Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-834-785-2015 30 სექტემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – გ. მ-ე, ნ. მ-ი (მოსარჩელეები), ქ. მ-ე და ლ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – თბილისის ს-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა –სააღსრულებო საბუთის შეჩერება იმ საქმეზე, რომელიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა.

დავის საგანი – კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით გ. მ-ისა და ნ. მ-ის (შემდეგში მოსარჩელეები ან კასატორები) სარჩელი თბილისის ს-ის (შემდეგში სამომხმარებლო კოოპერატივი) მიმართ, კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინებით მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია დასაშვებობის შესამოწმებლად.

6. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბერს მომართეს განმცხადებლებმა: გ. მ-ემ, ნ. მ-მა, ქ. მ-ემ, ლ. მ-ემ და მოითხოვეს საკასაციო სასამართლოს წარმოებაში არსებულ დავაზე, სააღსრულებო საბუთის შეჩერება იმ საქმეზე, რომელიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წაროშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად.

7. განმცხადებლებმა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნეს, რომ მათ მიერ აღძრულ სარჩელზე არ დასრულებულა საქმისწარმოება, იმის გათვალისწინებით, რომ, კასატორთა მოსაზრებით, საკითხი ეხება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას, დავა არ დასრულებულა და საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, გამოსახლებით მოსაჩელეს მიადგება გამოუსწორებელი ზიანი, რითაც ფაქტობრივად აზრი დაეკარგება დავას.

8. კასატორებმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით წარმოდგენილ განცხადებას დაურთეს აღსრულების ეროვნული ბიუროს გაფრთხილება (03.09.2015, კოდი …), ასევე, 2015 წლის 24 სექტემბრით დათარიღებული ოქმი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ.

9. მითითებული ოქმის მიხედვით, მოვალეების (კასატორების) კუთვნილი მოძრავი ნივთების ნაწილი გაიტანეს დაკავებული ფართობიდან, ხოლო დარჩენილი ნაწილს ესაჭიროება დემონტაჟი. კრედიტორის წარმომადგენლის თანხმობით, მოვალის თხოვნის საფუძველზე, ამ უკანასკნელს მიეცა დამატებითი ვადა და იძულებითი გამოსახლება კრედიტორთან შეთანხმებით გადაიდო 2015 წლის 1 ოქტომბერს, 16:00 საათზე.

10. საქართველოს უზენაეს სასმართლოში წარმოდგენილი განცხდაებით მოთხოვნილია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 9 იანვარს გაცემული N… სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებასა და თანდართულ მტკიცებულებებს, მათი შესწავლის საფუძველზე გამოიტანა დასკვნა, რომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაშია ნ. მ–ისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის ს-ის წინააღმდეგ. სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებას, კასატორებთან ერთად, ხელს აწერენ ქ. მ-ე და ლ. მ-ე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5, მე-6 პუნქტები). ქ. მ-ე და ლ. მ-ე არ არიან უზენაესი სასამართლოს წარმოებაში არსებული სამოქალაქო დავის (საქმე # №ას-834-785-2015) მხარეები, შესაბამისად, მათი განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა და, ამდენად, იგი თავისი არსით ემსახურება მოსარჩელის უფლებების დაცვას. შესაბამისად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შეიძლება შეიტანოს მოსარჩელემ (იხ. სუსგ საქმე №ა-1222-ბ-10-2015, 14.08.2015 წელი).

12. საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, განიხილოს იმ პირთა განცხადებები, რომლებიც არ არიან საქმისწარმოების მონაწილე სუბიქტები, შესაბამისად, ქ. მ-ისა და ლ. მ-ის მოთხოვნის ნაწილში წარმოდგენილი განცხადებაზე საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს.

13. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს ნ. მ-ისა და გ. მ-ის მიერ წარმოდგენილი განცხადება, რომლებიც არიან მოსარჩელეები და, უზენაეს სასამართლოოში საქმის განხილვის ეტაპზე, კასატორ მხარეს წარმოადგენენ.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შესაძლოა დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

15. განსახილველ შემთხვევაში კასატორებს მიაჩნიათ, რომ ისინი არიან სპეციალური კანონით დადგენილი სამართალურთიერთობის სუბიქტები, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში საქმისწარმოების დასრულებამდე, საბოლოოდ ვერ გაირკვევა მათი სტატუსი, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს განმცხადებელებს, თუკი ისინი გამოსახლებული იქნებიან იმ სადგომიდან, რომელიც კანონით მათ დათმობის გარიგების საფუძველზე მიიღეს.

16. კასატორები ითხოვენ სააღსრულებო საბუთის შეჩერებას იმ საქმეზე, რომელიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წაროშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ აღსრულება პრაქტიკულად დაწყებულია, ამასთან, აღნიშნავს, რომ სასამართლოსათვის თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც მოვალის, ისე კრედიტორის ინტერესების დაცვა, რადგან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება და ყოველგვარი რისკის არიდება, რის გამოც შეფერხდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება.

18. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 9 იანვარს გაცემული N… სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერებით, საკასაციო სასამართლოს მიერ მის წარმოებაში არსებული დავის გადაწყვეტამდე, თანაბრად იქნება დაცული, როგორც კრედიტორის, ისე, მოვალის ინტერესები.

19. საკასაციო სასამართლოს განსახილველ შემთხვევაში მიაჩნია, რომ განმცხადებელთა საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და საბოლოო ინსტანციის სასამართლოში საქმისწარმოების დასრულებამდე, სააღსრულებო ფურცლის შეჩერების შემთხვევაში, თანაზომიერად იქნება დაცული კრედიტორისა და მოვალის ინტერესები, ვიდრე - დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, დაწყებული აღსრულების გაგრძელება იმ ფართზე, რომელიც სადავოდაა ქცეული. შესაბამისად, დაპირისპირებულ მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს გონივრულად და სამართლიანად მიაჩნია კასატორთა მოთხოვნის დაკმაყოფილება და სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება მოსარჩელეთა იძულებითი გამოსახლების ნაწილში, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ი" ქვეპუნქტით, 399-ე, 372-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. მ-ის, გ. მ-ის, ლ. მ-ისა და ქ. მ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. შეჩერდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 09 იანვარს გაცემული # … სააღსრულებო ფურცლის მოქმედება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ნ. მ-ისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივრის განხილვამდე მოწინააღმდეგე მხარის თბილისის ს-ის მიმართ (საქმე # ას-834-785-2015) ნ. მ-ისა და გ. მ-ის იძულებითი გამოსახლების ნაწილში.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ.ქათამაძე