№ას-107-102-2014 30 ოქტომბერი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ტ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „დ. ა-ი“, მ. ს-ე, ო. ყ-ი (მოპასუხეები)
კასატორი – მ. ს-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ტ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 დეკემბრის განჩინება
კასატორ მ. ტ-ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება ან საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
კასატორ მ. ს-ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. ტ-მა მოპასუხეების: მ. ს-ის, სს „დ. ა-ის“, ა. წ-ისა და ო. ყ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის მის სასარგებლოდ, სოლიდარულად, მატერიალური ზიანის – 4160 ლარის და შრომის ხელშეკრულების გაუქმების შედეგად მიყენებული ზიანის – 3600 ლარის, მთლიანობაში 7760 ლარის დაკისრება.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით:
2.1 მ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა მ. ს-ისა და ო. ყ-ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში;
2.2 მოპასუხეებს – მ. ს-ესა და ო. ყ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მატერიალური ზიანის – 4160 ლარის და შრომის ხელშეკრულების გაუქმების შედეგად განცდილი ზიანის – 3600 ლარის, ჯამში 7760 ლარის გადახდა;
2.3 სარჩელი არ დაკმაყოფილდა ა. წ-ისა და სს „დ. ა-ის“ მიმართ მოთხოვნის ნაწილში.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სს „დ. ა-ის“ მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში - მ. ს-ემ და ო. ყ-მა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 დეკემბრის განჩინებით: მ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ო. ყ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2009 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 12 საათსა და 20 წუთზე, ქ.ზესტაფონში, ჩ-ის ქუჩაზე გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 193-ე კილომეტრზე, მ. ს-ემ მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,ფორდ ტრანზიტის” მოდელის სახ. №... ...” მიკროავტობუსით, ბათუმის მიმართულებით მოძრაობისას არ გაითვალისწინა ,,საგზაო უსაფრთხოების შესახებ” კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და შეეჯახა გ. ფ-ის მართვის ქვეშ არსებულ ,,მერსედეს ბენცის” მოდელის ავტომანქანას, რის შედეგადაც მ. ტ-მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 თებერვლის განაჩენით მ. ს-ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვის ვადით;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 თებერვლის განაჩენით ,,ფორდ ტრანზიტის” მოდელის სახ. №... ...” მიკროავტობუსი და ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი დაუბრუნდა მესაკუთრე ო. ყ-ს;
შპს ,,ა. ..... ც-ის” 2011 წლის 6 იანვრის №.../... მიმართვის თანახმად, მ. ტ-ი სამედიცინო ცენტრში შევიდა 2009 წლის 23 ივლისს დიაგნოზით: ქალა-ტვინის მძიმე ტრამვა, მარჯვენა შუბლ-თხემ-საფეთქლის მიდამოს იმპრესიული მოტეხილობა, თავის ტვინის უხეში კომპრესიით, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა და სუბდურული ჰემატომა, შუბლისა და საფეთქლის წილების დაჟეჟილობა მარჯვნივ, პარაორბიტალური ჰემატომა მარჯვნივ (ისტორია №../...). გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 8071.74 ლარი, რომელიც დააფინანსა სადაზღვევო კომპანია ,,ი-მა”;
ქ.თბილისის შპს ს. ც. ,,ი-ას” 2011 წლის 1 აპრილის ცნობის თანახმად, მ. ტ-ი არის მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის სტატუსი მქონე;
სსიპ ქ.მარნეულის №... საჯარო სკოლის დირექტორის №... ცნობის თანახმად, მ. ტ-ი 2009 წლის 15 სექტემბრიდან 2010 წლის 6 თებერვლამდე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, ხოლო 2010 წლის 6 თებერვლიდან 2010 წლის 12 აპრილამდე ანაზღაურების გარეშე შვებულებაში;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ქ.მარნეულის №... საჯარო სკოლის დირექტორის 2011 წლის 11 იანვრის №... ცნობის თანახმად, მ. ტ-ი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 2009 წლის 14 სექტემბრიდან 2010 წლის 15 აპრილამდე პერიოდში იმყოფებოდა უფასო შვებულებაში და არ აუნაზღაურდა 2724.13 ლარი;
სსიპ ქ.მარნეულის №... საჯარო სკოლის დირექტორის 2012 წლის 20 ივლისის №... ცნობის თანახმად, მ. ტ-ი ნამდვილად მუშაობს ქ.მარნეულის №... საჯარო სკოლაში მუსიკის მასწავლებლად და მისი ხელფასი 2009 წლის სექტემბრიდან 2010 წლის სექტემბრამდე შეადგენს 353.30 ლარს;
ქ.თბილისის ჰ.გ-ის სახელობის №.. ხელოვნების სკოლის დირექტორის 2011 წლის 11 იანვრის №.. ცნობის თანახმად, მ. ტ-ი ნამდვილად მუშაობდა ჰ.გ-ის სახელობის №... ხელოვნების სკოლში ხალხური საკრავების პედაგოგად და მისი ხელფასი თვეში 100.35 ლარს შეადგენდა;
მ. ტ-ი სამსახურიდან გათავისუფლდა 2009 წლის 1 სექტემბრიდან, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო.
6. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 999.4-ე მუხლის საფუძველზე, მ. ს-ესა და ო. ყ-ს მართებულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.
7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხეთა განმარტება იმის თაობაზე, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა მოსარჩელისათვის ფიზიკური ზიანის მიყენების გამო ჯანმრთელობის აღდგენაზე გაწეული ხარჯების ოდენობა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზიანის ოდენობის დადგენის მიზნით მოსარჩელემ წარადგინა სამედიცინო პრეპარატების შეძენაზე გაწეული ხარჯები, კერძოდ: ი.ჯ-ის თსუ კლინიკაში მ. ტ-ის მიმართ გაწეულმა სამედიცინო მომსახურებამ შეადგინა 1778.78 ლარი; №... და №..... გასავლის ზედდებულების თანახმად, მ. ტ-ს მედიკამენტის საყიდლად გადახდილი აქვს 61.69 ლარი და 134.67 ლარი; სამედიცინო ცენტრ „ა-ში“ მ. ტ-ის მიმართ გაწეულმა სამედიცინო მომსახურებამ შეადგინა 60 ლარი; სადღეღამისო ფსიქოტროპულ აფთიაქ ,,ჯ-ში” მ. ტ-ის მიერ მედიკამენტების შეძენისათვის გადახდილია 474.40 ლარი. ამასთან, უდავო იყო, რომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით მ. ტ-მა მიყენებული ფიზიკური ზიანის შედეგად დაკარგა სამსახური და განიცადა მატერიალური ზარალი, კერძოდ, 2011 წლის 11 იანვრის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ქ.მარნეულის №... საჯარო სკოლის დირექტორის №... ცნობის თანახმად, მ. ტ-ი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 2009 წლის 14 სექტემბრიდან 2010 წლის 15 აპრილის პერიოდში უფასო შვებულებაში იმყოფებოდა და არ აუნაზღაურდა 2724.13 ლარი, ასევე, სსიპ ქ.მარნეულის №... საჯარო სკოლის დირექტორის 2012 წლის 20 ივლისის №... ცნობის თანახმად, მ. ტ-ი ნამდვილად მუშაობს ქ.მარნეულის №... საჯარო სკოლაში მუსიკის მასწავლებლად და მისი ხელფასი 2009 წლის სექტემბრიდან 2010 წლის სექტემბრამდე 353.30 ლარს შეადგენს. ქ.თბილისის ჰ.გ-ის სახელობის №... ხელოვნების სკოლის დირექტორის 2011 წლის 11 იანვრის №.. ცნობის თანახმად, მ. ტ-ი ნამდვილად მუშაობდა ჰ.გ-ის სახელობის №.. ხელოვნების სკოლში ხალხური საკრავების პედაგოგად და მისი ხელფასი თვეში 100.35 ლარს შეადგენდა. იგი სამსახურიდან გათავისუფლდა 2009 წლის 1 სექტემბრიდან, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი და არ დააკმაყოფილა იგი.
9. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელი იყო ასევე მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან მოპასუხე სს ,,დ. ა-ის“ ბრალეულობა მოსარჩელისადმი ზიანის მიყენებაში საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.
10. სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სს „დ. ა-ის“ მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ტ-მა. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სს „დ. ა-ისათვის“ ზიანის სოლიდარულად დაკისრებას ან საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებას. კასატორის მოსაზრებით, გაუგებარია, თუ რატომ აღმოჩნდა სს „დ. ა-ი“ პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რომელსაც მიუხედავად მის მიერ შესაგებლის წარუდგენლობისა, მაინც არ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება. გაზიარებული არ უნდა იქნეს მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას იჯარით აქვს გაცემული ბაქნები და ახორციელებს მხოლოდ ბილეთების რეალიზაციას, რადგან მხარეს დღემდე არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულებები. უფრო მეტიც, მას პირველი ინსტანციის სასამართლოში უნდა წარედგინა აღნიშნული მოსაზრება და მტკიცებულებები, მაგრამ ისინი საერთოდ არ წარადგინა, რითაც დაკარგა შემდგომში მტკიცებულებების წარდგენის უფლება.
11. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მ. ს-ემ. კასატორის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ტ-ისა და მ. ს-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნენ დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
15. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორ მ. ტ-ის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოპასუხე სს „დ. ა-ის“ წინააღმდეგ უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო და ამ უკანასკნელისათვის, სხვა მოპასუხეებთან ერთად, სოლიდარულად უნდა დაეკისრებინა ზიანის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სს „დ. ა-ი“ მოსარჩელეს დასახელებული ჰყავდა თანამოპასუხედ და მოითხოვდა ამ უკანასკნელისათვის, სხვა მოპასუხეებთან ერთად, სოლიდარულად ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა სავალდებულო თანამოპასუხეობას. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სავალდებულო თანამონაწილეობის დროს, ერთ-ერთი სავალდებულო თანამონაწილის (თანამოპასუხის) მიერ შესაგებლის წარუდგენლობა, ისევე როგორც მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა, ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი. ასეთ დროს სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს არსებითად ყველა თანამოპასუხის მიმართ, შესაბამისად, მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
17. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს ასევე მოსარჩელის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მისთვის ზიანის მიყენების ფაქტზე სოლიდარულად პასუხი უნდა აგოს სს „დ. ა-მა“. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე სს ,,დ. ა-ის“ ბრალეულობა მოსარჩელისადმი ზიანის მიყენებაში საქმის მასალებით არ დასტურდება. ამ დასკვნის საწინააღმდეგოდ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
19. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორ მ. ს-ის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო პალატა, უპირველესად ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კასატორი ვერ აკონკრეტებს, საკასაციო სასამართლოს რომელ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება გასაჩივრებული განჩინება. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების წინააღმდეგ, შესაბამისად, ეს გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მ. ს-ეს მართებულად დაეკისრა ზიანის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე.
20. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი მ. ტ-ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო კასატორი მ. ს-ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
23. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი