Facebook Twitter

საქმე №ას-925-875-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატ-

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. მ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „სადაზღვევო კომპანია ტ-ო“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ზ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „სადაზღვევო კომპანია ტ-ოს“ მიმართ სადაზღვევო შეთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-მა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის განჩინებით ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელე ზ. მ-მა ჩაიბარა ხელზე 2015 წლის 6 იანვარს (ს.ფ.87).

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით და განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის შეტ-ნისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო აპელანტისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მეორე დღეს - 2015 წლის 07 იანვარს და იგი დასრულდა 2015 წლის 20 იანვარს. სააპელაციო საჩივარი კი აპელანტის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ - 2015 წლის 22 ივნისს, რის გამოც იგი დაუშვებელია.

8. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.4 მუხლს, რომლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული მუხლის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის შუამდგომლობა გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო უსაფუძვლობის გამო.

9. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიული ხასიათის ნორმას წარმოადგენს, რომელიც სააპელაციო საჩივრის შეტ-ნის ვადის აღდგენას არ ითვალისწინებს.

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობები.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ. მ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:

12. საჩივრის ავტორის განმარტებით, მან ვერ შეძლო კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივრის წარდგენა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. კერძოდ, ნერვიულობისა და სტრესის ნიადაგზე მისი ფსიქიკური მდგომარეობა გაუარესდა. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დართული ჰქონდა, მაგრამ სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა ისინი.

13. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მართალია კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადა აღდგენას არ ექვემდებარება, მაგრამ ეს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დანაწესია, რომლიდანაც არსებობს გამონაკლისი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული დისპოზიციისას. სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია, არსებობდა თუ არა ვადის დარღვევის საპატიო მიზეზი და უშვებდა თუ არა საპროცესო კანონმდებლობა საპატიო მიზეზის არსებობისას ვადის აღდგენის შესაძლებლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ აღნიშნულ მუხლში მოცემული წესი კანონის ზოგადი დანაწესია, რომლიდანაც არსებობს გამონაკლისი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის სახით.

18. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა, მაგრამ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტ-ნის ვადის აღდგენა დაუშვებელია.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი მხარეს საპროცესო ვადის აღდგენაზე.

20. თუმცა საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით დადგენილ ვადაში გასაჩივრების საკითხის შემოწმებისას, სააპელაციო სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა სხვა მნიშვნელოვან გარემოებებზე:

21. ზ. მ-ის მიერ წარდგენილ სარჩელს და შემდგომ სააპელაციო საჩივარს თან ერთვის შპს „ქ. თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ დისპანსერული განყოფილების მიერ გაცემული ცნობა #080368 და ცნობა #89 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ერთვის სააპელაციო საჩივარს), რომლებშიც მითითებულია, რომ ... წელს დაბადებული ზ. მ-ი წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს, რომელსაც ბავშვობიდან დადგენილი აქვს მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვა უვადოდ (იხ. ს.ფ. 16,100,116).

22. საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავის ზეპირი მოსმენით განხილვის დროს მის უფლებებს იცავდა წარმომადგენელი გ. ბ-ი (ნოტარიუს ე. ყ-ის მიერ დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე, იხ. ს.ფ. 77), რომელიც ასევე ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას.

23. საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება 2015 წლის 6 იანვარს ჩაიბარა უშუალოდ ზ. მ-მა (და არა მისმა წარმომადგენელმა, იხ. ს.ფ. 87), რომელმაც 2015 წლის 22 ივნისს სასამართლოში წარადგინა მის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია დოკუმენტები მოსარჩელის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის შესახებ, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოერკვია შეიძლება თუ არა აღნიშნული პირისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება ჩაითვალოს გადაწყვეტილების მხარისთვის ჩაბარებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მიზნებისათვის და ისე ემსჯელა გასაჩივრების ვადის სავარაუდო დარღვევის შესახებ.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 ივლისის განჩინება დაუსაბუთებელია, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ზ. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის განჩინება და საქმე ზ. მ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე