Facebook Twitter

№ას-573-544-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. ზ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა რ. ზ-ემ (შემდეგში - მოსარჩელე) სს „კ-ის“ (შემდეგში - მოპასუხე) და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ 2012 წლის 6 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც სარეალიზაციოდ მიექცა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულის გადაწყევეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით და დავის დაგნის ფასი უნდა განესაზღვრა 4 000 ლარით, ხოლო სახელმწიფო ბაჟი - 160 ლარით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განჩინებით აპელანტს (მოსარჩელეს) დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე, კერძოდ, დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2700 აშშ დოლარის ოდენობით. 2015 წლის 23 აპრილს აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ განსახილველი სარჩელი განეკუთვნებოდა არაქონებრივ დავათა კატეგორიას, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს აპელანტისათვის უნდა მოეთხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 160 ლარის ოდენობით. განმცხადებელის განმარტებით, ხარვეზის განჩინება არაკანონიერი იყო იმის გამოც, რომ სასამართლომ მას არასწორად მოთხოვა 2700 აშშ დოლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ვინაიდან ამ თანხის შესაბამისი ექვივალენტი ლარებში შეადგენდა 5940 ლარს, მაშინ როცა სააპელაციო სასამართლოში ფიზიკური პირისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 აპრილის განჩინებით აპელანტს 7 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 5000 ლარისა. ამავე სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

8. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა არ წარმოადგენს ქონებრივ დავას, ამიტომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მისთვის უნდა მოეთხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 160 ლარის ოდენობით.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე. მოცემული განმარტება შესაბამისობაშია მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან (იხ. სუსგ, 26.11.2012 წელი, #ას-1384-1306; 06.01.2011 წელი, #1155-1032-2010).

10. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელე სარჩელით მოითხოვდა ნოტარიუსის მიერ 2012 წლის 6 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც სარეალიზაციოდ მიექცა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სწორედ ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მოსარჩელე სააპელაციო საჩივრით, შესაბამისად, მისი იურიდიული ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ არ მოხდეს მის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა და მოსარჩელემ შეინარჩუნოს საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე. აქედან გამომდინარე, განსახილველი დავის მიმართ აპელანტის (მოსარჩელის) ქონებრივი ინტერესი სახეზეა და, შესაბამისად, დავა ქონებრივ-სამართლებრივი ხასიათისაა.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს ხარვეზი არ შეუვსია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ზ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი