საქმე №ას-248-235-2015 24 აპრილი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. მ- (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – სს ,,ს.ბ-’’ (მოსარჩელე), მ. გ- (მოპასუხე )
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, დაგირავებული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს ,,ს.ბ-’’ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-სა და მ. გ-ს მიმართ თანხის დაკისრებისა და დაგირავებული ქონების რეალიზაციის თაობაზე.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს ,,ს.ბ-ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ნ. მ-მ.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ნ. მ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინებით ნ. მ-ს სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოში 2014 წლის 3 ნოემბერს დანიშნულ სხდომას ესწრებოდნენ ნ. მ- და მისი წარმომადგენელი ლ. ხ- ( ს.ფ. 102-105 ), თუმცა მათ აღნიშნული განჩინება არ ჩაუბარებიათ (არ მოუთხოვიათ) კანონით დადგენილ ვადაში (არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან), 2014 წლის 3 დეკემბრამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე და 369-ე მუხლების შესაბამისად, საპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 4 ნოემბრიდან (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, 30-ე დღის მომდევნო დღიდან) და ამოიწურა 2014 წლის 17 დეკემბერს. სააპელაციო საჩივარი კი ნ. მ-ს მიერ წარდგენილია 2014 წლის 23 დეკემბერს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. მ-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა მხარის მიერ არ ყოფილა დარღვეული, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი ელექტრონულად იქნა გადაგზავნილი ფოთის საქალაქო სასამართლოში 2014 წლის 17 დეკემბერს, რაც დასტურდება სასამართლო საქმის რეგისტრაციის ეროვნული სერვისის ვებ-გვერდიდან ამონაწერით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მას გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადა არ დაურღვევია.
გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას სააპელაციო სასამართლო ახდენს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი, ნ. მ- და მისი წარმომადგენელი ესწრებოდნენ ფოთის საქალაქო სასამართლოში 2014 წლის 3 ნოემბერს დანიშნულ სხდომას, თუმცა მათ კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოსთვის არ მიუმართავთ, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ განჩინების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 4 დეკემბრიდან (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს) და ამოიწურა 2014 წლის 17 დეკემბერს. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნა 2014 წლის 23 დეკემბერს. აღნიშნულის სამართლებრივ დასაბუთებას სააპელაციო სასამართლო ახდენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის პირველი ნაწილის, 369-ე და 2591-ე მუხლების საფუძველზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალებით მართლაც დასტურდება, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ ნ. მ- და მისი წარმომადგენელი ლ. ხ- (იხ. ს.ფ. 110-102-106), თუმცა მათ აღნიშნული განჩინების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავთ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე და 369-ე მუხლებით და სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 4 დეკემბერს.
საქმეში არსებული მასალების შესაბამისად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ელექტრონული სახით გაგზავნილი ნ. მ-ს სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინებაზე ფოთის საქალაქო სასამართლოში დარეგისტრირდა 2014 წლის 23 დეკემბერს (იხ. ს.ფ. 119-123).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის საბჭოს 2013 წლის 6 დეკემბრის #1/209 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საერთო სასამართლოებში ელექტრონული საქმისწარმოების ზოგადი წესის“ მე-3 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ საქმისწარმოება სასამართლოში შესაძლებელია დაიწყოს ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამის მეშვეობით განცხადების ან სარჩელის შეტანის გზით. ხოლო სასამართლოში შემოსული დოკუმენტის (საქმის) მიღება-რეგისტრაციას და მათ პირველად დამუშავებას ახორციელებს შესაბამისი სასამართლოს კანცელარია და მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი. ამავე წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ელექტრონული წესით შემოსული განცხადების/სარჩელის პირველადი დამუშავება, თუ განცხადება/სარჩელი შემოსულია სამუშაო დღის საათებში, ხდება დოკუმენტის (საქმის) შემოსვლის დღესვე 3 (სამი) საათის განმავლობაში.
ამრიგად, ელექტრონული საქმისწარმოების ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, სასამართლოში ელექტრონული სახით წარდგენილი სარჩელის პირველადი რეგისტრაცია უნდა მოხდეს სარჩელის წარდგენის დღესვე, 3 საათის განმავლობაში.
განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი თავისი პოზიციის გასამყარებლად, რომ მას არ დაურღვევია სააპელაციო საჩივრისთვის კანონმდებლობით დადგენილი 14 დღიანი ვადა, უთითებს სასამართლოში საქმის რეგისტრაციის ეროვნული სერვისის ვებ-გვერდიდან ამონაწერზე და განმარტავს, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოში ნ. მ-ს წარმომადგენლის, კ. ბ-ას მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნა არა 2014 წლის 23 დეკემბერს, არამედ ამავე წლის 17 დეკემბერს (იხ. კერძო საჩივრის დანართი - ს.ფ. 145-146).
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა აღნიშნული მტიცებულება, დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია ფოთის საქალაქო სასამართლოდან და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნული პრეტენზია საფუძვლიანია შემდეგ გარემოებათა გამო:
ფოთის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსის 2015 წლის 24 აპრილის #... წერილის შესაბამისად ირკვევა, რომ ნ. მ-ს სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინებაზე ფოთის საქალაქო სასამართლოში ელექტრონული პროგრამის მეშვეობით გადაიგზავნა 2014 წლის 17 დეკემბერს, ხოლო შემოსული საქმეების ფოსტის ჟურნალში დარეგისტრირდა მოგვიანებით, 2014 წლის 23 დეკემბერს (იხ. ს.ფ. 169-170).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
ზემოაღნიშნული ნორმებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მისთვის ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 4 დეკემბერს და ამოიწურა 2014 წლის 17 დეკემბერს, როცა წარდგენილი იქნა კიდეც სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, აპელანტის მიერ არ დარღვეულა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადა.
ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ. მ-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინება და საქმე ნ. მ-ს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე