Facebook Twitter

საქმე № 330210114409942

საქმე №ას-727-692-2015 25 ნოემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ბ. მ.-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი.-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2015 წლის 18 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ი.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ. მ.-ის“ მიმართ მიწოდებული პროდუქტის ღირებულების – 38 687,51ლარისა და პირგასამტეხლოს – 8 765,33 ლარის ანაზღაურების შესახებ.

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2013 წლის 15 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა საცხებ-საპოხი მასალების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს უნდა მიეწოდებინა მყიდველისთვის საცხებ-საპოხი მასალები ხელშეკრულებით დადგენილი წესით, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო, ნასყიდობის საგნის მიწოდებიდან 40 დღის ვადაში აენაზღაურებინა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება. ამავე ხელშეკრულების 5.2. პუნქტით მყიდველის მხრიდან მხარეთა შორის დადგენილი ანგარიშსწორების პირობის (ვადის და/ან ოდენობის) დარღვევისას გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,2%.

3. 2013 წლის 23 იანვრიდან 2013 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 101 897,51 ლარის ღირებულების პროდუქცია, რაც დასტურდება მხარეთა მიერ დადასტურებული ელექტრონული ზედნადებებით და საგადასახადო ანგარიშფაქტურებით.

4. მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მოპასუხემ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხადა.

5. მოპასუხემ სარჩელი სრულად ცნო.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ი.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.

8. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შპს „ბ. მ.-მა“ შეიტანა საჩივარი შემდეგი მოტივებით:

9. საჩივრის ავტორის განმარტებით, 2015 წლის 23 მარტს პროცესის დაწყებამდე შპს „ბ. მ.-ის“ წარმომადგენელი (თ. ს.-ე) ტელეფონით ესაუბრა თანაშემწეს და აცნობა, რომ იყო შეუძლოდ, კერძოდ, ჰქონდა ძლიერი თავბრუსხვევა და ვერ გამოცხადდებოდა პროცესზე, რის გამოც მოითხოვა სხდომის სხვა დროისათვის გადადება.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ მხარის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისათვის არ არის სავალდებულო დაუძლეველი ძალის არსებობა. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, სხდომის გადადებისათვის საკმარისია თუნდაც „სხვა მოვლენა“, რასაც შეეძლო, ხელი შეეშალა მხარის გამოცხადებისათვის.

11. საჩივარში აღნიშნულია, რომ მხარემ გამოხატა ნება, მონაწილეობა მიეღოს საქმის განხილვაში, მაგრამ ამას ხელს უშლის გარემოებები, რომელიც მისი უნებური შეცდომით, გაუფრთხილებლობით არის გამოწვეული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია. ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, გამოუცხადებლობა უნდა ჩაითვალოს საპატიოდ და დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდეს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოსათვის ცნობილი იყო, როგორც მხარის გამოუცხადებლობის მიზეზის, ასევე, მისი ნების შესახებ, რათა მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის განჩინებით შპს „ბ. მ.-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 23 მარტს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადა მოწინააღმდეგე მხარე შპს „ი.-ის“ წარმომადგენელი ა. მ.-ი და არ გამოცხადდა აპელანტი – შპს „ბ. მ.-ი“. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

14. სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ განსახილველ საქმეზე შპს „ბ. მ.-ის“ წარმომადგენელ თ. პ.-ესთან ამავე საწარმოს დირექტორის 2014 წლის 3 ნოემბრის №01-40 ბრძანებით 2014 წლის 31 დეკემბრიდან შეწყდა შრომითი ურთიერთობა და აღნიშნულ საქმეზე საზოგადოების დირექტორის 2015 წლის 20 მარტს გაცემული რწმუნებულებით სასამართლოში საქმის წარმოების უფლებამოსილება მიენიჭა ადვოკატ თ. ს.-ეს.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის, 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმის მასალებით დასტურდება და არც საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის შპს „ბ. მ.-სათვის“ კანონით დადგენილი წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2015 წლის 23 მარტს დანიშნული სასამართლო სხდომისა და სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგების შეტყობინების ფაქტს (ტ. II, ს.ფ. 49).

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საჩივრის ავტორი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს შპს „ბ. მ.-ის“ წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს – მის ავადმყოფობას, რის შესახებაც აცნობა სასამართლოს.

17. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის ერთგვარი სანქცია მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მხარემ დავის მიმართ დაკარგა ინტერესი. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და, თუ მათი ერთობლიობა თეორიულად სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს მხარეს, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

19. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შპს „ბ. მ.-ის“ წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს (აპელანტის წარმომადგენლის ავადმყოფობას) და არც საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზზე მტკიცებით მითითებას არ შეიცავს.

20. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

21. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება შპს „ბ. მ.-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლების შესაბამისად, კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოსათვის ცნობილი იყო აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ, რის თაობაზეც წარმომადგენელმა აცნობა სასამართლოს სხდომის დაწყებამდე და ითხოვა საქმის განხილვის გადადება. აღნიშნული ადასტურებს, რომ მხარემ გამოხატა ნება, მონაწილეობა მიეღო სასამართლო პროცესში და დაადასტურა, რომ საქმის განხილვისადმი ინტერესი არ დაუკარგავს. სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს „ერთგვარ სანქციას“ აპელანტის მიმართ.

22. კასატორის მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების მიხედვით, ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმებიდან ნათლად გამომდინარეობს, რომ მხარის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისათვის არ არის დაუძლეველი ძალის არსებობა სავალდებულო, არამედ თუნდაც მხოლოდ სხვა მოვლენის არსებობა, რასაც მხარის გამოცხადებისათვის ხელის შეშლა შეეძლო, საკმარისია სხვა დროისათვის სხდომის გადადებისთვის. თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდება მხარის გამოუცხადებლობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ, მან უნდა უზრუნველყოს სამართლიანი სამართალწარმოების კონსტიტუციური პრინციპის – დისპოზიციურობის დაცვა და უნდა მისცეს მხარეს საქმეში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, თუნდაც მას ეჭვი ეპარებოდეს მხარის გამოუცხადებლობის მიზეზების საპატიოობაში. აღნიშნული გამომდინარეობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების, როგორც საპროცესო დასჯის მექანიზმის არსიდან. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ მაშინ არის მიზანშეწონილი, როდესაც მხარე თავისი მოქმედებით ან უმოქმედობით უარს განაცხადებს საპროცესო თანამშრომლობაზე, ანუ, როდესაც მას აქვს პროცესზე გამოცხადების შესაძლებლობა, მაგრამ არ აქვს ნება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც არსებობს მხარის აშკარად გამოხატული ნება, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, მაგრამ ამას ხელს უშლის გარემოებები, რომელიც შესაძლოა მისი უნებური შეცდომით, გაუფრთხილებლობით არის გამოწვეული, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია. ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში გამოუცხადებლობა უნდა ჩაითვალოს საპატიოდ და დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდეს.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით შპს „ბ. მ.-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2015 წლის 9 სექტემბრის განჩინებით ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

24. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ შპს „ბ. მ.-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

25. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო პალატის 2015 წლის 14 იანვრის განჩინებით შპს „ბ. მ.-ის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებაზე მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო 2015 წლის 14 იანვარს განჩინებით საქმის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 23 მარტს, 13:00 საათზე.

26. საქმის მასალებიდან ირკვევა და კასატორს სადავოდ არ გაუხდია, რომ შპს „ბ. მ.-ს“ საქმის განხილვის დანიშვნის შესახებ გაეგზავნა სასამართლო უწყება და 2015 წლის 17 მარტს ჩაბარდა საზოგადოების იურისტის მეშვეობით (ტომი 2, ს.ფ. 49). ამავე უწყებით მხარეს განემარტა სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები. შესაბამისად, მხარეს გონივრული ვადა გააჩნდა საქმის განხილვაში მონაწილეობისათვის მოსამზადებლად.

27. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე შპს „ბ. მ.-ის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სააპელაციო სასამართლოს არ აცნობა. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, რის საფუძველზეც საქმეზე მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი არეგულირებს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს. აღნიშნული ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მესამე ნაწილი, 372-ე მუხლი).

29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

30. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე სააპელაციო პალატას არ აცნობა. სასამართლოში მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს ერთგვარ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელიც თავისი არაკეთილსინდისიერი ქმედებით, არასაპატიოდ უგულებელყოფს სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედების, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო პროცესზე გამოცხადების, შესრულების მოვალეობას.

31. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) აპელანტის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

32. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლად შპს „ბ. მ.-ი“ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის განხილვაზე აპელანტის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, საზოგადოების წარმომადგენელი სასამართლო პროცესის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა და, თავბრუსხვევის გამო, ვერ შეძლო სხდომაზე გამოცხადება.

33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

34. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის შეტყობინებას. იმ შემთხვევაში, როდესაც საპატიო მიზეზი შეეხება მხარის ავადმყოფობას, კანონმდებელი აღნიშნული ფაქტს დადასტურებულად მიიჩნევს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი ცნობის წარდგენის საფუძველზე.

35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ბ. მ.-მა“ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით ვერ დაადასტურა ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის – სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზის არსებობა. მხარემ ვერ წარადგინა მისი წარმომადგენლის ავადმყოფობის დამადასტურებელი სათანადოდ შედგენილი ცნობა და ვერ მიუთითა ისეთ მტკიცებულებაზე, რომელიც ასახავდა აპელანტის წარმომადგენლის მიერ სასამართლოსათვის საქმის განხილვის დაწყებამდე თავისი გამოუცხადებლობის მიზეზის შეტყობინების ფაქტს. მხოლოდ მხარის ზეპირი განმარტება კი, აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად საკმარისი არ არის.

36. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტი იყო იურიდიული პირი, შესაბამისად, ერთ-ერთი წარმომადგენლის შეუძლოდ ყოფნის შემთხვევაში შეეძლო, უზრუნველეყო საქმის განხილვაზე მისი დასწრება სხვა წარმომადგენლის მეშვეობით, თუნდაც საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების მიზნით, რაც შპს „ბ. მ.-ს“ არ განუხორციელებია.

37. ამდენად, კასატორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით დადგენილი საპატიო მიზეზის არსებობა სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, რის გამოც არ არსებობს სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების ამავე კოდექსის 241-ე მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ბ. მ.-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2015 წლის 18 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური