საქმე №ას-590-558-2015 24 ნოემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი. გ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა. პ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება/განკარგულება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის განჩინება და განკარგულება პირის დაჯარიმების შესახებ
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების, ასევე დაჯარიმების შესახებ განკარგულების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „ა. პ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. გ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, კასატორი) მიმართ მოსარჩელე საწარმოს ანგარიშიდან საქვეანგარიშოდ გატანილი თანხის _ 235 023 ლარისა და 2012 წლის 14 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ამ თანხის წლიური 10%-ის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების შემწყვეტი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საზოგადოებას გარდა იმ საბანკო ანგარიშისა, რომლის ამონაწერიც ერთვის სარჩელს, გააჩნია ამავე ბანკში სხვა ანგარიში, სადაც მოპასუხეს კომპანიის მიერ აღებული სესხის დაფარვის მიზნით შეჰქონდა თანხები.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 78 180 ლარის, ასევე, ამ თანხის წლიური 10%-ის გადახდა 2012 წლის 14 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ხოლო 156 843 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების/განკარგულების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის საოქმო განჩინებით, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, მოწინააღმდეგე მხარის შეურაცხყოფისა და სასამართლოსადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვის გამო ი. გ-ე დაჯარიმდა 300 ლარით.
5.2. ამავე პალატის 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008-2012 წლებში მოპასუხე იყო შპს „ა. პ-ის“ დირექტორი, ასევე, კომპანიის პარტნიორი. მან თავის წილი მიყიდა თენგიზ ტალახაძეს.
6.2. 2012 წლის 14 მაისის პარტნიორთა გადაწყვეტილებით, მოვალე შპს „ა. პ-სა“ და კრედიტორ ი. გ-ეს შორის დაიდო შეთანხმება ვალდებულებათა აღიარებისა და ვალდებულებათა უზრუნველყოფის შესახებ. მოვალის აღიარებული დავალიანება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შეადგენდა 600 000 აშშ დოლარს, ვალდებულება უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკის მიხედვით, 2012 წლის 31 დეკემბრამდე. მხარეთა განმარტებით, მითითებული თანხა მოპასუხეს მიღებული აქვს. პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით, მოპასუხის მიმართ ვალდებულებების აღიარება არ ნიშნავდა როგორც კომპანიის დირექტორის მიმართ პრეტენზიებზე უარის თქმას, კომპანიას მართებდა ვალი როგორც პარტნიორის და არა როგორც საზოგადოების დირექტორის მიმართ.
6.3. მოცემული დავის საგანი ი. გ-ის, როგორც საწარმოს დირექტორის დავალიანება იყო შპს „ა. პ-ის“ მიმართ.
6.4. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ დირექტორს თანხა გატანილი ჰქონდა საწარმოდან, ეკისრებოდა მოსარჩელეს, ხოლო მოპასუხის ვალდებულება იყო, დაემტკიცებინა გატანილი თანხების დაბრუნების ან საწარმოს სასარგებლოდ გადახდების განხორციელების ფაქტი. ი. გ-ე სადავოდ არ ხდიდა, იმ ფაქტს, რომ პერიოდულად გაჰქონდა თანხები შპს-დან საქვეანგარიშოდ. თავად აპელანტის განმარტებით, მის მიერ გატანილი იქნა 1 მილიონზე მეტი. იგი აღნიშნავდა, რომ თანხები სრულად დააბრუნა და გადაიხადა საწარმოს დავალიანებები ბანკისა და სხვა კომპანიების მიმართ (სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის სხდომის ოქმი 13:01.). მხარეთა პოზიციების დასტურად, მათ მიერ წარდგენილი იქნა აუდიტორული დასკვნები. მოპასუხემ წარადგინა შპს „აუდიტორული ფირმა ბ-ი და კ-ას“ 2014 წლის 20 იანვრის №... აუდიტორული დასკვნა, რომლის თანახმადაც, 2013 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით საბუღალტრო მონაცემებისა და პირველადი ამონაწერების შესაბამისად, მოსარჩელეს ყოფილი დირექტორის მიმართ გააჩნდა დავალიანება 766 388 ლარის და 43 თეთრის ოდენობით. შპს „ა. პ-ის“ ანგარიშზე ასახულ იქნა სესხის დაფარვები 853 790 ლარის ოდენობით 2010 წელს, ხოლო 2011 წელს - 52 657,26 ლარი, რაც ჯამში 906 447 ლარს შეადგენდა. დასკვნაში არ იყო ასახული გატანილი თანხების ზუსტი ოდენობა. მათ შორის, არ იყო გათვალისწინებული ის გარემოება, რომ საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს გააჩნდა დებიტორული დავალიანება 447 671 ლარი და 4 თეთრი. 2010-2012 წლებში აპელანტი კვლავ აგრძელებდა საქვეანგარიშოდ თანხების გატანას. აღნიშნულ დასკვნაში ასევე არ იყო გათვალისწინებული ის გარემოება, რომ სადავო პერიოდში, მოპასუხე წარმოადგენდა რა კომპანიის პარტნიორს, აწარმოებდა გადახდებს საწარმოს სასარგებლოდ, მასვე ჰქონდა გამოყენებული საკუთარი ქონება საწარმოს ვალდებულებების უზრუნველსაყოფად. 2012 წლის 14 მაისს მხარეები შეთანხმდნენ, რომ აპელანტი საწარმოდან მიიღებდა 600 000 აშშ დოლარს, ამასთან, საწარმო იღებდა ვალდებულებას, უფლებრივი ტვირთისგან გაეთავისუფლებინა ი.გ-ის კუთვნილი ქონება, რითაც აღმოიფხვრებოდა დავალიანება პარტნიორის მიმართ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საწარმო იტოვებდა უფლებას, ი. გ-ის, როგორც დირექტორის მიმართ არსებულ მოთხოვნებზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მიწვულმა სპეციალისტმა _ ნ. ბ-მა განმარტა, რომ აუდიტორული დასკვნის მომზადებისას მისთვის არ იყო ცნობილი მხარეთა შორის არსებული შეთანხმების შესახებ. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ წარდგენილი დასკვნა არ ასახავდა დირექტორსა და საწარმოს შორის არსებული დავალიანების სრულ სურათს, ვინაიდან იგი, ემყარებოდა რა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებს, ვერ ავლებდა მიჯნას ი. გ-ის, როგორ საწარმოს პარტნიორისა და საწარმოს დირექტორის მიერ განხორციელებულ გადახდებს შორის და არ შეიცავდა ი. გ-ის, როგორც დირექტორის მიერ საწარმოდან გატანილი თანხების შესახებ ინფორმაციას. ამდენად, წარდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებდა აპელანტის პოზიციას, საწარმოდან, როგორც დირექტორის მიერ გატანილი თანხის სრულად დაფარვის თაობაზე.
6.5. მოწინააღმდეგე მხარის მიერ საქმეში წარდგენილ იქნა შპს „ბ. ა-ის“ რამდენიმე დასკვნა, რომელიც ეფუძნებოდა საწარმოში არსებული ელექტრონული საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ მონაცემებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მიწვეული სპეციალისტების განმარტებით, აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს საწარმოს ბუღალტერიის წარმოების ელექტრონული პროგრამის ერთ-ერთ სახეობას, რომელშიც შესაბამის უფლებამოსილ პირს შეყავს მონაცემები პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების მიხედვით. შპს „ბ. ა-ის“ მიერ დასკვნა მომზადდა საბუღალტრო პროგრამულ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლის შემდგომი კორექტირება მოხდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე და საბოლოო შედეგები გამოყვანილი იქნა შპს „აუდიტორული ფირმა ბ-ი და კ-ას“ 2014 წლის 20 იანვრის №... აუდიტორული დასკვნის, მასზე თანდართული დოკუმენტებისა და შპს „ა. პ-ი-ს“ ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების გათვალისწინებით, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 2014 წლის 15 მარტის მონაცემებით ი. გ-ეს ერიცხებოდა მოსარჩელის მიმართ გადასახდელი ვალდებულება 235 023 ლარის და 96 თეთრის ოდენობით, აღნიშნულ თანხაში შესულია სს „კ-ი-ს“ შემოსავლის ორდერში მითითებული 156 843 ლარი, რაც საქალაქო სასამართლომ მოპასუხის მიერ საწარმოს სასარგებლოდ გადახდილ თანხად შეაფასა და სხვაობა 78 180 ლარით განსაზღვრა დირექტორის მიერ საწარმოსთვის გადასახდელ დავალიანებად.
6.6. არ იქნა გაზიარებული აპელანტის პრეტენზია იმის შესახებ, რომ ელექტრონულ პროგრამაში ადამიანის ჩარევის შესაძლებლობის არსებობის გამო, საბუღალტრო პროგრამაზე დაფუძნებულ აუდიტორულ დასკვნას, კონკრეტულ შემთხვევაში, არ უნდა მინიჭებოდა მტკიცებულებითი მნიშვნელობა. სასამართლოს განმარტებით, დავალიანების წარმოშობის პერიოდში, რა დროსაც ეხებოდა აუდიტის დასკვნაზე დართული საბუღალტრო პროგრამიდან ამონაწერი (შპს „ა. პ-ის“ საბუღალტრო ანგარიში 14 402 ი. გ-ის ბარათი), ი. გ-ე წარმოადგენდა საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, შესაბამისად, იგი თავად ხელმძღვანელობდა საწარმოში მიმდინარე პროცესებს და იღებდა საწარმოს სახელით გადაწყვეტილებებს. აპელანტი არ უარყოფდა საწარმოდან ერთ მილიონ ლარზე მეტი თანხის გატანის ფაქტს, თუმცა, კონკრეტულად ვერ უთითებდა, თუ რა თანხა იქნა მისი, როგორც დირექტორის მიერ დაბრუნებული საწარმოს ანგარიშზე. აპელანტის მოსაზრება საწარმოს ბუღალტრულ მონაცემებში ცდომილების შესახებ დაუსაბუთებელი იყო, რადგანაც, როგორც აღინიშნა, საბუღალტრო პროგრამის მონაცემები ეხებოდა იმ პერიოდს, როდესაც აპელანტი თავად იყო საწარმოს ხელმძღვანელი პირი, საბუღალტრო პროგრამაში პირველადი მონაცემების არასწორი ასახვა, მისი დადასტურების შემთხვევაშიც მეტყველებდა საწარმოს საქმიანობის გაძღოლისას ხელმძღვანელის მიერ კეთილსინდისიერი ქცევის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ვალდებულების დარღვევაზე, რაზეც დირექტორს ეკისრება პასუხისმგებლობა. კონკრეტული ცდომილება, რასაც უთითებდა აპელანტი, ეხებოდა 2010 წლის 14 ივლისს განხორციელებულ ტრანზაქციას 14 862 ლარის საწარმოდან გატანას, რომლის საფუძვლადაც მითითებული იყო კონკრეტული ინვოისი. აღნიშნული თანხა ასახული იყო მოპასუხის ბარათზე და არ იყო წარდგენილი ამ თანხის რაიმე ვალდებულების დასაფარად გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება. აპელანტი უთითებდა მხოლოდ პროგრამაში არსებულ მონაცემთა უსწორობაზე და ვერ უთითებდა იმ გარემოებას, თუ რა სახით გამოიყენა აღნიშნული თანხა საწარმოს სასარგებლოდ. ამ გარემოების დადასტურება აპელანტს შეეძლო შესაბამისი დავალიანების დაფარვის შესახებ მტკიცებულების წარმოდგენით შპს „ა. პ-ის“ კრედიტორისგან, ანალოგიურად, როგორც ამას ადგილი ჰქონდა შპს „საქართველოს ს. კ-ის“ ან სს „კ-ის“ შემთხვევაში
7. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი, ასევე გამოცხადებული პირის დაჯარიმების შესახებ განკარგულების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
7.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
7.1.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები, თავადაც დაეყრდნო საქმის წარმოების პროცესში მოსარჩელის მიერ წარდგენილ აუდიტორულ დასკვნებს, აღნიშნულით დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები, რადგანაც არ იქნა შეფასებული ის გარემოებები, თუ რა დაედო ამ დასკვნებს საფუძვლად.
7.1.2. სადავო აუდიტორულ დასკვნებში პირდაპირაა მითითებული, რომ ისინი ემყარება საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ მონაცემებს, რომელთა არასანდოობაზე მიუთითებდა აპელანტი, ამასთან, სამივე დასკვნაში არსებული თანხობრივი მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავებულია. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უსწორობას ადასტურებს ასევე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით დამდგარი თანხობრივი შედეგი.
7.1.3. საბუღალტრო პროგრამის მონაცემები შესაძლებელი იქნებოდა გათვალისწინებულიყო მხოლოდ მაშინ, თუ თუკი მოსარჩელე წარადგენდა პირველად დოკუემნტებს, შესაბამისად, სრულიად დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომლითაც არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ საბუღალტრო პროგრამას მტკიცებულებითი მნიშვნელობა არ უნდა მინიჭებოდა. სასამართლომ ეს პროგრამა არაობიექტურად რომ შეაფასა დასტურდება იმითაც, რომ განჩინებაში პალატამ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.6 მუხლზე და დირექტორის არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე.
7.1.4. სრულიად ალოგიკურია სასამართლოს მოტივაცია, რომ მოპასუხეს ეკისრება თანხის დაბრუნების ან/და კომპანიის სასარგებლოდ მათი გადახდის ფაქტი, რამდენადაც სათანადო დოკუემენტბის წარმოდგენა მოსარჩელისათვის მეტად ხელმოსაწვდომი იყო.
7.1.5. ყურადღება უნდა გამახვილდეს სასამართლოს იმ მსჯელობაზეც, რომლის თანახმადაც, მოპასუხის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნა ვერ ასაბუთებს დავალიანების არარსებობას, მაშინ, როდესაც სასამართლო დაუყრდნო შპს „ბ. ა.-ის“ დასკვნას, რომელიც თავად ვერ ასაბუთებს მასში ასახული მონაცემების სისწორეს. ამ უკანასკნელი აუდიტორისათვის სამივე დასკვნის მომზადებისას ცნობილი იყო მხარეთა შეთანხმების შესახებ და თანხობრივი შედეგით ეს დასკვნები განსხვავებულია.
7.1.6. სააპელაციო სასამართლოს შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისთვისაც, რომ მხარეთა შეთანხმების დანართში „ვალდებულებათა აღიარებისა და ვალდებულებათა უზრუნველყოფის შესახებ“ მითითებული თანხა მოიცავდა ი.გ-ის მიერ გასხვისებული წილის ღირებულებასაც, შესაბამისად, ხსენებული თანხის ნაწილის _ 139 000 აშშ დოლარის კასატორისათვის გადახდის შედეგად დაიფარა კომპანიის წილის ნასყიდობის ღირებულება და ამ თანხას მოთხოვნილ თანხასთან არავითარი საერთო არ ჰქონია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ საწარმოს მიმართ მოპასუხეს, როგორც ყოფილ დირექტორს, გააჩნდა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულებები. ეს გარემოება მხარეთა მიერ შედავებული არ ყოფილა. დავის სასამართლოში განხილვის ეტაპზე კი, მოვალემ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულების დადასტურება.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტებს მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილებისა და ამტკიცებულებათა არასწორი შეფასების თაობაზე და განუმარტავს მხარეს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალურ სტანდარტს და ზოგადი წესის თანახმად, თითოეულ მხარეს ევალება მის მიერ მითითებული გარემოების დამკტკიცება, თუმცა, ნორმის მე-3 ნაწილი ყურადღებას ამახვილებს რიგი გარემოებების სათანადო, განკუთვნადი მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობაზე. ამგვარი სათანადო მტკიცებულებების სახეს კი, როგორც წესი, მატერიალური კანონმდებლობა განსაზღვრავს. სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. დასახელებული ნორმა მოვალის უფლებადამცავ დანაწესს წარმოადგენს და სწორედ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა ევალება პირს, რომელსაც ვალდებულების შესრულებაში ედავებიან. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ წარადგინა აუდიტორული დასკვნა, რომელიც სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შეაფასა და მისი კვლევის არასრულყოფილების გამო მართებულად არ გაიზიარა იგი. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, არავითარ მტკიცებულებას კანონი არ ანიჭებს უპირატესობას. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარდგენილ აუდიტორულ დასკვნებს, კასატორი მათ ძირითადად იმ საფუძვლით ხდის სადავოდ, რომ აუდიტორული კვლევა ემყარება საბუღალტრო პროგრამას და არა პირველად დოკუმენტებს. პალატა განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ზემოაღნიშნული წესიდან გამომდინარე, სწორედ მოპასუხეს ევალებოდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნების გამაბათილებელი მტკიცებულებების, მათ შორის, პირველადი დოკუმენტების წარდგენა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მტკიცებულებათა გამოთხოვის ინსტიტუტს და საპროცესო კოდექსი 136-ე მუხლის მე-5 ნაწილისს თანახმად, რომ თუ წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა, სასამართლოს შეუძლია მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე. გარდა აღნიშნულისა, გათვალისწინებულია ასევე ამ ტიპის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებების გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობაც (სსსკ-ის 377.3 და 404.2 მუხლები). საკასაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე კასატორმა დაადასტურა, რომ ამ საპროცესო უფლებებით არ უსარგებლია, რაც დაუსაბუთებელს ხდის კასატორის მიერ წარმოდგენილ პრეტენზიებს.
1.5. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია ასევე გამოცხადებული პირის დაჯარიმების შესახებ განკარგულების გაუქმების ნაწილში. საქმეში წარმოდგენილი სხდომის ოქმის თანახმად, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას აპელანტმა უპატივცემულობა გამოიჩინა, როგორც სასამართლოს, ისე მოწინააღმდეგე მხარის მიმართ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 211-ე და 212-ე მუხლების თანახმად, მიღებულ იქნა განკარგულება პირის 300 ლარით დაჯარიმების თაობაზე. საკასაციო პრეტენზიის შესწავლით ირკვევა, რომ მხარე მოითხოვს ამ განკარგულების გაუქმებასაც, თუმცა მას არა თუ დასაბუთებული პრეტენზია, ფაქტობრივი შედავებაც არ წარმოუდგენია, რომლითაც იგი უარყოფდა სხდომის ოქმში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს ან მათ სამართლებრივ შეფასებას, ამგვარი ვითარება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლისმე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლაზე უარი:
2.1. საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა კასატორმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების _ ყადაღის შეცვლა სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსებით.
2.2. კასატორის შუამდგომლობას დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარეც, იმ პირობით, რომ შუამდგომლობის ავტორს თავდაპირველად წარმოედგინა კონკრეტული ოდენობით თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების დამადასტურებელი მტკიცებულება.
2.3. კასატორის უფლებამოსილ წარმომადგენელს სასამართლოს მიერ გადაეცა საერთო სასამართლების სადეპოზიტო ანგარიშის ნომერი, თუმცა მან თანხის განთავსება და შესაბამისი მტკიცებულების სასამართლოში წარმოდგენა ვერ უზრუნველყო, ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.
3. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 24 ივნისს #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5 082 ლარის 70% _ 3 557,4 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 196-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორს უარი ეთქვას გამოცხადებული პირის დაჯარიმების შესახებ 2015 წლის 6 აპრილის განკარგულების გაუქმების მოთხოვნაზე.
3. კასატორის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. კასატორ ი. გ-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 24 ივნისს #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5 082 ლარის 70% _ 3 557,4 ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური