Facebook Twitter

საქმე №ას-563-534-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ბ-ის ბ. ც-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა. გ-ი“, ი. მ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების, ასევე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „ბ-ის ბ. ც-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე) მოითხოვა შპს „ა. გ-ისათვის“ (შემდგომში _ მოპასუხე) 711 447, 58 ლარის დაკისრება, ასევე, 22.08.2009წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ი. მ-ის (შემდგომში _ მოპასუხე) კუთვნილი, ქ.თბილისში, რ-ის ქ#...-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით დაფარვა. სარჩელის თანახმად, მხარეთა შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულებები, რომელთა ფარგლებშიც მოპასუხეს წინასწარ შეთანხმებული ხარისხითა და ვადაში უნდა შეესრულებინა ქ.თბილისში, ბ-ის ქ#...-ში მდებარე შენობის წყალმომარაგება-კანალიზაციის სამუშაოები და ელექტრო ინსოლაცია. 28.02.2010წ. შედგა მემორანდუმი ხელშეკრულებების დამატებითი პირობების თაობაზე, ხოლო 30.11.2009წ; 28.01.2010წ; 14.03.2010წ და 31.03.2010წ. შუალედური სამუშაოების შესრულების აქტებით შესრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 221 253,12 ლარი. მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა დოკუმენტების თანახმად, სამუშაოების საერთო ღირებულებამ შეადგინა 587 363,93 ლარი და შესრულების ბოლო ვადად განისაზღვრა 31.06.2010 წელი. მოსარჩელემ მოპასუხის ანგარიშზე გადარიცხა 1 289 811,51 ლარი, შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულების გათვალისწინებით, სწორედ 711 447,58 ლარი წარმოადგენს მოპასუხის მიერ დასაბრუნებელი თანხის ოდენობას.

2. მოპასუხეების პოზიცია:

არსებითი ხასიათის შედავების ფარგლებში მოპასუხე შპს „ა. გ-მა“ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ის ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი დამკვეთის მხრიდან პროექტში ხშირი ცვლილებები და გადაკეთებები იყო. ეს გარემოებები დასტურდება, როგორც უშუალოდ მხარეთა შორის გაფორმებული მემორანდუმის პირობებით, ისე სხვა მასალებით. მოპასუხის განმარტებით, 10.07.2010წ. დამკვეთმა შეწყვიტა ხელშეკრულება და უარი განაცხადა მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერით დადასტურებაზე, რადგანაც მის მიმართ მოთხოვნილი თანხის ოდენობა 10.02.2010წ. მემორანდუმის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის დავალიანება შეადგენდა 35 224,93 ლარს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 22.08.2009წ. შპს „ბ-ის ბ. ც-სა“ და შპს „აბგ& პროფსერვის გ-ს“ შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „ა. გ-მა“ იკისრა ქ.თბილისში, ბ-ის ქ#...-ის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობის (საერთო ფართი 23000 კვ.მ) ელ.გაყვანილობის პროექტის მომზადების, ამ პროექტის მასალებით უზრუნველყოფისა და ინსტალაციის (მონტაჟის) ვალდებულება. საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოებში იგულისხმება შემსრულებლის მიერ შედგენილ პროექტში (დანართი #1) და ხარჯთაღრიცხვაში (დანართი #2) აღწერილი ყველა სამუშაო, რომელიც უკავშირდება ელ.გაყვანილობის სისტემებსა და ამ სისტემების ცალკეულ ნაწილებს. საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ დამკვეთი შემსრულებელს უხდიდა საზღაურს _ 193 066,50 ევროს, 277 587,07 აშშ დოლარსა და 175 800 ლარს. საზღაურის ნაწილი _ 50 000 ლარი, დამკვეთს, ავანსის სახით უკვე გადახდილი აქვს ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას, რაც შედის ამ გარიგების საერთო ღირებულებაში, ხოლო დარჩენილი საზღაური გადახდილი იქნება ნაწილ-ნაწილ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე. ხელშეკრულების მიხედვით, ანგარიშსწორება ხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გამოწერილი ანგარიშფაქტურის დამკვეთისათვის წარდგენიდან 3 დღის ვადაში.

5.1.2. 22.10.2009წ. შპს „ბ-ის ბ. ც-სა“ და შპს „ა. გ-ს“ შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „ა. გ-მა“ იკისრა ქ.თბილისში, ბ-ის ქ#...-ის მიმდებარედ მშენებარე შენობა-ნაგებობაში წყალმომარაგება-კანალიზაციის სამუშაოების შესრულების ვალდებულება, წინასწარ შეთანხმებული ხარისხითა და ვადაში. შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა 21.02.2010წ., ხოლო შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 171 910.51 ლარი იყო. სამუშაოების ღირებულების გადახდა დამკვეთის მიერ განხორციელდებოდა შემდეგნაირად:

ა) 22.10.2009წ. დამკვეთი შემსრულებელს გადაუხდის ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 30%-ს, რაც შეადგენს 51 573,15 ლარს, ავანსის სახით.

ბ) 01.11.2009წ. დამკვეთი შემსრულებელს გადაუხდის ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 17,50%-ს, რაც შეადგენს 30 084,34 ლარს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებლის მიერ შესრულებული იქნება ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს სრული მოცულობის 10% და წარდგენილი იქნება შესაბამისი, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი ამ ეტაპისათვის.

გ) 01.12.2009წ. დამკვეთი შემსრულებელს გადაუხდის ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 17,50%-ს, რაც შეადგენს 30 084,34 ლარს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებლის მიერ შესრულებული იქნება ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს სრული მოცულობის 40% და წარდგენილი იქნება შესაბამისი, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი ამ ეტაპისათვის.

დ) 01.01.2010წ. დამკვეთი შემსრულებელს გადაუხდის ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 17,50%-ს, რაც შეადგენს 30 084,34 ლარს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებლის მიერ შესრულებული იქნება ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს სრული მოცულობის 80% და წარდგენილი იქნება შესაბამისი, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი ამ ეტაპისათვის.

ე) 20.02.2010წ. დამკვეთი შემსრულებელს გადაუხდის ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 10,50%-ს, რაც შეადგენს 18 050,60 ლარს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებლის მიერ შესრულებული იქნება ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს სრული მოცულობის 80% და წარდგენილი იქნება შესაბამისი, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი ამ ეტაპისათვის.

ვ) 01.04.2010წ. დამკვეთი შემსრულებელს გადაუხდის ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 7%-ს, რაც შეადგენს 12 033.74 ლარს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებს არ აღმოაჩნდება დეფექტი ან აღმოჩენის შემთხვევაში, გამოსწორებული იქნება შემსრულებლის მიერ 2010 წლის 1 აპრილამდე.

5.1.3. 10.02.2010წ. შპს „ბ-ის ბ. ც-სა“ და შპს „ა. გ-ს“ შორის გაფორმდა „ურთიერთგაგებათა მემორანდუმი“, რომლითაც მხარეები, მათ შორის 22.08.2009წ. ელექტრო გაყვანილობის საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოების შესრულების შესახებ და 22.10.2009წ. წყალმომარაგება-კანალიზაციის სამუშაოების შესრულების შესახებ ხელშეკრულებებზე დამატებით შეთანხმდნენ შემდეგ პირობებზე:

ა) მხარეები თანხმდებიან, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებზე შემსრულებლის მიერ შედგენილი პროექტები (დენის, წყალმომარაგების, გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციის), რომელიც შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი იქნება ურთიერთგაგებათა მემორანდუმის ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) დამკვეთი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უხდის შესაბამის თანხას შემსრულებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე 108 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. თანხის პირველი ნაწილი _ 43 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი გადახდილი იქნება დამკვეთის მიერ უახლოეს დღეებში, ხოლო თანხის მეორე ნაწილი _ 65000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი გადახდილი იქნება 12.02.2010წ-მდე. დამკვეთი აღნიშნულ თანხას ურიცხავს შემსრულებელს ფორმა #2-ისა და შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის საფუძველზე, ამ თანხაში შედის ყველა ის დანახარჯები, რაც გამოწვეული იყო საპროექტო სამუშაოების გადაკეთებით.

გ) მხარეები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთგაგებათა მემორანდუმის საფუძველზე ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ პრეტენზიები და უარს ამბობენ ნებისმიერ სხვა ურთიერთგაგებათა მემორანდუმის გაფორმებამდე წარმოშობილ მოთხოვნებზე და გაუქმებულად აცხადებენ ადრე არსებულ წერილობით მიმოწერას.

დ) ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მხარეები ახდენენ ცვლილებას წინამდებარე ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ #1, #2, #3, #4 ფორმებში და განსაზღვრავენ დარჩენილი სამუშაოების მოცულობას, ბიუჯეტს, მიწოდების გრაფიკსა და გადახდის წესს ურთიერთგაგებათა მემორანდუმის ხელმოწერიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, რითაც შემსრულებელი აცხადებს, რომ არ გააჩნია არანაირი დაბრკოლება დღეისთვის განსაზღვრული სამუშაოების უმოკლეს ვადაში, არა უგვიანეს 01.04.2010წ. დასრულებისათვის. აღნიშნული ვადა არ შეეხება ქვემოთ მოცემულ სამუშაოებს.

ე) მხარეები თანხმდებიან, რომ დამკვეთის შენობის პირველ, მე-2 და მე-3 სართულებზე განლაგებული საოფისე ფართებში, ისევე, როგორც მე-8 სართულზე განთავსებულ საცხოვრებელ ბინებში, არ არის დასრულებული ტიხრები (შიდა კედლები), შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით შემსრულებელი არა უგვიანეს 01.04.2010წ. ცენტრალურ მკვებავ კაბელებს გაიყვანს, და დამკვეთს მიაწოდებს შიდა საკაბელო და სხვა მასალას, ხოლო შიდა ელექტროგაყვანილობის სამუშაოებს დაასრულებს დამკვეთის მიერ, საგარანტიო პერიოდის ფარგლებში მითითებულ დროს.

5.1.4. 22.02.2010წ. მხარეთა შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ იკისრა „ბ-ი ბ. ც-ში“ მდებარე 66 ბინის 3-ფაზიანი კვებით მომარაგების ელექტრო სამუშაოების შესრულების ვალდებულება შეთანხმებული პროექტის მიხედვით. სამუშაოების საერთო ღირებულება განისაზღვრა 33 492,28 ევროს შესაბამისი ეკვივალენტი ლარით.

5.1.5. პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დავალებებით დასტურდებოდა: 22.08.2009წ. ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გადაურიცხა 84 413,68 ლარი; 22.10.2009წ. ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე _ 162 523.26 ლარი; 22.02.2010წ. ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე _ 77 785.72 ლარი; 10.02.2010წ. ნარდობის ხელშეკრულების (მემორანდუმი) საფუძველზე 2010 წლის 5 თებერვალს _ 43 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი - 74 089 ლარი. გაზიარებულ იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ, გადახდის დანიშნულებიდან გამომდინარე, 09.12.2009წ. 30 084 ლარის გადარიცხვა წარმოადგენს 22.10.2009წ. ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებულ შესრულებას, ხოლო 22.03.2010წ. 11 353.49 ლარის გადარიცხვა _ 22.08.2009წ. ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებულ შესრულებას.

5.1.6. 22.10.2009წ. ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხემ შეასრულა გადახდილი თანხის შესაბამისი სამუშაოები. 22.10.2009წ. ხელშეკრულებაში გაწერილი შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების წესი. 22.10.2009წ. ხელშეკრულების 3.2.6. პუნქტის თანახმად, 01.04.2010წ. დამკვეთი შემსრულებელს გადაუხდის ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 7%-ს, რაც შეადგენს 12 033,74 ლარს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესრულებულ სამუშაოებს არ აღმოაჩნდება დეფექტი ან აღმოჩენის შემთხვევაში, გამოსწორებული იქნება შემსრულებლის მიერ 01.04.2010 წლამდე. ხელშეკრულების მითითებული პუნქტი, სხვა პუნქტებთან შედარებით, განსხვავებული და შემაჯამებელი შინაარსისაა. გარიგების 3.2.1.–3.2.5. პუნქტები განსაზღვრავს შპს „ბ-ი ბ. ც-ის“ ვალდებულებას, შესრულებული სამუშაოების მოცულობის შესაბამისად, ყოველგვარი სპეციალური დათქმის გარეშე. აღნიშული დებულება დარჩენილი 7%-ის გადახდას სამუშაოების უნაკლოდ შესრულებას ან ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში - მის გამოსწორებას უკავშირებს. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 171 910,51 ლარს. მოსარჩელეს ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისთვის გადარიცხული აქვს 162 523,26 ლარი. 171 910,51 ლარის 7% შეადგენს 12 033.73 ლარს (ეს თანხაა მითითებული სწორედ 3.2.6. პუნქტში). ამ თანხის გამოკლებით შესასრულებელი ვალდებულება შეადგენს 159 876.78 ლარს. მოსარჩელეს კი, ამ თანხაზე მეტი აქვს გადახდილი. შესაბამისად, გაზიარებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ, ვინაიდან მოსარჩელემ დაიწყო ერთგვარი გარანტიის სახით გამოსაყენებელი თანხის გადახდა, აღნიშნული მოწმობს, რომ მას შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნდა.

5.1.7. საქმეში წარმოდგენილი 31.05.2010წ. #2114948 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე პალატამ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მხრიდან 22.02.2010წ. ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ მითითებულ ანგარიშ-ფაქტურაში ასახული მონაცემები იძლევა იმდაგვარი დასკვნის შესაძლებლობას, რომ იგი გამომდინარეობს 2010 წლის 22 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულებიდან.

5.1.8. 10.02.2010წ. ურთიერთგაგებათა მემორანდუმი შეიცავს ბუნდოვან დებულებებს, რაც საჭიროებდა სასამართლოს მხრიდან განმარტებას. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, მემორანდუმის პირველი მუხლის პირველივე წინადადების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მემორანდუმი წარმოადგენს 22.08.2009წ. და 22.10.2009წ. ნარდობის ხელშეკრულებების დამატებას, შესაბამისად, ხსენებულ ხელშეკრულებებთან ერთობლიობაში უნდა განხილულიყო. მემორანდუმის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შინაარსიდან იკვეთებოდა, რომ მოპასუხეს მის გაფორმებამდე შედგენილი აქვს 2009 წლის 22 აგვისტოს და 22 ოქტომბრის ნარდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების პროექტები (დენის, წყალგაყვანილობის, გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციის), რომელთა წარდგენა უნდა განხორციელდეს მემორანდუმის ხელმოწერიდან სამი სამუშაო დღის ვადაში. მემორანდუმის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსარჩელე იღებს ვალდებულებას, დამატებით 108 000 აშშ დოლარი გადაუხადოს მოპასუხეს იმ დანახარჯების ანაზღაურების მიზნით, რაც გამოწვეული იქნა საპროექტო სამუშაოების გადაკეთებით. მითითებული დებულებების ურთიერთშეჯერების და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე პალატამ დაასკვნა, რომ მხარეთა შორის განხორციელდა 22.08.2009წ. და 22.10.2009წ. ნარდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების პროექტების გადაკეთება და სწორედ გადაკეთებული პროექტების წარდგენაზე იყო საუბარი მემორანდუმის 1.1. პუნქტში. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან, რომ ურთიერთგაგებათა მემორანდუმის საფუძველზე, ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ პრეტენზიები, უარს ამბობენ ურთიერთგაგებათა მემორანდუმის გაფორმებამდე წარმოშობილ ნებისმიერ სხვა მოთხოვნებზე და გაუქმებულად აცხადებენ ადრე არსებულ წერილობით მიმოწერას. აღნიშნული დებულება, პალატის შეფასებით, უნდა განიმარტოს იმ მნიშვნელობით, რასაც ანალოგიურ გარემოებებში მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეების სახით მისცემდნენ გონივრულად მონაწილე სამეწარმეო სუბიექტები. ამგვარი რეგულირებით, მაქსიმალურად იქნება დაცული როგორც ნების გამომვლენის ინტერესი, ისე მისი ადრესატის ნდობაც. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მხარეებმა ცალსახად და არაორაზროვნად გამოხატეს თავიანთი ნება, რითაც უარი თქვეს წარსულში არსებულ ურთიერთვალდებულებებზე და მოთხოვნებზე. ამ ნაწილში ხელშეკრულება წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვალის არარსებობის აღიარებას, რითაც სრულად ქარწყლდება ურთიერთვალდებულებები, რაც მანამდე არსებობდა. პალატის მოსაზრებით, მხარეებმა ვალის არარსებობის აღიარება მხოლოდ წარსულ ვალდებულებებზე გაავრცელეს და იმავე ხელშეკრულებით დაადგინეს უფლება-მოვალეობები, რომლითაც თავი შეიბოჭეს სამომავლოდ, მემორანდუმის 1.3. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავიდან განსაზღვრავდნენ დარჩენილი სამუშაოების მოცულობას, ბიუჯეტს, მიწოდების გრაფიკს და გადახდის წესს ურთიერთგაგებათა მემორანდუმის ხელმოწერიდან სამი სამუშაო დღის ვადაში. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ზოგჯერ, შემკვეთების ინტერესების შესაბამისად, მიმდინარეობდა ბინების შიდა პროექტების შეცვლა (ტიხრების შეცვლა და ა.შ). აღნიშნული დასტურდებოდა მემორანდუმის 1.4. პუნქტითაც. ამგვარი ვითარება, ბუნებრივია, გამოიწვევდა ელექტრო-სამონტაჟო და წყალგაყვანილობის სამუშაოების შეფერხებას, მათ შესაბამისობას ახალი პროექტთან, რაც, თავის მხრივ, წარმოშობდა მოპასუხის დამატებით ხარჯებს. სწორედ აღნიშნული ხარჯების ანაზღაურებაზე იყო საუბარი მემორანდუმის 1.2. პუნქტის ბოლო წინადადებაში. საპროექტო სამუშაოების გადაკეთებამ განაპირობა მხარეთა შორის ახალი ურთიერთმოთხოვნები, რომლის მოწესრიგება მათ შორის 10.02.2010წ. მემორანდუმით განხორციელდა და ამ მიზნით იკისრა მოსარჩელემ დამატებით 108 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. თანხის პირველი ნაწილი _ 43 000 აშშ დოლარი უნდა გადარიცხულიყო დამკვეთის მიერ უახლოეს დღეებში. ისევე, როგორც სხვა შემთხევაში, მხარეების მიერ არც აქ მომხდარა შეთანხმებული ვადების დაცვა. მოსარჩელის წარმომადგენელი სადავოდ არ ხდის, რომ 05.02.1010წ. გადარიცხული 74 089 ლარი წარმოადგენს მემორანდუმით გათვალისწინებული პირველი ტრანშის – 43 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მემორანდუმი, რომელმაც განსაზღვრა მოსარჩელის მხრიდან 43 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, დათარიღებულია 10.02.2010წ-ით, ხოლო გადარიცხვა, რომელსაც მოსარჩელე არ ხდის სადავოდ, განხორციელდა 05.02.2010წ. შესაბამისად, გაზიარებულ იქნა მოპასუხის არგუმენტი, რომ მემორანდუმის ფორმალური სახით ჩამოყალიბებამდე, მხარეთა შორის უკვე არსებობდა ზეპირი შეთანხმება ხსენებულ საკითხებზე. მოსარჩელე აცხადებდა, რომ შპს „ა. გ-ის“ მიერ არ იქნა წარდგენილი 10.02.2010წ. მემორანდუმით გათვალისწინებული პროექტები. მოპასუხე სამუშაოების შესრულების დასადასტურებლად აპელირებდა 31.01.2010წ. მიღება-ჩაბარების აქტზე. მოსარჩელემ ამ საკითხთან მიმართებით აღნიშნა, რომ ეს მიღება-ჩაბარების აქტი არ ასახავს მემორანდუმის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების მოცულობას, არამედ შეესაბამება სხვა ხელშეკრულებას. განსხვავებაა ასევე თარიღებში, რადგან მიღება-ჩაბარების აქტი დათარიღებულია 31.01.2010წ-ით, ხოლო მემორანდუმი 10.02.2010წ-ით. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მითითება მიღება-ჩაბარების აქტსა და მემორანდუმს შორის თარიღობრივ სხვაობაზე მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს, რადგანაც მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა თანხის გადარიცხვას 05.02.2010წ., ანუ მემორანდუმის გაფორმებამდე 5 დღით ადრე, პალატამ დამატებით მიუთითა მიღება- ჩაბარების აქტში ასახულ სამუშაოების სახეზე. ჩამოთვლილი 18 სამუშაოს შინაარსი მიმართულია პროექტების, კონცეფციის და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე, რაც პირდაპირ შეესაბამება 10.02.2010წ. მემორანდუმის საგანს. მემორანდუმის 1.1. პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს პროექტების წარდგენა ევალებოდა მემორანდუმის ხელმოწერიდან სამი სამუშაო დღის ვადაში. 10.02.2010წ. იყო ოთხშაბათი, შესაბამისად, პროექტების წარდგენა უნდა განხორციელებულიყო 16.02.2010წ-მდე. მემორანდუმის 1.2. პუნქტის მიხედვით კი, 108 000 აშშ დოლარის ორ ტრანშად გადახდა უნდა განხორციელებულიყო 12.02.2010წ-მდე. სასამართლოს ვარაუდით, მემორანდუმის გაფორმებამდე შედგენილი პროექტების წარდგენა ფორმალურ ხასიათს ატარებდა და თანხის გადახდა დამოკიდებული არ იყო მათ წარდგენაზე, არამედ, ემსახურებოდა პროექტების შედგენაზე დამატებით გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას მოპასუხისათვის. ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოპასუხეს საპროექტო სამუშაოების გადაკეთებისათვის მოსარჩელისაგან დამატებით უნდა მიეღო 65 000 აშშ დოლარი.

5.1.9. 15.12.2012წ. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელ.გაყვანილობის საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოების შესრულების შესახებ 22.08.2009წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1 063 191.72 ლარს. საგადასახადო დავალებებს საფუძველზე დადგენილი, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელეს მოპასუხისათვის გადახდილი აქვს 984 413.68 ლარი. 17.05.2013წ. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის პირველი პუნქტის მიხედვით, 22.07.2010წ. #10380/03/1; 26.07. 2010წ. #10380/03/1 და 15.12.2012წ. ექსპერტიზის დასკვნებში ჩამოთვლილი სამუშაოები, 22.08.2009წ. ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ხარჯვითი ნაწილის პროპორციების გათვალისწინებით, აღნიშნულ დასკვნებში შესრულებულ სამუშაოთა სახელფასო ღირებულება დარიცხვებით შეადგენს 8 3362.99 ლარს, მასალების ღირებულება _ 250 942,18 ლარს, სულ შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულება შესაბამისი დარიცხვებით 334 305.17 ლარს, ხოლო დარიცხვების გარეშე _ 228 115.90 ლარს. სასამართლო სხდომაზე მიწვეულმა ექსპერტმა განმარტა, რომ შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების განსაზღვრისას სახელმძღვანელო ვალდებულების მოცულობა დარიცხვის გარეშე – 228,115.90 ლარია, რადგან დარიცხვები ვერ განხორციელდება შეუსრულებელ სამუშაოებზე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის შეუსრულებელი ვალდებულებების მოცულობა 228 115.90 ლარს შეადგენდა, შესაბამისად, გამორიცხვის მეთოდით, მოპასუხის მიერ 2009 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულია 835 075,82 ლარის სამუშაო (1 063 191,72 ლარს - 228 115,90 ლარი). პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომლის თანახნმადაც, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებში ასახული სამუშაოების ნაწილი შესრულებულია სხვა კომპანიის მიერ, რადგან ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, პალატამ დაადგინა, რომ 22.08.2009წ. აგვისტოს ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელეს მოპასუხისათვის გადახდილი ჰქონდა ამ უკანასკნელის მიერ შესრულებულ სამუშაოების ღირებულებაზე 149 337,86 ლარით მეტი თანხა.

5.1.10. 17.05.2013წ. ექსპერტიზის დასკვნის მე-9 პუნქტის თანახმად, მოპასუხის მიერ იმ შესრულებული ვალდებულებების საერთო ღირებულება, რომლის შეუსრულებლობაც არ იქნა დადგენილი ექსპერტიზის დასკვნების (№10380/03/1 და №10809/03/1) შესაბამისად, შეადგენდა 1 493 929,63-334 305,17=1 159 624,46 ლარს. გამომდინარე აქედან, მისაღები მოგება, წარდგენილი ხარჯთაღრიცხვების მოგების პროცენტების გასაშუალებული პროცენტის გათვალისწინებით (9%), შეადგენდა 81 143,05 ლარს, შესაბამისად, მოპასუხეს, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისთვის, მოგების სახით უნდა მიეღო 81 143,05 ლარი.

5.1.11. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „ა. გ-ს“ მხარეთა შორის არსებული ყველა ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოებისათვის მოგების სახით უნდა მიეღო 81 143,05 ლარი, ხოლო საპროექტო სამუშაოების გადაკეთებისათვის დამატებით უნდა მიეღო 111 995,08 ლარი, რაც მთლიანად შეადგენდა 193 138,13 ლარს, ხოლო 22.08.2009წ. ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელეს მოპასუხისათვის გადახდილი ჰქონდა ამ უკანასკნელის მიერ შესრულებულ სამუშაოებს ღირებულებაზე 149 337.86 ლარით მეტი თანხა, პალატამ ჩათვალა, რომ საბოლოო ჯამში მოპასუხეს მოსარჩელისაგან შესრულებული სამუშაოების ღირებულებაზე მეტი თანხა არ მიუღია.

5.1.12. პალატის განმარტებით, კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში დამკვიდრებული პრინციპის თანახმად, არავინ არ შეიძლება გამდიდრდეს საფუძვლის გარეშე. წინამდებარე სარჩელის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი წარმოადგენს. პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ არ არსებობდა მოპასუხის გამდიდრების ფაქტობრივი შემადგენლობა, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავდა უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

5.1.13. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 მაისის და 21 ნოემბრის საოქმო განჩინებების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლისა და 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე წარდგენილი მტკიცებულება _ 2013 წლის 17 მაისის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა ავსებდა და აზუსტებდა სასამართლოს ინიციატივით, მთავარ სხდომაზე დანიშნული ექსპერტიზის მიერ შედგენილ 15.12.2012წ. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას. გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა დანიშნულ იქნა მთავარ სხდომაზე, პალატის მოსაზრებით, მოპასუხეს დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება და ექსპერტიზის დასკვნის სასამართლოში წარმოდგენის საფუძველი წარმოეშვა მოცემულ ეტაპზე.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი, ასევე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. სააპელაციო სასამართლოს არ გაუქარწყლებია სააპელაციო საჩივარში მთითებული ყველა პრეტენზია, სასამართლომ არასწორად შეაფასა მემორანდუმის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, „მხარეები თანხმდებიან, რომ ურთიერთგაგებათა მემორანდუმის საფუძველზე ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ პრეტენზიები და უარს ამბობენ ნებისმიერ სხვა ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებამდე წარმოშობილ მოთხოვნებზე და გაუქმებულად აცხადებენ ადრე არსებულ წერილობით მიმოწერას“. პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ეს პირობა შინაარსობრივად არ წარმოადგენს კასატორის მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნაზე უარის თქმას. სასამართლომ მხედველობაშ არ მიიღო აპელანტის მიერ მოშველიებული ამავე მემორანდუმის სხვა პუნქტები, რის შედეგადაც გამოტანილ იქნა არასწორი დასკვნები.

6.1.2. სასამართლომ ასევე არასწორად გაიზიარა სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რადგანაც საერთოდ არ არსებობდა ამ მტკიცებულების დაშვებისა და საქმის მასალებთან ერთობლიობაშ შეფასების წინაპირობა, ამასთანავე, დასკვნა გაურკვეველ გარემოებებს ემყარება, რის გამოც, როგორც სასამართლო, ისე მოსარჩელე, მოკლებული იყვნენ ამ მტკიცებულების კრიტიკულად შეფასების შესაძლებლობას.

6.1.3. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლი, არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 310-ე, 316-ე, 317-ე, 352-ე, მე-400, 405-ე, 629-ე-656-ე მუხლები, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 35-ე მუხლის (ექსპერტის მონაწილეობის თაობაზე), 83-ე მუხლის პირველი ნაწილი, 163-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები, 169-ე მუხლის პირველი ნაწილი (მოპასუხის მიერ სასამართლოს მთვარ სხდომაზე წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესახებ), სასამართლომ ასევე დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი და 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ამასთანავე, სასამართლს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება მომსახურების გაწევაზე (ნარდობა), რომლის ფარგლებშიც, მოსარჩელის მითითებით ხორციელდებოდა შეთანხმებული ხარისხისა და იდენობის სამუშაოების შესრულება. დადგენი-–--, რომ შეთანხმება მოსარჩელის ნების საფუძველზე შეწყდა, ხოლო სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხეს მიღებული აქვს შესრულებული სამუშაოების ღირებულებაზე მეტი ანაზღაურება, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. კასატორი სადავოდ ხდის ურთიერთგაგების მემორანდუმის იმ პუნქტის განმარტებას, რომლის თანახმადაც, „მხარეები თანხმდებიან, რომ ურთიერთგაგებათა მემორანდუმის საფუძველზე ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ პრეტენზიები და უარს ამბობენ ნებისმიერ სხვა ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებამდე წარმოშობილ მოთხოვნებზე და გაუქმებულად აცხადებენ ადრე არსებულ წერილობით მიმოწერას“. მხარის მოსაზრებით, შეთანხმების ეს ჩანაწერი არ აღნიშნავდა მემორანდუმის გაფორმებამდე წარმოშობილ ყველა მოთხოვნაზე უარის თქმას. საკასაციო პრეტენზიის საპირისპიროდ პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა საქმეში არსებული მასალებით და მართებულად დაადგინა ხელშემკვრელი მხარეების ნება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, „ხელშეკრულებათა განმარტების სპეციფიკა განპირობებულია ურთიერთობათა ორმხრივი (მრავალმხრივი) ხასიათით, დისპოზიციური ნორმების გამოყენებით, სავაჭრო და საქმიანი ჩვეულებებითა და ტრადიციებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობით და ა.შ. ... ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება. ნების გამოვლენის განმარტება ემსგავსება კანონის განმარტებას: ორივე შემთხვევაში ხდება ბუნდოვანი, საეჭვო აზრის დაზუსტება, მაგრამ, თუ კანონის განმარტებას ზოგადი ხასიათი აქვს, ე.ი სავალდებულოა და გამოიყენება ყველას მიმართ და მიზნად ისახავს კანონის ბუნდოვანი ადგილების ერთიანი გაგების უზრუნველყოფას, გარიგების (ხელშეკრულების) განმარტების მიზანი უფრო ვიწროა – გარიგების (ხელშეკრულების) მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობის გარკვევა. ამიტომ ასეთ განმარტებას ძალა აქვს მხოლოდ გარიგების მონაწილეებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად ... ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო, მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს (იხ. სუსგ №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი).

1.5. კასატორი პრეტენზიას გამოთქვამს ასევე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საქმისათვის დართვისა და მის სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად შეფასების თაობაზე, რასაც პალატა არ ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომლის თანახმადაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლისა და 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მთავარ სხდომაზე დანიშნა ექსპერტიზა, მოპასუხის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე წარდგენილი მტკიცებულება _ 2013 წლის 17 მაისის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა ავსებდა და აზუსტებდა სასამართლოს ინიციატივით დანიშნული ექსპერტიზის მიერ შედგენილ 15.12.2012წ. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას. გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა დანიშნულ იქნა მთავარ სხდომაზე, მოპასუხეს დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებისა და ექსპერტიზის დასკვნის სასამართლოში წარმოდგენის საფუძველი წარმოეშვა მოცემულ ეტაპზე. რაც შეეხება დასკვნის შინაარსობრივ კრიტიკას, პალატა შეახსენებს მხარეს, რომ, საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. რაც შეეხება ექსპერტის აცილების საკითხს, (სსსკ-ის 31.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და 35-ე მუხლი) სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეს თავად აქვს უფლება, იშუამდგომლოს აცილების თაობაზე, ხოლო შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 და 404-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.

1.6. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით და სწორად დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ თანხის უსაფუძვლოდ მიღების წინაპირობები არ დასტურდებოდა, შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

1.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მითითებული ნორმიდან გამომდმინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ი. ა-ის მიერ შპს „ბ-ის ბ. ც-ის“ სახელით 2015 წლის 20 მაისს #... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8 000 ლარის, 70% _ 5 600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ბ-ის ბ. ც-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ბ-ის ბ. ც-ს“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ი. ა-ის მიერ შპს „ბ-ის ბ. ც-ის“ სახელით 2015 წლის 20 მაისს #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8 000 ლარის 70% _ 5 600 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური