№ა-3360-შ-69-2015 27 ნოემბერი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
შუამდგომლობის ავტორი – ც. ხ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ა. პ-ი
განხილვის საგანი – გერმანიის მიუნსტერის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის მიუნსტერის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით 2002 წლის 27 ივნისს დაბადებულ ზ. პ-ზე მზრუნველობა დაევალა დედას – ც. ხ-ეს.
2. ც. ხ-ემ, წარმომადგენელ მ. ბ-ის მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა დასახელებულ ნაწილში.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ც. ხ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე განჩინების საფუძველზე ა. პ-ს გაეგზავნა შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მისი ადგილსამყოფელის მიხედვით; მოპასუხეს განემარტა, რომ უფლება ჰქონდა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში წარმოედგინა მოსაზრება ც. ხ-ის შუამდგომლობის თაობაზე, ამასთან, მას შეეძლო, მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი აღნიშნულს არ მოითხოვდა, საქმე განიხილებოდა ზეპირი განხილვის გარეშე.
4. სასამართლო გზავნილი ა. პ-ს ჩაბარდა შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე.
5. 2015 წლის 3 და 10 ნოემბერს ა. პ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განცხადებები წარმოადგინა. განმცხადებელმა იშუამდგომლა მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
5.1 ზემოხსენებული განცხადებები მოტივირებულია იმით, რომ ა. პ-ს გერმანიის სასამართლოს 2015 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს გზავნილის საფუძველზე ჩაბარდა, მანამდე მისთვის უცნობი იყო, რომ თავისი შვილის დედას – ც. ხ-ეს გერმანული სასამართლოსათვის ჰქონდა მიმართული იმ მიზნით, რომ ბავშვზე მზრუნველობა მხოლოდ მას დავალებოდა.
5.2 განმცხადებელი აღნიშნავს, რომ შუამდგომლობაში ბავშვის დედის მიერ მოყვანილი ფაქტორების და საქმის მწარმოებლის მიერ მითითებული არასწორი გარემოებების გამო, შვილზე მზრუნველობა მას არ უნდა ჩამოერთვას, რის გამოც იგი აპირებს გერმანიაში დასახელებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ა. პ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ამავე განჩინებით დადგინდა, რომ ც. ხ-ის შუამდგომლობა გერმანიის მიუნსტერის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენით, 2015 წლის 27 ნოემბერს, 11 საათზე; მხარეები მოწვეულ იქნენ საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად.
7. საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე შუამდგომლობის ავტორის – ც. ხ-ის წარმომადგენელმა მ. ბ-ემ იშუამდგომლა მის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის გამოხმობის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო შუამდგომლობის განხილვისა და საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ხ-ის შუამდგომლობა გერმანიის მიუნსტერის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
10. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.
11. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის საფუძველზე, ზემოაღნიშნულ ნორმათა დანაწესი უნდა გავრცელდეს ასევე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის (განცხადების) მიმართაც.
15. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის – ც. ხ-ის წარმომადგენელი მ. ბ-ე შუამდგომლობს მის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის გამოხმობის თაობაზე, რასაც ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე – ა. პ-ი. აქედან გამომდინარე, ც. ხ-ის შუამდგომლობა გერმანიის მიუნსტერის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 831, 284-285-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე, 68-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც. ხ-ის წარმომადგენელ მ. ბ-ის განცხადება შუამდგომლობის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ც. ხ-ის შუამდგომლობა გერმანიის მიუნსტერის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დატოვებულ იქნეს განუხილველად.
3. ც. ხ-ეს დაუბრუნდეს თავისი შუამდგომლობა გერმანიის მიუნსტერის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ და თანდართული დოკუმენტები.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი