№ას-56-51-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „ე. პ. ჯ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ. ს. ს. გ-ა“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ბ. ს. ს. გ-ამ“ (შემდეგში - მოსარჩელე) სს „ე. პ. ჯ-ას“ (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ხელშეშლის აღკვეთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ, უძრავ ქონებაზე და ამ ქონების მოსარჩელისთვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაევალა გაეთავისუფლებინა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, ქ.ბათუმში, ლ./ჭ-ის ქ.N../...-ში მდებარე უძრავი ქონება და იგი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელისათვის.
5. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ბათუმში, ლ./ჭ-ის ქ.N../...-ში მდებარე უძრავი ქონება ეკუთვნის მოსარჩელეს;
დასახელებული შენობის ერთ-ერთ ნაწილში, კერძოდ, 60კვ.მ ფართის ნაგებობაში განთავსებულია მოპასუხის კუთვნილი ელექტრო მოწყობილობა;
მოსარჩელემ გადაწყვიტა მოპასუხის მიერ დაკავებული ქონების გამოყენება შემოსავლის მისაღებად და მოწყობილობის სხვა ადგილზე გადატანის წინადადებით რამდენჯერმე მიმართა მოპასუხეს;
მოსარჩელე მოპასუხის შეთავაზებას დაეთანხმა, მხოლოდ იმ პირობით, თუ გადატანის დროს დაცული იქნებოდა ნორმატიული აქტით დადგენილი უსაფრთხოების წესები და გადატანის ხარჯებს შენობის მესაკუთრე გაიღებდა;
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის კუთვნილი ელექტრომოწყობილობა მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დადგენილი წესით და 2011 წლის დეკემბრამდე მოსარჩელეს მოპასუხისათვის პრეტენზია არ წაუყენებია. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ეს ნიშნავდა, რომ 2011 წლის დეკემბრამდე მოპასუხე მოსარჩელის კუთვნილ ფართს მისი თანხმობით ფლობდა.
6. სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 159-ე და 168-ე მუხლებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს რამდენჯერმე მოსთხოვა მფლობელობის შეწყვეტა იმ მოტივით, რომ სადავო ქონება მას შემოსავლის მისაღებად ესაჭიროებოდა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის დასაბუთებული პრეტენზიის წაყენების შემდეგ, მოპასუხეს სადავო ნივთის ფლობის ფლობის უფლება აღარ ჰქონდა.
7. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოპასუხე ვალდებული იყო გაეთავისუფლებინა მოსარჩელის კუთვნილი ფართი და იგი მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა.
8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ მას სადავო ქონების ფლობის უფლება ჰქონდა მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366-ე დადგენილების საფუძველზე. აღნიშნული დადგენილებით მთავრობამ დაამტკიცა ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობის დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აქტის არც ერთი ნორმა მესაკუთრეს არ ავალდებულებდა, მუდმივად ეთმინა მისი საკუთრებით სარგებლობა ელექტრული ქსელების მფლობელი პირის მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ აქტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი მიუთითებს ხაზის გადატანისათვის საჭირო ხარჯის გაწევაზე ვალდებულ პირზე, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ქსელის მფლობელი უფლებამოსილი იყო, ხელი შეეშალა მესაკუთრისათვის კუთვნილი ქონებით სარგებლობაში.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში საფუძვლიანი იყო და საქალაქო სასამართლომ იგი არასწორად არ დააკმაყოფილა.
10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ უმსჯელია სადავო ქონების დანიშნულებაზე და კანონმდებლობით დადგენილ საკუთრების უფლების კანონიერ შეზღუდვებზე. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N336 დადგენილება. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის საკუთრების უფლება კანონით არის შეზღუდული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
14. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ, 23.01.2015 წელი, საქმე #ას-1176-1120-2014).
16. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ე. პ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ე. პ. ჯ-ას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, ელექტრონული საგადახდო დავალება N 805, გადახდის თარიღი – 2014 წლის 24 დეკემბერი) 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი