№ას-593-561-2014 10 სექტემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი)
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – დ. შ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. წ-ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მამობის დადგენა, ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2008 წლის 10 დეკემბერს დაბადებული ბ. წ-ია (პირადი №...) არის ა. წ-იას (მოსარჩელის) შვილი. ამ უკანასკნელის დაბადების მოწმობაში დედის გრაფაში მითითებულია მოსარჩელე, ხოლო მამის გრაფაში - დ. შ-ე (მოპასუხე), პირადი ნომრის გარეშე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 14.12.2010წ. ცნობით დგინდება, რომ დაბადების აქტში მამის მონაცემები მიეთითა მოსარჩელის განცხადების საფუძველზე.
2. მოპასუხე არის ბ. წ-იას ბიოლოგიური მამა.
3. მოსარჩელე და მოპასუხე შვილის დაბადებამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად, თუმცა რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილან.
4. ბ. წ-ია ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთად.
5. მოპასუხის ყოველთვიური შემოსავალი, გადასახადების დაქვითვის შემდგომ, შეადგენს 880 ლარს.
6. მოსარჩელეს არ გააჩნია მუდმივი შემოსავალი.
7. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 10.12.2008 წელს დაბადებული ბ. წ-იას მამად მოპასუხის ცნობა, ასევე ამ უკანასკნელისათვის ალიმენტის დაკისრება თვეში 500 ლარის ოდენობით.
8. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.11.2013 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე (პირადი №...) ცნობილ იქნა 10.12. 2008 წელს დაბადებული ბ. წ-იას (№...) მამად; მოპასუხეს დაეკისრა შვილის სარჩენად ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე; ალიმენტის გადახდა დადგინდა სარჩელის აღძვრის დღიდან - 2010 წლის 16 აგვისტოდან.
9. სასამართლომ მიუთითა „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3, მე-7, მე-8 და მე-18 მუხლებზე, ,,ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ ევროპული კონვენციის“ (საქართველოში ძალაშია 2002 წლის 31 ივლისიდან) მე-3 და მე-5 მუხლებზე, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მოპასუხე იყო 10.12.2008 წელს დაბადებული ბ. წ-იას ბიოლოგიური მამა.
10. სასამართლომ თავისი დასკვნა დააფუძნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების - ნინო ყოჩიაშვილისა და იანა მალხაზოვას მიერ 18.10.2010წ.-25.11.2010წ. ჩატარებული ექსპერტიზის №... დასკვნას, რომლის მიხედვით, ბ. წ-იას მიმართ მოპასუხის ბიოლოგიური მამობის თეორიული ალბათობა შეადგენს 99,9999999 %-ს.
11. სასამართლომ აღნიშნა ასევე, რომ განმეორებით დანიშნული ბიოლოგიური ექსპეტიზის საქართველოში ჩატარებაზე უარი განაცხადა მოპასუხემ. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი არ იქნებოდა გაზიარებული ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნის შედეგი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, არსებობდა მოსარჩელის მტკიცების ტვირთისგან გათავისუფლების საფუძველი. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ნიმუშების იძულებით აღების შესაძლებლობას ბიოლოგიური საექსპერტო კვლევისათვის, ამიტომ ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის იმგვარად გადანაწილებით, რაც მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილიში, კერძოდ, ამ ნორმის მიხევით, თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს ან სხვაგვარად ხელს უშლის ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ითვლება დადასტურებულად. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, დადასტურებულად უნდა მიჩნეულიყო მოსარჩელის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ მოპასუხე იყო 10.12.2008 წელს დაბადებული ბ. წ-იას ბიოლოგიური მამა.
12. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე-1214-ე მუხლებზე და მოპასუხის ყოველთვიური შემოსავლის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ მოპასუხეს ალიმენტის სახით უნდა დაკისრებოდა 250 ლარის გადახდა ყოველთვიურად შვილის სრულწლოვანებამდე.
13. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
15. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
16. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ არ დასტურდებოდა ფაქტი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების მიერ მოპასუხის ნიმუშების გამოყენების გარეშე საექსპერტო კვლევის ჩატარების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.10.2010წ.-25.11.2010წ. ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე და აღნიშნა, რომ ამ დასკვნის მიხედვით, 05.11.2010წ. სეებ-ში ბიოლოგიური ნიმუშების ასაღებად გამოცხადდნენ როგორც მოსარჩელე და მოპასუხე, ასევე ბ. წ-ია, შესაბამისად, დგინდებოდა, რომ სეებ-ის ექსპერტების მიერ გენეტიკური კვლევისათვის ნიმუშები აღებულ იქნა იდენტიფიცირებული სუბიექტებისაგან.
17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის საწინააღმდეგოდ, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის გენეტიკური ლაბორატორიის – იენაგენის მიერ შესრულებული ექსპერტიზის დასკვნა და DDC დნმ-ის დიაგნოსტიკური ცენტრის (აშშ, ლაბორატორია) დასკვნა მოპასუხის დნმ-ის ტიპის განსაზღვრის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული დასკვნები ემყარებოდა მოპასუხისა და მისი წარმომადგენლების მიერ აღებულ და ფოსტით გაგზავნილ ბიოლოგიურ ნიმუშებს (ლოყის ეპითელს), რომლის აღებაშიც მონაწილეობა არ მიუღია მოსარჩელე მხარეს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა ის უდავო ფაქტი, რომ გენეტიკური კვლევისათვის საჭირო ნიმუშების აღება არ განუხორციელებიათ უშუალოდ კვლევის ჩამტარებელ პირებს და, შესაბამისად, საექსპერტო კვლევა ჩატარდა საექსპერტო დაწესებულებებისათვის გადაგზავნილი ნიმუშების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა ასევე, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადა აღებული ნიმუშების იდენტიფიკაცია. გარდა ამისა, თავად გენეტიკური ლაბორატორია იენაგენის მიერ შესრულებული ექსპერტიზის დასკვნის აღწერილობით ნაწილშიც მითითებულია, რომ დნმ-ის სინჯების იდენტიფიცირება შესრულებულია მოპასუხის ადვოკატის მიერ, რაც შეეხება DDC დნმ-ის დიაგნოსტიკური ცენტრის დასკვნას, მასში გაკეთებულია შენიშვნა, რომ მითითებული ტესტი არ შეიძლება დაედოს საფუძვლად სასამართლო დავის გადაწყვეტას მამობის დადგენის თაობაზე, რადგან ტესტი კეთდება ლაბორატორიის მიერ პირის იდენტიფიკაციის გარეშე და იგი მხოლოდ კერძო დანიშნულებისაა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელე სადავოდ ხდის ნიმუშების აღების პროცედურას და საკვლევი პირის იდენტიფიკაციას, სადავო დასკვნები ვერ მიიჩნევა იმ უტყუარ მტკიცებულებებად, რომლებსაც შეიძლება დაემყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება ბიოლოგიური მამობის დადგენის თაობაზე აღძრული სარჩელის განხილვისას.
18. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, სასამართლომ 24.04.2013წ. საოქმო განჩინებით მიზანშეწონილად მიიჩნია დაენიშნა განმეორებითი გენეტიკური ექსპერტიზა. ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო ექსპერტების - ნინო ყოჩიაშვილისა და იანა მალხაზოვას მონაწილეობის გარეშე, რომლებმაც 2010 წელს ჩაატარეს ექსპერტიზა ამავე დავაზე. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის წერილით დგინდება, რომ 2013 წლის 13 მაისს და 30 მაისს მოსარჩელე შვილთან ერთად გამოცხადდა საექსპერტო ბიუროში, ხოლო მოპასუხე არ გამოცხადებულა ბიოლოგიური ნიმუშების ასაღებად. მოპასუხის წარმომადგენლების განმარტებით, მოპასუხემ უარი განაცხადა განმეორებით ექსპერტიზაზე იმ მოტივით, რომ ექსპერტი ნინო ყოჩიაშვილი, რომელმაც დაადგინა მისი ბიოლოგიური მამობა, ამჟამად არის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი და მას გააჩნია შესაძლებლობა ჩაერიოს ლაბორატორიულ სამუშაო პროცესებში. მოპასუხე მხარემ ასევე უარი განაცხადა ნიმუშის ასაღებად გამოცხადებულიყო საქართველოში მოქმედ რომელიმე სხვა დაწესებულებაში. მოპასუხის ასეთი პოზიცია დააფიქსირა მისმა წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩატარებულ სასამართლო სხდომაზეც (იხ.: 25.03.2014წ. სხდომის ოქმი).
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო არ გაიზიარებდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.10.2010წ.-25.11.2010 წლის №... დასკვნას, არსებობდა მოსარჩელის მტკიცების ტვირთისგან გათავისუფლების საფუძველი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად. კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გენეტიკური ექსპერტიზის ჩასატარებლად მოპასუხის გამოუცხადებლობა პროცესუალურად საკმარის საფუძველს წარმოადგენს იმ ფაქტის დასადგენად, რომ მოპასუხე ბავშვის ბიოლოგიური მამაა, ხოლო ის არგუმენტი, რომ საქართველოში მომუშავე ყველა ექსპერტმა შესაძლოა გააყალბოს დასკვნა, მოკლებულია დასაბუთებას და ვერ იქნება მიჩნეული გონივრულ ახსნად და ნიმუშების ასაღებად გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად.
20. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ალიმენტის დაკისრების ნაწილშიც და აღნიშნა, რომ ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე მშობლებისა და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით და არ არსებობს მისი შემცირების რაიმე საფუძველი.
21. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ასევე, რომ არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს 25.01.2013წ., 08.07.2013წ., 20.09.2013წ., 30.09.2013წ. და 11.10.2013წ. განჩინებების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან ეს განჩინებები ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული და კანონიერი იყო, ხოლო სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ განჩინებათა გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
23. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
23.1 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები და დაუსაბუთებლად უპირატესობა მიანიჭა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნას.
23.2 მოპასუხე მოსარჩელეს სთავაზობდა გენეტიკური ექსპერტიზის საზღვარგარეთ ჩატარებას, რაზეც მოსარჩელე არ დათანხმდა, შესაბამისად, ექსპერტიზის ჩატარებას ხელი თავად მოსარჩელემ შეუშალა.
23.3 სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა საქმის განმხილველი მოსამართლის - თამარ ზამბახიძის აცილების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მოსამართლის აცილების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, ხსენებული მოსამართლის მამა არის სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, რაც ამ მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
27. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია.
29. დასაბუთებულად ვერ მიიჩნევა კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნას, მიუხედავდ იმისა, რომ ამ დასკვნის წინააღმდეგ მას წარდგენილი ჰქონდა გერმანიაში და აშშ ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნები.
30. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები ვერ მიიჩნეოდა იმ უტყუარ მტკიცებულებებად, რომლებიც გააბათილებდნენ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნას, ვინაიდან ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნები ეფუძნებოდა ისეთ საკვლევ ნიმუშებს, რომელთა აღებაც გამოსაკვლევი პირებიდან არ უწარმოებიათ ამ დასკვნების გამცემ საექსპერტო დაწესებულებებს და, შესაბამისად, არ იყო იდენტიფიცირებული საკვლევი ბიოლოგიური მასალა, ანუ არ იყო დადგენილი, ეკუთვნოდათ თუ არა საკვლევი ნიმუშები გამოსაკვლევ პირებს.
31. დაუსაბუთებელია ასევე კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ ექსპერტიზის ჩატარებას ხელი თავად მოსარჩელემ შეუშალა. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებებს იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული განმეორებითი გენეტიკური ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო საკვლევი მასალის ასაღებად სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არ გამოცხადდა მოპასუხე, მაშინ როდესაც მოსარჩელე, შვილთან ერთად, მივიდა საექსპერტო დაწესებულებაში. მოპასუხემ უარი განაცხადა ასევე მისგან საკვლევი ბიოლოგიური ნიმუშების აღებაზე საქართველოში მოქმედ რომელიმე სხვა საექსპერტო დაწესებულებაში, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ იგი არ ენდობოდა საქართველოს საექსპერტო დაწესებულებებს. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ დასაბუთებასაა მოკლებული და ბიოლოგიური ნიმუშების აღებაზე უარის თქმის საპატიო მიზეზად ვერ იქნება მიჩნეული მოპასუხის ზემოხსენებული არგუმენტი, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მეოთხე ნაწილის (თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს ან სხვაგვარად ხელს უშლის ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად) მიხედვით, გენეტიკური ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო საკვლევი ბიოლოგიური ნიმუშების აღებაზე მოპასუხის უარი პროცესუალურად საკმარის საფუძველს წარმოადგენს იმ ფაქტის დასადგენად, რომ მოპასუხე ბავშვის ბიოლოგიური მამაა.
32. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ასევე კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ არსებობდა საქმის განხილვისაგან მომსხენებელი მოსამართლის აცილების საფუძველი. კასატორი მოსამართლის აცილების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებული მოსამართლის მამა არის იმ საექსპერტო დაწესებულების იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, რომლის დასკვნასაც ეფუძნება გასაჩივრებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა, უპირველესად, აღნიშნავს იმას, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქმის განხილვისაგან მოსამართლის აცილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს, ვინაიდან მოსამართლის მამა არ არის სადავო ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტი, ხოლო ის გარემოება, რომ იგი ამ დასკვნის გამცემი საექსპერტო დაწესებულების იურისტია, არ ქმნის საკმარის წინაპირობას მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შესატანად. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეფუძნება მხოლოდ სადავო ექსპერტიზის დასკვნას. ხსენებული გადაწყვეტილების მიღების ძირითადი საფუძველია ის გარემოება, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, დადასტურებულად იქნა მიჩნეული მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) პოზიცია, კერძოდ, ის ფაქტი, რომ მოპასუხე არის მოსარჩელის შვილის ბიოლოგიური მამა, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მიხედვით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში დაბადებული ბავშვის მამად მოპასუხის ცნობის საფუძველია.
33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
36. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. შ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (600.00 ლარის) 70% – 420.00 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
37. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. შ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ დ. შ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. შ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (600.00 ლარის, საგადახდო დავალება N..., გადახდის თარიღი – 2014 წლის 16 ივნისი) 70% – 420.00 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი