საქმე №ას-89-83-2015 23 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - იბა „წ-ის გ. ...-ის“ წევრები: დ. კ-ე, ა. შ-ი, ნ. დ.-ე, პ. ე-ე, ჯ. ვ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ა-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ა. ა-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე) მოითხოვა იბა „წ-ის გ. ...-ის“ წევრების: დ. კ-ის, ა. შ-ის, ნ. დ.-ის, პ. ე-ის, ჯ. ვ-ის, თ. ვ-ისა და ზ. ს-ისათვის (შემდგომში _ მოპასუხეები) 9 000 აშშ დოლარისა და ვგალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს _ 9 949,6 აშშ დოლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ ამხანაგობამ არ შეასრულა მოსარჩელესთან 2009 წლის 28 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, კორპუსის ექსპლუატაციაში მიღებიდან ერთ თვეში მოსარჩელის კუთვნილი ქონება არ გაათავისუფლა იპოთეკისგან. მოსარჩელემ უძრავ ქონებაზე რიცხული იპოთეკის გაუქმების მიზნით თავად გადაუხადა კრედიტორს 9 000 აშშ დოლარი. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, აღნიშნული წერილობით იყო შეთანხმებული მხარეთა შორის დადებული ზემოხსენებული ხელშეკრულებით.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებმა მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მ. ლ-ის იძულების საფუძველზე წინა რიცხვით, 2009 წლის 28 თებერვლით, ამხანაგობის თავმჯდომარეს აიძულეს უძრავი ქონების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების დადება მოსარჩელესთან, ქონების იმდროინდელ მესაკუთრეს წარმოადგენდა არა ამხანაგობა, არამედ მესამე პირი _ დ. ლ-ე, რომელთანაც მოსარჩელემ 2010 წლის 18 თებერვალს გააფორმა ხელშეკრულება, გარდა ამისა, მოსარჩელემ ბინის საფასური გადაუხადა მ.ლ-ს. მითითებული გარემოებები დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 დეკემბრის განაჩენითა და სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული ჩვენებებით.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაეკისრათ 9 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის, ხოლო პირგასამტეხლოს სახით _ 1 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 01.03.2006წ. ა. შ-მა, ნ. ვ-მა, ნ. დ.-ემ, დ. კ-ემ, ზ. ს-ემ და პ. ე-ემ დააფუძნეს ამხანაგობა „წ-ის გ. ...“, რომლის მიზანი იყო ქ.თბილისში, წ-ის გ. #...-ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, მისით სარგებლობა და განკარგვა. ამხანაგობის თამჯდომარედ არჩეულ იქნა ზ. ს-ე.
5.1.2. ნ. ვ-ის უფლებამონაცვლეებს წარმოადგენენ ჯ. ვ-ი და თ. ვ-ი. 12.12.2006წ. სანოტარო წესით დამოწმებული გარიგების საფუძველზე ნ.ვ-მა საკუთარი წილი ამხანაგობაში გადასცა უფლებამონაცვლეებს.
5.1.3. 02.11.2009წ. ამხანაგობის წევრებმა აირჩიეს ახალი თავმჯდომარე ჯ. ვ-ი. წესდების შესაბამისად, ამხანაგობის წევრებმა ამხანაგობის თავმჯდომარეს მიანიჭეს უფლებამოსილება, წარმოედგინა ამხანაგობა ნებისმიერ მესამე პირთან ურთიერთობაში, მათ შორის, სახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში .
5.1.4. 2008 წელს მ. ლ-სა და ა. ა-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ა. ა-ეს უნდა მიეღო 55 კვ.მ ბინა შპს „მ. XXI-ის“ მიერ დიდ დიღომში მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსში, რაშიც ა. ა-ემ თავდაპირველად გადასცა 13 000 აშშ დოლარი. დიდ დიღომში საცხოვრებელი სახლი არ აშენდა, რის გამოც მ. ლ-მა ა. ა-ეს შესთავაზა ბინა წ-ის გ.ს #...-ში მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში, ამ პირობას დაეთანხმა ა. ა-ე.
5.1.5. 28.12.2009წ. იბა „წ-ის გ. ...-ის“ თავმჯდომარე ჯ. ვ-სა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელის მიერ ამხანაგობის ანგარიშზე 36 000 აშშ დოლარის შეტანის შემთხვევაში, მისთვის შვიდი სამუშაო დღის ვადაში გადაეცა „წილი“ ამხანაგობის საკუთრებაში არსებული მშენებარე შენობის მეოთხე სადარბაზოში, მე-4 სართულზე მდებარე ბინა #96-დან 64 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, რომელსაც მიენიჭებოდა შესაბამისი ნომერი. აქვე აღინიშნა, რომ გადაცემის მომენტისათვის ხელშეკრულებაში მითითებული მშენებარე ბინა დარეგისტრირებული იყო დ. ლ-ის სახელზე. ხელშეკრულება ხელმოწერილია მოსარჩელისა და ამხანაგობის თავმჯდომარე ჯ. ვ-ის მიერ.
5.1.6. ხელშეკრულების 4.2. მუხლის შესაბამისად, ბმა „წ-ის გ. ...-მა“ აიღო ვალდებულება, რომ საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში ჩაბარება მოხდებოდა არა უგვიანეს 2010 წლის 1 ნოემბრისა, რაზეც უნდა შემდგარიყო შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, აღნიშნული აქტი გახდებოდა ა. ა-ისათვის ზემოაღნიშნული ბინის საკუთრებაში გადაცემის საფუძველი, რაც დადასტურდებოდა საცხოვრებელი ბინის საბოლოო რეგისტრაციით. ხელშეკრულების 5.5. მუხლით, იბა „წ-ის გ. ...-მა“ აიღო ვალდებულება, რომ 4.2. მუხლის შესრულებისას 1 თვის ვადაში თავისი ხარჯებით გააუქმებდა ბინაზე რეგისტრირებულ იპოთეკას. ხელშეკრულების 7.3. მუხლით, ამხანაგობის მიერ ხელშეკრულების 4.1., 4.2., და 5.5. მუხლების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელისათვის გადაეხადა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მის მიერ გადახდილი თანხის 0,3%, ამ მუხლებით განსაზღვრული პირობების მთლიანად შესრულებამდე.
5.1.7. მოსარჩელეს გადაეცა 28.12.2008წ. დათარიღებული სალაროს შემოსავლის ორდერი 13 000 აშშ დოლარის ამხანაგობა „წ-ის გ. #...-ის“ ანგარიშზე გადახდის შესახებ, რომელიც ხელმოწერილია ზ. ს-ის მიერ. 02.02.2010წ. გაცემულია ჯ. ვ-ის მიერ ხელმოწერილი სალაროს შემოსავლის ორდერი მოსარჩელის მიერ 5 500 აშშ დოლარის გადახდის შესახებ, 09.02.2010წ. ამავე პირმა მოაწერა ხელი სალაროს შემოსავლის ორდერზე მოსარჩელის მიერ 17 500 აშშ დოლარის გადახდის შესახებ.
5.1.8. 18.02.2010წ. დაიდო ხელშეკრულება დ. ლ-ესა და ა. ა-ეს შორის ქ.თბილისში, წ-ის გ.ს #...-ში მდებარე #96 ბინის 63,76 კვ.მ ფართის ნასყიდობის შესახებ და უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ა. ა-ის საკუთრებად. მითითებულ ბინაზე სს „ს-ოს ბანკის“ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად რეგისტრირებული იყო იპოთეკა.
5.1.9. გაზიარებულ იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა მოსარჩელის მიერ 28.12.2009წ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებასთან დაკავშირებით, რაც დადასტურებული იყო მისთვის გარიგებით გათვალისწინებული ბინის საკუთრებაში გადაცემით. ხელშეკრულების თანახმად, ბინის რეგისტრირებული მესაკუთრე მოსარჩელეს ბინას გადაუფრომებდა იმ შემთხვევაში, თუ გადაიხდიდა შესაბამის თანხას. 2009 წლის 9 თებერვალს ა. ა-ის მიერ გადახდილ იქნა 17 500 აშშ დოლარი, რის შემდეგაც, 2010 წლის 18 თებერვალს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება დ. ლ-ესა და ა. ა-ეს შორის, ამდენად, ამხანაგობამ ა. ა-ეს მ. ლ-ისათვის გადახდილი 13 000 აშშ დოლარი ჩაუთვალა ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში.
5.1.10. იბა „წ-ის გ. ...-ს“ არ გაუთავისუფლებია იპოთეკისაგან მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. მოსარჩელემ სს „ს-ოს ბანკის“ სასარგებლოდ გადაიხადა 9 000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც ბანკმა უარი თქვა რეგისტრირებულ იპოთეკაზე.
5.1.11. პალატამ დადგენილი გარემოებების შეფასებისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით, 934-ე მუხლის მე-3 ნაწილით და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა მასზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული 03.12.2010წ. განაჩენით არ დგინდებოდა 2009 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი. განაჩენში საუბარი იყო მ. ლ-ის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაზე (მ. ლ-ი მართლსაწინააღმდეგო გზით დაეუფლა ნ. დ.-ის ქონებრივ უფლებას). განაჩენში, მართალია, საუბარი იყო მოსარჩელესთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც, მაგრამ არ იყო მითითებული ისეთი ფაქტი, რის გამოც შეიძლებოდა სასამართლოს მითითებული გარიგება მიეჩნია ბათილად.
5.1.12. მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს ნების გამოვლენის სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებული იძულების ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობდა 28.12.2009წ. ხელშეკრულების კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევის საფუძვლები.
5.1.13. სამოქალაქო კოდექსის 394-ე და 408-ე მუხლების პირველი ნაწილების თანახმად, ვინაიდან ამხანაგობამ 28.12.2009წ. ხელშეკრულებით ნაკისრი მოსარჩელის ბინის ერთი თვის ვადაში იპოთეკისაგან გათავისუფლების ვალდებულება ვერ შეასრულა, ამასთანავე, მხარეთა შორის შეთანხმებული იყო ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს _ გადახდილი თანხის 0,3%-ის გადახდა ვალდებულების შესრულებამდე, პალატამ ჩათვალა, რომ არსებობდა მოსარჩელის მიერ ბანკისათვის გადახდილი 9 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი. სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს ვალდებულება მოპასუხეებს ეკისრებოდათ სოლიდარულად.
5.1.14. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 420-ე მუხლებითაც და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეამცირა პირგასამტეხლო 1 000 აშშ დოლარამდე.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
6.1.1. არც პირველ და არც სააპელაციო სასამართლო ინსტანციის სასამართლოებს არ უმსჯელიათ მოპასუხის მიერ მითითებულ რიგ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მოთხოვნები. სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ მოპასუხე პოზიციას სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე ამყარებდა, სადაც აღნიშნულია, რომ მ.ლ-ის კატეგორიული მოთხოვნითა და მუქარით ამხანაგობის თავმჯდომარე ჯ.ვ-სა და მოსარჩელეს შორის 2010 წლის აგვისტოში გაფორმდა სადავო გარიგება, თუმცა სასამართლოს არ შეუფასებია მოპასუხის პოზიცია. 28.12.2009წ. ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 2010 წლის აგვისტოში, ანუ იგი უკანა რიცხვითაა გაფორმებული. ეს გარემოება სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა მოსარჩელემაც. სასამართლოს არ უმსჯელია განაჩენით დადგენილ იმ გარემოებაზეც, რომ 19.11.2009წ. ბინა საჯარო რეესტრში ირიცხებოდა არა ამხანაგობის, არამედ დ. ლ-ის საკუთრებად და სწორედ ამ მოტივით გაფორმდა ხელშეკრულება კანონიერ მესაკუთრე დ.ლ-ესა და მოსარჩელეს შორის 18.02.2010 წელს.
6.1.2. მოპასუხე მხარის კითხვებზე მოსარჩელემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2008 წელს, დიდ დიღომში მშენებარე კორპუსში ბინის შესაძენად შპს „მ. XXI-ს“ დირექტორ მ.ლ-ს გადაუხადა 13 000 აშშ დოლარი, კორპუსი არ აშენდა და მ.ლ-ი დაპირდა „წ-ის გ. ...-ში“ ბინის შეძენაში დახმარებას. 02.02.2010წ. და 09.02.2010წ. 23 000 აშშ დოლარი მოსარჩელემ გადაუხადა არა ამხანაგობას, არამედ, მ.ლ-ს, რომლისთვისაც გადაცემული ჰქონდა 13 000 აშშ დოლარიც. თანხის გადაცემისას ოთახში იმყოფებოდნენ მხოლოდ მოსარჩელე და მ.ლ-ი, რომელმაც მოპასუხე ამხანაგობის დირექტორ ჯ.ვ-ის სახელით ხელმოწერილი გადახდის ქვითრები გადასცა. 2010 წლის აგვისტოში, საღამოს მივიდა ჯ.ვ-თან და მიიტანა 28.12.2009წ. დათარიღებული ხელშეკრულება, რომელიც მას, თავის მხრივ, გადასცა მ.ლ-მა, ამასთან, განუმარტა, რომ ამხანაგობასთან ყველაფერი მოგვარებული იყო და შეეძლოთ მხარეებს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. მოპასუხის კითხვაზე, თუ რატომ გააფორმა ამხანაგობასთან უკანა რიცხვით ხელშეკრულება, მოსარჩელემ განმარტა, რომ დ.ლ-ისაგან შეძენილი ბინა დატვირთული იყო იპოთეკით და ამ მიზნით გაფორმდა სადავო გარიგება.
6.1.3. სასამართლომ არასრულად შეაფასა 13 000 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე მ.ლ-ის მიერ მოსარჩელისათვის ქვითრის გადაცემის ფაქტი. დოკუმენტი ხელმწეილია ზ. ს-ის მიერ, რომელიც 29.12.2009წ. ამხანაგობის თავმჯდომარე აღარ იყო.
6.1.4. 03.12.2010წ. განაჩენით დადგენილია ამხანაგობის თავმჯდომარის მიმართ მ.ლ-ის მიერ იძულებისა და მუქარის განხორციელება, რაც თავისთავად მხარეთა შორის დადებული გარიგების ბათილობის საფუძველია, ამასთანავე, ამხანაგობა, ამ ხელშეკრულების დადებისას არ წარმოადგენდა ნივთის განკარგვაზე უფლებამოსილ პირს, შესაბამისად, მას არ შეეძლო ნასყიდობის ხელშეკრულების დადება. საქმეში არ არის წარმოდგენილი, სამოქალაქო კოდექსის 99-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრე დ.ლ-ის მიერ გაცემული თანხმობა ან გარიგების მოწონება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქონებაზე ხელშეკრულების განმეორებით დადება მესაკუთრეს აღარ მოუწევდა, ამდენად, ეს გარემოება გარიგების ბათილობაზეც მეტყველებს. ისეთ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელეს თანხა მოპასუხისთვის არ გადაუცია, ხოლო მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულება ბათილია, რომელიც არ წარმოშობს ვალდებულებებს, ამხანაგობას არ უნდა დაეკისროს დ.ლ-ესთან დადებული ხელშეკრულების იპოთეკით დატვირთული საგნის გათავისუფლების ვალდებულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ კასატორების მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. წინამდებარე დავაზე სასარჩელო მოთხოვნას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ასევე, მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალების _ პირგასამტეხლოს დაკისრება წარმოადგენს. სარჩელის საფუძვლად ა. ა-ე მიუთითებს მას და ამხანაგობა „წ-ის გ. ...-ს“ შორის 2009 წლის 28 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების 5.5. პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულების შეუსრულებლობაზე, რომლის თანახმადაც, არა უგვიანეს 2010 წლის 1 ნოემბრიდან ერთი თვის ვადაში ამხანაგობა უზრუნველყოფდა სს „ს-ოს ბანკის“ სასარგებლოდ მოსარჩელისათვის გადასაცემ ფართზე რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმებას. მოპასუხის მიერ შეთანხმებული პირობის დარღვევის გამო, კრედიტორის წინაშე არსებული ვალდებულება შეასრულა მოსარჩელემ და გადაიხადა 9 000 აშშ დოლარი, რაც, მისი განმარტებით, წარმოდგენს მიყენებულ ზიანს, ამასთანავე, ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ამავე ხელშეკრულების 7.3. პუნქტით მხარეები წერილობით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე.
1.2. მოპასუხემ სადავო გახადა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობა და განმარტა, რომ 2009 წლის 28 დეკემბრის გარიგება დაიდო მესამე პირის იძულებისა და მუქარის საფუძველზე, იგი დადებულია წინა რიცხვით და არ გამოხატავს ამხანაგობის თავმჯდომარის ნებას, ამასთანავე, აღნიშნა, რომ ეს ხელშეკრულება დადებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რამდენადაც გასხვისების დროისათვის ხელშეკრულების საგნის მესაკუთრე იყო არა მოპასუხე ამხანაგობა, არამედ ფიზიკური პირი დ. ლ-ე, სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა ამჟამად მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ ბინაზე დ. ლ-ესთან ხელშეკრულების განმეორებით დადება. მოპასუხეებმა აღნიშნეს ისიც, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული საფასური ამხანაგობას არ გადასცემია, შესაგებელში მითითებული გარემოებების დადასტურების მიზნით კი, მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესულ განაჩენზე, ასევე, მოწმის დამატებით დაკითხვის შესახებ 2010 წლის 9 სექტემბრის ოქმზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხეთა აღნიშნული პოზიცია უნდა განვიხილოთ, როგორც მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი, რამდენადაც, მასში გამოთქმული განმარტებები იმდენად არსებითია, რომ მათი დადასტურების შემთხვევაში, გამოირიცხება, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის შესაძლებლობა.
1.3. გასაჩვრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.3.1. 2006 წლის პირველ მარტს დაფუძნდა ამხანაგობა „წ-ის გ. ...“, რომლის მიზანი იყო ქ.თბილისში, წ-ის გ.ს #...-ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, მისით სარგებლობა და განკარგვა. ამხანაგობის თამჯდომარედ არჩეულ იქნა ზ. ს-ე. 2009 წლის 2 ნოემბერს ამხანაგობის წევრებმა აირჩიეს ახალი თავმჯდომარე - ჯ. ვ-ი. წესდების შესაბამისად, ამხანაგობის წევრებმა ამხანაგობის თავმჯდომარეს მიანიჭეს უფლებამოსილება, წარმოედგინა ამხანაგობა ნებისმიერ მესამე პირთან ურთიერთობაში, მათ შორის, სახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში.
1.3.2. 2008 წელს მ. ლ-სა და ა. ა-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ა. ა-ეს უნდა მიეღო 55 კვ.მ ბინა შპს „მ. XXI-ის“ მიერ დიდ დიღომში მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსში, რაშიც მოსარჩელემ მ.ლ-ს თავდაპირველად 13 000 აშშ დოლარი გადასცა. დიდ დიღომში საცხოვრებელი სახლი არ აშენდა, რის გამოც მ. ლ-მა ა. ა-ეს შესთავაზა ბინა წ-ის გ.ს #...-ში მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში, ამ პირობას დაეთანხმა ა. ა-ე.
1.3.3. 2009 წლის 28 დეკემბერს იბა „წ-ის გ. ...-ის“ თავმჯდომარე ჯ. ვ-სა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება მოსარჩელის მიერ ამხანაგობის ანგარიშზე 36 000 აშშ დოლარის შეტანის შემთხვევაში მისთვის შვიდი სამუშაო დღის ვადაში გადაეცა „წილი“, კერძოდ, ამხანაგობის საკუთრებაში არსებული მშენებარე შენობის მეოთხე სადარბაზოში, მე-4 სართულზე მდებარე ბინა #96-დან 64 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, რომელსაც მიენიჭებოდა შესაბამისი ნომერი.
1.3.4. გადაცემის მომენტისათვის ხელშეკრულებაში მითითებული მშენებარე ბინა დარეგისტრირებული იყო დ. ლ-ის სახელზე. ხელშეკრულება ხელმოწერილია მოსარჩელისა და ამხანაგობის თავმჯდომარე ჯ. ვ-ის მიერ.
1.3.5. ხელშეკრულების 4.2. მუხლის შესაბამისად, ბმა „წ-ის გ. ...-მა“ აიღო ვალდებულება, რომ საცხოვრებელი კორპუსი ექსპლუატაციაში ჩაბარდებოდა არა უგვიანეს 2010 წლის 1 ნოემბრისა, რაზეც უნდა შემდგარიყო შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, აღნიშნული აქტი გახდებოდა ა. ა-ისათვის ზემოაღნიშნული ბინის საკუთრებაში გადაცემის საფუძველი, რაც დადასტურდებოდა საცხოვრებელი ბინის საბოლოო რეგისტრაციით. 5.5. მუხლით იბა „წ-ის გ. ...-მა“ აიღო ვალდებულება, რომ 4.2. მუხლის შესრულებისას 1 თვის ვადაში თავისი ხარჯებით გააუქმებდა ბინაზე რეგისტრირებულ იპოთეკას. ხელშეკრულების 7.3. მუხლით, ამხანაგობის მიერ 4.1. 4.2. და 5.5. მუხლების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელისათვის გადაეხადა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მის მიერ გადახდილი თანხის 0,3%-ის ოდენობით, ამ მუხლებით განსაზღვრული პირობების მთლიანად შესრულებამდე.
1.3.6. მოსარჩელეს გადაეცა 2008 წლის 28 დეკემბრით დათარიღებული სალაროს შემოსავლის ორდერი 13 000 აშშ დოლარის ამხანაგობა „წ-ის გ. #...-ის“ ანგარიშზე გადახდის შესახებ, რომელიც ხელმოწერილია ზ. ს-ის მიერ. 2010 წლის 2 თებერვალსა და 9 თებერვალს გაცემულია სალაროს შემოსავლის ორდერები მოსარჩელის მიერ 5 500 და 17 500 აშშ დოლარის გადახდის შესახებ, რომელზედაც ხელს ჯ. ვ-ი აწერს.
1.3.7. 2010 წლის 18 თებერვალს დაიდო ხელშეკრულება დ. ლ-ესა და ა. ა-ეს შორის ქ.თბილისში, წ-ის გ.ს #...-ში მდებარე #96 ბინის 63,76 კვ.მ ფართის ნასყიდობის შესახებ და უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ა. ა-ის საკუთრებად. მითითებულ ბინაზე სს „ს-ოს ბანკის“ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად რეგისტრირებული იყო იპოთეკა.
1.3.8. სააპელაციო პალატის დასკვნით, მოსარჩელემ ფულადი ვალდებულება ამხანაგობის წინაშე შეასრულა, რის შედეგადაც მას გადაეცა გარიგებით გათვალისწინებული ბინა. 2009 წლის 9 თებერვალს მოსარჩელის მიერ 17 500 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ, 2010 წლის 18 თებერვალს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება მას და დ. ლ-ეს შორის, ამდენად, ამხანაგობამ ა. ა-ეს მ. ლ-ისათვის გადახდილი 13 000 აშშ დოლარი ჩაუთვალა ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში.
1.3.9. იბა „წ-ის გ. ...-ს“ არ გაუთავისუფლებია იპოთეკისაგან მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. მოსარჩელემ სს „ს-ოს ბანკის“ სასარგებლოდ გადაიხადა 9 000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც ბანკმა უარი თქვა რეგისტრირებულ იპოთეკაზე.
1.3.10. მოპასუხემ ვერ მიუთითა/დაამტკიცა სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებული მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის წინაპირობები.
1.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
1.5. კასატორები არ ეთანხმებიან გასაჩივრებულ განჩინებას და მათი ძირითადი პრეტენზია სასამართლოს მხრიდან სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენის, ასევე, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ მიცემული განმარტებების არასრულ შეფასებაში მდგომარეობს, რასაც შედეგად ფაქტების არასწორად დადგენა მოჰყვა.
1.6. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორთა არგუმენტებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, სასამართლო ვალდებულია, ინდივიდუალურად და ერთობლიობაში ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ამ გზით დაადგინოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, თავად სასამართლოს დასკვნა, რომლის თანახმადაც, უძრავი ქონების საკუთრებაში გადასაცემად მოსარჩელემ ხელშეკრულება დადო ამხანაგობასთან. ხელშეკრულების 3.1. მუხლის თანახმად, გადაცემის დროისათვის უძრავი ქონება დარეგისტრირებულია დ. ლ-ის სახელზე, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით. მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული მტკიცებულებებით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის მიზნით ხელშეკრულება მოსარჩელესთან გააფორმა დ. ლ-ემაც და სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა მოსარჩელე ქონების მესაკუთრედ. ქვემდგომ სასამართლოებს არ გამოუკვლევიათ ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე გააფორმა ამხანაგობამ ხელშეკრულება მოსარჩელესთან და რა ურთიერთობის ფარგლებში იკისრა მოპასუხემ ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლების, ასევე, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ანუ სასამართლოს უტყუარად არ დაუდგენია მოთხოვნის წარმოშობის ფაქტობრივი საფუძვლის არსებობა. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
1.7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალი ადგენს დასაშვებ მტკიცებულებათა ნუსხას და განსაზღვრავს, რომ საქმის სადავო გარემოებები შეიძლება დადასტურდეს ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებით (სსსკ-ის 102.2. მუხლი). საქმის საქალაქო სასამართლოში განხილვისას მოსარჩელემ არაერთხელ დაადასტურა, რომ ხელშეკრულება გააფორმა დ. ლ-ესთან. 2013 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე მან განმარტა, რომ მ.ლ-ის მიერ იბა „წ-ის გ.ს #...-ში“ შეთავაზებული და ამხანაგობასთან შეთანხმებით მისთვის გადაცემულ ბინაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას აღმოჩნდა, რომ სასამართლოს დაყადაღებული ჰქონდა იგი, სწორედ ამის შემდეგ დადგა დღის წესრიგში დ. ლ-ის საკუთრებად რეგისტრირებული ნივთის გადაცემის საკითხი. მოსარჩელის განმარტებით, მან საჯარო რეესტრში ნახა დ. ლ-ე და მასთან გააფორმა ხელშეკრულება (იხ. 25.09.2013წ. სხდომის ოქმი, 14:36:35; 14:39:48სთ, ამ საკითხზე იხ. ასევე 30.04.2014წ. სხდომის ოქმი 10:40:40 სთ). ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს მოსარჩელემ 2013 წლის 16 ოქტომბრის სხდომაზე (იხ. სხდომის ოქმი 12:28:26სთ) და აღნიშნა, რომ თანხა გადასცა მ.ლ-ს, ხოლო ამ უკანასკნელმა მისცა ხელმოწერილი ქვითრები (იგივე სხდომის ოქმი 12:31:50სთ). 2014 წლის 19 მაისის სხდომაზე მოსარჩელის მიერ მიცემული განმარტების თანახმად, ამხანაგობასთან დადებულ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თარიღი არ ასახავდა გარიგების დადების რეალურ თარიღს, იგი დადებული იყო გაცილებით გვიან, ივლისში ან აგვისტოში (იხ. სხდომის ოქმი 11:32:31სთ). მოპასუხეთა წარმომადგენლის კითხვაზე მოსარჩელემ უპასუხა, რომ ამხანაგობასთან ხელშეკრულების დადების ინტერესს წარმოადგენდა ბინის იპოთეკისაგან გათავისუფლება და სხვა ინტერესი მას ამ უკანასკნელი გარიგების მიმართ არ გააჩნდა (იგივე სხდომის ოქმი, 11:36:18 სთ). საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილი განაჩენი შეიცავს მითითებას მსგავს საკითხებზეც, რაც სასამართლოს არ გამოუკვლევია. საქმეში წარმოდგენილი მოწმის დამატებითი დაკითხვის ოქმის თანახმად კი (09.09.2010წ), ა. ა-ემ თანხა ნაწილ-ნაწილ გადაიხადა და ორჯერვე გადასცა პირადად მ. ლ-ს, რის შედეგადაც გადაეცა იბა „წ-ის გ. ...-ის“ სახელით ხელმოწერილი ქვითრები, აქვე მოწმე განმარტავს, რომ ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ ქონება ეკუთვნოდა არა ამხანაგობას (მოპასუხე) ან „მ. XXI საუკუნეს“, არამედ დ. ლ-ეს. პალატა აღნიშნავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეესტრის ჩანაწერით დგინდება, ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
1.8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა პრეტენზიას 2009 წლის 28 დეკემბრით დათარიღებული ხელშეკრულების იძულებით დადების თაობაზე და ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორები ამ პრეტენზიას უკავშირებენ საქმეში წარმოდგენილ განაჩენს, სადაც აღნიშნულია, რომ ხელშეკრულება ჯ. ვ-მა მ. ლ-ის კატეგორიული მოთხოვნითა და მუქარით გააფორმა მოსარჩელესთან. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ სასამართლოს შემაჯამებელ აქტს პრეიუდიციული მნიშვნელობა არ გააჩნია, ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულების იძულებით დადების ეპიზოდში მ.ლ-ი ბრალდებულად არ ყოფილა ცნობილი, ხოლო განაჩენი არ შეიცავს ფაქტების აღწერას, რომელთა შეფასებითაც (სსსკ-ის 105-ე მუხლით) სასამართლო გამოიტანდა დასკვნას, რომ ამ ქმედებამ გავლენა იქონია ჯ. ვ-ის ნების თავისუფალ გამოვლენაზე. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 85-ე-89-ე მუხლებით განსაზღვრული გარიგების იძულებით დადება სამართლებრივი კატეგორიაა და სასამართლო ნორმით გათვალისწინებული შედეგის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს მხარის მიერ მითითებული ფაქტებითა და ამ ფაქტების დადასტურების მიზნით წარდგენილი მტკიცებულებებით, რომლებიც ნორმით გათვალისწინებულ შემადგენლობას უნდა ქმნიდეს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოპასუხე მხარე უთითებს განაჩენზე, რომლის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში, მითითებულია მხოლოდ მუქარით გარიგების დადებაზე, იმგვარად, რომ არ ირკვევა ნორმით გათვალისწინებული შემადგენლობის არსებობა, გარიგების იძულებით დადებულად მიჩნევისა და ამ მოტივით მისი ბათილად აღიარების საკმარის საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული. თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად დააკისრა მოპასუხეს გარიგების იძულებით დადების ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომელიც მან ვერ დაძლია. ამ კუთხით კი, დასაბუთებულ პრეტენზიას საკასაციო საჩივარი არ შეიცავს.
1.9. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია, მოცემულ შემთხვევაში, ხომ არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული შემადგენლობა, რამდენადაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს გადაეცა სს „ს-ოს ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი და ქონების იპოთეკისგან გათავისუფლების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება შეასრულა ა. ა-ემ. სანივთო უზრუნველყოფის საშუალებით დატვირთულ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება შედავებული არ არის, ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრულია უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლება, დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია, შეასრულოს შესაბამისი მოქმედება. თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ შესრულებულ ვალდებულებაში მოვალეს მოპასუხედ დასახელებული პირი წარმოადგენდა.
1.10. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხს, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მასზე, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებაა, რომელიც მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, რომლის ნამდვილობისათვის, ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია წერილობითი ფორმა. თუმცა, ვინაიდან დასადგენია მხარეთა შორის თავად ძირითადი ხელშეკრულების არსებობა (რომელიც მოსარჩელის მხრიდან ამხანაგობაში გარკვეული შენატანის განხორციელებაზე იყო დამოკიდებული, შედავებულია თანხის ამხანაგობის მხრიდან მიღების ფაქტი, გარიგების საგანზე კი, საკუთრების უფლება არა ამხანაგობას, არამედ მესამე პირს გააჩნდა), ამ საკითხის გადაწყვეტამდე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაზე მსჯელობა შეუძლებელია.
1.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის ...4-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. იბა „წ-ის გ. ...-ის“ წევრების: დ. კ-ის, ა. შ-ის, ნ. დ.-ის, პ. ე-ისა და ჯ. ვ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური