართულებით შრომითი ურთიერთობების ნ.-ის მიერ დამოუკიდებლად რეგულირება, საწყობის გაყოფა.

სამოტივაციო ნაწილი:

VIII. საკასაციო პალატის დასკვნები:

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

25. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

26. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პრეტენზიის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნებისათვის, უნდა გაირკვეს შპს „ი.-ის“ 2014 წლის 15 თებერვლის პარტნიორთა კრება იყო თუ არა გადაწყვეტილებაუნარიანი, კრების მოწვევის პროცედურული წესების დაცულობის თვალსაზრისით.

სადავო საკითხის კვლევისათვის უნდა ვიხელმძღვანელოთ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმებით, რომლითაც დადგენი. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, საზოგადოების პარტნიორთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურული წესები.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

პარტნიორთა კრება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა. შესაბამისად, კანონი დეტალურად არეგულირებს მისი მოწვევის წესსა და ვადას.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის პირველი პუნქტით, თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით.

ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები).

მოცემულ საქმეზე დადგენი., რომ შპს ,,ი.-ის“ 15.02.2014წ.-ის დამფუძნებელ-პარტნიორთა კრებაზე 49%-იანი წილის მფლობელი დამფუძნებელი პარტნიორი პ. ნ.-ე არ ყოფილა მოწვეული კანონით დადგენილი წესით, რის გამოც, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს „ი.-ის“ მხრიდან დაირღვა პარტნიორთა კრების თაობაზე ინფორმირების შესახებ პარტნიორის უფლება (კრების მოწვევის პროცედურული წესები). პროცედურულმა დარღვევამ და პ. ნ.-ის გარეშე პარტნიორთა კრების ჩატარებამ, თავის მხრივ, განაპირობა პ. ნ.-ის როგორც საზოგადოების პარტნიორის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47.1 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევა, რაც გულისხმობს საწარმოს პარტნიორების მიერ მმართველობით უფლებამოსილებას განხორციელებას პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

32. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელიც შეეხება პარტნიორთა კრების მოწვევის პროცედურული საკითხების დაუცველობის სამართლებრივ შედეგებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს „ი.-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ი.-ს“დაუბრუნდეს თ. გ.-ის მიერ 2015 წლის 06 აგვისტოს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% –210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე