საქმე №ას-615-582-2015 6 ნოემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ზ. ჩ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ქ.ბ-ის რ-ი კ-ი ს-ო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ზ. ჩ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ქ.ბ-ის რ-ი კ-ი ს-ოს“ (შემდგომში _ მოპასუხე) მიმართ 2005-2009 წლების სახელფასო დავალიანების _ 10 596,57 ლარისა და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლის ფარგლებში სარჩელი არ ცნო ხანდაზმულობის მოტივით და განმარტა, რომ მოთხოვნა, გარდა ხანდაზმულისა, უსაფუძვლოც იყო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 1 თებერვლამდე მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე საავადმყოფოში ძირითადი ექიმ ქირურგის თანამდებობაზე და შრომის ანაზღაურება ხდებოდა მის მიერ შესრულებული სამუშაოს სახეობისა და მოცულების მიხედვით. ეს მონაცემები აისახებოდა საწარმოში არსებულ სპეციალურ, ე.წ ფორმა №13-ში, რომლის არსებობის შესახებაც აპელანტისათის ცნობილი იყო.
5.1.2. 2007-2009 წლებში შესრულებული სამუშაოსათვის მოსარჩელემ მიიღო შრომის ანაზღაურება კუთვნილზე 10 590,57 ლარით ნაკლები.
5.1.3. მოწინააღმდეგე მხარე უარს აცხადებდა ვალდებულების შესრულებაზე ხანდაზმულობის გამო.
5.1.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის, 373-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი მან წარმოებაში 2015 წლის 9 თებერვალს მიიღო და გადაუგზავნა იგი მოწინააღმდეგე მხარეს. ამავე განჩინებით, მხარეს სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 7 დღის ვადა. სასამართლოს გზავნილი აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს 2015 წლის 11 თებერვალს ჩაბარდა, მან კი, შესაგებელი 2015 წლის 19 თებერვალს, განჩინებით დადგენილი ვადის დარღვევით წარადგინა. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 მარტის განჩინებით, შესაგებელი დარჩა განუხილველად.
5.1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და 2321 მუხლის შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია აპელანტის მიერ მითითებული ზემოახსენებული ფაქტობრივი გარემოებები, ამავდროულად, რადგან აპელანტი თავად მიუთითებდა, რომ მოწინააღმდეგე მხარე ვალდებულების შესრულებაზე უარს, მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო აცხადებდა, სასამართლო უფლებამოსილი იყო, ემსჯელა ხანდაზმულობის ვადის გასვლის სამართლებრივ შედეგებზეც.
5.1.6. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 130-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ განმარტა, რომ აპელანტს ხელფასი გარკვეული პერიოდულობით უნდა მიეღო. უფლების დარღვევის შეტყობისა და ხანდაზმულობის დენის დაწყების მომენტს აპელანტი უკავშირებდა ე.წ ფორმა №13-ის ჩაბარებას, თუმცა, არც სააპელაციო საჩივარსა და არც სარჩელში არ განუმარტავს, თუ რას ნიშნავდა ფორმა №13 და რატომ იწყებოდა ხანდაზმულობა ამ საბუთის გაცნობიდან. მხარეთა მოსაზრებებიდან და თავად საბუთის შინაარსიდან გამომდინარეობდა, რომ ფორმა №13 იყო მხოლოდ დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაოსა და ამის შესაბამისად მისაღები ანაზღაურების აღრიცხვის დოკუმენტი, ე.ი. საბუთში შეიტანებოდა მონაცემები დასაქმებულის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს სახისა და დროის შესახებ და შემდეგ, ამ მონაცემებისა და შრომის ხელშეკრულებაში მითითებული ანაზღაურების ნამრავლით გამოითვლებოდა დასაქმებულის მიერ მისაღები ხელფასის ოდენობა. მართალია, ამას აპელანტი პირდაპირ არ უთითებდა, მაგრამ, არსებითად, მისი განმარტებიდან გამომდინარეობდა, რომ დამსაქმებელმა გადაუხადა შრომის ანაზღაურება ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოზე ნაკლები ოდენობით. მისივე თქმით, უსაფუძვლოდ ახდევინებდნენ პროფკავშირის საწევროს.
5.1.7. კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის მისაღები შრომის ანაზღაურება მხარეთა შორის შეთანხმებული იყო. ის, თუ რა სამუშაო შეასრულა აპელანტმა და ამ სამუშაოს შესრულების დრო, პალატის დასკვნით, მას თავად უნდა ცოდნოდა, ამიტომ, მისაღები ხელფასის დასადგენად, საჭირო იყო, მხოლოდ, ზემოხსენებული მონაცემების დახარისხება და შრომის ანაზღაურების შესაბამის ოდენობაზე გამრავლება. პალატის აზრით, ამას რთული მათემატიკური გამოთვლები და ბუღალტრის სპეციალური კვალიფიკაცია სრულებითაც არ სჭირდებოდა. გამომუშავებით ანაზღაურებაზე მყოფი მუშაკისაგან კი, მსგავსი წინდახედულობის გამოჩენა სავსებით გონივრული იქნებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ხელფასის დანაკლისის შესახებ აპელანტს უშუალოდ უფლების დარღვევის მომენტისათვის უნდა შეეტყო.
5.1.8. ზ. ჩ-ის უფლებები 2007 წლიდან 2009 წლის ჩათვლით პერიოდულად ირღვეოდა. ბოლო, მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით მას სარჩელი უნდა აღეძრა არა უგვიანეს 2013 წლის 1 იანვრისა. აპელანტმა კი, სარჩელი აღძრა 2014 წლის 13 ოქტომბერს, რაც ვალდებულ პირს, სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას წარმოუშობდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
6.1.1. სააპელაციო სასამართლომ განუხილველად დატოვა რა მოწინააღმდეგე მხარის შესაგებელი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის საფუძველზე, ვალდებული იყო, მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ იმსჯელა საჩივარში მითითებულ გარემოებებზე და არასწორად აღნიშნა, რომ ისინი სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდნენ, რამდენადაც შესაგებლის წარუდგენლობა სასამართლოს მხრიდან ყოველთვის განიხილება დავისადმი მოპასუხის იურიდიული ინტერესის არარსებობად, რაც სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევას განაპირობებს. ამ თვალსაზრისით კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს #ას-535-509-2013 განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებაზე.
6.1.2. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ მიუღებელი ხელფასი 10 590,57 ლარი იყო. ამის შემდგომ მას უნდა ეხელმძღვანელა შრომის კოდექსის მე-2, მე-6 და 31-ე მუხლებით, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 361-ე მუხლებით და დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლი.
6.1.3. დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, მნიშვნელოვანია 2321-ე მუხლის სწორი განმარტება, რამდენადაც იგი სანქციაა სასამართლოს მიერ დადგენილი წესების დამრღვევი მხარის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შესაგებლის წარუდგენლობა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად უნდა მიეჩნია, რამდენადაც მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა სარჩელში მითითებული ფაქტები.
6.1.4. სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა ხანდაზმულობის საკითხზე და არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე და 144-ე მუხლებზე, რამდენადაც ხანდაზმულობაზე მითითება წარმოადგენს მოპასუხის პრეროგატოვას და სარჩელის ხანდაზმულობის მტკიცების ტვირთი მასვე ეკისრება. სააპელაციო საჩივრის იმ ნაწილში, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობებს შეეხებოდა, აპელანტს არსად მიუთითებია ხანდაზმულობის საკითხი ან ის, აცხადებდა თუ არა მოპასუხე ვალდებულების შესრულებაზე უარს ხანდაზმულობის მოტივით. სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ დაადგინა ის გარემოება, რომ აპელანტს არ ჰქონდა შესაძლებლობა, გასცნობოდა ფორმა #13-ს და ის მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით 2014 წლის 15 სექტემბერს, იძულებითი აღსრულების შედეგად გადაეცა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების თაობაზე იყო ხანდაზმული, რაც მოპასუხეს სრულ უფლებას ანიჭებდა მოთხოვნის იძულებით განხორციელების ვადის გასვლის შემდგომ უარი ეთქვა ვალდებულების შესრულებაზე.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პრეტენზიათა ფარგლებში პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე საკითხზე:
1.4.1. განსახილველ შემთხვევაში, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ დაარღვია სააპელაციო პასუხის წარდგენისათვის სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, ამდენად, შესაფასებელია, არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და ამ გზით სააპელაციო საჩივრის/სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები. განსახილველი შემთხვევის საპროცესო-სამართლებრივი დასაბუთების წინაპირობები შემდეგია: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი არეგულირებს ზემდგომ სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგებს. ნორმის პირველი ნაწილით განსაზღვრულია აპელანტის, ხოლო მეორე ნაწილით _ მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, ამასთანავე, მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელ ნორმათა შორისაა 2321-ე მუხლი, რომლის ძალითაც, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. როგორც უკვე აღინიშნა, ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობის არსებობა სადავო არაა, არამედ, უნდა გაირკვეს, აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები ამართლებენ თუ არა მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის მიერ მითითებულ #ას-535-509-2013 განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას, რომელიც დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის ნაწილია, თუმცა დამატებით განმარტავს, რომ ზემდგომ სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის გასათვალისწინებელია არა მხოლოდ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების იურიდიული მართებულობა მოთხოვნასთან მიმართებით, არამედ ისიც, თუ რამდენად აბათილებს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული, ამავე საჩივარში მითითებული გარემოებები გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
1.4.2. განსახილველ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ აპელანტ მხარეს წარმოადგენდა მოსარჩელე, რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი მოთხოვნის ხანდაზმულობის მოტივით განუცხადა. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით კი, შეფასებას დაექვემდებარა შემდეგი: სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (დადგენილად მიჩნეული გარემოებები) და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება (რამდენად გააბათილა აპელანტმა გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტები). საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ფორმა #13-ით ხდებოდა მოსარჩელისათვის ხელფასის ანაზღაურება, სადაც აისახებოდა მონაცემები იმის თაობაზე, თუ რამდენ ქირურგიულ ოპერაციაში მონაწილეობდა დასაქმებული; მოსარჩელეს 2005-2009 წლებში ყოველთვიურად ერიცხებოდა ხელფასი ქირურგიულ ოპერაციებში მონაწილეობიდან გამომდინარე. მისთვის 2005 წლიდან იყო ცნობილი იმის თაობაზე, რომ ანაზღაურება ხორციელდებოდა ფორმა #13-ით შემუშავებული წესის შესაბამისად და აღნიშნულ აქტებს თავად წარადგენდა ბუღალტერიაში, მაგრამ მას ხელფასის ოდენობა სადავო არ გაუხდია 2014 წლამდე. შესრულებული სამუშაოს შესახებ ფორმა #13-ს, პაციენტის სამედიცინო ბარათის ნომრების მითითებით და მასში კონკრეტული ექიმის ჩართულობის მიხედვით თავად ექიმები წარადგენდნენ ბუღალტერიაში (იხ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების 3.2.2; 3.2.3; 6.3. პუნქტები). საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩვარით აპელანტს დასაბუთებული პრეტენზია საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ამ გარემოებების თაობაზე არ წარუდგენია, მან დაადასტურა, რომ ფორმა #13-ის თაობაზე მისთვის ცნობილი იყო, თუმცა შემოიფარგლა ზოგადი ხასიათის შედავებით, რომ მას არ უნდა სცოდნოდა ამ ფორმა #13-ში მითითებული ციფრების თაობაზე და აღნიშნა, რომ იგი ამ ბარათების შესაბამისად, ვერ დაიანგარიშებდა ხელფასს.
1.4.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სამართალწარმოება, იქნება ეს საქმის არსებითი განხილვის თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მარეგულირებელი ნორმების გამოყენებით განხორციელებული, ყოველთვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლით გათვალისწინებულ უზოგადეს მოწესრიგებაში რჩება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას სააპელაციო პალატა მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ახორციელებს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატას რომც არ შეეფასებინა აპელანტის მითითება მიუღებელი ხელფასის ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით გაუცემლობის თაობაზე, მაინც არ იარსებებდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რამეთუ აპელანტს დასაბუთებული შედავება არ წარუდგენია საქალაქო სასამართლოს დასკვნებთან მიმართებით.
1.5. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური