Facebook Twitter

საქმე Nა-3620-ა-14-2015 04 ნოემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ნ. ს.-ი

მოწინააღმდეგე მხარე - თ. ყ.-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ნ. ს.-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის გამო.

2. 2015 წლის 05 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ნ. ს.-მა, რომელმაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინებით დასრულებულ საქმეზე წარმოების განახლება და მიუთითა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მისი გაუქმების საფუძვლებზე.

3. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარმოდგენილი განცხადება დასაბუთებულია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სააპელაციო სასამართლომ ნ. ს.-ის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე მიიღო განჩინება 2015 წლის 30 ივნისს, რის შესახებაც, განმცხადებელი გაფრთხილებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კი, მას ჩაბარდა 2015 წლის 03 აგვისტოს, თუმცა, ნ. ს.-მა განჩინების ჩაბარების ხელწერილში შეცდომით მიუთითა 03 ივლისი. აღნიშნული შეცდომა დადასტურებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 02 ოქტომბერს გაცემული ცნობით.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სახეზეა საქმეზე წარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძველი, რაც ნ. ს.-ის განცხადების დაკმაყოფილებას და საკასაციო საჩივარზე დასაშვებობის სტადიაზე საქმის წარმოების განახლებას განაპირობებს.

სამოტივაციო ნაწილი:

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საკასაციო სასამართლოში განცხადების განხილვისას განმცხადებელმა წარმოადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოხელის (გ.მარანელი) მიერ წერილობით დადასტურებული და გაცემული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის განჩინების ასლი, საქალაქო საქმეზე N2ბ/6670-14 აპელანტი - ნ.ს.-ი, მოწინააღმდეგე მხარე - თ.ყ.-ი, დამოწმდა და ნ. ს.-ს გადაეცა 2015 წლის 03 აგვისტოს (იხ., ტ.2.).

7. საკასაციო პალატა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საქმის მასალებთან ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ. ს.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარსადგენად საქართველოს ფოსტას ჩაბარდა საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადის დაცვით.

8. ამდენად, სახეზეა საქმის წარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.

9. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლით, 430-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ს.-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინება და საქმეზე განახლდეს წარმოება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე