Facebook Twitter

საქმე №ას-456-435-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე. მ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ. მ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების, ასევე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ე. მ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე) მოითხოვა შპს „ჯ. მ-ისათვის (შემდგომში _ მოპასუხე) ზიანის _ 264 390 ლარის ანაზღაურების დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, ჭიათურის რაიონის სოფელ ი-ში მდებარე უძრავი ქონების ქვეშ მოპასუხე აწარმოებს სამთო სამუშაოებს. ამ საქმიანობით ზიანი ადგება მის საკუთრებაში არსებულ ქონებას. არსებობს ქონების სრული განადგურების საფრთხე. მოპასუხე აცხადებს თანხმობას ზიანის ანაზღაურებაზე, თუმცა არა იმ ოდენობითა და ფარგლებში, რაც შეესაბამება საბაზრო ღირებულებას, არამედ მოპასუხის მიერ შექმნილი კომისიის მიერ დაანგარიშებული ოდენობით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა და აღნიშნა, რომ სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება არ არის დადასტურებული. გარდა აღნიშნულისა, არავითარი დოკუმენტით არ დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. საწარმო ზიანს ვერ მიაყენებს მოსახლეობას, რადგან მოქმედებს კანონით დადგენილი წესით გაცემული ლიცენზიის ფარგლებში. საქმეში წარმოდგენილი აუდიტორის დასკვნები არავითარ კავშირში არ არის დავის საგანთან. მოსარჩელის ქონება განთავსებულია მეწყერსაშიშ და სეისმურად აქტიურ რეგიონში, სადაც არა ერთი მიწისძვრა დაფიქსირდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელეს ჭიათურის რაიონის სოფელ ი-ში ეკუთვნის უძრავი ქონება _ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები. ამ შენობათა ნაწილი ამჟამად დაბზარულია, თუმცა ეს გამოწვეულია არა მოწინააღმდეგე მხარის ბრალით, არამედ ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებითა და ამით გამოწვეული საძირკვლის არათანაბარი ჯდენით.

5.1.2. გაზიარებულ იქნა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მისი ქონება დაზიანებულია, რაც დგინდებოდა როგორც ე.წ გამოკვლევის აქტით, ასევე, ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღნიშნა, რომ მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დასაკისრებლად მისი ვალდებულება უნდა გამომდინარეობდეს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლიდან.

5.1.3. მხრეთა შორის ხელშეკრულება არ დადებულა და მოწინააღმედეგე მხარეს აპელანტის მიმართ ვალდებულების არსებობა არ უღიარებია. ეს მითითებული იყო გამოკვლევის აქტშიც, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის სახლისათვის მიყენებული ზიანი კომისიამ მოპასუხის ბრალით გამოწვეულად არ მიიჩნია. ამდენად, მოპასუხის ვალდებულება აპელანტის მიმართ ხელშეკრულებიდან არ გამომდინარეობდა.

5.1.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების მოპასუხის ბრალით დაზიანება, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, რომელსაც საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია. პირიქით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებით დასტურდებოდა, რომ აპელანტის კუთვნილი ქონების დაზიანებაში მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვოდა. ამის გამო, მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო და რაიონულმა სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა იგი.

5.1.5. არ იქნა გაზიარებული აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიერ ნაწარმოები სამუშაოებით ჭიათურის რაიონის სოფელ ი-ში ქონების დაზიანება საყოვლთაოდ ცნობილი ფაქტი იყო, რადგანაც საყოველთაოდ ცნობილი ისეთი ფაქტებია, რომლებიც ადამიანთა ან ქვეყნის მცხოვრებთა უმრავლესობამ იცის ან, ობიექტურად, უნდა იცოდეს. სასამართლოს მოსაზრებით, შეუძლებელია, ადამიანების უმრავლესობამ იცოდეს, აზიანებს თუ არა მოწინააღმდეგე მხარე სოფელ ი-ის მობინადრეთა ქონებას. აპელანტის მოსაზრების გაზიარების შემთხვევაშიც კი, იგი, ცხადია, არ ნიშნავდა, რომ მოპასუხემ აპელანტის სახლიც დააზიანა.

5.1.6. სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელი პასუხს აგებს არა საფრთხის წყაროს ფლობის გამო, არამედ მისი პრაქტიკულად განხორციელების შემთხვევაში, ამდენად, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე არ იყო ვალდებული, გადაეხადა თანხა მხოლოდ იმიტომ, რომ აწარმოებდა სამთო სამუშაოებს. მას თანხის გადახდის ვალდებულება დაეკისრებოდა მაშინ, თუ ამ სამუშაოების შედეგად დაზიანდებოდა აპელანტის კუთვნილი ქონება.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია კასატორის ქონების დაზიანების ფაქტი, თუმცა არ დაადგინა, რომ ეს ზიანი სამთო სამუშეოების შედეგს წარმოადგენს, შესაბამისად, არასწორია პალატის დასკვნა, რომ მხარეთა შორის დელიქტური ვალდებულება არ წარმოშობილა.

6.1.2. სააპელაციო სასამართლომ საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად არ მიიჩნია ის რეალობა, რაც ჭიათურის რაიონში საოუკუნეზე მეტია რაც არსებობს, კეროდ, მიწისქვეშა სამთო სამუშაოების შედეგად მოპასუხე აზიანებს მოქალაქეთა უძრავ ქონებას.

6.1.3. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა არაბრალეული დელიქტი, რამდენადაც მოპასუხე მხარე სალიცენზიო პირობებში მოქმედება, თუმცა, თუ კი იგი არ აღკვეთს ზიანს, სახეზე გვექნება სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალეული დელიქტის შემთხვევა, რამდენადაც, მოწინააღმდეგე მხარისათვის ცნობილია კასატორის ქონების დაზიანების თაობაზე და ის კვლავ განაგრძობს ზიანის მიყენებას. სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლი ითვალისწინებს მიყენებული, როგორც მოძრავი, ასევე, არამატერიალური ქონების დაზიანებას. მოწინააღმდეგე მხარის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საყოველთაო ფაქტს წარმოადგენს, რომ მარგანეცის მადნის მოპოვება მიწისქვეშა აფეთქებებს საჭიროებს და იგი ზიანს აყენებს ლანდშაფტს, შესაბამისად, კასატორს ზიანის მიყენების მტკიცებისათვის არ ესაჭიროებოდა მტკიცებულების წარდგენა. სააპელაციო პალატამ კი, ეს საყოველთაოდ ცნობილი გარემოებები უსაფუძვლოდ არ მიიჩნია დადგენილად და დაეყრდნო მხოლოდ ექსპერტის მიერ ქონების ვიზუალური დათვალიერების შედეგად გაცემულ დასკვნას, სადაც საუბარი მეტეოროლოგიურ მიზეზებზეა. სასამართლომ გადაწყვეტილება დაამყარა გერმანულ სამოქალაქო ნორმატიულ რეგულაციაზე _ მე-1000 მუხლზე, თუმცა ის გარემოება, რომ ნორმა საკომპენსაციო ღონისძიებას არ ითვალისწინებს, არ შეიძლება იმგვარად იქნას გაგებული, რომ მომეტებული საფრთხის შემცველი საქმიანობა საფრთხეს არ უქმნის მესამე პირთა ქონებას. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლომ უნდა დაამკვიდროს ახალი სასამართლო პრაქტიკა და მიიღოს მსგავს ურთიერთობებში პრევენციული ზომები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ მოსარჩელის უძრავი ნივთისათვის მოპასუხის საქმიანობის შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი არ დასტურდება, ხოლო საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს ატმოსფერული ნალექის ზემოქმედების შედეგად ქონების დაზიანებას, რაც გამორიცხავს მოპასუხის ბრალეულობას ზიანის დადგომაში.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა განუმარტავს მხარეს, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლი სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმაა, რომელიც ადგენს მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესსა და პირობებს, ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით კი, დადგენილია, რომ თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია, ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი. ამდენად, მითითებული ნორმა წარმოადგენს რეპრესიული დაცვის საშუალებას და მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანის აღკვეთას დასაშვებად მიიჩნევს მაშინ, როდესაც სახეზეა ნეგატიური შედეგი, შესაბამისად, კასატორის პრეტენზია, რომ სასამართლომ უნდა დაამკვიდროს პრევენციული ზომები ზიანის მიყენებისათვის, ყოვლად დაუსაბუთებელია, რამეთუ ნებისმიერი საკომპენსაციო ურთიერთობა, რომელსაც სამოქალაქო კოდექსი იცნობს, მიმართულია დარღვეული უფლების აღდგენის ან იმგვარი დარღვევის აღკვეთისაკენ, როდესაც დგება რეალური საფრთხე, მხოლოდ პრევენციულ ზომებზე საუბარი, ისე, რომ არ დგინდებოდეს ზიანი, სამოქალაქო კოდექსის მიზნებს ეწინააღმდეგება, რამდენადაც ქონებრივი წონასწორობის გონივრული ბალანსის პრინციპიდან არ გამომდინარეობს და შესაძლოა ერთ-ერთი მხარის უსაფუძვლო გამდიდრებამდე მიგვიყვანოს.

1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, მათ შორისაა ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს. ასეთ შემთხვევაში, მხარე, მართალია, თავისუფლდება მტკიცებულების წარდგენისაგან, თუმცა ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი ფართო გაგებით და კონკრეტული ფაქტობრივი გარემოება. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ შპს „ჯ. მ-ი“ აწარმოებს მიწისქვეშა სამთო სამუშაოებს, რომელიც გარკვეულ რისკებთან და ხშირ შემთხვევაში, არასასურველი შედეგის მოტანასთანაა დაკავშირებული, თუმცა, უდავოა ის გარემოება, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ექსპერტის დასკვნით არ დგინდება მიზეზობრივი კავშირი სამთო სამუშაოების განხორციელებასა და მოსარჩელის ქონების დაზიანებას შორის, ექსპერტიზის მითითების თანახმად, მოსარჩელის ქონება დააზიანა ატმოსფერული ნალექების საძირკველში ჩადინებამ, ფუძის დასველებამ და არათანაბარმა ჯდენმა. ნივთმა დეფორმაცია განიცადა მიწისძვრების ზემოქმედების შედეგად. ამ მტკიცებულების გამაქარწყლებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარუდგენია, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით აღიარებულია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური