Facebook Twitter

№ ას-146-136-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ე. ჯ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ე. ჯ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 10 სექტემბერს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მართვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა, ხოლო 2013 წლის 14 იანვარს, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად, საიდანაც 2013 წლის 31 დეკემბერს განთავისუფლდა. 2012 წლის 10 სექტემბრიდან გათავისუფლების დღემდე არ უსარგებლია კუთვნილი შვებულებით, რის გამოც მიმართა სამსახურს და მოითხოვა გამოუყენებლი შვებულების თანხის ანაზღაურება, რაზეც უარი მიიღო.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით:

4. მოპასუხემ განმარტა, რომ ე. ჯ-ე 4 თვისა და 4 დღის განმავლობაში საქმიანობდა სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მართვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, რომელიც დატოვა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით (პირადი განცხადებით), რაც ავტომატურად გამორიცხავდა საშვებულებო კომპენსაციის გაცემის ვალდებულებას.

5. რაც შეეხება ე. ჯ-ის მეორე თანამდებობაზე დანიშვნას, მოპასუხემ მიუთითა, რომ თავისი არსით იგი წარმოადგენდა ახალ შრომით სამართლებრივ ურთიერთობას და უნდა გამიჯნულიყო იმ შრომით სამართლებრივი ურთიერთობისაგან, რომელიც მოიცავდა სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა“ და ე. ჯ-ის, როგორც სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მართვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე საქმიანობის პერიოდს. ამის პარალელურად, მოპასუხის მოსაზრებით, მნიშვნელოვანი იყო, განსაზღვრულიყო ე. ჯ-ის გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა თუ არა შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილში მითითებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის რომელიმე საფუძველი.

6. მოპასუხემ აღნიშნა, რომ ე. ჯ-ის სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის“ უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი გახლდათ მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ყოფნისათვის კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლა, რაც არ იწვევდა კომპენსაციის გაცემის ვალდებულებას.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულის მანდატურის სამსახურს“ მოსარჩელე ე. ჯ-ის სასარგებლოდ გამოუყენებელი შვებულებისათვის 2466,6 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა“, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.06.2014 წლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს“ დაეკისრა ე. ჯ-ის სასარგებლოდ 1920 ლარის გადახდა.

10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 10.09.2012 წლის №1/კ-493 ბრძანებით ე. ჯ-ე დაინიშნა სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მართვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დროებითი მოვალეობის შემსრულებლად და მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა თვეში 2050 ლარით. ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა თვეში 1640 ლარს.

12. 18.01.2013 წლის ე. ჯ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს და მოითხოვა მართვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლება. ამდენად, დგინდება, რომ სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მართვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე ე. ჯ-ე დროებითი მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა დაახლოებით ოთხი თვის მაძილზე.

13. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 18.01.2013 წლის ბრძანებით 2013 წლის 14 იანვრიდან სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მართვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის დროებითი მოვალეობის შემსრულებელ ე. ჯ-ან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. შრომის წიგნაკში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია დასაქმებულის პირადი განცხადება.

14. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 14.01.2013 წლის №1/კ-14 ბრძანებით ე. ჯ-ე დაინიშნა სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებლად. მხარეთა შორის სადავო არ იყო და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ ე. ჯ-ის ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა თვეში 1920 ლარს.

15. 31.12.2013 წლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №1/კ-1384 ბრძანებით სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებლ ე. ჯ-ესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად ბრძანებაში მითითებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №1/კ-1350 ბრძანება „ლევან ზარდალიშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ“. ამდენად, მოსარჩელე სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა თითქმის ერთი წელი. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენდა, რომ ე. ჯ-ეს არ უსარგებლია კუთვნილი შვებულებით.

16. ე. ჯ-ის 05.03.2014 წლის №124920 განცხადება საშვებულებო კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ არ დაკმაყოფილდა.

17. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენდა გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციის მოთხოვნა, შესაბამისად, იზიარებდა აპელანტის მსჯელობას მასზე, რომ ე. ჯ-ან შრომით ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი სამართლებრივად უნდა შეფასებულიყო, რათა გადაწყვეტილიყო საკითხი - ჰქონდა თუ არა, გამოუყენებელი შევებულების გამო, კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

18. პალატამ აღნიშნა, რომ შრომის უფლება საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული და გარანტირებული ადამიანის ძირითადი სოციალური უფლებაა. ამ უფლების დაცვისას ეროვნული კანონმდებლობა ეფუძნება ევროპის სოციალური ქარტიას (საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის 1876-რს დადგენილებით რატიფიცირებული) და სხვა საერთაშორისო ნორმატიულ აქტებს. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით შრომის უფლებისა და მისი დაცვის ზოგადი ფორმულირებაა მოცემული, ხოლო შრომითი ურთიერთობების მნიშვნელოვანი სფეროები მოწესრიგებულია სპეციალური კანონით (შრომის კოდექსით). ეს უკანასკნელი ადგენს შრომის უფლებასთან დაკავშირებულ ძირითად დებულებებს კონსტიტუციის ნორმასთან შესაბამისობაში. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება კანონით. მითითებული ნორმა ადგენს შრომის უფლების დაცვის ზოგად წესს, რაც სხვა საკითხებთან ერთად შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფას ითვალისწინებს, ასევე, შრომის ანაზღაურებას, კომპენსაციისა და შეღავათების, სამუშაო დროისა და დასვენების საკითხებს და სხვა მსგავს უფლებებს, რომლებიც ზოგადი უფლებებია, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობითაა დადგენილი და დაცული და არა მხარეთა შეთანხმებით. საქართველოს შრომის კოდექსის 22-ე მუხლი ადგენს შვებულების მიცემის წესს, კერძოდ, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც. მუშაობის მეორე წლიდან დასაქმებული მხარეთა შეთანხმებით, სამუშაო წლის ნებისმიერ დროს შეძლებს შვებულებით სარგებლობას. ამავე კანონის 24-ე მუხლით, შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობის გამოსათვლელ ვადაში ითვლება დასაქმებულის მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი, აგრეთვე, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დრო, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეს გააჩნდა შვებულების მოთხოვნის უფლება, რომლითაც მას არ უსარგებლია.

19. პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელის განთავისუფლების მომენტში საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოქმედი რედაქცია ადგენდა გამოუყენებელი შვებულების კომპენსირების წესს, რაც მოქმედი შრომის კანონმდებლობით განმტკიცებულ მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიად უნდა შეფასებულიყო. აღნიშნული ნორმის თანახმად, 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას), „ვ“–„თ“ (დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან; დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა; დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა) და „ო“ (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, დამსაქმებელი ვალდებული იყო, დასაქმებულისათვის აენაზღაურებინა გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად. შესაბამისად, 37-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით შრომის ურთიერთობის შეწყვეტის დროს დასაქმებულს გამოუყენებელი შვებულების კომპენსაცია არ მიეცემოდა.

20. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოსარჩელისათვის ერთ წელზე მეტი პერიოდის გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციის გაცემის საფუძველი.

21. რაც შეეხება ერთი წლის გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციას, პალატამ მიუთითა, რომ სამართლებრივად უნდა შეფასებულიყო, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე პირის დანიშვნის გამო, დროებითი მოვალეობის შემსრულების განთავისუფლება საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის რომელი საფუძვლის შესატყვის შემადგენლობას წარმოადგენდა.

22. პალატამ მიიჩნია, რომ 31.12.2013წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №1/კ-1384 ბრძანებით სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელ ე. ჯ-ან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილ იქნა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე - სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებდა შრომითი ხელშკრულების შეწყვეტას. აღნიშნული კი, წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ისეთ საფუძველს, როცა დამსაქმებელი ვალდებული იყო, დასაქმებულისათვის აუნაზღაურებინა გამოუყენებელი შვებულება. ყოველივე ამის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა ერთი წლის გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციის გადახდა.

23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ჯ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

24. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო არასწორად მსჯელობს, როდესაც უთითებს, რომ არ არსებობს მოსარჩელისათვის ერთ წელზე მეტი პერიოდის გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციის გაცემის საფუძველი. მისი განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თავდაპირველად მუშაობდა მართვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 4 თვის განმავლობაში და შემდეგ დაწინაურების გზით დაინიშნა სამასახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. სააპელაციო სასამართლომ კი, საერთოდ არ ჩაუთვალა მითითებული 4 თვე საშვებულებო ვადაში, რითაც შეუმცირა კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების ვადა და შესაბამისად, გასაცემი კომპენსაციის ოდენობა.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის განჩინებით ე. ჯ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

26. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

29. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი უთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

31. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ე. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ე. ჯ-ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ე. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე