Facebook Twitter

საქმე №ას-570-541-2015 11 ნოემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ. მ.-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ა.-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

II. სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები

1. ნ. ა.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: ლ. მ.-ისა და მ. ნ.-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ნოტარიუს ლ. ბ.-ის მიერ 26.02.2014წ.-ს გაცემული N..სააღსრულებო ფურცლის გაუქმება.

2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ 30.04.2012წ.-ს ნ. ა.-ესა და ლ. მ.-ეს შორის მ. ნ.-ის შუამავლობით გაფორმდა სანოტარო აქტი N... – „სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება“, რომლის საფუძველზე ლ. მ.-ემ, როგორც „იპოთეკარმა“ ნ. ა.-ეს, როგორც „მესაკუთრეს“ სესხად გადასცა 5500 აშშ დოლარი, ორი თვის ვადით, 4% სარგებლის გადახდის პირობით. სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ.-ში, ტ.-ის ქ.N7-ში (ს/კ:...) მდებარე ნ. ა.-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საპროცენტო სარგებელს მოსარჩელე გადაიხდიდა შუამავალ - მ. ნ.-თან. ლ. მ.-ემ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. ნოტარიუს ლ. ბ.-ის მიერ 26.02.2014წ.-ს გაცემულ N.. სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა 5500 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 2013 წლის 01 აგვისტოდან 1800 აშშ დოლარი. მოსარჩელის განმარტებით, მას შუამავალ მ. ნ.-ის მეშვეობით, გადახდილი აქვს როგორც სარგებელი, ისე, ძირითადი თანხა.

III. მოპასუხის პოზიცია

3. მოპასუხე ლ. მ.-ემ სარჩელი არ ცნო და სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ ნ. ა.-ეს მისთვის არ გადაუხდია სესხის ძირი თანხა და პროცენტი 2013 წლის ივნისის თვიდან.

4. მოპასუხე მ. ნ.-ს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

IV. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ა.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

V. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

6. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. ა.-ის მიერ. აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

VI. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ნოტარიუს ლ. ბ.-ის მიერ 2014 წლის 26 თებერვალს გაცემული №.. სააღსრულებო ფურცელი.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 30.04.2012წ.-ს ნ. ა.-ესა და ლ. მ.-ეს შორის, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხე ლ. მ.-ემ ნ. ა.-ეს ორი თვის ვადით სესხად გადასცა 5500 აშშ დოლარი. სესხის სარგებელი განისაზღვრა 4%-ით. მხარეთა შეთანხმებით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა პირგასამტეხლო 0.3%-ის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ.-ში, ტ.-ის ქ.№7-ში მდებარე ნ. ა.-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იპოთეკარი თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას უზრუნველყოფდა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით.

9. დადგენილია, რომ ნოტარიუს ლ. ბუხრიკაძის მიერ 26.02.2014წ.-ს გაიცა №.. სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მოვალე ნ. ა.-ის აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი მოცულობით: სესხის ძირითადი თანხა 5500 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2013 წლის 01 აგვისტოდან 1800 აშშ დოლარი.

10. დადგენილია, რომ 05.03.2014წ.-ის №.. წერილით, მოვალე ნ. ა.-ეს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.

11. სააპელაციო სასამართლომ 27.12.2013წ.-ს მ. ნ.-ის მიერ შესრულებული განცხადება-ხელწერილით დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ნ.-ს ნ. ა.-ისგან მიღებული და ლ. მ.-ისთვის გადაცემული ჰქონდა სესხის 13 თვის სარგებელი 2860 აშშ დოლარის ოდენობით.

მ.ნ.-ის განმარტებით, 30.05.2013წ.-ს ნ. ა.-ემ მას ლ.მ.-ისთვის გადასაცემად გადაუხადა სესხის ძირი თანხა 5500 აშშ დოლარი და იპოთეკით დატვირთული ქონების ყადაღისაგან გასათავისუფლებლად 70 ლარი (ტ. I, ს.ფ. 19-21).

12. სააპელაციო სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ მ. ნ.-ს, 30.05.2013წ.-ს ნ. ა.-ისგან მიღებული 5500 აშშ დოლარი და 70 ლარი ლ. მ.-ისთვის არ გადაუცია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სარჩელზე, შესაგებელზე და მ. ნ.-ის განმარტებაზე, რომლითაც დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნ. ა.-ესა და ლ. მ.-ეს შორის 30.04.2012წ.-ის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა მ. ნ.-ის შუამავლობით. ამავე დოკუმენტებსა და სააპელაციო სასამართლოში მხარეთა მიერ მიცემულ განმარტებებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ. ა.-ე სესხის პროცენტს 2013 წლის ივნისამდე იხდიდა მ. ნ.-თან, რომელიც მიღებულ თანხას გადასცემდა ლ. მ.-ეს. შესაბამისად, უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ლ. მ.-ეს 2013 წლის ივნისამდე მიღებული ჰქონდა სესხის პროცენტი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ გარიგების დადებისას წარმომადგენელი არ მიუთითებს თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, მაშინ გარიგება წარმოშობს შედეგებს უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო მ. ნ.-ის შუამავლობით, ამასთან, 11 თვის განმავლობაში სესხის პროცენტს იღებდა და გამსესხებელს გადასცემდა ეს უკანასკნელი, ნ. ა.-ისთვის სავარაუდო იყო, რომ მ. ნ.-თან ვალდებულების შესრულებით, ვალდებულებას ასრულებდა ლ. მ.-ესთან. ამდენად, მ. ნ.-ის მიერ შესრულების მიღებით, შედეგები წარმოიშვა ლ. მ.-ისთვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება) და დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 30 მაისს, მ. ნ.-თან სესხის დავალიანების დაფარვით, ნ. ა.-ემ ვალდებულება შეასრულა ლ. მ.-ესთან, რის გამოც მათ შორის ვალდებულება შეწყდა.

VII. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები

13. სააპელაციო სასამართლოს ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში საკასაციო საჩივარი წარადგინა ლ. მ.-ემ, რომელმაც მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

14. კასატორის მოსაზრებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რამაც საბოლოოდ განაპირობა მოცემული საქმის არასაწორი გადაწყვეტა.

კასატორი მიუთითთებს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი. ასევე, ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლ.დ ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოვალე ვალდებულია შესრულება განახორციელოს კრედიტორთან. ვინაიდან ნ. ა.-ეს არ გადაუცია ლ. მ.-ისათვის თანხა, მხარეთა შორის დოკუმენტი ვალის დაბრუნების შესახებ არ შემდგარა. კასატორი განმარტავს, რომ ნ. ა.-ემ სესხი მიიღო უშუალოდ ლ. მ.-ისაგან და იგი ვალდებული იყო შესრულებაც მის წინაშე განეხორციელებინა. ასევე, კასატორი სადავოდ ხდის ფაქტობრივ გარემოებას მ. ნ.-ის შუამავლობის შესახებ.

15. კასატორი მოითხოვს საოქმო განჩინების გაუქმებასაც, რომლითაც მისი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა (იხ., ტ.2. ს.ფ. 103).

სამოტივაციო ნაწილი:

VIII. საკასაციო პალატის დასკვნები

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2015 წლის 22 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ ლ. მ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

18. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოა 30.04.2012წ.-ს ნ. ა.-ესა და ლ. მ.-ეს შორის გაფორმებული სანოტარო აქტით N.. – „სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით“ განსაზღვრული ვალდებულების შესრულება.

19. საკასაციო საჩივრის საფუძვლების (კასაციის მიზეზების) საფუძვლიანობის კვლევისათვის, პირველ რიგში, უნდა შემოწმდეს ნოტარიუს ლ. ბ.-ის მიერ 26.02.2014წ.-ს გაცემულ N.. სააღსრულებო ფურცელში მითითებული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის მართლზომიერება. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

30.04.2012წ.-ს ნ. ა.-ესა და ლ. მ.-ეს შორის გაფორმდა სანოტარო აქტი N.. – „სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება“, რომლის საფუძველზე ლ. მ.-ემ, როგორც „იპოთეკარმა“ ნ. ა.-ეს, როგორც „მესაკუთრეს“ სესხად გადასცა 5500 აშშ დოლარი. სესხი გაიცა ორი თვის ვადით და მისი დაბრუნების ვადად განისაზღვრა 30.06.2012წ.. სესხი იყო სარგებლიანი და სარგებლის ოდენობა განისაზღვრა ყოველთვიურად 4%-ით.

დადგენილია, რომ მესაკუთრემ იპოთეკარს წინასწარ გადასცა ერთი თვის სარგებელი (პროცენტი).

ხელშეკრულებითვე განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სესხს დამატებოდა პირგასამტეხლო სესხის 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ხელშემკვრელ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება დაიშვებოდა წერილობითი შეთანხმებით, რომელიც უნდა დამტკიცებულიყო სანოტარო წესით.

სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ.-ში, ტ.-ის ქ.N7-ში (ს/კ:..) მდებარე ნ. ა.-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება.

ხელშემკვრელ მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იპოთეკარი თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას უზრუნველყოფდა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით.

დადგენილია, რომ ლ. მამლაძის მოთხოვნით 26.02.2014წ.-ს ნოტარიუს ლ. ბ.-ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი N.., რომელშიც ნ. ა.-ის მხრიდან ლ. მ.-ის სასარგებლოდ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი მოცულობით: ძირითადი ვალი 5500 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში), პირგასამტეხლო 01.08.2013წ.-დან 1800 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში). სააღსრულებო ფურცელში მითითებული ვალდებულების აღსრულების მიზნით დადგინდა იპოთეკის საგნის - ქ.-ში, ტ.-ის ქ.N7-ში (ს/კ:..) მდებარე ნ. ა.-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების რეალიზაცია.

დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო საქმე N..ნოტარიუსის მიერ 26.02.2014წ.-ს გაცემული N.. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

20. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი რაიმე პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოთ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ შეიცავს. შესაბამისად, ამ ნაწილში, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა გააჩნიათ.

21. კასატორი სადავოდ ხდის სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, ფულადი ვალდებულების შესრულებას და თავის საკასაციო პრეტენზიას იმ გარემოებაზე აფუძნებს, რომ მოვალე ვალდებული იყო შესრულება განეხორციელებინა მხოლოდ კრედიტორთან. საქმის განმხილველი სასამართლოს დასკვნა მ. ნადირიშვილისათვის თანხის გადაცემით კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულების შესახებ, კასატორს დაუსაბუთებლად მიაჩნია.

22. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ წარმოდგენილია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).

პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ლ. მ.-ეს 2013 წლის ივნისამდე მიღებული აქვს სარგებელი მ. ნ.-ის მეშვეობით. თუმცა ძირითადი თანხის ნაწილში, ვალდებულების შესრულების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმ იმსჯელობას ეფუძნება, რომ ვინაიდან 11 თვის მანძილზე იპოთეკარი მ. ნ.-ის მეშვეობით იღებდა სესხის პროცენტს, ამოქმედდა პრეზუმფცია, რომ სწორედ მ. ნ.-ის მეშვეობით შესრულდებოდა ვალდებულება სესხის ძირითადი თანხის ნაწილშიც.

23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში.

24. მოცემულ შემთხვევაში, საქმის განმხილველი სასამართლოს მითითება 11 თვის მანძილზე იპოთეკარის მხრიდან მ. ნ.-ის მეშვეობით პროცენტის მიღების გამო სესხის ძირითადი თანხის ნაწილშიც ვალდებულების ამავე წესით შესრულების ვარაუდის (გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.5 პუნქტი) თაობაზე არასწორია, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავს მითითებას სამოქალაქო კოდექსი ან/და განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ გვაძლევს, ხოლო სასესხო ურთიერთობებში ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის ერთი მხარიდან მეორეზე გადატანა ამგვარი ვარაუდის საფუძველზე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაუშვებელია.

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.

ერთია, როდესაც მოვალე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებს, ხოლო მეორე - მიიჩნევა თუ არა აღნიშნული შესრულება კრედიტორის მხრიდან მიღებულად და ვინ უნდა ამტკიცოს ეს (ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით დამატებით იხ., Palandt, BGB, Beckische Kurs-Kommentar, 62 auflage, Verlag C.H. Beck, 2003, 570).

26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომრეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.

შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ სესხად გაცემული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მსესხებელს, შესაბამისი მტკიცებულება სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე, შეიძლება იყოს კრედიტორის მიერ გაცემული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება.

27. მოსარჩელე ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ მან შუამავლის მეშვეობით (მ.ნ.-ი) შეასრულა ვალდებულება კრედიტორის/იპოთეკარის წინაშე და ამ გარემოების დასადასატურებლად მიუთითებს 27.12.2013წ.-ს მ. ნ.-ის მიერ შესრულებულ და ხელმოწერილ დოკუმენტზე (ხელწერილი-განცხადება), რომლის შინაარსით, მარინე ნ.-ს ნ. ა.-ისაგან სხვა თანხებთან ერთად, მიღებული აქვს სესხის ძირითადი თანხაც - 5500 აშშ დოლარი (იხ., ტ.1. ს.ფ. 20), კრედიტორი კი, უარყოფს მისგან რაიმე თანხის მიღებას.

ამ ვითარებაში, სესხის ძირითადი თანხის (5500 აშშ დოლარი) დაბრუნების შესახებ სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასატურებლად მხოლოდ მ. ნ.-ის მიერ ცალმხრივად შედგენილი და ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელსაც არ ერთვის კრეტიდორ/იპოთეკარ ლ. მ.-ის ხელმოწერა, საკმარის მტკიცებულებად ვერ შეფასდება.

28. ამდენად, პასუხი უნდა გავცეთ კითხვას იმის შესახებ, მ. ნ.-ის მიმართ ნ. ა.-ის მიერ ვალდებულების შესრულებით ლ. მ.-ის წინაშე ვალდებულება მიიჩნევა თუ არა შესრულებულად და რამდენად დგინდება აღნიშნული გარემოება გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან?

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოვალემ (ნ. ა.-ემ) თავისი ვალდებულება კრედიტორისათვის (ლ. მ.-ისათვის) სესხის ძირითადი თანხის - 5500 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე ჯეროვნად შეასრულა. სააპელაციო სასამართლომ 27.12.2013წ.-ს მ. ნ.-ის განცხადება-ხელწერილით დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ნ.-ს ნ. ა.-ისგან მიღებული და ლ. მ.-ისთვის გადაცემული ჰქონდა სესხის 13 თვის სარგებელი 2860 აშშ დოლარის ოდენობით.

მ.ნ.-ის განმარტებით, 30.05.2013წ.-ს ნ. ა.-ემ მას ლ.მ.-ისთვის გადასაცემად გადაუხადა სესხის ძირი თანხა 5500 აშშ დოლარი და იპოთეკით დატვირთული ქონების ყადაღისაგან გასათავისუფლებლად 70 ლარი (ტ. I, ს.ფ. 19-21).

სესხის ძირითადი თანხის - 5500 აშშ დოლარის ვალდებულების შესრულების ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს თანხა მოვალე (მსესხებელმა) ნ. ა.-ემ მ. ნ.-ს ლ. მ.-ისათვის გადასაცემად გადასცა. ამ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მ. ნ.-ის ახსნა-განმარტებასა და განცხადება-ხელწერილს.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, მ. ნ.-ის მიერ ცალმხრივად შედეგენილი დოკუმენტი ვერც მესამე პირის მეშვეობით ვალდებულების შესრულების ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად შეფასდება, ვინაიდან 30.04.2012წ.-ის „სესხისა და იპოთეკის“ ხელშეკრულებაში არ არსებობს რაიმე სახის ჩანაწერი, რომელიც მ. ნ.-ს უფლებამოსილებას მიანიჭებდა მიეღო შესრულება იპოთეკარის სანაცვლოდ.

ამ პირობებში კი, საკასაციო პალატას დაუსაბუთებელად მიაჩნია ნ. ა.-ის მითითება სესხის მ. ნ.-ის მეშვეობით გადახდის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლი არ გამოიყენა ამავე კოდექსის 373-ე, 623-ე და 624-ე მუხლების კონტექსტში, რამაც განაპირობა ნორმის არასწორი განმარტება. შესაბამისად, არასწორად დაადგინა ამ მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი შემადგენლობა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილი), კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, „იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. თუ გარიგების დადებისას წარმომადგენელი არ მიუთითებს თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, მაშინ გარიგება წარმოშობს შედეგებს უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ...“

29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველი ნორმა ითვალისწინებს ზოგადად წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ გარიგების დადების მატერიალურ სამართლებრივ შესაძლებლობას და განსაზღვრავს გარიგებით დამდგარი იურიდიული შედეგის ადრესატს. მაგრამ განსახილველი ნორმის განმარტებისას მხედველობაში უნდა მივიღოთ კონკრეტული ურთიერთობისათვის დამახასითებელი სპეციალური მოთხოვნები. ამ შემთხვევაში კი, გასათვალისწინებელია სასესხო ვალდებულების შესრულების თავისებურებები, რომლებიც ვლინდება ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენაში. ამდენად, განსახილველი ნორმა უნდა განიმარტოს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების თაობაზე შეთანხმების კონტექსტში, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 624-ე მუხლებთან ერთობლიობაში.

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა რომ ლ. მ.-ესა და ნ. ა.-ეს შორის წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

დადგენილია, რომ 30.04.2012წ.-ის „სესხისა და იპოთეკის“ ხელშეკრულება გაფორმებულია უშუალოდ მხარეთა მონაწილეობით. რაიმე სახის ჩანაწერი კი, რომელიც მესამე პირს - მ. ნ.-ს უფლებამოსილებას მიანიჭებდა მიეღო შესრულება იპოთეკარის სანაცვლოდ, ხელშეკრულებაში არ არსებობს.

ამ ვითარებაში, სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლზე, როგორც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში დადებულ გარიგებაზე და გარიგებით გათვალისწინებული ვალდებულების წარმომადგენლის წინაშე შესრულებაზე მითითებას, (გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.5 პუნქტი) საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულად დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილება (სსკ-ის 393-ე მუხლი). აღნიშნული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

31. დადგენილია, რომ ლ. მ.-ემ ნ. ა.-ეს სესხად გადასცა 5500 აშშ დოლარი. სადავო არაა, რომ ნ. ა.-ემ მიიღო სესხის თანხა და სანაცვლოდ, მას წარმოეშვა ლ. მ.-ისათვის შეთანხმებული პირობებითა და წესით თანხის დაბრუნების ვალდებულება (სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი).

32. დადგენილია, რომ ვალდებულება ძირითადი თანხის ნაწილში, ლ. მ.-ის მიმართ შეუსრულებელია. საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მან შუმავალ მ. ნ.-ის წინაშე შეასრულა ვალდებულება, რის გამოც, ლ. მ.-ის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის საფუძველზე შეწყდა მოთხოვნის უფლება.

33. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი.

განსახილველი ნორმა ითვალისწინებს უფლებამოსილი პირის მიმართ ვალდებულების შესრულებას, თუმცა, ნორმის სწორი განმარტების მიზნებისათვის პირველ რიგში, იგი, განხილული უნდა იქნეს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალურ ნორმებთან ერთობლიობაში. ამგვარი მიდგომა განპირობებული სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დასაშვებობის ინსტიტუტის თავისებურებით, რომლის ამოსავალი დებულება იმაში მდგომარეობს, რომ მტკიცებულებათა დაშვების ან ამორიცხვის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ნებართვების თუ აკრძალვების მიხედვით, რაც გათვალისწინებულია მატერიალური ნორმით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული ფაქტების შედეგად წარმოშობილი ურთიერთობების დასადასტურებლად, რაც საბოლოოდ წარმოადგენს სამართლის ნორმით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ კომპონენტს, აუცილებელია ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ყველა მნიშვნელოვან გარემოებებზე. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება რაიმე მითითებას წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით გარიგების გაფორმებასა და ვალდებულების ამავე წესით შესრულებაზე არ შეიცავს, ვალდებულების შესრულების ნამდვილობის დასადასტურებლად, არ არის საკმარისი მ. ნ.-ის მიერ თანხის მიღება, ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც კი.

იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულების შესრულების წესი სადავო ურთიერთობის მიხედვით ეხება სასესხო ვალდებულების შესრულებას, მისი ნამდვილობა უნდა დადგინდეს სასესხო ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი წესების დაცვით, შესაბამისად, თუ მივიჩნევთ, რომ 30.04.2012წ.-ის „სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება“ გაფორმდა შუამავლის მეშვეობით, ამ შემთხვევაშიც ნ. ა.-ეს ნაკისრი ვალდებულება მაინც ლ. მ.-ის წინაშე უნდა შეესრულებინა, რადგან რაიმე მითითებას შუამავლისათვის ძირითადი თანხის გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება არ შეიცავს.

შესაბამისად, მ. ნ.-ისათვის თანხის გადახდაზე მოსარჩელის მითითებას, საკასაციო პალატა ლ. მ.-ის მიმართ ვალდებულების შესრულებად ვერ მიიჩნევს და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. ყოველი კონკრეტული ქმედება ვალდებულებითი ურთიერთობის შემწყვეტ შესრულებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, მოვალემ კრედიტორის წინაშე ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც ჰქონდა კრედიტორს, სახელდობრ, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი). კანონის აღნიშნული დანაწესი საერთოა როგორც ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილისათვის ისე, სახელშეკრულებო სამართლისათვის და ეხება სესხის ხელშეკრულების ყველა კომპონენტს, ყველა იმ უფლება-ვალდებულებას, რომელიც წარმოიშობა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე.

34. ზოგადად, ვალდებულების ჯეროვანი შესრულება წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს და მას უკავშირდება ვალდებულების შეწყვეტა (მაგალითად, 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

კანონმდებლობა განასხვავებს ვალდებულების ჯეროვან (სათანადო) და არაჯეროვან (არასათანადო) შესრულებას. არაჯეროვანია შესრულება, როდესაც ვალდებულება მოვალის მიერ მართალია, სრულდება, თუმცა შესრულებას ხარვეზი გააჩნია, რომ იგი არ შეესაბამება ვალდებულების საფუძვლად არსებული გარიგების შინაარსსა და შესრულებით დაინტერესებული პირების მოლოდინს.

ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ვალდებულება არ წყდება და როგორც წესი, შედეგად იწვევს ვალდებულების დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას. ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს მოვალის მიერ იმ მოთხოვნათა განუხრელ დაცვას, რომლებიც დაკავშირებულია თვით შესრულების საგანთან. თუ როგორი შესრულებაა ჯეროვანი, უპირველეს ყოვლისა, ხელშეკრულებით განისაზღვრება.

35. ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი როლიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრიციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს.

კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ეს დანაწესი მოიცავს მთელ კერძო სამართალს, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და იმანენტურ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს ზოგადად სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით.

კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა.

კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი.

კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია აკისრია: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომელიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქციები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება, მიუხედავად ვალდებულების წარმოშობის საფუძვლისა, წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. როგორც წესი, სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე მხარეები მხედველობაში იღებენ კონტრაჰენტის პიროვნებას. კრედიტორი ვარაუდობს, რომ მოვალე ვალდებულებას შეასრულებს ხელშეკრულების პირობათა შესაბამისად. უმრავლეს შემთხვევებში, ვალდებულების შესრულება ხდება პირადად მოვალის მიერ - მყიდველი თვითონ იხდის ნაყიდი საქონლის ფასს; მსესხებელი აბრუნებს სესხის საგანს და ა.შ.

ვალდებულების შესრულების სუბიექტები არიან ის პირები, რომლებიც ასრულებენ ვალდებულებას ან იღებენ შესრულებას. ვალდებულების შესრულების სუბიექტები შეიძლება არ დაემთხვეს სუბიექტებს. ვალდებულების სუბიექტები ყოველთვის არიან კრედიტორი და მოვალე, ვალდებულება კი მოვალის ნაცვლად შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა და შესრულება მიიღოს არა კრედიტორმა, არამედ სხვამ. როგორც წესი, მოვალე თვითონ ასრულებს ვალდებულებას, მაგრამ კრედიტორს შეიძლება შესრულება შესთავაზოს სხვა, მესამე პირმაც, რომელიც არ არის მოცემული ვალდებულებითი ურთიერთობის მონაწილე. ზოგჯერ კრედიტორისათვის სულერთია, თუ ვინ შეუსრულებს მას ვალდებულებას - მოვალე თუ მესამე პირი. მისთვის მთავარია, მიიღოს შესაბამისი დაკმაყოფილება (მაგალითად, დაუბრუნდეს ვალი).

პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია არა მხოლოდ ის, თუ ვინ ასრულებს ვალდებულებას, არამედ ისიც, თუ ვის მიმართ ხდება შესრულება. ზოგადი წესის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის თანახმად, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, ვის მიმართაც კრედიტორმა უნდა შეასრულოს ვალდებულება. ასეთად, პირველ რიგში, ითვლება უშუალოდ კრედიტორი. ამასთან, ეს უკანასკნელი არ არის ერთადერთი პირი, რომლის მიმართაც შეიძლება შესრულდეს ვალდებულება. ეს შეიძლება იყოს კრედიტორის კანონისმიერი ან სახელშეკრულებო წარმომადგენელი. შესრულებაზე უფლებამოსილი პირი სასამართლო გადაწყვეტილებითაც შეიძლება განისაზღვროს. მაგალითად, სამოქალაქო კოდექსის 21-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლომ პირი ცნო უგზო-უკვლოდ დაკარგულად, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ კანონით მემკვიდრეები მოიპოვებენ უფლებამოსილებას, უკვალოდ დაკარგულის ქონება მართონ მინდობილი საკუთრების სახით, მათ შორის მიიღონ სარგებელი. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე კანონით მემკვიდრეები უფლებამოსილნი ხდებიან მიიღონ დაკარგულის მოვალის მიერ შემოთავაზებული შესრულება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონდებლობაში ზოგადი წესებიდან დაშვებულია გამონაკლისი. მოვალის მიერ ვალდებულება შეიძლება ფაქტობრივად რომელიმე მესამე პირის მიმართაც შესრულდეს. ეს შეიძლება იყოს კრედიტორის მიერ შესრულების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ე.წ. შესრულების ფაქტობრივი მიმღები პირი (ასეთივე მიდგომაა გერმენულ სამართალშიც დაწვრილებით იხ., Münchener Kommentar, Schuldrecht AT, 4 Auflage, Verlag C.H. Beck, 2003, 2377). თუმცა მოვალის მიერ მესამე პირისათვის ვალდებულების შესრულებისას, ასევე, მხედველობაშია მისაღები კრედიტორის ნება-სურვილი. ამ შემთხვევაში, მოვალე საჭიროებს კრედიტორის თანხმობას. თანხმობა შეიძლება გამოიხატოს შესრულების განხორციელებამდე ან შესრულების განხორციელების შემდეგ (შესრულების მოწონება).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესრულების მიღებაზე კრედიტორის მიერ უფლებამოსილება მინიჭებული პირები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ როდის მოხდა მათთვის უფლებამოსილების მინიჭება. კერძოდ, თუ პირს შესრულების მიღებაზე უფლებამოსილება კრედიტორისაგან მიენიჭა მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განხორციელებამდე, მაშინ იგი უფლებამოსილი წარმომადგენელია წარმომადგენლობის სამართლებრივი გაგებით, ხოლო თუ ამ მესამე პირს არ ჰქონდა მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებისას კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების უფლებამოსილება მინიჭებული და ისე მიიღო მან შესრულება, მაშინ ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად, თუ კრედიტორი მოიწონებს და დაეთანხმება შესრულების მიღებას ამ პირის მიერ. თუმცა ასეთ შემთხვევაში მინიჭებული უფლებამოსილება არ წარმოშობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას მისი იურიდიული მნიშვნელობით.

კრედიტორის ნაცვლად შესრულების მიმღები მესამე პირის უფლებამოსილება შეიძლება სხვადასხვაგვარად დადგინდეს, მაგალითად, როგორიცაა წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც დგინდება მესამე პირის ვინაობა; მინდობილობა; სადამფუძნებლო დოკუმენტები (იურიდიული პირების მიმართ) ან გამომდინარეობდეს საქმის გარემოებებიდან.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მეტად მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს ვალდებულების შესრულება არაუფლებამოსილი პირის მიმართ. თუ ეს არ ხდება კრედიტორის თანხმობით, მოვალის მიერ ვალდებულება შესრულებულად არ ჩაითვლება. მოვალეს ვალდებულების დარღვევის გამო, დაეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. თავის მხრივ, მოვალეს უფლება აქვს არაუფლებამოსილი პირის მიმართ განხორციელებული შესრულებისას, მოითხოვოს მისგან შესრულების უკან დაბრუნება არა რეგრესული მოთხოვნის, არამედ უსაფუძვლო გამდიდრების (სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი) საფუძველზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ კრედიტორს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული თანხმობა გაცემული ჰქონდა მ. ნ.-ის სახელზე.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს სწორედაც რომ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის არასწორი გამოყენება, რაც გამოიწვია საქმეში წარმოდგენილი და საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების არასწორმა შეფასებამ.

36.საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემულ შემთხვევაში, 2012 წლის 30 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების კრედიტორის მიმართ შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება მოვალის (ნ. ა.-ის) მიერ წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეწყვეტის საფუძველი, შესაბამისად, ნოტარიუს ლ. ბ.-ის მიერ 26.02.2014წ.-ს გაცემული N... სააღსრულებო ფურცელი სესხის ძირითადი თანხის ნაწილში კანონიერია.

37. რაც შეეხება სააღსრულებო ფურცელს პირგასამტეხლოს ნაწილში, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის იმ დანაწესზე, რომელიც არეგულირებს პირგასამტეხლოს სამართლებრივ ბუნებას, მისი გადახდის წესსა და პირობებს. 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ 2015 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე #ას-1158-1104-2014; სუსგ 2015 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე #ას-459-438-2015).

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

38. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ 30.04.2012წ.-ს ნ. ა.-ესა და ლ. მ.-ეს შორის გაფორმდა სანოტარო აქტი N.. – „სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება“. სესხი გაიცა ორი თვის ვადით და მისი დაბრუნების ვადად განისაზღვრა 30.06.2012წ.. ხელშეკრულებითვე განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სესხს დამატებოდა პირგასამტეხლო სესხის 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშემკვრელ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება დაიშვებოდა წერილობითი შეთანხმებით, რომელიც უნდა დამტკიცებულიყო სანოტარო წესით.

39. უდავოა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა სანოტარო, წერილობითი ფორმით არ გაგრძელებულა. ნ. ა.-ის მიერ 11 თვის სარგებლის გადახდის მართლზომიერებაზე კი, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, ამ ნაწილში, მოთხოვნის არარასებობის გამო.

40. ნ. ა.-ის სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების არამართლზომიერების ნაწილშიც ასევე უსაფუძვლოდ უნდა იქნეს მიჩნეული.

დადგენილია, რომ ნოტარიუს ლ. ბუსხრიკიძის მიერ 26.02.2014წ.-ს გაცემული N.. სააღსრულებო ფურცლით პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 01.08.2013წ.-დან 1800 აშშ დოლარით.

როგორც ზემოთ აღნიშნა 30.06.2012წ.-ს ამოიწურა მხარეთა შორის წერილობით გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ამ დროიდან კრედიტორს აღარ აქვს სარგებლის მოთხოვნის უფლება (ნ. ა.-ის მიერ 11 თვის სარგებლის გადახდის მართლზომირებაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, ამ ნაწილში, მოთხოვნის არარასებობის გამო), რასაც ვერ ვიტყვით პირგასამტეხლოზე, რამდენადაც პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სახეზეა კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა: მხარეთა წერლობითი შეთანხმება და ვალდებულების დარღვევა.

ამდენად, ნოტარიუს ლ. ბ.-ის მიერ 26.02.2014წ.-ს გაცემული N.. სააღსრულებო ფურცელი პირგამტეხლოს ნაწილშიც კანონიერია და არ არსებობს მისი ამ ნაწილში გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

41. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, საქმეზე მიღებული შუალედური საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე (იხ., საკასაციო საჩივარი - ტ.2. ს.ფ. 103), აღნიშნულს საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ საოქმო განჩინებების გაუქმების მოთხოვნა იმგვარად, რომ მხარე არ მიუთითებს არც კონკრეტულ განჩინებაზე და არც მისი გაუქმების ფაქტობრივ საფუძვლებზე, სასამართლოს არ აძლევს უფლებას, საკუთარი შეხედულებით გადაწყვიტოს მისი უსწორობის საკითხი, ამგვარი მიდგომა არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებიდან.

42. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრა 817 ლარით, საიდანაც ლ. მ.-ის მიერ გადახდილია 300 ლარი, ხოლო 517 ლარის გადახდა გადავადებულია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ვინაიდან, ლ. მ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ნ. ა.-ემ სრულად უნდა აუნაზღაუროს ლ. მ.-ეს საკასაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ხოლო საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟი - 517 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს ნ. ა.-ემ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გადაწყვიტა:

1.ლ. მ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდეს;

3. ნ. ა.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. ნ. ა.-ეს ლ. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 300 ლარის გადახდა;

5. ნ. ა.-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 517 ლარის ოდენობით. თანხა ჩარიცხულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.-ი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე