Facebook Twitter

№ ას-156-146-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ვ. ე-ი, მ. ე-ი, ლ. ე-ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. თ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მემკვიდრედ, მესაკუთრედ და უფლებამონაცვლედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. თ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ე-ის, მ. ე-სა და ლ. ე-ის მიმართ მემკვიდრედ, მესაკუთრედ და უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

2. 2011 წლის 22 ოქტომბერს მ. თ-სა და ვ. ე-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ. თ-მა ვ. ე-ს ასესხა 10 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე სამი პროცენტის დარიცხვით. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2011 წლის 22 დეკემბერი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ. თ-ი, თ-ის შესახვევ №...-ში მდებარე უძრავი ქონებიდან შ. ე-ის კუთვნილი წილი.

3. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 9 აგვისტოს მისი განცხადების საფუძველზე ნოტარიუს ე. შ-ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი მოვალე ვ. ე-ის მიმართ და დაადგინა იპოთეკით დატვირთული შ. ე-ის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაცია.

4. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2012 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა შ. ე-ი, რომელსაც ჰყავს ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე, მეუღლე მ. ე-ი და შვილები: ვ., ლ. და ნ. ე-ი. მემკვიდრეები სამკვიდრო ქონებას განგებ არ იფორმებენ, რის გამოც, მოსარჩელის მოსაზრებით, მის კანონიერ ინტერესებს ზიანი ადგება. მოსარჩელის განმარტებით, მემკვიდრეებიდან მ. ე-მა და ლ. ე-მა, სამკვიდროს მიღების ნება გამოავლინეს სანოტარო ბიუროში განცხადების წარდგენის გზით, ხოლო ვ. ე-ი და ნ. ე-ი ფაქტობრივად დაეუფლნენ სამკვიდრო ქონებას.

5. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

6. სასარჩელო მოთხოვნა აღძრა არა იმ პირმა, ვისაც მოთხოვნის უფლება აქვს, არამედ მ. თ-მა. იგი არასათანადო მოსარჩელეა, ვინაიდან მოპასუხეებს მიაჩნიათ, რომ მათ არ აქვთ სასამართლოში დავის იურიდიული ინტერესი სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით. მოპასუხეების განმარტებით, შ. ე-ი არ წარმოადგენდა 2011 წლის 22 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მხარეს და მას და მ. თ-ს შორის რაიმე სახის სადავო სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა.

7. რაც შეეხება უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და ქ. თ-ი, თ-ის №...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის აღრიცხვას ვ., მ., ლ. და ნ. ე-ის თანასაკუთრებაში, მოპასუხეების განმარტებით, ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნულ საგენტოს თვით თანასაკუთრების უფლების მოთხოვნის მქონე პირებმა უნდა მიმართონ და რაიმე იძულებითი მექანიზმის გამოყენება ამ კუთხით დაუშვებელია, ამდენად, მოპასუხეებს მიაჩნიათ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ კუთხითაც დაუშვებელია.

8. მოპასუხეებიდან ნ. ე-ი სადავოდ ხდის სამკვდიროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტაც.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით მ. თ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეები: ვ. ე-ი, მ. ე-ი, ლ. ე-ი ცნობილ იქნენ გარდაცვლილი შ. ე-ის მემკვიდრეებად, უფლებამონაცვლეებად და ქ. თ-ი, თ-ის შესახვევ №...-ში, N... შენობა-ნაგებობაში, ... სართულზე, 219.32 კვ.მ-ის, №... 51.49 კვ.მ-ისა და №8 30.80 კვ.მ. ფართის (საკადასტრო კოდი: №...) მესაკუთრეებად; დადგინდა მათი საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ., მ. და ლ. ე-მა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება.

12. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი შეფასებები და საბოლოო სამართლებრივი დასკვნა სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით.

13. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლით არ იყო დასაბუთებული. ამ კუთხით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აპელანტების არგუმენტზე, რომ ერთ–ერთ აპელანტს (ლ. ე-ს), რომლის მიმართაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგინდა მამკვიდრებლის (შ. ე-ის) სამკვიდროს მიღების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, სამკვიდრო მიღებული არ აქვს. პალატამ ამ არგუმენტის საწინააღმდეგოდ მიუთითა თავად მოპასუხეების (აპელანტების) შესაგებელზე (იხ. ტ.1, ს.ფ 30), სადაც თავად მხარე ადასტურებდა მის მიერ ნოტარიუსისათვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის გზით სამკვიდროს მიღების შესახებ ფაქტობრივ გარემოებას. ეს გარემოება დადასტურებულ იქნა, ასევე, ნოტარიუსის (თამარ პოლიკაშვილის) მიერ 2014 წლის პირველ ივლისს გაცემული წერილითაც. ამდენად, სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი დასაბუთებისათვის მითითებული გარემოება პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია.

14. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებელად მიიჩნია აპელანტების პრეტენზია მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარე) არასათანადოობასთან დაკავშირებითაც, რასაც აპელანტი მხარე უკავშირებდა მოცემულ დავაზე საქმისწარმოების შეწყვეტის აუცილებლობას. პალატამ მიუთითა, რომ ფაქტია და სადავოს არ წარმოადგენდა მხარეთა, ერთი მხრივ, მ. თ-ს, როგორც გამსესხებელსა და იპოთეკარს და მეორე მხრივ ვ. ე-ს, როგორც მსესხებელსა და მესაკუთრის შ. ე-ის წარმომადგენელს შორის 2011 წლის 22 ოქტომბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე, ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნამდვილობა. შესაბამისად, პალატამ აღნიშნა, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობაში, ასევე, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მ. თ-ი, იმის გათვალისწინებით, რომ სააღსრულებო ფურცელში მოვალედ მითითებული პირი შ. ე-ი გარდაცვლილია, უფლებამოსილი იყო, როგორც კრედიტორს, მოეთხოვა მოვალის მხარისათვის (შ. ე-ის ნაწილში) უფლებამონაცვლეობის დადგენა მისი მოთხოვნის აღსრულების მიზნებიდან გამომდინარე. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სსსკ–ის 180–ე მუხლის დანაწესზე მითითებით, მართებულად იქნა დადგენილი მოსარჩელე მხარის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა დაყენებული სასარჩელო მოთხოვნისადმი. სააპელაციო სასამართლომ დასძინა, რომ სწორედ მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე განისაზღვრება მხარეთა პროცესუალური სტატუსი ყოველ კონკრეტულ დავაში. მოცემულ შემთხვევაშიც პალატის მოსაზრებით, მ. თ-ი, როგორც კრედიტორი, უფლებამოსილი იყო დაეყენებინა მსგავსი სასარჩელო მოთხოვნა. ამ მხრივ ნიშანდობლივი იყო, რომ აპელანტი მხარე მოსარჩელის არასათანადოობაზე მიუთითებდა, თუმცა ვერ ასახელებდა სათანადო მოსარჩელის ვინაობას (თუ არა მ. თ-ი მაშინ ვის უნდა აღეძრა აღნიშნული სარჩელი). ამდენად, პალატამ სააპელაციო საჩივრის ეს არგუმენტი არ გაიზიარა.

15. ამდენად, პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სრულადაა დადგენილი, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა და საბოლოოდ სწორად დაადგინა იპოთეკის საგანზე ვ., მ. და ლ. ე-ის მემკვიდრეობა და უფლებამონაცვლეობა.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები და მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლომ მართებული გადაწყვეტილება გამოიტანა, სააპელაციო საჩივარი კი, პალატის მოსაზრებით, უსაფუძვლოა და არ უნდა გაზიარებულიყო.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ., მ. და ლ. ე-მა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

18. კასატორების მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 92-ე მუხლის, 101-ე მუხლის 4-ე ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ვინაიდან აწ გარდაცვლილი შ. ე-ი არ წარმოადგენდა 2011 წლის 22 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მხარეს. კასატორების განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულების მხარეები არიან ვ. ე-ი და მ. თ-ი, ხოლო შ. ე-სა და მ. თ-ს შორის რაიმე სახის სადაო სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა. კასატორების მოსაზრებით ამ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია.

19. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე, 92-ე, 101-ე მუხლებით და სწორი ინტერპრეტაციის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა კანონიერი გადაწყვეტილება.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 თებერვლის განჩინებით ვ., მ. და ლ. ე-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ., მ. და ლ. ე-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

24. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი უთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ 2011 წლის 28 თებერვალი, საქმე № ას-1293-1138-2010; იხ. სუსგ 2010 წლის 1 თებერვალი, საქმე № ას-1120-1384-09).

26. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ვ., მ. და ლ. ე-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% –210ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ვ. ე-ის, მ. ე-სა და ლ. ე-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ვ. ე-ს (პ/ნ: ...), მ. ე-ს (პ/ნ:...) და ლ. ე-ს (პ/ნ: ...) დაუბრუნდეთ ნ. დ-ის (პ/ნ: ...) მიერ 2015 წლის 30 იანვარს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე