საქმე №ას-555-526-2015 23 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს „ე-ო“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ამხანაგობა „ჩ-ე 11“, თ. მ-ე, მ. ო-ი, ბ. ჭ-ე, ლ. წ-ე, ა. ქ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „ე-ომ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი), სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოითხოვა ამხანაგობა „ჩ-ე 11-ისა“ და მისი წევრების: თ. მ-ის, მ. ო-ის, ბ. ჭ-ის, ლ. წ-ისა და ა. ქ-ისათვის 12 334,89 ლარის სოლიდარულად დაკისრება იმ საფუძვლით, რომ 2009 წლის 17 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმებული ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები მოსარჩელემ ჯეროვნად შეასრულა, ხოლო მოპასუხეებმა არ აანაზღაურეს სამუშაოების შესრულების ღირებულება, დავალიანებამ შეადგინა 12 334,89 ლარი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2013 წლის 1 ნოემბერს, მოპასუხეების მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 12 334,89 ლარის გადახდა;
2.2. ამავე სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის საოქმო განჩინებით გაითვალისწინა ლ. წ-ის საჩივარში მითითებული გარემოება, რომ მას საქმის მასალები არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის საფუძველზე გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განაახლა საქმის წარმოება.
3. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე ლ. წ-ემ მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა მის ხანდაზმულობაზე.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი, ასევე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საოქმო განჩინების გაუქმება და მოპასუხეებისათვის თანხის დაკისრება.
6. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მარტის განჩინებით შპს „ე-ოს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
6.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1.1. პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღნიშნა, რომ განხილვის საგანი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 დეკემბრის განჩინება იყო. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების, 2321 მუხლის თანახმად, აღნიშნა შემდეგი: პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეებს: მ. ო-ს, ბ. ჭ-ეს, ა. ქ-ეს, თ. მ-ესა და ლ. წ-ეს ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით, თუმცა შესაგებელი არ წარადგინეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე და 2321 მუხლების საფუძველზე, 2013 წლის 1 ნოემბერს საქალაქო სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
6.1.2. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ლ. წ-ეს სარჩელი და თანდართული მასალები არ ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 71-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად და მისთვის ცნობილი არ იყო სარჩელის არსებობისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.
6.1.3. პალატის შეფასებით, მოცემული შემთხვევა შეეხებოდა, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, მოპასუხის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, რისთვისაც, პირველ რიგში, უნდა შეფასებილიყო, თუ რამდენად არსებობდა მოპასუხის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური საფუძველი, რაც გულისხმობდა შემდეგი წინაპირობის დაცულობას: მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარებული უნდა ჰქონდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6.1.4. არ იქნა გაზიარებული აპელანტის მოსაზრება, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური საფუძველი მოპასუხისათვის გზავნილის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაუბარებლობის გამო, რადგანაც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. წ-ეს სარჩელი და თანდართული მასალები გაეგზავნა მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე: ქ.თბილისი, ვ.ფ-ას #..., კორპ #..., ბ#.... საქმეში წარმოდგენილი შპს „ს. ე-ის“ #... წერილის თანახმად, 2013 წლის 14 აგვისტოს დამტარებლის მიერ მიტანილი იქნა გზავნილი ზემოაღნიშნულ მისამართზე. გზავნილი ვერ ჩაბარდა მიმღებს, რადგან მისამართზე დამტარებელს სადარბაზო დახვდა დაკეტილი და, შესაბამისად, გზავნილი დაუბრუნდა გამგზავნს; საქმეში წარმოდგენილი შპს „ს. ე-ის“ #... წერილის თანახმად, 2013 წლის 23 აგვისტოს დამტარებლის მიერ მიტანილი იქნა გზავნილი ზემოაღნიშნულ მისამართზე. გზავნილი ვერ ჩაბარდა მიმღებს, რადგან მისამართზე დამტარებელს სადარბაზო დახვდა დაკეტილი, დამაფონზე გვარი არ იყო მითითებული, შესაბამისად, გზავნილი დაუბრუნდა გამგზავნს; საქმეში წარმოდგენილი შპს „ს. ე-ის“ #... და #... წერილებით დგინდებოდა, რომ 2013 წლის 23 სექტემბერსა და 27 სექტემბერს დამტარებლის მიერ მიტანილი იქნა გზავნილი ზემოაღნიშნულ მისამართზე. გზავნილი ვერ ჩაბარდა მიმღებს, რადგან მისამართზე არავინ იმყოფებოდა. დამტარებელს განუმარტეს, რომ ლ. წ-ეს არ იცნობენ; ლ. წ-ეს სარჩელისა და დავის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ეცნობა საჯარო პუბლიკაციის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, ამდენად, პალატის შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.
6.1.5. პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები ადგენდნენ მხარის შეტყობინების წესს. შეტყობინება შესაძლოა განხორციელდეს საჯარო პუბლიკაციის გამოყენების გზითაც იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი სხვა წესით მხარის შეტყობინება ვერ მოხერხდა. ამრიგად, საჯარო პუბლიკაცია წარმოადგენს სასამართლო უწყების ჩაბარების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ერთ-ერთ წესს და სასამართლოს მიერ სასამართლო უწყების ამგვარი ფორმის გამოყენება უნდა განხორციელდეს საპროცესო ნორმების სრული დაცვით, ვინაიდან სხვა საშუალებით მოპასუხეს სასამართლო უწყება ვერ ჩაბარდა. საჯარო შეტყობინება წარმოადგენს მხარის ინფორმირებულობის უკიდურეს ღონისძიებას. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი სწორია, ვინაიდან ლ. წ-ე საჩივარში უთითებდა იმავე მისამართს, რომელზედაც ეგზავნებოდა სარჩელი და თანდართული მასალები. ერთ შემთხვევაში, გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზი ის გარემოება იყო, რომ დამტარებელს სადარბაზო დახვდა დაკეტილი და, ამდენად, ვერ მოხერხდა ადრესატამდე გზავნილის მიტანა, ხოლო, მეორე შემთხვევაში, დამტარებელს განუმარტს, რომ ლ. წ-ეს არ იცნობდნენ.
6.1.6. საჩივრის წარდგენის შემდგომ გაგზავნილი შეტყობინებები ლ. წ-ეს ბარდებოდა მითითებულ მისამართზე და არც ერთ შემთხვევაში გზავნილზე მითითება, რომ სადარბაზოს კარი დაკეტილია ან ადრესატი არ ცხოვრობს, არ იყო დაფიქსირებული. ლ. წ-ეს ჩაბარდა სასამართლოს მიერ გაგზავნილი დაუსწრებელი გადაწყვტილება პირადად მითითებულ მისამართზე. დაუშვებელია საპროცესო სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება იმგვარად, რომ ერთი მხარის უფლების დასაცავად დაუშვებლად იქნეს ხელყოფილი მეორე მხარის უფლებები. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დაცული იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებას, განიხილოს მისი საქმე სასამართლომ და მოპასუხის უფლებას შორის, ჯეროვნად იყოს ინფორმირებული მის წინააღმდეგ გამართულ სასამართლო სამართალწარმოების თაობაზე. მხარე ცხოვრობს იმ მისამართზე, სადაც ეგზავნებოდა შეტყობინებები, თუმცა დამტარებლის მიერ ვერ მოხერხდა ადრესატამდე გზავნილის მიტანა, რაც იმ გარემოებებით იყო განპირობებული, რომ დამტარებელს სადარბაზოს კარი დახვდა დაკეტილი. აღნიშნული მხარის საწინაღმდეგოდ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, ვინაიდან გაუმართლებლად შეილახებოდა მისი უფლება, დროულად ყოფილიყო ინფორმირებული მის წინააღმდეგ სასამართლოში წარმოებული საქმის შესახებ. ამდენად,მოპასუხე არ იყო ინფორმირებული კანონით დადგენილი წესით.
6.1.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 241-ე მუხლის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის განჩინება კანონიერი იყო და უნდა დარჩენილიყო უცვლელად.
6.1.8. სამოქალაქო კოდექსის 463-ე, 937-ე, 466-ე მუხლების თანახმად, პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეები ამხანაგობა „ჩ-ე 11-ის“ წევრები არიან. სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხის დავალიანება შეადგენდა 12 334.89 ლარს. მოვალეებს წარმოადგენდნენ თ. მ-ე, მ. ო-ი, ბ. ჭ-ე, ლ. წ-ე და ა. ქ-ე. მათი პასუხისმგებლობა კრედიტორის წინაშე იყო სოლიდარული. ლ. წ-ეს გააჩნდა უფლება, წარედგინა ყველასათვის საერთო შესაგებელი. კონკრეტულ შემთხვევაში, ლ. წ-ემ საჩივრით მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება არა მხოლოდ მისთვის თანხის დაკისრების ნაწილში, არამედ ყველა სოლიდარული მოვალის მიმართ თანხის დაკისრების ნაწილშიც. საჩივარში ლ. წ-ე მიუთითებდა, რომ სარჩელი იყო ხანდაზმული, რაც მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მას გააჩნდა შესაგებელი ვალდებულების არსიდან გამომდინარე (ყველასათვის საერთო შესაგებელი), თუმცა შესაგებლის წარდგენის შესაძლებლობა არ მიეცა, რადგან მას გზავნილი კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია. მოვალის შესაძლებლობა, წარადგინოს საერთო შესაგებელი გამომდინარეობს სოლიდარული ვალდებულების არსიდან, რადგან სოლიდარული ვალდებულების დროს ერთ-ერთი მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულების შემთხვევაში, მას დანარჩენი მოვალეების მიმართ გააჩნია უკუმოთხოვნის უფლება. შესაბამისად, ლ. წ-ის მოთხოვის საფუძველზე სასამართლომ კანონიერად მიიღო განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
7. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი, ასევე, საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ 2013 წლის 26 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
7.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
7.1.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მოპასუხეთათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები და ამ დარღვევას შედეგად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრის ავტორის _ ლ. წ-ის მიმართ სასამართლომ დაადგინა, რომ შეტყობინება ადრესატს სწორ მისამართზე ეგზავნებოდა, თუმცა მაინც არასწორად განმარტა საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შინაარსი, ამასთანავე, გარდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა, არასწორად არ გაითვალისწინა მოპასუხეთა ნაწილის აღიარება, რომ მათ ჩაბარდათ დოკუმენტები თუმცა არც დაინტერესებულან შინაარსით.
7.1.2. გარდა მითითებული არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევისა, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა მატერიალური სამართლის ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 466-ე მუხლი და ერთ-ერთი თანამოპასუხის საჩივრის საფუძველზე სრულად გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ პირთა მიმართ წარდგენილი პრეტენზიის ნაწილშიც, რომლებსაც დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება სადავო არ გაუხდიათ, სასამართლომ აღნიშნულით დაარღვია შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპი, ასევე კანონის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნები, რადგანაც გარდა ლ. წ-ისა, სხვა პირთა მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში. სააპელაციო სასამართლო იყენებს გაურკვეველ ტერმინს_ ყველასათვის საერთო შესაგებელი და სრულიად უკანონოდ ადასტურებს, რომ საჩივრის ავტორმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება არა მხოლოდ მისთვის, არამედ ყველა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს დადგენილ ვადაში მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონიერება. სააპელაციო პალატა, გასაჩივრებული განჩინებით დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს, რომ საჯარო შეტყობინების განხორციელების გზით პირისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო მხარის ჯეროვან ინფორმირებად, რადგანაც სასამართლოს ყველა ღონე უნდა ეხმარა, ადრესატისათვის კორესპოდენციის გადასაცემად, ხოლო საჯარო შეტყობინების განხორციელება, პალატის მოსაზრების თანახმად, წარმოადგენს უკიდურეს ღინისძიებას. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხის მხარეს სოლიდარული მოვალეების (თანამოპასუხეების) არსებობის პირობებში, ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ საჩივრის წარდგენა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია სამოქალაქო კოდექსის 466-ე მუხლით განსაზღვრულ სოლიდარული მოვალის შესაგებლად, რაც, თავის მხრივ, საფუძვლად დაუდო იმ მოპასუხეთა მიმართ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასაც, რომლებსაც პრეტენზია დადგენილი წესით არ გამოუთქვამთ დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებაზე (არ წარუდგენიათ საჩივარი).
1.2. კასატორი არ ეთანხმება გასაჩვრებული გადაწყვეტილების შეფასებებსა და დასკვნებს იმ მოტივით, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 466-ე მუხლი საპროცესო სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისათვის, არასწორად განმარტა იგი, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები და ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი (სსსკ-ის 393-ე მუხლი). კასატორი მოითხოვს, როგორც სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი განჩინების, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმებას.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთო წესის მიხედვით, სასამართლოს ნებისმიერი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს. თავისებურება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად (ცალკე) - კერძო საჩივრით (საჩივრით), ხოლო ზოგიერთი - მხოლოდ გადაწყვეტილებასთან ერთად. სასამართლოს იმ განჩინებების უსწორობაზე და დაუსაბუთებლობაზე, რომლებიც შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო კერძო საჩივრით, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზით არ გასაჩივრებულა, აგრეთვე იმ განჩინებებზე, რომლებზეც კერძო საჩივრის შეტანა დაუშვებელია, შეიძლება მიეთითოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ შეტანილ საკასაციო საჩივარში. უნდა აღინიშნოს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინებების ამ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრების მიზანი შეიძლება იყოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დაუსაბუთებლობის, მისი კანონის დარღვევით მიღების დადასტურება. შესაბამისად, თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრებული წინმსწრები განჩინებები კანონის დარღვევითაა მიღებული, რამაც შემაჯამებელი გადაწყვეტილების იურიდიული დაუსაბუთებლობა განაპირობა, საკასაციო სასამართლო გააუქმებს როგორც შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, ისე კანონის დარღვევით მიღებულ განჩინებებსაც. საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებული განმარტება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ. სუსგ-ებები: №3კ/393-01, 19 ოქტომბერი, 2001 წ; №ას-112-415-04, 4 მარტი, 2004წ; №ას-217-209-2013, 20 სექტემბერი, 2013 წ.). ვინადან, მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განჩინებას, რომლის დამოუკიდებლად ან კერძო საჩივრის წარდგენის გზით გასაჩივრებასაც კანონი არ ითვალისწინებს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უპირველესად სწორედ ამ წინმსწრები საპროცესო აქტის კანონიერება უნდა შეფასდეს.
1.4. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დეტალურად ადგენს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისათვის გადაცემის წესს და თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ (სსსკ-ის 183-ე მუხლი) მოპასუხის ჯეროვან ინფორმირებას კანონმდებელი მოსარჩელეს ავალდებულებას. მოსამართლისათვის სარჩელის (განცხადების) გადაცემიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 14 დღისა მოსარჩელეებს მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ეგზავნებათ შეტყობინება ან სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) მათ მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე (სსსკ-ის 184.1 მუხლი). ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელე ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი სასამართლო გზავნილის ჩაბარება დასტურდება ადრესატის მიერ ელექტრონული საშუალებით მიწოდებული დადასტურებით (სსსკ-ის 184.3 მუხლი). აღნიშნული ვალდებულების პარალელურად საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია ასევე იმ მოპასუხეთა ინფორმირების წესი, რომელთაც ვერ ბარდებათ შეტყობინება (სარჩელი) ან მათი მისამართი უცნობია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს განჩინება სასამართლო გზავნილის საჯაროდ გავრცელების შესახებ.
1.5. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს იურიდიულ პირს და იგი უზრუნველყოფილია დაცვით (ჰყავს წარმომადგენელი), შესაბამისად, მას წარმოეშობოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლით განსაზღვრული მოპასუხეთა ინფორმირების ვალდებულება, თავის მხრივ, მოპასუხე მხარედ გვევლინება ერთობლივი საქმიანობა „ჩ-ე 11“, მისი თავმჯდომარე და წევრები: თ. მ-ე, მ. ო-ი, ბ. ჭ-ე, ლ. წ-ე, ა. ქ-ე. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილებისა და შეტყობინებების თანახმად:
ა) ამხანაგობა „ჩ-ე 11-ს“ სარჩელი და თანდართული მასალები გაეგზავნა სამჯერ 14.08.2013წ. შეტყობინების თანახმად, ჩაუბარებლობა განაპირობა ამხანაგობის მისამართის შეცვლამ; 23.08.2013წ. შეტყობინების თანახმად, თავმჯდომარე არ იმყოფებოდა, ხოლო თანამშრომელმა უარი განაცხადა შეტყობინების მიღებაზე (სსსკ-ის 75.2 მუხლის შესაბამისად, ეს ვერ ჩაითვლებოდა უფლებამოსილი პირის უარად, შესაბამისად, მოსარჩელემ კიდევ ერთხელ გააგზავნა შეტყობინება მოპასუხესთან), ხოლო 26.09.2013წ. შეტყობინების თანახმად, სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა ამხანაგობის თავმჯდომარის ოჯახის წევრს, ამდენად, 2013 წლის 26 სექტემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის თანახმად, ამხანაგობა „ჩ-ე 11“ ითვლება ინფორმირებულად;
ბ) თ. მ-ემ, რომელიც იმავდროულად ამხანაგობის თავმჯდომარეა, სარჩელი და თანდართული მასალები პირადად ჩაიბარა 2013 წლის 23 აგვისტოს, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს ამხანაგობის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის, ხოლო თ.მ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ინფორმირებას;
გ) მ. ო-თან პირველად გაგზავნილი შეტყობინება ადრესატს არ ჩაბარებია, 14.08.2013წ. შეტყობინების თანახმად, შინ არავინ იმყოფებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შეტყობინება ადრესატს გაეგზავნა კიდევ ორჯერ: 23.08.2013წ. საფოსტო პასუხის თანახმად, ადრესატმა შეიცვალა მისამართი, ხოლო 23.09.2013წ. შეტყობინებით დასტურდება, რომ სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა მ.ო-ის ოჯახის წევრ ნ-ს, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოპასუხე ინფორმირებულად მიიჩნევა;
დ) ბ. ჭ-ესთან გაგზავნილი შეტყობინების პასუხად ირკვევა შემდეგი: 14.08.2013წ. ფოსტალიონს განუმარტეს, რომ ადრესატი არ ცხოვრობს; 23.08.2013წ; 31.08.2013წ. და 02.09.2013წ. საფოსტო პასუხების თანხმად, ფოსტის მუშაკს სადარბაზო დახვდა დაკეტილი, ხოლო 23.09.2013წ. შეტყობინება ჩაბარდა ადრესატის ოჯახის წევრს გ-ეს, ამდენად, მხარე ჯეროვნად იყო ინფორმირებული (სსსკ-ის 74.1 მუხლი);
ე) ა. ქ-ეს ორჯერ გაეგზავნა შეტყობინება, 23.08.2013წ. საფოსტო პასუხის თანახმად, გზავნილი ჩაბარდა თანამშრომელს, ხოლო 23.09.2013წ. პასუხის თანახმად _ ოჯახის წევრ ი-ს, შესაბამისად, სახეზეა მხარის ინფორმირებულად მიჩნევის, როგორც 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით, ისე 74-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წინაპირობები;
ვ) რაც შეეხება ლ. წ-ეს, მას შეტყობინება გაეგზავნა ოთხჯერ: 14.08.2013წ. და 23.08.2013წ. ფოსტალიონს სადარბაზოს კარი დახვდა დაკეტილი, 27.09.2013წ. განუმარტეს, რომ ლ.წ-ე ამ მისამართზე არ ცხოვრობდა, ხოლო 23.08.2013წ. შეტყობინების თანახმად, შინ არავინ იმყოფებოდა. გასათვალისწინებელია სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ ლ. წ-ეს შეტყობინება ზუსტ მისამართზე ეგზავნებოდა. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მიუხედავად მისამართის სისწორისა და გზავნილის არაერთხელ გაგზავნისა, ადრესატამდე კორესპოდენციის მისვლა ვერ მოხერხდა, მოსარჩელემ მართებულად მიმართა სასამართლოს, ხოლო სასამართლომ 2013 წლის 7 ოქტომბერს კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოიტანა განჩინება ლ. წ-ისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების პუბლიკაციის მეშვეობით ჩაბარების თაობაზე. ამგვარი ქმედება, ერთი მხრივ, გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-4 ნაწილის დისპოზიციიდან, ხოლო, მეორე მხრივ, ემყარება 78-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. საქმეში წარმოდგენილი აქტის თანახმად, პუბლიკაცია სასამართლოში თვალსაჩინო ადგილას 2013 წლის 8 ოქტომბერს, ხოლო ვებგვერდზე (WWW.TCC.GOV.GE) _ 2013 წლის 16 ოქტომბერს განთავსდა.
1.6. უდავოა ის გარემოება, რომ არც ერთ მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოში არ წარუდგენია, შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით და სავსებით სწორად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, აქვე საგულისხმოა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას, რამდენადაც შესაგებლის შეუტანლობის გამო კანონის ძალით დადგენილად მიიჩნევა, რომ მხარეთა შორის არსებობდა მომსახურების ხელშეკრულება, მოსარჩელემ ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, ხოლო დამკვეთს არ გადაუხდია თანხა, ამასთანავე, ამხანაგობის ბუნებიდან გამომდინარე, მისი წევრები წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. მითითებული გარემოებები შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილების მოთხოვნებს, 629-ე, 630-ე მუხლებს, 937-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 463-ე-464-ე მუხლების მოთხოვნებს.
1.7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქვემდგომი სასამართლების შეფასებას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან თითოეული მოპასუხე, მათ შორის ლ. წ-ე, სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით იყვნენ ინფორმირებული (მით უფრო იმ პირობებში, რომ პირებს, რომლებსაც უშუალოდ/ოჯახის წევრის მეშვეობით ჩაბარდათ სარჩელი და თანდართული მასალები, საჩივარი არ წარუდგენიათ და ამ გზით სადავოდ არ გაუხდიათ საკუთარი ინფორმირების ფაქტი).
1.8. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმ ნაწილში, რომლის თანახმადაც, მატერიალური სამართლის ნორმაზე დაყრდნობით სასამართლომ არასწორად გააუქმა ყველა სოლიდარული მოვალის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სამოქალაქო კოდექსის 466-ე მუხლით განსაზღვრული მატერიალურ-სამართლებრივი შესაგებელი არ წარმოადგენს საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის მიზნებისათვის სარჩელისაგან სოლიდარულ მოვალეთა თავდაცვის საპროცესო საშუალებას, იგი იმგვარი მატერიალურ-სამართლებრივი ინსტრუმენტია, რომელიც ვალდებულებაზე ზემოქმედების საშუალებას იძლევა და სოლიდარულ მოვალეს ანიჭებს შესაძლებლობას, კრედიტორის მოთხოვნისაგან დაიცვას თავი. მატერიალური სამართლის ნორმები დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს, რომლებიც იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. სასარჩელო მოთხოვნის წარდგენისას სასამართლოს მოვალეობაა საპროცესო წესების დაცვით (შეჯიბრებითობა, მტკიცების ტვირთის განაწილება და სხვა) დაადგინოს მატერიალური ნორმის შემადგენლობა _ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები და ამ გზით გადაწყვიტოს დავა. რაც შეეხება საპროცესო ურთიერთობის მიზნებისათვის თანამონაწილეობის საკითხს, იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლით რეგულირდება და ნორმის პირველი ნაწილით კანონმდებელი გვთავაზობს თანამონაწილეობის საფუძვლებს. თეორიაში დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, თანამონაწილეობა დაყოფილია სავალდებულო და ფაკულტატურ თანამონაწილეობად და სავალდებულო თანამონაწილეობა სახეზეა მაშინ, როდესაც სარჩელის საგანს საერთო უფლება წარმოადგენს (სსსკ-ის 86.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი), რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა, თუმცა, საგულისხმოა, რომ 86-ე მუხლის მე-2 ნაწილის ძალით, თითოეული მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ განსახილველი დავის ფარგლებში შესაფასებელია მესამე პირის მოთხოვნის საფუძვლიანობა სოლიდარული მოვალეების მიმართ (სკ-ის 937.1 მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრული სოლიდარული პასუხისმგებლობა და არა ამხანაგობის წევრთა ურთიერთვალდებულება), ამდენად, სარჩელის მატერიალური უფლების მარეგულირებლად საპროცესო წესებთან ერთად გვევლინება სამოქალაქო კოდექსის 465-ე და 469-ე მუხლები. მითითებული ნორმების თანახმად კი, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. სარჩელის შეტანა ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ კრედიტორს არ ართმევს უფლებას შეიტანოს სარჩელი დანარჩენ მოვალეთა მიმართაც. მითითებულ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ თუკი ლ. წ-ის საჩივარი საფუძვლიანი იქნებოდა, ის დანარჩენი მოპასუხეების მიმართ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი მაინც ვერ გახდებოდა. ამ თვალსაზრისით გასათვალისწინებელია, რომ არც საქმის მასალებით ირკვევა და არც ქვემდგომ სასამართლოებს დაუდგენიათ ლ.წ-ის სახელზე სხვა თანამოპასუხეების მხრიდან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების საკითხი (სსსკ-ის 87-ე და 98-ე მუხლები). ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ე-ომ“ წარმოადგინა დასაბუთებული პრეტენზია, რის შედეგადაც სახეზეა გასაჩვრებული აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველბი.
1.9. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. რადგანაც არ იკვეთება საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობები, პალატა თვლის, რომ უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოს დავა, ვინაიდან არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, საკასაციო პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს, როგორც 2013 წლის 26 დეკემბრის საოქმო განჩინება, ისე მის შემდგომ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებები და ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინებით სრულად დაკმაყოფილდა კასატორის მოთხოვნა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის _ 1 080,25 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ე-ოს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მარტის განჩინება, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ 2013 წლის 26 დეკემბრის განჩინება და ძალაში დარჩეს ამავე სასამართლოს 2013 წლის 1 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
3. ამხანაგობა „ჩ-ე 11-ის“ თავმჯდომარესა და წევრებს: თ. მ-ეს (პ/#...), მ. ო-ს (პ/#...), ბ. ჭ-ეს (პ/#...), ლ. წ-ესა (პ/#...) და ა. ქ-ეს (პ/#...) შპს „ე-ოს“ (ს/#...) სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული სასამართლო ხარჯის _ 1 080,25 ლარის ანაზღაურება.
4. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური