Facebook Twitter

№ას-498-472-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ო. წ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – საიჯარო გადასახადისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მოპასუხე შპს „ო. წ-ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის საიჯარო ქირის სახით 139.73 ლარის, აგრეთვე, ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად წარმოშობილი პირგასამტეხლოს დაკისრება, 2011 წლის 14 ივნისიდან ვალდებულების სრულად დაფარვამდე 1 ლარის ოდენობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით:

2.1 თბილისის მერიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2.2 შპს „ო. წ-ს“ დაეკისრა 139.73 ლარის, აგრეთვე, 2011 წლის 14 ივნისიდან საიჯარო ქირის სრულად დაფარვამდე ყოველდღიურად 0.10 ლარის გადახდა;

2.3 სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 0.90 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 იანვრის განჩინებით ქ.თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

5. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს, შესაბამისად, წარდგენილი სააპელაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებს არ აკმაყოფილებდა და ამ კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

6. სააპელაციო სასამართლოს მითითებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეზე დავის საგნის ღირებულება შემდეგნაირად უნდა განისაზღვროს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით. მოცემულ შემთხვევაში, ქ.თბილისის მერიის სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება 1 ლარის ოდენობით, ძირი ვალდებულების დაფარვამდე, სარჩელის ფასი განისაზღვრა გადაუხდელი იჯარის თანხას – 139.73 ლარს, დამატებული პირგასამტეხლო სარჩელის წარდგენის დროისათვის (2013 წლის 7 თებერვალი) – 605 ლარი, ვინაიდან ხელშეკრულების შეწყვეტიდან – 2011 წლის 14 ივნისიდან 2013 წლის 7 თებერვლამდე 605 დღე იყო გასული და მზარდი პირგასამტეხლო, რომელმაც 3 წლის დაანგარიშებით 1095 ლარი შეადგინა. სასამართლომ საიჯარო ქირის – 139.73 ლარის ნაწილში სარჩელის მოთხოვნა სრულად, ხოლო პირგასამტეხლოს შესახებ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.10 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში სარჩელის ფასმა 544.5 ლარი (605 X 0.9 = 544.5-ს) შეადგინა. აღნიშნულ თანხას დამატებული 1095 X 0.90 = 985.5 ლარს, ე.ი. ჯამი 1530 ლარს შეადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

9. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი, კერძოდ, ხსენებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე 0.90 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2011 წლის 14 ივნისიდან საიჯარო ქირის სრულად დაფარვამდე.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

11. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ფასი უნდა განისაზღვროს 3 წლის განმავლობაში გადასახდელი პირგასამტეხლოს (0.90 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) ოდენობით, რაც შეადგენს 985.50 ლარს (365x3x0.90).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას, რაც ამავე კოდესის 374-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი