Facebook Twitter

№ას-879-829-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ. პ-ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – კ. რ-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

კასატორი - კ. რ-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. პ-ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორ მ. პ-ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ალიმენტის შემცირების ნაწილში

კასატორ კ. რ-ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ალიმენტის დაკისრების ნაწილში

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება (სარჩელში), შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2014 წლის 4 დეკებერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელით მიმართა მ. პ-მა მოპასუხე კ. რ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება თითოეულ ბავშვზე სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე 500-500 ლარის ოდენობით.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა არასრულწლოვანი შვილების აღსაზრდელად მისთვის მიკუთვნება.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით: ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. პ-ის სარჩელი; კ. რ-ს შვილების - ლ. რ-ის (დაბადებული ...... წელს), ლ. რ-ის (დაბადებული ..... წელს) და გ. რ-ის (დაბადებული ...... წელს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად თითოეულზე 200 (ორასი) ლარის, სულ 600 ლარის გადახდა, ბავშვების სრულწლოვანებამდე ან/და მდგომარეობის შეცვლამდე, სარჩელის აღძვრის დღიდან 2014 წლის 04 ნოემბრიდან; კ. რ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით: მ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; კ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება კ. რ-ზე ალიმენტის სახით თითოეულ ბავშვზე 200 ლარის დაკისრების ნაწილში; კ. რ-ს შვილების - ლ. რ-ის (დაბადებული ...... წელს), ლ. რ-ის (დაბადებული ...... წელს) და გ. რ-ის (დაბადებული ...... წელს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად თითოეულზე 160 ლარის, სულ 480 ლარის გადახდა, ბავშვების სრულწლოვანებამდე, სარჩელის აღძვრის დღიდან 2014 წლის 04 ნოემბრიდან; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- მოსარჩელე 1998 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან;

- ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ სამი შვილი: ლ. რ-ი დაბადებული ...... წელს, ლ. რ-ი დაბადებული ...... წელს და გ. რ-ი დაბადებული ...... წელს;

- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 24.10.2014 წლის გადაწყვეტილებით მხარეთა შორის შეწყდა ქორწინება;

- დღეის მდგომარეობით მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ;

- არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან (მოსარჩელესთან) ერთად;

- მოპასუხეს სახელფასო ანგარიშზე ერიცხება არა 2038, არამედ 1305 ლარი, ხელფასი იბეგრება 20%იანი საშემოსავლო გადასახდით;

- მოპასუხის კმაყოფაზეა მისი დედა, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. მოპასუხე დედის მომვლელს უხდის თვეში 400 ლარს, ასევე დედისათვის ესაჭიროება მედიკამენტების შეძენა, ასევე იხდის მიმდინარე კომუნალურ გადასახდებს;

- მოპასუხეს ბანკიდან აქვს აღებული კრედიტი და იხდის პროცენტს.

7. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო რეგულაცია მშობლების საალიმენტო მოვალეობასთან დაკავშირებით ითვალისწინებს როგორც ნებაყოფლობით, ასევე იძულებით მექანიზმებს, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამდენად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ გონივრულად და სამართლიანად მიაჩნია მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება თითოეულ ბავშვზე 160 ლარის, სულ 480 ლარის ოდენობით.

8. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა კ. რ-ის მატერიალური მდგომარეობა და მას შეუმცირა ალიმენტის ოდენობა, მ. პ-ის სააპელაციო საჩივარი დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდის შესახებ უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან კ. რ-ის ეკონომიური მდგომარეობა არ იძლეოდა ამის საფუძველს.

9. სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ მსჯელობას კ. რ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

11. კასატორ კ. რ-ის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა მისი მატერიალური მდგომარეობა, ასევე არასწორად უთხრა მას უარი არასრულწლოვანი შვილის აღსაზრდელად გადაცემაზე.

12. კასატორ მ. პ-ის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს, ვინაიდან აპელანტს არ მოუთხოვია ალიმენტის ოდენობის შემცირება.

13. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებებით საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნენ დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

17. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

18. კასატორ მ. პ-ის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს, ვინაიდან აპელანტს არ მოუთხოვია ალიმენტის ოდენობის შემცირება.

19. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და მიუთითებს კ. რ-ის სააპელაციო საჩივარზე, რომლითაც იგი მოითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმებას, მათ შორის იმ ნაწილშიც, რომლითაც მას დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანის შვილების სასარგებლოდ. ამასთან, იგი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა მისი ხელფასის ოდენობა, ასევე ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა მისი მატერიალური მდგომარეობა. გარდა ამისა, აპელანტი აღნიშნავდა, რომ მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში (შვილების აღსაზრდელად მისთვის გადაცემის შემთხვევაში), მისთვის ალიმენტის დაკისრების საფუძველი აღარ იარსებებდა. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ აპელანტი სადავოდ ხდიდა მისთვის ალიმენტის დაკისრების კანონიერებას, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ გასცდენია სააპელაციო საჩივრის ფარგლებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი).

20. დაუსაბუთებელია ასევე კასატორ კ. რ-ის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, არ გაითვალისწინა მისი მატერიალური მდგომარეობა, ასევე არასწორად უთხრა მას უარი არასრულწლოვანი შვილის აღსაზრდელად გადაცემაზე.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, გაითვალისწინა რა აპელანტის მატერიალური მდგომარეობა, შუმცირა კიდეც მას გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა. კასატორი ვერ ასაბუთებს, უფრო მეტად რატომ უნდა შემცირდეს ალიმენტის ოდენობა. რაც შეეხება არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. კასატორი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ უნდა გადაეცეს მას აღსაზრდელად მხოლოდ უმცროსი შვილი (ვაჟი) და რატომ უნდა დაშორდეს იგი თავის დებს.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი მ. პ-ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო კასატორ კ. რ-ს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300.00 ლარი, რომლის 70% - 210.00 ლარი, მას უკან უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

26. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. პ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კ. რ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. კ. რ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი – 31.08.2015 წელი) 70% – 210 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი