საქმე №ას-784-751-2014 30 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. მ-ი, შპს „ა. რ. ი-ი“, სს „ბ. ტ-ის“ უფლებამონაცვლე სს „ბ. თ. ე. ბ-ი“ (ყაზახეთი), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების, ასევე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების, ასევე საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა,
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. მ-ის, შპს „ა. რ. ი-ის“, სს „ბ. თ. ე. ბ-სა“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში _ მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა ი. მ-სა და შპს „ა. რ. ი-ს“ შორის 2007 წლის 6 აგვისტოს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; შპს „ა. რ. ი-სა“ და სს „ბ. თ. ე. ბ-ს“ შორის 2007 წლის 18 ოქტომბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ქ.ქობულეთში, მ.ა-ის ქუჩა #...-ში მდებარე 50 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აღირიცხა შპს „ა. რ. ი-ის“ საკუთრებად; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ამავე მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა 2007 წლის 18 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულება.
1.2. მოსარჩელის განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთზე მას და ი.მ-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება კონკრეტული პირობებით. ხელშეკრულების 7.1. მუხლის თანახმად, შემძენს ნასყიდობის საგნის გასხვისება გამყიდველის წინასწარი თანხმობის გარეშე არ შეეძლო, მიუხედავად აღნიშნულისა, შემძენმა ნასყიდობის საგანი გაასხვისა შპს „ა. რ. ი-ზე“, ხოლო ამ უკანასკნელმა იგი სს „ბ. თ. ე. ბ-ს“ (ყოფილი „ბ. ტ-ი“) სასარგებლოდ დატვირთა იპოთეკით.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. ი. მ-მა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების 7.1. პუნქტის დარღვევის თაობაზე მას პრეტენზია არ გამოუთქვამს, მან დაადასტურა, როგორც ნასყიდობის, ისე იპოთეკის ხელშეკრულება. გარდა აღნიშნულისა, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
2.2. სს „ბ. თ. ე. ბ-მა“ ასევე არ ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას საჯარო რეესტრში რაიმე შეზღუდვა რეგისტრირებული არ ყოფილა, შესაბამისად, სადავო გარიგება კანონიერია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 30 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ი. მ-ს შორის დაიდო ქ.ქობულეთში, მ.ა-ის ქ#...-ში მდებარე 50 000 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 7.1. პუნქტის შესაბამისად, მყიდველს, ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, გამყიდველის თანხმობის გარეშე ნასყიდობის საგნის განკარგვის უფლება ეკრძალებოდა, ამასთან, ქონების მიმღები პირი მთელი მოცულობით იკისრებდა მყიდველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ყველა უფლებას, მოვალეობას, ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას.
5.1.2. 2007 წლის 6 აგვისტოს ი. მ-სა და შპს „ა. რ. ი-ის“ შორის დაიდო აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება.
5.1.3. 2007 წლის 18 ოქტომბერს შპს „ა. რ. ი-ისა“ და სს „ბ. ტ-ის“ შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით 11 200 000,00 ოდენობით სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ქ.ქობულეთში, მ.ა-ის ქ#...-ში მდებარე უძრავი ქონება.
5.1.4. 2007 წლის 17 აგვისტოდან სადავო უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში ირიცხება შპს „ა. რ. ი-ის“ საკუთრების უფლებით.
5.1.5. 2009 წლის 30 ოქტომბერს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას (წარმომადგენელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი), კომპანია „A. R. H. B.V.-ს“, შპს „ა. რ. ი-ის“, სს „ა-ის კ-სა“ და კომპანია „G. T. R. B.V-ს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთგანზრახულობათა შესახებ. მემორანდუმის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „ა. რ. ი-ი“ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ყოველგვარი პირობის გარეშე დაუბრუნებს საკუთრებაში უძრავ ქონებას, მდებარე: ქ.ქობულეთში, მ.ა-ის ქ#...-ში, დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც ზემოაღნიშნული ქონება გათავისუფლდება ყოველგვარი სამართლებრივი დატვირთვისაგან.
5.1.6. 2009 წლის 30 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ცნობილი იყო, როგორც 2007 წლის 6 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების, ასევე, 2007 წლის 18 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი. აღნიშნული ხელშეკრულებები იმ დროისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სადავო არ გაუხდია და უძრავ ქონებასთან დაკავშირებით უკვე შპს „ა. რ. ი-თან“ გააფორმა მემორანდუმი ურთიერთგანზრახულობათა შესახებ.
5.1.7. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 59-ე, 61-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ 2009 წლის 30 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ცნობილი იყო, როგორც 2007 წლის 6 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების, ასევე, 2007 წლის 18 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი. მოსარჩელეს ეს ხელშეკრულებები სადავო არ გაუხდია. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ 2007 წლის 6 აგვისტოს დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებასთან მიმართებით დაკარგა შეცილების უფლება.
5.1.8. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელე მოითხოვდა ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების და ამ ხელშეკრულებების საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობას, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრული იურიდიული ინტერესი გაურკვეველი იყო, რადგან სადავო ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შემთხვევაში ქ.ქობულეთში, მ.ა-ის ქ#...-ში მდებარე უძრავი ქონება აღირიცხება მოპასუხედ დასახელებული ი. მ-ის საკუთრებაში, შესაბამისად, მოსარჩელეს არ გააჩნდა განსახილველი დავის მიმართ დასაბუთებული და საფუძვლიანი იურიდიული ინტერესი.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
6.1.1. ი. მ-ს სამინისტროს თანხმობის გარეშე არ ჰქონდა უძრავი ქონების გასხვისების ან იპოთეკით დატვირთვის უფლება. ის გარემოება, რომ 2009 წლის 30 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ცნობილი იყო სადავო უძრავი ქონების გაყიდვის და იპოთეკით დატვირთვის ფაქტი არ ნიშნავს მოწინააღმდეგე მხარეების მიერ განხორციელებული ქმედების კასატორის მხრიდან დადასტურებას (მოწონებას). 2009 წლის 30 ოქტომბრის მემორანდუმი ადასტურებს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დავა სასამართლოში არ გაგრძელებულიყო და ამისათვის მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა გამოიყენა.
6.1.2. უსაფუძვლოა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მითითება იმასთან დაკავშირებით, თუ, რამდენად აქვს მოცემულ დავაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული ინტერესი. ი. მ-ი სადავო უძრავი ქონების სრულფასოვანი მესაკუთრე გახდებოდა მხოლოდ მის მიერ ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულების შემთხვევაში, ხოლო, თუ მყიდველი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მის მიერ აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებდა, მაშინ სამინისტრო მხარეთა შორის გაფორმებულ გარიგებას, სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, ცალმხრივად მოშლიდა და გავიდოდა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან. ი. მ-მა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებები არ შეასრულა, შესაბამისად, სამინისტროს წარმოეშვა უფლება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესების დაცვით ცალმხრივად გასულიყო ხელშეკრულებიდან და მოეთხოვა სადავო უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია, თუმცა, ქონებაზე რეგისტრირებულია იპოთეკა, რაც წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას. გამომდინარე აქედან, სამინისტრომ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ყველა დამაბრკოლებელი გარემოებების ბათილად ცნობა.
6.1.3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ი. მ-ს შორის 2005 წლის 30 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილება გააჩნია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და არ საჭიროებს მასთან დაკავშირებით სასამართლომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.3. გასაჩივრებული განჩინების დასკვნები ძირითადად იმ ფაქტობრივ დასაბუთებას ემყარება, რომ შეცილების უფლების მქონე პირმა სადავო არ გახადა ი.მ-ის მიერ ნასყიდობის საგანზე დადებული გარიგება და ამ გარიგების შემდგომ მესამე პირის მიერ გამოვლენილი ნება, შესაბამისად, მან დაკარგა შეცილების უფლება, გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილი აღიარებითი სარჩელი დავის გადაწყვეტის მიმართ არარელევანტურია, რამდენადაც მოსარჩელეს მის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი არ გააჩნია.
1.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია რა ნების ავტონომიის პრინციპზე, კანონმდებლის ძირითადი მიზანი სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებაა, რათა სამართლის სუბიექტების მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა მუდმივად ეჭვქვეშ არ იქნეს დაყენებული და ხელი არ შეეშალოთ მესამე პირებს ამ თუ იმ იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედების განხორციელებაში. ამ მიზნის მისაღწევად კანონმდებელი უფლების განხორციელების ნამდვილობისათვის ადგენს გარკვეულ შეზღუდვებს და ურთიერთობის სუბიექტებს უწესებს საკუთარი უფლებების მართლზომიერად და კეთილსინდისიერად განხორციელების აუცილებლობას, სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძოსამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან ასევე წესრიგდება სამოქალაქო კანონებით, თუკი ეს ურთიერთობები, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამართლით. სახელმწიფო ორგანოების მიერ დადებული სამოქალაქო გარიგების კანონიერების შემოწმებისას მხარეთა, მათ შორის, სახელმწიფოს ნება კერძო სამართლის სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს.
1.6. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელესა და ი.მ-ს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ხელშეკრულების საგნის გასხვისების წესი, კერძოდ, შემძენს, ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში, უფლება არ ჰქონდა, მოსარჩელის თანხმობის გარეშე მებისმიერი ფორმით განეკარგა ქონება. მიუხედავად აღნიშნულისა, უდავოა, რომ ი.მ-მა ნივთი მიჰყიდა შპს „ა. რ. ი-ს“. ამასთანავე, დადგენილია და კასატორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ქონების ახალ მესაკუთრესთან მან გააფორმა მემორანდუმი, რაც იმ პრეზუმფციის დაშვების საფუძველია, რომ მოწონების უფლების მქონე პირისათვის ცნობილი იყო როგორც ნივთის გასხვისების ფაქტის, ისე მისი იპოთეკით დატვირთვის შესახებ, თუმცა ეს გარიგებები სადავოდ არ გაუხდია. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს თანხმობის ინსტიტუტს გარიგებაში და 99-ე მუხლის პირველი ნაწილით ადგენს, რომ, თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მესამე პირის თანხმობაზე, მაშინ როგორც თანხმობა, ასევე, მასზე უარი შეიძლება გამოითქვას როგორც ერთი, ისე მეორე მხარის წინაშე. ამავე ნორმით კი, თანხმობას არ სჭირდება გარიგებისათვის დადგენილი ფორმის დაცვა. ისეთ ვითარებაში, როდესაც უფლებამოსილი პირის მიერ ნების გამოვლენა (გარიგება) კანონით ფორმასავალდებულო გარიგებად არ მიიჩნევა, ქონების ახალ მესაკუთრესთან მემორანდუმის გაფორმება, საკასაციო პალატის შეფასებით, სწორედ მოწონების პრეზუმფციას წარმოშობს, რომლის გაქარწყლებაც იმ მხარის ვალდებულებაა, რომლის წინააღმდეგაც მეტყველებს დაშვებული პრეზუმფცია. ეს გარემოება მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, შესაბამისად, ი.მ-ის მიერ განხორციელებული ქონების განკარგვა გახდა ნამდვილი თანახმად სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.
1.7. პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის არგუმენტსაც, რომ მას აღიარებითი სარჩელის მიმართ გააჩნდა იურიდიული ინტერესი. კასატორის მტკიცებით, მას ი.მ-თან დადებული ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილება გააჩნდა და სასამართლოს გადაწყვეტილება ამ იურიდიული მოქმედების განხორციელებისათვის არ ესაჭიროებოდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თუნდაც ამ განმარტებით დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელის ინტერესი ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა იყო, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, ეს ინტერესი არ მიიღწეოდა, რადგანაც ნივთი კვლავ ი.მ-ის საკუთრება გახდებოდა, რაც დაუსაბუთებელს ხდის აღიარებით სარჩელს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად კი, ეს გარემოება წარმოადგენს ამ ტიპის სარჩელის დაკმაყოფილების უმთავრეს წინაპირობას. საკასაციო პალატა დამატებით განუმარტავს კასატორს, რომ აღიარებით სარჩელი დაუშვებელია იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია შედეგის სხვა ტიპის სარჩელით (მაგალითად: მიკუთვნებით, ნეგატორული, გარდაქმნითი და სხვა) მიღწევა.
1.8. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური