საქმე №ას-363-345-2015 10 სექტემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. ჭ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „...ს“ უფლებამონაცვლე სს „...ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებულის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2012 წლის 25 დეკემბერს თ. გ-მ (შემდგომში -მსესხებელი) სს ,,ბანკ კონსტანტასაგან“ (შემდგომში - ბანკი) ისესხა 10.000 აშშ დოლარი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 623-ე, 867-ე მუხლები).
2. ზემოაღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად 2012 წლის 25 დეკემბერს ბანკსა და თ. ჭ-ეს (შემდგომში - მესაკუთრე, იგივე მოსარჩელე) შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება (№...), რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მესაკუთრის უძრავი ქონება - ბინა #20, მდებარე ქ. ..., - №96 (ს/კ ...). (სსკ-ის 286-ე, 289.1 მუხლები).
3. ზემოხსენებული სესხის დაფარვის მიზნით მესაკუთრემ ბანკში ორჯერ გადაიხადა გარკვეული თანხა, კერძოდ, 2014 წლის 10 იანვარს გადაიხადა 389.00 აშშ დოლარი, ხოლო 2014 წლის 20 იანვარს - 225.33 აშშ დოლარი, სულ - 614.33 აშშ დოლარი.
4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მესაკუთრე 1975 წლიდან რეგულარულად იმყოფებოდა სტაციონალურ მკურნალობაზე და დროდადრო, საჭიროებისამებრ გადიოდა ამბულატორიულ მკურნალობასაც. დაავადების არსიდან გამომდინარე მას არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი.
5. 2014 წლის 10 აპრილს დაკმაყოფილდა პაატა. ჭ-ის განცხადება და მესაკუთრე აღიარებულ იქნა ქმედუუნაროდ, ხოლო 2014 წლის 22 აპრილს სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით პ. ჭ-ე დაინიშნა მესაკუთრის მეურვედ.
6. მესაკუთრემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა:
6.1. მესაკუთრესა და ბანკს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (სსკ-ის 58.1 მუხლი);
6.2. მოპასუხისათვის 614.33 აშშ დოლარის, როგორც უსაფუძვლოდ მიღებულის, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრება (სსკ-ის 976.1 „ა“, 979.1 მუხლები).
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით: მესაკუთრის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მესაკუთრესა და ბანკს შორის 2012 წლის 25 დეკემბერს დადებული №... იპოთეკის ხელშეკრულება; ბანკს მესაკუთრის სასარგებლოდ დაეკისრა უსაფუძვლოდ მიღებული 614.33 აშშ დოლარის გადახდა.
8. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია განჩინების 1-5 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
9. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები, 985.1 და 979.1 მუხლები.
10. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია მცირეწლოვანის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ბათილად შეიძლება ჩაითვალოს ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური მოშლილობის დროს, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ბათილია ნების გამოვლენა სულით ავადმყოფის მიერ, როცა ეს არ შეესაბამება რეალური ვითარების სწორად აღქმას, თუნდაც ის არ იყოს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული.
11. სარჩელის მიხედვით, მესაკუთრე იყო ფსიქიკურად დაავადებული, არ შეეძლო რეალობის სწორად აღქმა და ვერ გამოხატავდა ხელშეკრულების დადებისას ნამდვილ ნებას.
12. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად წარმოადგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, ,,აკადემიკოს ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან არსებული მუდმივმოქმედი სასამართლო ფსიქიატრიული საექსპერტო ბიუროს“ 2014 წლის 27 მარტის ამბულატორიული სასამართლო - ფსიქიატრიული დასკვნა და ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის მიერ გაცემული ცნობა ფორმა - 100/ა.
13. სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელე დაავადებულია პარანოიდული შიზოფრენიით კოდი -F-20.0. საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით. გამომდინარე აქედან, მას მოვლენათა არსში წვდომისა და პროგნოზირების უნარი არ გააჩნდა. თავისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მას არ შეუძლო შეეგნო თავისი ქმედებები და წარემართა იგი თავისი ნების შესაბამისად (ქმედუუნარობა). მოსარჩელე (დაბ. 01.03.1946წ. ..., პ/ნ .... მცხ. ქუთაისი - №96ბ.20) 1975 წლიდან არის სულით ავადმყოფი, კერძოდ, დაავადებულია პარანოიდული შიზოფრენიით, რომელიც განკურნებას არ ექვემდებარება და 1977 წლიდან შპს ,,ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ცენტრის’’ მიერ შეფარდებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი, არის მე-II ჯგ. ინვალიდი.
14. ზემოხსენებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ შეეძლო შეეგნო თავისი ქმედებები და წარემართა იგი საკუთარი ნების შესაბამისად, რის გამოც სადავო გარიგება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
15. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან სადავო გარიგება ბათილი იყო, ბანკს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა ბათილი გარიგების საფუძველზე უსაფუძვლოდ მიღებული 614.33 აშშ დოლარის გადახდა, სამოქალაქო კოდექსის 985-ე და 979-ე მუხლების პირველი ნაწილების თანახმად.
16. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ბანკმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მესაკუთრის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით: ბანკის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება ბანკისათვის 614.33 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მესაკუთრის სარჩელი ბანკისათვის 614.33 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
18. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის პრეტენზია საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ განსჯადობის წესების დარღვევის თაობაზე და აღნიშნა, რომ მოცემული საქმე იყო რამდენიმე სასამართლოს განსჯადი და მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, აირჩია ქუთაისის საქალაქო სასამართლო.
19. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებას სამოქალაქო კოდექსის 58.3-ე მუხლის საფუძველზე სადავო იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე და, შესაბამისად, ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიიჩნია კანონიერად.
20. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა 614.33 აშშ დოლარი, როგორც უსაფუძვლოდ მიღებული თანხა.
21. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლების ანალიზით დგინდებოდა უსაფუძვლო გამდიდრების გათანაბრების აუცილებელი პირობები: ა) შესრულება უნდა განხორციელებულიყო უსაფუძვლოდ, ე.ი. - ნამდვილი ვალდებულების არსებობის გარეშე; ბ) ამ შესრულებით ვითომ-კრედიტორი უნდა გამდიდრებულიყო, ე.ი. - შეეძინა დამატებითი ქონება, ან - შემსრულებლის ხარჯზე დაეზოგა საკუთარი ქონება.
22. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არც ერთი ეს პირობა არ არსებობდა, კერძოდ, უდავო იყო რომ ბანკსა და მსესხებელს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება იყო ნამდვილი, ე.ი. - ნამდვილად არსებობდა მსესხებლის ვალდებულება - დაებრუნებინა ბანკისათვის სესხად მიღებული თანხა. ამ ვალდებულების არსებობა, თავისთავად, გულისხმობდა იმასაც, რომ ბანკი საკრედიტო ვალდებულების შესასრულებლად გადახდილი თანხებით (მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ამ თანხების გადამხდელი, უშუალო მოვალე, თუ სხვა პირი), უსაფუძვლოდ კი არ მდიდრდებოდა, არამედ - იბრუნებდა თავისივე კუთვნილ, სესხად დროებით გაცემულ თანხას, ნამდვილი საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმებული სარგებლითურთ.
23. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თანხის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
24. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
25. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
25.1. ორივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე იყო სულიერად ავადმყოფი და, შესაბამისად, ბათილი იყო მის მიერ განხორციელებული ნების გამოვლენა სამოქალაქო კოდექსის 58.3-ე მუხლის თანახმად, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს გარემოება არ გაითვალისწინა და მიიჩნია, რომ ბანკი უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა.
25.2. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა არასწორია, ვინაიდან, თუ ბათილია მოსარჩელის ნების გამოვლენა იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას, მაშინ ბათილია მის მიერ სესხის თანხის გადახდის დროს გამოვლენილი ნებაც. აქედან გამომდინარე, ბანკმა უსაფუძვლოდ მიიღო თანხა და ვალდებულია დააბრუნოს იგი.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
27. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
31. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
33. საკასაციო პალატა არ იზიარებს ამ განჩინების 25.2 პუნქტში მითითებულ კასატორის პრეტენზიას და, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ბათილად მიიჩნია მოსარჩელესა და ბანკს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულება და არა ბანკისათვის სესხის თანხის გადახდისას მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება. ეს უკანასკნელი მოქმედება მოსარჩელემ განახორციელა იპოთეკის ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის შემდეგ - 2014 წლის იანვარში. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ამ დროს მოსარჩელე ჯერ კიდევ არ იყო სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული, შესაბამისად, ამ საფუძვლით ნების გამოვლენა ვერ იქნება მიჩნეული ბათილად (სსკ-ის 58.1 მუხლი). მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით ასევე არ დასტურდება ის გარემოება, რომ ამ პერიოდში მოსარჩელის მიერ ნების გამოვლენა მოხდა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური მოშლილობის დროს (სსკ-ის 58.2 მუხლი) ან, რომ მისი ნების გამოვლენა არ შეესაბამებოდა რეალური ვითარების სწორად აღქმას (სსკ-ის 58.3 მუხლი). ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა 2014 წლის იანვარში მის მიერ გამოვლენილი ნების ბათილობის სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა. თავის მხრივ, მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება (ბანკის წინაშე სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მსესხებლის ვადამოსული ვალდებულების შესრულება), შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზციას (თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც). ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენების წინაპირობას ქმნის ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში იპოთეკის ხელშეკრულება ბათილადაა ცნობილი. ეს ხელშეკრულება ნამდვილი რომ ყოფილიყო, მაშინ მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაში იქნებოდა სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზციასთან (უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა), ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შესაძლებელია მოთხოვნა კრედიტორიდან მასზე გადასულიყო (თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს). განსახილველ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა, მესამე პირს (მოსარჩელეს) შეუძლია მოვალეს (მსესხებელს) წარუდგინოს მოთხოვნა უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტიდან გამომდინარე, ვინაიდან იგი ვერ დაიბრუნებს შესრულებას ბანკისგან.
34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობის აუცილებელი წინაპირობაა ვითომ-კრედიტორის უსაფუძლო გამდიდრება. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბანკისაგან შესრულების დაბრუნება, უსაფძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე, გამორიცხულია, ვინაიდან ეს უკანასკნელი მოსარჩელის მიერ განხორციელებული შესრულებით არ გამდიდრებულა, კერძოდ, სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ბანკი უფლებამოსილი იყო მიეღო შესრულება როგორც უშუალოდ პირადი მოვალისაგან, ასევე მესამე პირისგანაც (მოცემულ შემთხვევაში - მოსარჩელისგან). საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მსესხებლის გამდიდრებას, ვინაიდან მან, მოსარჩელის ხარჯზე, დაზოგა ქონება, ანუ სესხის თანხის ის ნაწილი, რომელიც მოსარჩელემ მის ნაცვლად გადაუხადა ბანკს. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელსა და მოსარჩელეს შორის არ არის რაიმე სამართლებრივი ურთიერთობა ან იგი ბათილია, მაშინ მოსარჩელეს შეუძლია მსესხებელს წარუდგინოს მოთხოვნა უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე.
35. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი.
36. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
37. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი