Facebook Twitter

№ას-95-89-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. ჯ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ბ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა. ჯ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ბ-ის მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

2. 2013 წლის 24 აპრილს ნოტარიუს დ. კ-ას მიერ გაიცა №130401724 სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც ა. ჯ-ეს დაეკისრა სესხის დავალიანების თანხის გადახდა და იპოთეკის საგნის რეალიზაცია. მოსარჩელის განცხადებით, აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი გაცემულია უკანონოდ და მასში მითითებული თანხები არ ასახავს რეალურ დავალიანებას. კერძოდ, 1. სესხის ძირითადი თანხა შეადგენს არა 5000 აშშ დოლარს, როგორც ეს სააღსრულებო ფურცელშია მითითებული, არამედ 3000 აშშ დოლარს. აღნიშნული დასტურდება მოპასუხის მიერ წარმოებული გადახდების ჟურნალის ჩანაწერებით. 2. სააღსრულებო ფურცელში მოვალის პიროვნება არასწორად არის მითითებული, ვინაიდან ლამზირა მეგრელიძე დღევანდელი მდგომარეობით არის გარდაცვლილი. შესაბამისად, გარდაცვლილი პირის მიმართ აღსრულება შეუძლებელია. 3. სააღსრულებო ფორცლით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, ვინაიდან იგი უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა შემდეგი: ნოტარიუს დ. კ-ას მიერ 2013 წლის 24 აპრილს გაიცა №130401724 სააღსრულებო ფურცელი ლ. მ-ის მიმართ, რომლის საფუძველია 2010 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ლ. ბ-მა ლ. მ-ეს ასესხა 5000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით. მოპასუხის განცხადებით, სესხს ერიცხებოდა როგორც პროცენტი, ასევე პირგასამტეხლო 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, უზრუნველყოფის მიზნით დაიტვირთა ლ. მ-ის ქონება მდებარე ქ. თბილისი, თ-ის დასახლება მე-...კვ. კორპ. ..., ბინა .... ვინაიდან ლ. მ-ე გარდაიცვალა და სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამონაცვლედ ცნობილი არიან მემკვიდრეები, მათ შორის, მოსარჩელე, შესაბამისად ცვლილება შევიდა სააღსრულებო ფურცელში.

4. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მოპასუხის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0,3%, მან მოითხოვა მხოლოდ 0,15%. ამრიგად, პირგასამტეხლო ისედაც განახევრებულია და შემცირებული სახითაა დაკისრებული.

5. გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ცვლილება შევიდა ნოტარიუს დ. კ-ას მიერ 2013 წლის 24 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №130401724; 2014 წლის 12 თებერვალს №140119717 ახალი სააღსრულებო ფურცელი) მითითებული იპოთეკარის განცხადებით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის თავში მოვალის მიმართ ლ. მ-ის უფლებამონაცვლეების ა. ჯ-ის, ი. ჯ-ის, ი. ჯ-ის, მ- ჯ-ის, შ. ჯ-ის პირგასამტეხლოს სახით 2011 წლის 24 ივნისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,15%-ის (7,5 აშშ დოლარის) გადახდის დაკისრების ნაწილში და პირგასამტეხლოს სახით ლ. მ-ის უფლებამონაცვლეების - ა. ჯ-ის, ი. ჯ-ის, ი. ჯ-ის, მ. ჯ-ის, შ. ჯ-ის - მოვალის ვალდებულება კრედიტორ ლ. ბ-ის წინაშე განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის (5000 აშშ დოლარი) 0,05%-ით, რაც შეადგენს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2,5 აშშ დოლარს. პირგასამტეხლოს ათვლა დაიწყო 2011 წლის 24 ივნისიდან აღსრულებამდე.

6. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჯ-ემ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ა. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლ.დ დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მოწმე ჯ. კ-ის ჩვენება, რომელსაც აპელანტის მოსაზრებით განუმარტავს, რომ მან მიიღო 2000 აშშ დოლარი ლ. ბ-ის გადასაცემად. მოწმე ჯ. კ-ის განმარტებით, მისთვის გადაცემული 3400 აშშ დოლარიდან 2000 დოლარი მას ეკუთვნოდა და 1400 სხვა იპოთეკარებს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ჯ. კ-ის ჩვენებიდან არ გამომდინარეობდა ის გარემოება, რომ 2000 დოლარი მიიღო ლ. ბ-მა.

9. პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა (მოსარჩელემ) ვერ დაადასტურა ლ. ბ-ის თანხის გადახდის ფაქტი. აპელანტმა სასამართლოს ვერ წარუდგინა სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა გადახდილი მოპასუხე ლ. ბ-ის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5000 აშშ დოლარიდან ფულადი თანხის ნაწილი - 2000 აშშ დოლარი.

10. რაც შეეხება დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრას, პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე, 420-ე მუხლებით და განმარტა, რომ, მართალია, ვალდებულების დარღვევის ფაქტის არსებობისას კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვინაიდან, პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით, უნდა განხორციელდეს საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარეთა ეკონომიკური მდგომარეობა, მათი მოლოდინი ხელშეკრულების შესრულების მიმართ, შესრულების ვადის გადაცილების პერიოდი და ა.შ.

11. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო (ძირი თანხის 0,15%) იყო შეუსაბამოდ მაღალი და არსებობდა მისი ოდენობის 0,05%-მდე შემცირების საფუძველი. ამდენად, პალატამ გონივრულად და საფუძვლიანად მიიჩნია ერთხელ უკვე შემცირებული პირგასამტეხლო და აღნიშნა, რომ აღარ არსებობდა მისი კიდევ ერთხელ შემცირების საფუძველი.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა. ჯ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

13. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია და სათანადო შეფასება ვერ მისცა საქმის კანონიერად გადაწყვეტისათვის აუცილებელ მთავარ მტკიცებულებას - მოწმე ჯ. კ-ის ჩვენებას; სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული მოწმის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით არ დასტურდებოდა 5000 აშშ დოლარიდან 2000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი, თუმცა, ასეთი დასკვნა აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს და მოწმის სიტყვებს.

14. კასატორის განმარტებით, ჯ. კ-ე თავის ჩვენებაში ცალსახად ადასტურებს, რომ ფულადი თანხა 2000 აშშ დოლარის ოდენობით მიიღო მოსარჩელისაგან მოპასუხე ლ. ბ-ის გადასაცემად. გაუგებარია, რატომ არ მისცეს სასამართლოებმა აღნიშნულ ჩვენებას სათანადო შეფასება.

15. საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი. მისი აზრით, დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

16. არსებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას და სხვა გარემოებებს, კარძოდ იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

17. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

18. გარდა აღნიშნულისა, უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით, სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას უნდა გაითვალისწინოს როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად ვალთან მიმართებაში. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №ას-442-418-2013, 24 მაისი, 2013 წელი).

19. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის ნორმების საფუძველზე წინამდებარე საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნას ცნობილი.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 მარტის განჩინებით ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლ.დ დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

24. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუს 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება; სუს 2014 წლის 10 აპრილის Nას-23-23-2014 განჩინება; სუს 2013 წლის 20 მაისის Nას-1432-1351-2012 განჩინება).

26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 417 ლარის 70% –291,9 ლარი.

29. რაც შეეხება კასატორ ა. ჯ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს 2015 წლის 14 იანვარს N2/310 საკასაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები (ა. ჯ-ის წარმომადგენლის, გ. ლ-ის განცხადება და ჯ. კ-ის 2013 წლის 28 ოქტომბრის ხელწერილი, მთლიანობაში „2“ ფურცლად (ტ. 2, ს.ფ. 88-89).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; ა. ჯ-ეს (პ/ნ:...) დაუბრუნდეს შპს „ე. ლ-ის" (ს/ნ:...) მიერ 2015 წლის 18 თებერვალს №1424253515 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 417 ლარის 70% – 291.9 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; კასატორს დაუბრუნდეს 2015 წლის 14 იანვარს №-2/310 საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 2 (ორი) ფურცლად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე