Facebook Twitter

ბს-90-88(კ-06) 30 მაისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 6 ივლისს ა. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1992 წლიდან მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტში სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე, ხოლო 2001წ. 30 აპრილიდან _ საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ........ უფროსად. 2004წ. 4 მაისს ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, დაკავებული თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების თაობაზე.

მოსარჩელე განმარტავდა, რომ, ვინაიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელე არ შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იქნებოდა დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე, ამიტომ მან წერილობითი განცხადებით ითხოვა, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად, შტატების შემცირებისას განხილული და გათვალისწინებული ყოფილიყო ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში მოსარჩელის სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება შემდეგი საფუძვლების გამო:

1. იგი იყო საბაჟო ორგანოს მაღალიკვალიფიკაციის მუშაკი, ჰქონდა ფინანსთა სამინისტროში მუშაობის 18,5, აქედან საბაჟო ორგანოში მუშაობის _ 12 წლის სტაჟი;

2. ჰყავდა ოთხსულიანი ოჯახი, მათ შორის, პირველი ჯგუფის ინვალიდი, პენსიონერი მშობლები და მხოლოდ იგი იყო დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე ოჯახის წევრი.

მოსარჩელემ ითხოვა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას გაეთვალისწინებინა მისი თანხმობა საბაჟო დეპარტამენტში სხვა სამუშაოზე გადაყვანის შესახებ, მაგრამ მოპასუხემ უგულებელყო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები და 2004წ. 7 ივნისს გამოსცა ¹396-კს ბრძანება, რომლითაც იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. 7 ივნისის ¹396-კს ბრძანების ბათილად ცნობას იმ ნაწილში, რომელიც მას ეხებოდა, ვინაიდან იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას.

2004წ. 12 ივლისს ა. თ-მა შუამდგომლობით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს სარჩელის გაზრდის თაობაზე და დამატებით ითხოვა თანამდებობიდან მისი გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება და ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დეპარტამენტის ......... უფროსის ტოლფას თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 ივლისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მეორე მოპასუხედ ჩაება ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. თ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა _ ბათილად იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საბაჟოO დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 7 ივნისის ¹396-კს ბრძანება ა. თ-ის ........ უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში; ა. თ-ი აღდგენილ იქნა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დეპარტამენტის ........ უფროსის ტოლფას თანამდებობაზე, რისი უზრუნველყოფაც დაევალა ფინანსთა სამინისტროს; ა. თ-ს აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ფინანსთა სამინისტრომ და ამავე სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომლებმაც სააპელაციო საჩივრებით ითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს და ამავე სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. თ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა _ ბათილად იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 7 ივნისის ¹396-კს ბრძანება ა. თ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში; ა. თ-ი აღდგენილ იქნა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე; ა. თ-ს აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ფინანსთა სამინისტრომ და ამავე სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა.

კასატორები _ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი და ფინანსთა სამინისტრო საკასაციო საჩივრებით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 20 აპრილის განჩინებით ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილება ა. თ-ის ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილება ა. თ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 7 ივნისის ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 დეკებრის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 აგვისტოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ა. თ-ი აღდგენილ იქნა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დეპარტამენტის .......... უფროსის ტოლფას თანამდებობაზე, რისი უზრუნველყოფაც დაევალა ფინანსთა სამინისტროს. ა. თ-ს აუნაზღაურდა იძულებით განაცდური სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან აღდგენის დღემდე. ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. თ-ს აუნაზღაურდა ხელფასი სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან, ხოლო ა. თ-ის მოთხოვნა ფინანსთა სამინისტროს საბაჟოO დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ა. თ-ის მოთხოვნა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოხელეექვემდებარება სამსახურში აღდგენას სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან/და გადაყვანაზე გაცემული ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამუშაოზე აღდგენაუნდა მოხდეს იმავე თანამდებობაზე, რომელიც მუშაკს ეკავა გათავისუფლებამდე ანუ არაკანონიერად აღიარებული ბრძანების გამოცემამდე.

«საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია, მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან კანონიერ ძალაშია შესული და ბათილად არის ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 7 ივნისის ბრძანება ა. თ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ამიტომ, ა. თ-ის მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. თ-მა, ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა.

კასატორი ა. თ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 დეკებრის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და ახალი გადაწყვეტილებით _ სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. თ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 20 აპრილის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა ა. თ-ის ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, ხოლო უზენაესი სასამართლოს განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ა. თ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 7 ივნისის ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.

სსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე. აღნიშნული მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო განუმარტავს კასატორს, რომ გადაწყვეტილება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 7 ივნისის ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში, რაც სააპელაციო სასამართლოს, საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების შემდეგ, უფლებამოსილს ხდიდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეემოწმებინა მხოლოდა. თ-ის ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმება საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და არ დასტურდება სსკ-ის 377-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევის ფაქტი შესაბამისად, ამ ნაწილში საკასაციო პრეტენზია უსაფუძვლოა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სსკ-ის 83-ე მუხლის დარღვევის ფაქტზე, კერძოდ, მისთვის სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტების უფლების წართმევის თაობაზე და თვლის, რომ კასატორის პრეტენზია ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.

საქმეში წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 29 დეკემბრის ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ ა. თ-ის საბოლოო მოთხოვნას წარმოადგენდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე აღდგენა დაიძულებითი განაცდურის ანაზღაურება. აღნიშნული მოთხოვნაა მითითებული გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც, შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იგი აღარ ითხოვდა იმავე თანამდებობაზე აღდგენას.

საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე და განუმარტავს, რომ სასამართლომ შეფასება მისცა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127.5-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც ჩათვალა, რომ სამუშაოზე აღდგენა უნდა მოხდეს იმავე თანამდებობაზე, რაც იქცა კასატორის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის მოტივად და რაც არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ იმსჯელა თავდაპირველ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ და დაზუსტებულ მოთხოვნას არ მისცა სამართლებრივი შეფასება.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ სამუშაოზე აღდგენის ნაწილში მოთხოვნის არსებითად დაუკმაყოფილებლობის მოტივს, აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: მოხელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების ბათილობა და ის გარემოება, რომ საბაჟო ორგანოებში განხორციელდა რეორგანიზაცია, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციას უდავოდ ავალდებულებდა მოხელისათვის სხვა სამსახურის შეთავაზებას. სხვა სამსახურის შეთავაზებაში საკასაციო სასამართლო ვერ გააიგივებს მხოლოდ ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებას, რის საფუძველსაც საკასაციო სასამართლოს აძლევს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი, რომელიც «ტოლფასი თანამდებობის» ცნებას არ ითვალისწინებს. რაც შეეხება საქართველოს «შრომის კანონთა კოდექსს» მასში «ტოლფასი თანამდებობა» მოხსენიებულია მხოლოდ 109-ე მუხლში, რომელიც, თავის მხრივ, შეეხება არჩევით თანამდებობაზე არჩეული მუშაკის გარანტიას და რომლის მოქმედებაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვერ გავრცელდება ყველა სახის შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავაზე ნორმის საგამონაკლისო ხასიათიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს ერთი გარკვეული სახის ურთიერთობის მოწესრიგებას.

საქმეში დაცულია ა. თ-ის წერილი ფინანსთა მინისტრისადმი, რომლითაც დგინდება, რომ ფინანსთა მინისტრის 2005წ. 26 აპრილის ბრძანებას, რომლითაც ის დაინიშნა საბაჟო დეპარტამენტის ......... განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, გარდა იმისა, რომ მიიჩნევს უკანონოდ, თვლის, რომ მითითებული თანამდებობა არ შეესაბამება მის მიერ ადრე დაკავებულ თანამდებობას; საქმეში ასევე წარმოდგენილია შეთავაზება, რომლის საფუძველზეც კასატორს შეეთავაზა საბაჟო გამშვები პუნქტი « ...... « უფროსი ინსპექტორის თანამდებობა, რომელზეც კასატორმა ასევე განაცხადა უარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს «ტოლფასი თანამდებობის» შეთავაზებას პირის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში, ხოლო სხვა თანამდებობის დაკავებაზე კასატორმა უარი განაცხადა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ადმინისტრაციისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების სამართლებრივი წანამძღვრები. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დავა არსებითად სწორადაა გადაწყვეტილი და მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.